ალექსი ბაიდოშვილი: „ჩვენი ამბიციაა, რომ მასალა სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოვიდეს გადასამოწმებლად. ჩვენ ეს შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ!“ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ალექსი ბაიდოშვილი: „ჩვენი ამბიციაა, რომ მასალა სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოვიდეს გადასამოწმებლად. ჩვენ ეს შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ!“
ალექსი ბაიდოშვილი: „ჩვენი ამბიციაა, რომ მასალა სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოვიდეს გადასამოწმებლად. ჩვენ ეს შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ!“
ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში ბევრი ჩვენი თანამემამულე წარმატებით მოღვაწეობს. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასაწავლო პროექტის განსახორციელებლად. ჩვენი ჟურნალის სტუმარი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - ალექსი ბაიდოშვილია.

- ბატონო ალექსი, როგორი იყო თქვენი გზა საქართველოდან ჰოლანდიამდე?


- საქართველ­ოდან წასვლა არასოდეს დამიგეგმავს. ჩემი წასვლა ერთდროულად ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ჰოლანდიაში1994 წელს წავედი, საქართველოში მაშინ ძალიან ცუდი დრო იყო. კანონი და წესრიგი არ არსებობდა, არც გაუმჯობესების პერსპექტივა ჩანდა, ყაჩაღები ბატონობდნენ. ყოველდღე ვიგებდი ახლობლების
დაყაჩაღებისა და სხვა საშინელ ამბებს. უსამართლობისა და დაუცველობის გრძნობა სუფევდა ირგვლივ.

მამაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო, რაც საქართველოში მაშინ არსებული სიტუაციის არაპირდაპირი შედეგი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მე სამედიცინოზე კარგად ვსწავლობდი და კარგ ჯგუფშიც ვიყავი, მომავალში საიმედოს ვერაფერს ვხედავდი. იმ პერიოდში ყველა მსურველი (აბიტურიენტი) სამედიცინოზე ჩაირიცხა და მათაც კი, ვინც არ ან
ვერ სწავლობდა, მაშინდელი კორუფციული სისტემის დამსახურებით, რეალური შანსი ჰქონდათ ექიმის დიპლომი აეღოთ. გამოდიოდა, რომ საქართველოში ექიმების რაოდენობას შეიძლებოდა პაციენტების რაოდენობისთვის გადაეჭარბებინა. კიდევ ბევრ სხვა იმდროინდელ პრობლემაზე შემიძლია მოგიყვეთ - უშუქობაზე, უწყლობაზე და სხვა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ სრულიად უპერსპექტივოდ მესახებოდა ჩემი მომავალი იმ პირობებში. თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც ვცდილობდი პოზიტიურად შემეხედა ყველაფრისათვის, რაღაც პატარა იმედს ჩავჭიდებოდი და საქართველოდან წასვლაზე არ მეფიქრა.

წასვლის გადაწყვეტილება იმ საღამოს მივიღე, როცა დასაყაჩაღებლად ქუჩაში იარაღიდან მესროლეს. ამაზეც ბევრს არ მოგიყვებით, მაგრამ საშინელი შეგრძნებაა, როცა ტყვია ყურთან ჩაგიფრენს და ფაქტის გაანალიზებისას ხვდები - იარაღი რომ გქონოდა, შეიძლებოდა ინსტინქტურად შენც გესროლა და ადამიანი მოგეკლა.

ამ და სხვა ფაქტორებმა მიმიყვანეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თავისთვის მეშველა და ამ გზით ჩემს სამშობლოსაც შეიძლებოდა რამით დავხმარებოდი. მგონი, ორივე გამომივიდა.

ჰოლანდიის არჩევა ჩემი მაშინდელი შეყვარებულისა და მერე უკვე ჩემი მეუღლის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე გავიარეთ, როგორც, ალბათ, სამშობლოდან წასულმა ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ. ჩასვლიდან ერთ წელში მივაღწიე იმას, რომ ამსტერდამის უნივერსიტეტში, ჯერენის უმაღლეს კურსებზე და მერე სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავირიცხე და ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან ვისწავლე. ენისა და ფინანსური პრობლემების გამო ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც ეს რთული გზა იყო, მაგრამ გადავლახეთ ყველაფერი და ჩვენს შვილებთან ერთად ბედნიერი ცხოვრება ავაწყვეთ. სამშობლოში რომ ვიყოთ, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. ჰოლანდიაც ჩვენს მეორე სამშობლოდ იქცა და ძალიან გვიყვარს.

- თქვენი ხელმძღვანელობით ლაბორატორია ციფრული ტექნოლოგიის პირველი ლაბორატორია გახდა მსოფლიოში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევის სიზუსტისათვის?

- მეამაყება, რომ ჩემმა პროექტმა ამხელა წარმატება მოუტანა იმ ლაბორატორიას ჰოლანდიაში, რომელშიც ვმუშაობ. ჩვენ მართლაც პირველი ლაბორატორია გავხდით მსოფლიოში, რომელიც სრულიად ახალი ტექნოლოგიებით მუშაობაზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი, ეს ყველას დამსახურებაა, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანა პროექტში.

დეტალებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იმდენად ზრდის პათოლოგიაში დიაგნოსტიკის ხარისხს, დარწმუნებული ვარ, ბევრ პაციენტს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, ბევრს კი დროულად გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. ამ ახალ ტექნოლოგიას აუცილებლად საქართველოშიც შემოვიტან და დავნერგავ.

