დიაგნოსტიკა

ულტრასონოგრაფია მეანობაში

ულტრასონოგრაფია მეანობაში

თანამედროვე მეანობაში ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. რით ეხმარება დიაგნოსტიკის ეს მეთოდი მომავალი ბავშვის ამქვეყნად მოვლინებას? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ექიმ რადიოლოგს, მედიცინის დოქტორს ზურაბ კერესელიძეს მივმართეთ.

- ბატონო ზურაბ, ბევრს მიაჩნია, რომ ჯანმრთელი ადამიანები ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას არ იტარებენ. ხშირად გაგვიგონია ასეთი კითხვა: საჭიროა კი ულტრაბგერითი გამოკვლევა ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას?

  

- ძნელია, გადაჭარბებით შევაფასოთ მეანობაში ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობა. მის დანერგვამდე შეუძლებელი იყო ნაყოფის ზომების განსაზღვრა, ორსულობის ვადის დადგენა, პლაცენტის სტრუქტურის გამოკვლევა, თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება. სიმახინჯეების დიაგნოსტიკისთვის რენტგენოლოგიურ

კვლევას მიმართავდნენ, მაგრამ ნაყოფზე გამოსხივების არასასურველი ზემოქმედების გამო ყველა ორსულისთვის მის ჩატარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო... გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანს პერინატალური შედეგის რევოლუციურ გაუმჯობესებას მედიცინა სწორედ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას უნდა უმადლოდეს. ულტრასონოგრაფიული კონტროლის სასარგებლოდ მეტყველებს შემდეგი არგუმენტები:

  • ნაყოფის განვითარების მანკების დროული გამოვლენა მხოლოდ პროფილაქტიკური ულტრასონოგრაფიული
    კვლევის მეშვეობით არის შესაძლებელი.
  • კლინიკური გამოკვლევა (პალპაცია გარეგანი მეთოდით) მრავალნაყოფიანი ორსულობის დასადგენად სარწმუნო გზა არ არის.
  • იმ ქალების 50%, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზუსტად იციან ორსულობის ვადა, ხშირად 2 კვირაზე მეტით ცდება, ნაყოფისთვის კი შესაძლოა სწორედ ეს ორი კვირა აღმოჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად, ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში 34-ე და 36-ე კვირას საექიმო ტაქტიკა სხვადასხვანაირია.


- მაინც საიდან იწყება ორსულობა? როდიდან არის შესაძლებელი ორსულობის დადგენა ულტრაბგერითი მეთოდით?
- ორსულობა იწყება იმ ულტრაბგერითი გამოკვლევის წუთიდან, რომელმაც ორსულობა დაადასტურა. საშვილოსნოს ღრუს ორსულობის რეგისტრაცია თანამედროვე ვაგნალური ულტრაბგერითი სკანერის მეშვეობით შესაძლებელია ჩასახვიდან 2,5-3 კვირის შემდეგ, რაც შეესაბამება მენსტრუაციის გადაცდენას 3-5 დღით. ულტრაბგერითი კვლევისას ორსულობის ვადის განსაზღვრისთვის იყენებენ ეგრეთ წოდებულ ემბრიოლოგიურ ვადას - დროს, რომელიც ათვლილია სასქესო უჯრედების შესაძლო შერწყმის მომენტიდან, მაშინ როდესაც დიდ მეანობაში მიღებულია ორსულობის ვადის ათვლა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან, რაც ზოგჯერ გაუგებრობას წარმოშობს. ემბრიოლოგიური გესტაციური ასაკის სამეანო ვადასთან შესათანხმებლად საკმარისია, პირველს მივუმატოთ 2-2,5 კვირა. ამრიგად, ბლასტოცისტა, რომელიც ასრულებს საშვილოსნოს კედელში იმპლანტაციის პროცესს, სწორედ ორსულობის 2,5-3 კვირის ვადაზე ხდება კვლევისათვის ხელმისაწვდომი. ამ მომენტიდან მას ეწოდება სანაყოფე კვერცხი და გამოიყურება როგორც მრგვალი ან წვეთისებრი ფორმის ერთგვაროვანი ექონეგატიური სითხე, რომელსაც გარს აკრავს 4-5 მმ სისქის გარსი. ემბრიონსა და ჩანასახგარე ორგანოებს ჯერ კიდევ მიკროსკოპული აგებულება აქვს და ულტრასონოგრაფიულად არ ჩანს.


