სარძევე ჯირკვლის რომელი ცვლილებებია საყურადღებო და როდის არის კვანძი უვნებელი - მამოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არ არის საჭირო საკუთარი თავის ხშირად და აგრესიულად გასინჯვა - მამოლოგი სარძევე ჯირკვლების თვითშემოწმებაზე

სარძევე ჯირკვლის რომელი ცვლილებებია საყურადღებო და როდის არის კვანძი უვნებელი - მამოლოგის რჩევები

მას შემდეგ, რაც ქალი სარძევე ჯირკვლის ცვლილებას აღმოაჩენს, რეაქცია ხშირად ორ უკიდურესობას შორის მერყეობს - ზოგიერთი მათგანი ნებისმიერი სიმკვრივის ნახვისთანავე ყველაზე ცუდზე ფიქრობს, ზოგი კი თავს იმშვიდებს, რომ ცვლილება თავისით გაქრება. თუმცა არც პანიკაა საჭირო და არც უჩვეულო სიმპტომის უგულებელყოფა.

რამდენად ხშირად უნდა შევამოწმოთ სარძევე ჯირკვლები, როდის არის კვანძი საყურადღებო, შეიძლება თუ არა ცვლილება მენსტრუალურ ციკლს უკავშირდებოდეს და რა შემთხვევაში აღარ უნდა დაველოდოთ მის გაქრობას? ასევე, შეუძლია თუ არა თვით გასინჯვას მამოლოგის კონსულტაციისა და კვლევების ჩანაცვლება?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე MKURNALI.GE-სთან მამოლოგი ოთარ გაგუა საუბრობს. სპეციალისტი განმარტავს, როგორ უნდა ჩავიტაროთ თვით გასინჯვა სწორად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

- ბატონო ოთარ, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა სარძევე ჯირკვლების თვით გასინჯვა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი რეგულარულად ჩატარება?

- ქალმა სარძევე ჯირკვლების თვით გასინჯვას ყურადღება ადრეული ასაკიდანვე უნდა მიაქციოს - როდესაც სარძევე ჯირკვალი ჩამოყალიბებულია და ქალი უკვე კარგად იცნობს საკუთარ სხეულს. თუმცა თანამედროვე რეკომენდაციებით, თვით გასინჯვა არ განიხილება როგორც ძუძუს კიბოს სკრინინგის დამოუკიდებელი მეთოდი, რადგან მას არ აქვს დადასტურებული გავლენა ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის შემცირებაზე. მისი მთავარი ღირებულებაა, რომ ქალმა იცოდეს, რა არის მისთვის ნორმალური, და ახალი ცვლილება დროულად შეამჩნიოს.

- როგორ უნდა ჩავიტაროთ თვით გასინჯვა სწორად - რა ეტაპებს უნდა მივყვეთ და სჯობს თუ არა ამის გაკეთება როგორც სარკის წინ, ისე დაბანისას?

- არსებობს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი - დათვალიერება და ხელით გასინჯვა. პირველ ეტაპზე სარკის წინ უნდა დავაკვირდეთ ორივე სარძევე ჯირკვლის ზომას, ფორმას, კონტურსა და სიმეტრიას. უნდა შევამოწმოთ კანის ზედაპირი - ხომ არ გაჩნდა ჩაღრმავება, შეშუპება, დვრილის ჩაბრუნება ან სხვა ახალი ცვლილება. შემდეგ უკვე ხელით ხდება ქსოვილის შეფასება. ეს შესაძლებელია როგორც დაწოლილ მდგომარეობაში, ასევე შხაპის მიღების დროს. სასურველია თითების ბალიშებით, მსუბუქი, საშუალო და უფრო ღრმა ზეწოლის გამოყენებით, მთელი სარძევე ჯირკვლისა და იღლიის მიდამოს თანმიმდევრულად შემოწმება. მთავარია, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ იმ ადგილით, სადაც რაიმე დისკომფორტი იგრძენით.

mkerdis-gasinjva-1789589671.jpg

- მენსტრუალური ციკლის რომელ პერიოდშია სარძევე ჯირკვლების თვით გასინჯვისთვის საუკეთესო დრო?

- მენსტრუაციის მქონე ქალებში საუკეთესო პერიოდად ითვლება მენსტრუაციის დასრულებიდან რამდენიმე დღე, დაახლოებით ციკლის მე-5-10 დღე, როდესაც ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული შეშუპება და მგრძნობელობა შედარებით ნაკლებია. მნიშვნელოვანია, რომ თვითშემოწმება ყოველთვის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში ჩატარდეს, რადგან ასე ქალს უფრო ადვილად შეუძლია შეადაროს მიმდინარე მდგომარეობა წინა თვეს. მენოპაუზის შემდეგ შეიძლება არჩეული იყოს თვის ერთი კონკრეტული დღე.

- რა ცვლილებებია სარძევე ჯირკვალში ნორმალური და რომელი ნიშნები უნდა ჩაითვალოს საეჭვოდ?

