პესტიციდებით დაბინძურების თვალსაზრისით ყველაზე საშიში და უსაფრთხო პროდუქტები
კენკროვნებით. თუმცა ლამაზი ყოველთვის სასარგებლოს არ ნიშნავს. ხილი და ბოსტნეული მდიდარია მაკრო, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს და მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკისთვისაა აუცილებელი. თუმცა, არასწორად შერჩეულმა პროდუქტმა სარგებლის ნაცვლად ზიანი შეიძლება მოგვიტანოს.
საშიშროებას წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის დროს ქიმიური ნივთიერებების არასწორი და არაადეკვატური გამოყენება. დღეს მწარმოებლები იყენებენ პესტიციდებს, ჰერბიციდებს (რომლებიც იცავს მცენარეს სარეველასგან), ფუნგიციდებს (სოკოცვანი დაავადების საწინააღმდეგოდ) და ინსექტიციდებს (მავნე მწერებისგან). პესტიციდების საშუალებით მცირდება შრომითი დანახარჯები და იქმნება კულტურის ზრდისა და მოსავლის შენარჩუნებისთვის უკეთესი პირობები.
სხვადასხვა პრეპარატის საშუალებით ნაყოფიც მიმზიდველად გამოიყურება და მისი შენახვაც უზრუნველყოფილია. ამისათვის გამოიყენება კონსერვანტები (E-200 - E-299), მაგალითად არომატული ნახშირწყალი დიფენილი (Е-230). მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, არ აძლევს სოკოს, ობს განვითარების საშუალებას და აფერხებს ლპობას, თუმცა კანცეროგენს წარმოადგენს. დიფენილი ტოქსიურია თირკმელების, ღვიძლის, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, იგი შეიძლება კანის დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს. ის უფერო, უსუნო ნივთიერებაა, თუმცა ერთი განმასხვავებელი თავისებურება გააჩნია - ნაყოფი ხდება წებოვანი.
გოგირდის გაზიც ასევე უხანგრძლივებს „სიცოცხლეს“ პროდუქციას, თუმცა „კლავს“ მასში ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. მისი გამოყენებისას ნაყოფს მკვეთრად მბრწყინავი ზედაპირი აქვს. მახვილი ყნოსვით შესაძლებელია გოგირდის სუნის შეგრძნებაც.
ვაშლს, მსხალსა და ციტრუსებს ცვილის, პარაფინისა სორბინის მჟავას ნარევით ფარავენ. ასეთ „მიქსს“ ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და წარმოადგენს კონსერვანტს. თუმცა სორბინის მჟავამ შეიძლება დაარღვიოს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობა.
გარდა ამისა, მცენარეულ პროდუქციას ამუშავებენ ეთილენით. მას მაშინ იყენებენ, როდესაც პროდუქტის „დამწიფებაა“ საჭირო. ადვილად ფუჭებად ბოსტნეულს, ხილსა და კენკროვნებს ჯერ კიდევ დაუმწიფებელს კრეფენ და საწყობში ხელოვნურად მიჰყავთ სრულ მწიფობამდე. თავად ეთილენი ნაყოფის ზედაპირზე იმდენი არ რჩება, რომ ადამიანს ავნოს.
საშიშროებას წარმოადგენს სასუქად გამოყენებული ნიტრატები, რომელიც იწოვება ნაყოფში და შეიძლება სხვადასხვა დაავადება, მოწამვლა გამოიწვიოს.
მიღების წინ ხილი და ბოსტნეული აუცილებლად კარგად უნდა გავრეცხოთ. ნაყოფი უნდა გავწმინდოთ რბილი ჯაგრისით. ცივი წყლით გავრეცხავთ თუ ცხელით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება გამოვიყენოთ ასევე სოდიანი ან საპნიანი ხსნარი ან ძმარი. ეს პესტიციდებს მოაშორებს, მაგრამ დიფენილის გამორეცხვა ასეთი მარტივი არაა, ის იხსნება სპირტში, ეთერსა და ბენზოლში.
ექიმები გვირჩევენ ხილის გათლას. რასაკვირველია, ეს ამცირებს ვიტამინების რაოდენობას, თუმცა ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრის ალბათობა მცირდება. თუ ნაყოფის კანის ქვეშ არის ყვითელი ლაქები, ასეთი ხილისა და ბოსტნეულის მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ.
რაც შეეხება დაობებულ ან ლპობაშერეულ პროდუქციას, გაფუჭებული ფრაგმენტის მოჭრა არაა გამოსავალი, რადგანაც ნაყოფის სხვა ნაწილებშიც უკვე იქნება მავნე სპორები მოხვედრილი.
მწვანილი უნდა ჩავდოთ ცივ წყალში 15 წუთი და წყლი პერიოდულად ვცვალოთ.
კენკროვნები, უნდა მოვათავსოთ თუშფალანგში ერთ ფენად და გავრეცხოთ გამდინარე წყლით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად გავრეცხოთ ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით.
საყურადღებოა ასევე მწარმოებელი ქვეყანაც. რაც უფრო დიდია ტრანსპორტირების ვადა, მით უარესია პროდუქციის ხარისხი. რომ არ მოვტყუვდეთ, როდის ასაღებენ შემოტანილ პროდუქტს ქართულ ნაწარმად, უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობა.
პესტიციდებით დაბინძურების თვალსაზრისით ყველაზე საშიში პროდუქტი მარწყვია. იგი დიდი ხანია ლიდერობს ორგანიზაცია Environmental Working Group-ის მიერ შედგენილ შესაბამის რეიტინგს.
ტოპში სულ 11 პოზიციაა. მეორე ადგილზეა ისპანახი. შემდეგ რიგითობით მოდის: ვაშლი, ყურძენი, ატამი, ალუბალი, მსხალი, პომიდორი, ნიახური, კარტოფილი, წიწაკა.
ორგანიზაციამ ასევე გამოაქვეყნა იმ პროდუქტების სია, რომლებიც მინიმალური რაოდენობით პესტიციდებს შეიცავს. ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა ავოკადო, შემდეგ მოდის ანანასი, კომბოსტო, ხახვი, პაპაია, მანგო, ბადრიჯანი, კივი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ა.შ.
ლალი ჩხიკვაძე