- პირველად როდის უნდა მივაკითხოთ ულტრასონოგრაფიის კაბინეტს?
- უმჯობესია, ეს ორსულობის მე-10-დან მე-15 კვირამდე გავაკეთოთ. სწორედ ამ ვადაზე შეიძლება დადგინდეს:

  • ორსულობა და სანაყოფე კვერცხის მდებარეობა (საშვილოსნოშია თუ მის გარეთ);
  • ორსულობის ზუსტი ვადა. სწორედ ამ ვადაზეა შესაძლებელი ნაყოფის გესტაციური ასაკის დადგენა 2-3 დღის სიზუსტით;
  • განვითარების მანკები კისრის ნაოჭის დათვალიერება-გაზომვით მე-12-14 კვირას;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • ცრუ ორსულობა.

მომდევნო კვლევა, ჩვეულებრივ, ორსულობის მე-18-22 კვირისთვის ინიშნება. ის გვარწმუნებს, რომ ნაყოფი ნორმალურად იზრდება და ვითარდება. კვლევის ეს შედეგი მნიშვნელოვანია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ორსულობის მიმდინარეობას აკვირდებიან, რადგან საშუალებას აძლევთ, შეაფასონ ბავშვის განვითარებაში მომხდარი დარღვევები და დროულად მიიღონ აუცილებელი ზომები. ეს ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რომ დადგინდეს:

  • ნაყოფის თანდაყოლილი მანკი;
  • პლაცენტის მდებარეობა, მათ შორის - წინამდებარეობაც. შემდგომი გეგმური კვლევა რეკომენდებულია ორსულობის 32-34-ე კვირას. ამ ვადაზე შესაძლებელია:
  • დადგინდეს ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენის სინდრომი;
  • გამოვლინდეს ნაყოფის ზოგიერთი ისეთი პათოლოგია, რომელიც ადრეულ ვადებზე ვერ გამოავლინეს;
  • გამოვლინდეს პლაცენტის წინამდებარეობა და განისაზღვროს ნაყოფის მდებარეობა;
  • განისაზღვროს სანაყოფე სითხის ოდენობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ზოგიერთი დაზიანების დროს.


- ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულობის დროს ამაზე მეტი კვლევის ჩატარება არ შეიძლება?
- რასაკვირველია, არა. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას ნებადართულია მინიმუმ სამჯერადი ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგრამ ამა თუ იმ დარღვევით მიმდინარე ორსულობის დროს გამოკვლევების რაოდენობა ჩვენებისამებრ უნდა გაიზარდოს.


- რა არის სამგანზომილებიანი ექო?
- ჩვეულებრივი ულტრასონოგრაფიული კვლევა იძლევა, ასე ვთქვათ, ბრტყელ სურათს, რომელზეც საკმაოდ ძნელია, ხაზებსა და წერტილებს შორის გავარჩიოთ მომავალი ბავშვის სახე, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მოცულობითი, სამგანზომილებიანი სურათი - ულტრაბგერითი 3D-გამოსახულება, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, დაინახონ თავიანთი მომავალი შვილი ისეთი, როგორიც არის, მიიღონ პაწიას ფოტოსურათი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ყველაზე თანამედროვე ულტრაბგერითი სკანერების დახმარებით შესაძლებელია მივიღოთ ულტრაბგერითი 4D-გამოსახულებაც, ანუ ჯერ დაუბადებელი ბავშვის პატარა ვიდეოჩანაწერი - დავინახოთ, როგორ მოძრაობს ის, როგორ ამთქნარებს. როგორც ჩვეულებრივი, ისე 4D ულტრაბგერითი გადაღება აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვისთვისაც და დედისთვისაც.


- როგორ ვითარდება ნაყოფი ორსულობის სხვადასხვა ვადაზე?
- ორსულობა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან აითვლება და საშუალოდ 280 დღე, ანუ 10 სამეანო თვე გრძელდება (სამეანო თვის ხანგრძლივობა 28 დღეა. 10 სამეანო თვე 40 კვირას უტოლდება).