სარძევე ჯირკვლები ბუნებრივად არ არის იდეალურად ერთგვაროვანი და მათი სიმკვრივე შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა უბანში. ასევე ნორმალურია გარკვეული ცვლილებები მენსტრუალური ციკლის განმავლობაში - მაგალითად, შეშუპება ან მგრძნობელობის მომატება. საეჭვოა ახალი და მანამდე არმყოფი ცვლილება, განსაკუთრებით მკვეთრად განსხვავებული გამკვრივებული უბანი ან კვანძი, კანის ჩაღრმავება ან შეწევა, ძუძუს თავის ახალი ჩაბრუნება, კანის ცვლილება, ერთი სარძევე ჯირკვლის ფორმის ან ზომის ახალი ცვლილება, ასევე წითელი ფერის გამონადენი დვრილიდან.

- თუ ქალი თვით გასინჯვისას კვანძს ან გამკვრივებულ უბანს აღმოაჩენს, ყოველთვის ნიშნავს თუ არა ეს ავთვისებიან სიმსივნეს? რა შეიძლება იყოს ამის სხვა მიზეზი?

- არა, კვანძის აღმოჩენა ავტომატურად არ ნიშნავს ავთვისებიან სიმსივნეს. სარძევე ჯირკვალში კვანძოვანი ცვლილებების ძალიან ბევრი კეთილთვისებიანი მიზეზი არსებობს. მათ შორის შეიძლება იყოს კისტა, ფიბროადენომა, ცხიმოვანი ნეკროზი, ანთებითი პროცესები და სხვა მდგომარეობები. ამიტომ მთავარია კვანძის აღმოჩენისას არ უნდა მოხდეს არც პანიკა და არც მისი უგულებელყოფა, საჭიროა ექიმის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევები.

- რომელი ცვლილებებია განსაკუთრებით საყურადღებო - კვანძი, ძუძუსთავიდან გამონადენი, კანის ჩაღრმავება, ფორმის შეცვლა, ძუძუსთავის ჩაბრუნება თუ სხვა ნიშნები?

- ყველა ჩამოთვლილი ცვლილება ყურადღებას საჭიროებს. საყურადღებოა ახალი კვანძი ან გამკვრივება, ძუძუს თავიდან გამონადენი, განსაკუთრებით სისხლიანი, ძუძუს თავის ჩაბრუნება, კანის ჩაღრმავება ან შეწევა, კანის გასქელება, სარძევე ჯირკვლის ზომის ან ფორმის ახალი ცვლილება. ასევე შეფასებას საჭიროებს მუდმივი, ლოკალიზებული ტკივილი ან სხვა ახალი ცვლილება, რომელიც ქალისთვის უჩვეულოა.

mamografia-1789589698.jpg

- რამდენად მნიშვნელოვანია იღლიის მიდამოს შემოწმება თვით გასინჯვის დროს და რა შეიძლება იყოს იქ აღმოჩენილი გამკვრივების მიზეზი?

- იღლიის მიდამოს შეფასებაც მნიშვნელოვანია, რადგან აქ მდებარეობს ლიმფური კვანძები და ზოგჯერ ცვლილება სწორედ ამ რეგიონში შეიძლება იყოს პირველი შესამჩნევი ნიშანი. იღლიაში გამკვრივება ყოველთვის არ ნიშნავს სიმსივნეს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს რეაქტიული ლიმფური კვანძი ინფექციის ან ანთების დროს, კანის ან რბილი ქსოვილების სხვა ცვლილება და სხვა კეთილთვისებიანი მიზეზები. თუმცა ახალი, მუდმივი ან მზარდი გამკვრივება აუცილებლად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.

- თუ ცვლილება მენსტრუაციის წინ ან მის დროს ჩნდება და შემდეგ ქრება, მაინც არის საჭირო ექიმთან კონსულტაცია?

თუ ცვლილება აშკარად დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან და მისი დასრულების შემდეგ სრულად ქრება, ხშირად ეს ჰორმონული ცვლილებებით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი პრინციპია - ახალი ან განმეორებადი ცვლილება, რომელიც ქალისთვის უჩვეულოა, შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს, განსაკუთრებით თუ დროთა განმავლობაში იცვლება, იზრდება ან აღარ ქრება. თუ ეჭვი არსებობს, ექიმთან კონსულტაცია ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

- რა შემთხვევაში არ უნდა დაელოდოს ქალი ცვლილების თავისით გაქრობას და როდის უნდა მიმართოს მამოლოგს?

