კონტრასტული CT და MRI: რა არის, რისთვის გამოიყენება და რამდენად უსაფრთხოა
ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). ბევრს აშინებს კონტრასტით კვლევის საჭიროება, რადგან არ იციან, რა არის ეს და რატომ სჭირდებათ.
კონტრასტი არის სპეციალური ნივთიერება, რომელიც კვლევის დროს შეჰყავთ ორგანიზმში, რათა დაეხმაროს რადიოლოგს დაინახოს სხეულის გარკვეული ნაწილები ბევრად უფრო ნათლად, ვიდრე ჩვეულებრივი, უკონტრასტო კვლევის დროს. კონტრასტის შეყვანის გზა დამოკიდებულია კვლევის მიზანსა და კონტრასტის ტიპზე. ყველაზე ხშირად, ის ვენიდან შეჰყავთ, მაგრამ შეიძლება კონტრასტის დალევაც ან რექტალურად შეყვანაც გარკვეულ შემთხვევებში.
რა ნივთიერებები გამოიყენება კონტრასტად?
CT და MRI კვლევების დროს სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება.
CT კვლევისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ იოდზე დაფუძნებულ კონტრასტს. ეს ნივთიერება ეხმარება სისხლძარღვების, შინაგანი ორგანოებისა და სიმსივნეების უკეთ ვიზუალიზაციას.
MRI კვლევისთვის კი იყენებენ გადოლინიუმზე დაფუძნებულ კონტრასტს. ის ეხმარება რბილი ქსოვილების (მაგალითად, ტვინი, კუნთები, სახსრები) პათოლოგიების გამოვლენას, განსაკუთრებით, როცა საქმე სიმსივნურ და ანთებით პროცესებს ეხება.
რამდენად ხშირია ალერგია კონტრასტზე?
ალერგიული რეაქცია იოდსა თუ გადოლინიუმზე საკმაოდ იშვიათია. რეაქცია შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე.
მსუბუქი რეაქციები მოიცავს:
-
გულისრევას ან ღებინებას
-
გამონაყარსა და ქავილს
-
სიწითლეს ან სითბოს შეგრძნებას
მძიმე რეაქციები იშვიათია და მოიცავს:
-
სუნთქვის გაძნელებას
-
სახის ან ყელის შეშუპებას
-
არტერიული წნევის დაცემას
კვლევის დაწყებამდე აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ტიპის ალერგია, განსაკუთრებით კი, თუ წარსულში გქონიათ ალერგიული რეაქცია სამედიცინო პრეპარატებზე.
რომელ კონტრასტზე უფრო ხშირია ალერგიული რეაქცია, როგორია სტატისტიკა?
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ალერგიული რეაქციები უფრო ხშირია იოდის შემცველ კონტრასტზე, რომელსაც CT კვლევის დროს იყენებენ, ვიდრე გადოლინიუმზე, რომლითაც MRI ტარდება.
-
იოდის კონტრასტი: მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან ქავილი, გვხვდება პაციენტთა დაახლოებით 1-დან 3%-მდე. მძიმე რეაქციები, რომლებიც სასწრაფო ჩარევას საჭიროებს (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი), უკიდურესად იშვიათია და დაახლოებით 100 000 პაციენტიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.
-
გადოლინიუმის კონტრასტი: ამ შემთხვევაში ალერგიული რეაქციები გაცილებით იშვიათია. მსუბუქი რეაქციები დაახლოებით 0.004-დან 0.7%-მდე მერყეობს, ხოლო მძიმე რეაქციები თითქმის არ გვხვდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალერგიული რეაქციის რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ რაიმე ტიპის ალერგია, განსაკუთრებით ბრონქული ასთმა ან წინა ალერგიული რეაქცია კონტრასტზე. ამიტომაც, კვლევამდე აუცილებელია ექიმისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება.

CT კვლევა კონტრასტით
რამდენად ინფორმაციულია კონტრასტული კვლევა?
კონტრასტული კვლევა, როგორც წესი, ბევრად უფრო ინფორმაციულია, ვიდრე უკონტრასტო. კონტრასტი იძლევა საშუალებას:
-
უკეთ დავინახოთ სიმსივნური პროცესები. კონტრასტი გროვდება სიმსივნურ უჯრედებში და ეხმარება მათ მკვეთრად დიფერენცირებას ჯანსაღი ქსოვილებისგან.
-
შეფასდეს სისხლძარღვების მდგომარეობა. კონტრასტი აჩვენებს სისხლძარღვების შევიწროებას, ანევრიზმებსა და სხვა პათოლოგიებს.
-
დადგინდეს ანთებითი პროცესები. ანთებითი უბნები ხშირად იზიდავს კონტრასტს, რაც ეხმარება დაავადების ზუსტად ლოკალიზებას.
ამიტომ, ექიმის რეკომენდაცია, რომ ჩატარდეს კონტრასტული კვლევა, მიმართულია ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.