  • პირველი თვის (4 კვირა) განმავლობაში ხდება ზიგოტის დაყოფა, იმპლანტაცია, მნიშვნელოვანი ორგანოებისა და ჩანასახოვანი გარსების განვითარება.
  • მე-5 კვირიდან ჩანს ემბრიონის პულსაცია - გულის შეკუმშვები, მაგრამ ეკრანზე თავად გულის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია.
  • მე-7 კვირის ბოლოს ჩანს ფორმირებადი ხერხემალი და თავის ქალა. ემბრიონი მხნეა, ძალიან ფოტოგენური, სავსეა ძალებით.
  • მეორე თვის ბოლოს (8 კვირა) ნაყოფის სიგრძე აღწევს 3-3,5 სმ-ს, მისი სხეული ფორმირებულია, აქვს კიდურების ჩანასახები, თავი უტოლდება სხეულის სიგრძეს, მასზე შეინიშება თვალების, ცხვირის, პირის ჩანასახები, ფორმირებას იწყებს სასქესო ორგანოები.
  • მესამე თვის ბოლოს (12 კვირა) ნაყოფის სიგრძე 8-9 სმ-ია, წონა - 48 გრამი, თავი მსხვილია, შეინიშნება განსხვავება გარეთა სასქესო ორგანოების აგებულებაში, კიდურები მოძრაობენ, ჩანს ხელისა და ფეხის თითები, ჩონჩხის ხრტილების ჩანასახში ვლინდება გაძვალების პირველი წერტილები.
  • მეოთხე თვის ბოლოს (16 კვირა) ნაყოფის სიგრძე 13,5 სმ-ია, წონა - 120-180 გ. ყალიბდება სახე, ხდება ქალას გაძვალება, ძირითადად სრულდება კუნთოვანი სისტემის ფორმირება, კიდურების მოძრაობა უფრო აქტიურია, მაგრამ დედა ჯერ ვერ აღიქვამს. ნათლად ჩანს ნაყოფის სქესი.
  • მეხუთე თვის ბოლოს (20 კვირა) ნაყოფის სიგრძე 18,5 სმ-ს აღწევს, წონა - 280-300 გრამს. კანი წითელია, ღინღლით იფარება. ცხიმის ჯირკვლები იწყებს ცხიმოვანი ნივთიერების გამოყოფას, რომელსაც ერევა ეპიდერმისის ქერცლი და წარმოქმნის ხაჭოსებრ საცხს. ნაწლავებში წარმოიქმნება მეკონიუმი. დედა გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ორსულის მუცლის აუსკულტაციისას შეიძლება მოვისმინოთ ნაყოფის გულისცემა.
  • მეექვსე თვის ბოლოს (24 კვირა) ნაყოფის სიგრძე 25 სმ-ია, წონა - 600-680 გრამი, მოძრაობა ხდება უფრო ენერგიული. ამ ვადაზე ნაყოფი შეიძლება დაიბადოს ცოცხალი, გააკეთოს სუნთქვითი მოძრაობები, მაგრამ მალევე იღუპება.
  • მეშვიდე თვის ბოლოს (28 კვირა) ნაყოფის სიგრძე 32 სმ-ია, წონა - 1000-1500 გ. კანქვეშა ცხიმი სუსტად არის განვითარებული, კანი ნაოჭიანია, მთელი სხეული დაფარულია ხაჭოსებრი საცხით და ღინღლით. ყურისა და ცხვირის ნიჟარები რბილია, ფრჩხილები თითების ბოლომდე ვერ აღწევს. ბიჭუნებს სათესლე ჯირკვლები ჯერ არ აქვთ ჩამოსული სათესლე პარკში, გოგონების დიდი სასირცხო ბაგეები ვერ ფარავს მცირეს. ნაყოფი იბადება ცოცხალი, სუნთქავს, მაგრამ ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. ძალიან კარგი მოვლის პირობებში შესაძლოა იცოცხლოს. დაბადებული ნაყოფი საკმაოდ აქტიურად ამოძრავებს კიდურებს, გამოსცემს სუსტ ხმას.
  • მერვე თვის ბოლოს (32 კვირა) ნაყოფის სიგრძე 40-42 სმ-ია, წონა - 1500-2000 გრამი; ნაყოფი იბადება სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
  • ორსულობის მეცხრე თვის ბოლოს (36 კვირა) ნაყოფის სიგრძე 45-48 სმ-ს აღწევს, წონა - 2400-3000 გ-ს. კანქვეშა ცხიმოვანი შრე იზრდება, კანი გლუვია, ვარდისფერი, სხეულზე ღინღლის რაოდენობა იკლებს, თავზე კი ბუსუსები გრძელდება. ამ ვადაზე დაბადებული ნაყოფი სიცოცხლისუნარიანია, ხმამაღლა ყვირის, ახელს თვალებს, გამოხატული აქვს წოვითი რეფლექსი.
  • ორსულობის მეათე თვის ბოლოს (38-40 კვირა) უმწიფრობის ნიშნები ქრება, ნაყოფი მომწიფებული იბადება.