- ხშირად საქართველოში დასმული დიაგნოზი არ ემთხვევა საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევის შედეგებს. რა ეტაპზეა საქართველოში პათოლოგიის ცენტრის შექმნა?

- დიახ, ბევრი მასალა ჩამომდის საკონსულტაციოდ. ზოგ შემთხვევაში დიაგნოზი იცვლება. რადგან მე ძირითადად საეჭვო და რთული შემთხვევები ჩამომდის, ძნელია განვსაზღვრო, რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები საქართველოში. თუმცა ნებისმიერი რაოდენობის უზუსტობა არასასურველია.

საქართველოში თანამედროვე პათოლოგიის ცენტრის შესაქმნელად უკვე დიდი ხანია ვიბრძვი. 15 წლის წინ დავიწყე ეს საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიე. ამ პერიოდში ზოგიერთი ლაბორატორია უკვე გაუმჯობესდა და ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ქართველი კოლეგების დამსახურებაა, რომლებიც ჩემთან ერთად აქტიურად იყვენ ჩართული ამ საქმეში.

მე ოთხი პროექტის დაწერილი და დახაზული გეგმა მიდევს და სამწუხაროდ, არც ერთი არ განხო­რციელდა. ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პრობლემა უშლის ხელს.

რადგანაც სახელმწიფო პროექტები ბევრ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, პირველად დავიწყე საქართველოში კერძო სექტორთან თანამშრომლობა. თქვენ წარმოიდგინეთ, საქმეც უფრო დაჩქარდა. მათ ესმით ჩემი, აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ, ამიტომ დამატებითი სტიმული მომეცა და იმედი იმისა, რომ ეს პროექტი ახლა მაინც წარმატებით დასრულდება.

პროექტი უკვე დაწყებულია და მომავალ წელს კორპორაცია “ევექსთან” ერთად თანამედროვე პათოლოგიის ცენტრს გავხსნით. ეს მარტო ერთი ცენტრი არ იქნება, არამედ პათოლოგიის ქსელი თავისი ლაბორატორიებით ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. საქართველოში პარტნიორებიც ისე გვყავს შერჩეული, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მასალა ამის მერე საზღვარგარეთ აღარ გავა. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენი ამბიციაა და ეს რეალურია, რომ მასალა სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოვიდეს გადასამოწმებლად. ჩვენ ეს შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ.

- რამდენადაა შესაძლებელია ჩვენი რეზიდენტებისა და პათოლოგ-ანატომების ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება?

- ამას დიდი ხანია ვაკეთებ. რეზიდენტებიც მყავდა ჰოლანდიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, პათოლოგების ცოდნის ამაღლებაზეც ვმუშაობ. საბედნიეროდ, საქართველოში მყავს პარტნიორები, კოლეგების ჯგუფი, რომლებსაც ჩემი შეთავაზება არ სჭირდებათ. ისინი თვითონ მთხოვენ ევროპაში სტაჟირებასა და საქართველოში ტრეინინგების და ვორკშოპების გამართვაში დახმარებას.

საქართველოში რამდენიმე წლის წინ შევქმენით პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაცია და ჯერ წელი არ გაგვიცდენია, რამდენიმე სემინარი ან ტრეინინგი რომ არ მოგვეწყო. ჩამოგვყავს ევროპელი კოლეგები და მათთან ერთად ვცდილობთ საქართველოში პათოლოგიის დონის ამაღლებას, ასეც გავაგრძელებთ. უკვე მეზობელი სახელმწიფოებიც დაინტერესდნენ და მათაც ვაძლევთ საქართველოში ჩამოსვლისა და განათლების მიღების საშუალებას. ამაშიც აუცილებლად წამყვანები გავხვდებით და სხვებს დავეხმარებით.

სექტემბერში მე და ოთხი ჰოლანდიელი კო­ლეგა ჩამოვდივართ საქართველოში, რათა ქართვ­ელ კოლეგებთან ერთად ჩავატაროთ მორიგი სემინარი, ამჯერად ყაზბეგში - სტეფანწმინდაში. ჩვენს სემინარს აზერბაიჯანელი და სომეხი კოლ­გებიც დაესწრებიან.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა ქართველ კოლეგებს?

- მე აქტიური კონტაქტი მაქვს ახალგაზრდა კოლეგებთან და სამედიცინოს სტუდენტებთან. ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვასა და მათთან ურთიერთობაზე დიდ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი განათლებული და სწორად ჩამოყალიბებული ქართულ-ევროპული მენტალიტეტის თაობა გვეზრდება. შემიძლია მხოლოდ მოვიწონო მათი გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ღრმა და საფუძვლიანი განათლება მიიღონ.
თარიღი : 15-02-2017
ნინო
გაიხარეთ
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მედიცინაში გაურკვეველმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდები
PET –გამოკვლევა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის უახლეს მეთოდს,
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჩაუბარებია ანალიზი კოპროგრამაზე.
სპირო - სუნთქვას ნიშნავს, მეტრია - გაზომვას. სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის უმტკივნეულო და ეფექტური მეთოდია.
შარდის საერთო ანალიზი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია, რომელიც პათოლოგიის ფართო სპექტრის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა