რატომ უნდა მივირთვათ თევზი
ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. აღნიშნული სახეობები დიდი ოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამიტომ, დიეტოლოგთა რჩევით, ცხიმიანი თევზი კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ. უმჯობესია, ის ორთქლზე მოვამზადოთ ან ოდნავ დავბრაწოთ, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო ნივთიერება. თევზი არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალო რაციონის აუცილებელი კომპონენტიც არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობისას.
მოგეხსენებათ, ნებისმიერი პროდუქტის კვებითი ღირებულება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად ითვისებს მას ორგანიზმი.
ისიც ცნობილია, რომ ყოველგვარი საკვები ადვილად და სწრაფად, მით უფრო - სრულად, არ შეიწოვება. ზოგიერთის მოსანელებლად საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა უხდება. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება ამ დატვირთვას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს ან ავადმყოფებს, რომლებსაც საჭმლის მონელება აქვთ დარღვეული და ამის გამო დიეტური კვება ესაჭიროებათ, აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვა-ათვისების თავისებურებათა გათვალისწინება, უპირატესობა ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს ენიჭება. სწორედ ასეთია თევზი. საქმე ის არის, რომ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცი კუნთოვან ქსოვილთან ერთად შეიცავს უხეშ შემაერთებელ ქსოვილსა და ელასტინს, რომელიც თერმული დამუშავებისას არ რბილდება და არ აითვისება, თევზის ხორცში კი შემაერთებელი ქსოვილი ცხოველურთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია, ხოლო ელასტინი პრაქტიკულად არ არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ თევზი მოხარშვისას გაცილებით ნაკლებ წყალს კარგავს, რის გამოც მისი ხორცი უფრო ნაზი და ფაფუკი რჩება. თევზი ცილების უნივერსალური წყაროც არის. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა შეუცვლელ ამინომჟავას (ეს ის ამინომჟავებია, რომლებიც ორგანიზმში არ სინთეზდება და აუცილებლად საკვებთან ერთად უნდა იქნეს მიწოდებული): არგინინს, ვალინს, ჰისტიდინს, იზოლეიცინს, ლეიცინს, ლიზინს, მეთიონინს, ტრეონინს, ტრიპტოფანს, ფენილალანინს... ტრიპტოფანით, ლიზინითა და მეთიონინით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის თევზი. ზღვის თევზის ცილებს ცხოველურთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვინაიდან მათში დიდი ოდენობით შედის ამინომჟავა ტაურინი. ის არეგულირებს სისხლის წნევას, ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. ტაურინით მდიდარია ქორჭილა, ვირთევზა, თინუსი და ოკეანის სხვა თევზები.
არანაკლებ სასარგებლოა დაკონსერვებული თევზიც. მისი დარბილებული ძვლოვანი მასა კალციუმის უნივერსალური წყაროა.
თევზი, განსაკუთრებით - ზღვისა, მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. იოდს უხვად შეიცავს ქორჭილა, კამბალა და კარჩხანა. ზღვის თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. თევზი ექსტრაქტული (ხსნადი) ნივთიერებებითაც მდიდარია. ამ ნივთიერებათა წყალობით თევზის ნახარში მადის აღმძვრელ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. თევზის ნახარშში უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ამიტომ თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს. ხანდაზმული ადამიანის საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი. ეს ნივთიერებები აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, აქედან გამომდინარე, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.