- ქალმა ექიმთან მიმართვა არ უნდა გადადოს, თუ აღმოჩნდა ახალი და მუდმივი კვანძი ან გამკვრივება, განსაკუთრებით თუ ის იზრდება ან მკვეთრად განსხვავდება მეორე სარძევე ჯირკვლის ქსოვილისგან. ასევე არ უნდა დაელოდოს კანის ჩაღრმავების ან შეწევის, ძუძუს თავის ჩაბრუნების, სისხლიანი გამონადენის, კანის მკვეთრი შეშუპების ან გასქელების, სარძევე ჯირკვლის ფორმის ცვლილების ან იღლიაში მუდმივი გამკვრივების გაქრობას.

- შეიძლება თუ არა თვით გასინჯვამ ჩაანაცვლოს მამოლოგის კონსულტაცია, ექოსკოპია ან მამოგრაფია? რა ასაკიდან და რა სიხშირით არის საჭირო პროფილაქტიკური კვლევები?

- არა. თვით გასინჯვა ვერ ჩაანაცვლებს მამოლოგის კონსულტაციას და რადიოლოგიურ კვლევებს. ადრეული ძუძუს კიბო ხშირად საერთოდ არ იწვევს სიმპტომებს, ამიტომ მხოლოდ ხელით გასინჯვაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. საშუალო რისკის ქალებისთვის პროფილაქტიკური მამოგრაფიის დაწყების ასაკსა და ჩატარების სიხშირეზე სხვადასხვა საერთაშორისო გაიდლაინში გარკვეული განსხვავებები არსებობს. საქართველოში ქალებში სკრინინგული მამოგრაფიის დაწყება 40 წლიდან ხდება, ხოლო შემდგომი კვლევის სიხშირე ინდივიდუალურად და შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგის გეგმის განსაზღვრისას გავითვალისწინოთ ქალის ასაკი, ოჯახური და პირადი ისტორია და სხვა რისკ-ფაქტორები. რაც უფრო მაღალია ქალის რისკი, მით უფრო ადრეულ ასაკში და უფრო ინტენსიურად შეიძლება გახდეს საჭირო სკრინინგი. აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში მნიშვნელოვანია ქალის ასაკის გარდა მისი ინდივიდუალური რისკის, ოჯახური ისტორიისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ულტრაბგერითი კვლევა კი არ არის მამოგრაფიის შემცვლელი და მისი საჭიროება ინდივიდუალურად განისაზღვრება.

gasinjva-1789589725.jpg

- განსაკუთრებით რისკის ჯგუფში მყოფი ქალებისთვის - მაგალითად, ოჯახში ძუძუს კიბოს ისტორიის არსებობის შემთხვევაში - იცვლება თუ არა თვითგასინჯვისა და პროფილაქტიკური კვლევების რეკომენდაციები?

- დიახ, მაღალი რისკის ქალებისთვის მიდგომა განსხვავებულია. მხოლოდ თვით გასინჯვაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. თუ ოჯახური ანამნეზში გვხვდება ძუძუს ან საკვერცხის კიბო, არსებობს BRCA1 და BRCA2 გენების მუტაცია, ან ახალგაზრდა ასაკში გულმკერდის არეში სხივური თერაპია ჰქონდა ჩატარებული, საჭიროა ინდივიდუალური რისკის შეფასება და შესაბამისი სკრინინგის გეგმის შედგენა. მაგალითად, მაღალი რისკის ქალებისთვის ამერიკის კიბოს საზოგადოება რეკომენდაციას უწევს წლიურ მამოგრაფიას და სარძევე ჯირკვლების MRI-ს, როგორც წესი, დაახლოებით 30 წლიდან.

- რა არის მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალები თვით გასინჯვის დროს უშვებენ და რას ურჩევდით მათ, ვისაც საკუთარი სარძევე ჯირკვლების ცვლილებების შემჩნევა და კონტროლი სურს?

- ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა ორი უკიდურესობაა: ზოგი ქალი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ცვლილებებს, ხოლო ზოგიერთი ნებისმიერი გამკვრივების აღმოჩენისთანავე ფიქრობს, რომ ეს აუცილებლად კიბოა. მთავარია, ქალმა იცოდეს საკუთარი სარძევე ჯირკვლების ნორმალური მდგომარეობა და ყურადღება მიაქციოს ახალ ცვლილებებს. არ არის საჭირო საკუთარი თავის ზედმეტად ხშირად ან აგრესიულად გასინჯვა - უფრო მნიშვნელოვანია რეგულარული დაკვირვება და ცვლილების შემთხვევაში დროული რეაგირება. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ თვით გასინჯვა არ არის დიაგნოზი. თუ ქალი აღმოაჩენს ახალ კვანძს ან სხვა საეჭვო ცვლილებას, ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად კიბო აქვს, მაგრამ ნიშნავს, რომ საჭიროა სპეციალისტის მიერ შეფასება. ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს დაავადების მკურნალობა მნიშვნელოვნად ნაკლებად აგრესიულია და განკურნების შესაძლებლობა განსაკუთრებით მაღალია. ამიტომ ექიმთან დროული მიმართვა, ასაკისა და რისკის შესაბამისი სკრინინგი საუკეთესო გზაა ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობისთვის.