ქალური ტიპის გასუქება მამაკაცებში - რას უჩივიან კაცები
მამაკაცებში სიმსუქნედ მიიჩნევა სხეულის მასის 25%-ით მომატება. გასუქებისას ცხიმი სხეულზე სხვადასხვანაირად ნაწილდება.
ამის კვალობაზე, გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის სიმსუქნეს, მათ შორის - მამაკაცთა ქალური ტიპის გასუქებას, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი წელსა და თეძოებზე ჭარბობს და მამაკაცის სხეული მსხლის ფორმას იღებს.
ანდროიდული ანუ მამაკაცური ტიპის სიმსუქნის დროს ცხიმი უპირატესად მხრებზე, მკერდსა და მუცელზე გროვდება. გაცილებით ნაკლებია დუნდულებსა და თეძოებზე. ამ ტიპის სიმსუქნის დროს არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვა ტიპების დროს. გინოიდური ანუ ქალური ტიპის სიმსუქნის დროს სხეულის ზედა ნაწილი შეიძლება საშუალო სისქისა იყოს და ცხიმი უპირატესად დუნდულებზე, მუცლის ქვემოთ და თეძოებზე გადანაწილდეს, ხოლო წვივები გამხდარი დარჩეს. ზოგჯერ ცხიმი დიდი რაოდენობით არის დაგროვილი მკერდზე. ამრიგად, ქალური ტიპის სიმსუქნის დროს ცხიმი უშუალოდ ქალური სასქესო ორგანოების გარშემო გროვდება, რასაც ქალური ჰორმონი ესტროგენი იწვევს.
თეძოებისა და დუნდულების ძლიერი გაცხიმოვნება ხერხემლის, ქვედა კიდურთა ვენების, სახსართა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ცელულიტიც უფრო მეტად იმ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელია, რომლებსაც ქალური ტიპის სიმსუქნე აქვთ. ევნუქოიდური სიმსუქნე გვხვდება მამაკაცებში, რომლებსაც არ ეზრდებათ წვერი. ამ დროს ცხიმი გროვდება მუცელზე, თეძოებზე და სარძევე ჯირკვლების მიდამოში. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის ან სათესლე ჯირკვლების დაზიანება.
თუ სიმსუქნე სქესობრივ მომწიფებამდე განვითარდა, სასქესო ორგანოები განუვითარებელი რჩება, ხმა კი - მაღალი. ქალური ტიპის სიმსუქნის მქონე მამაკაცებს ემუქრებათ უნაყოფობა და სქესობრივი ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება იმპოტენციის ჩათვლით. ჭარბი კვება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ჭარბი წონის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ამიტომ ერთადერთი პრინციპი, რომელიც გასაჩივრების გარეშე უნდა შესრულდეს, არის სადღეღამისო რაციონის ცხიმიანობის მკვეთრი შემცირება.
სადღეღამისო რაციონს ადგენს და მის კალორაჟს გამოთვლის ექიმი დიეტოლოგი. გარდა ამისა, მამაკაცებმა, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებთ, ბევრი უნდა იმოძრაონ, ფეხით დიდხანს ისეირნონ სუფთა ჰაერზე, ატარონ მოხერხებული ფეხსაცმელი ვენების ვარიკოზული გაგანიერების თავიდან ასაცილებლად. კარგია სპორტული დატვირთვა ველოტრენაჟორზე, ვარჯიშები მჯდომარე და მწოლიარე მდგომარეობაში, რათა ხერხემალს დიდი დატვირთვა თავიდან ავაცილოთ. თუ დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით წონის დაკლება ვერ მოხერხდა, მკურნალობაში ჩაერთვება მედიკამენტები.
პრეპარტები შეირჩევა ინდივიდუალურად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. მკურნალობის ქირურგიული მეთოდი ქალური ტიპის სიმსუქნით დაავადებულ მამაკაცებში მიზნად ისახავს ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვების ადგილებიდან ცხიმის მოშორებას. ეს შეიძლება გაკეთდეს ლიპოსაქციის დახმარებით. სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს აგრეთვე კუჭის დიდი ნაწილის ამოკვეთას, რათა ავადმყოფს საკვების უფრო ნაკლები ულუფა ეყოს.
ასევე შესაძლებელია კუჭში ბალონის ჩადგმა, რომელიც აწვება კედლებს და აჩენს კუჭის სისავსის შეგრძნებას. კიდევ ერთი მეთოდია ნაწლავის მარყუჟების ამოკვეთა. მკურნალობის ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია ფსიქოთერაპია, რათა მამაკაცმა საკუთარი ძალა ირწმუნოს. კარგი იქნება, თუ მამაკაცთან ერთად მთელი ოჯახი შეიცვლის ცხოვრების ნირს და შეძლებისდაგვარად გადავა ავადმყოფისთვის შერჩეულ კვებისა და ცხოვრების რეჟიმზე.