წესისამებრ, ნაყოფი სიმწიფეს აღწევს მეათე თვის ბოლოს, დროული მშობიარობის ვადისთვის. განვითარებისთვის არასასურველი პირობების შემთხვევაში (დედის დაავადება, არასაკმარისი კვება და სხვა) დროულ ნაყოფსაც შეიძლება ჰქონდეს უმწიფრობის ნიშნები.


- რა არის დოპლერული გამოკვლევა და რა ინფორმაციას გვაწვდის იგი?
- ნაყოფის მდგომარეობის დოპლერული კვლევა ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც ეფუძნება ნაყოფის თავის ტვინისა და სასიცოცხლო ორგანოების, პალცენტისა და საშვილოსნოს სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლების ანალიზს. მისი მეშვეობით შეიძლება ზუსტად განისაზღვროს ნაყოფის მდგომარეობა: საკმარისად აღწევს თუ არა მასთან ჟანგბადი, არის თუ არა გულის მუშაობაში დარღვევები და ბევრი სხვა რამ. ნაყოფის დისტრესის (ჟანგბადოვანი შიმშილის) დროული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, დროულად ჩატარდეს ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა მისი შორეული შედეგების თავიდან ასაცილებლად. ბავშვთა ნევროპათოლოგებმა კარგად იციან, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემების 80%-ზე მეტი (ბავშვთა ცერებრული დამბლა, სამშობიარო ტრავმები, ენცეფალოპათიები და სხვა) ნაყოფის დისტრესის შედეგია. ჰიპოქსიისადმი ყველაზე მგრძნობიარენი ნერვული უჯრედები არიან, რადგან იმ ჟანგბადის თითქმის 80%, რომელიც ნაყოფამდე აღწევს, თავის ტვინის ფორმირებისთვის იხარჯება. კომპიუტერული დოპლეროგრაფია შეუცვლელ დახმარებას გვთავაზობს რეზუსკონფლიქტის დროსაც. ის ერთადერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა, რეალურად შეფასდეს ნაყოფის მდგომარეობა, ჰემოლიზური დაავადების არსებობა-არარსებობა და ხარისხი და აირჩეს ოპტიმალური მომენტი მშობიარობისთვის. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია ასევე მრავალი თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტიკა ორსულობის მეორე ტრიმესტრში.


- როდიდან შეიძლება მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგენა?
- ორსულობის მეხუთე კვირას ნაყოფის რაოდენობა უკვე კარგად ჩანს.


- ხშირად გავიგონებთ ასეთ ტერმინებს: მცირეწყლიანობა, მრავალწყლიანობა...
- მცირეწყლიანობა და მრავალწყლიანობა შესაძლოა ნაყოფის თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ან ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს. მრავალწყლიანობა ხშირია შაქრიანი დიაბეტის, დედის იზოიმუნიზაციისა და განვითარების მანკების (ნერვული მილის შეუხორცებლობა, საყლაპავის ატრეზია, ტრაქეისა და საყლაპავის ფისტულა, თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზია) დროს. გამოხატული მრავალწყლიანობა, განვითარების შეფერხებასთან ერთად, ჩვეულებივ, გამოწვეულია ქრომოსომული ანომალიით. დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება ნაყოფის უჯრედების ციტოგენეტიკური კვლევა. გამოხატული მცირეწყლიანობა ზღუდავს ნაყოფის აქტივობას. იგი ხშირად რთულდება სახსრების კონტრაქტურით, სახის ჩონჩხის ანომალიითა და ფილტვების ჰიპოპლაზიით. მცირეწყლიანობა ხშირად საგრძნობლად ამძიმებს ნაყოფის პროგნოზს. მიზეზი შეიძლება იყოს სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა ან მისი არასაკმარისი სეკრეცია, ნაყოფის თირკმელების აგენეზია ან დისპლაზია (ვინაიდან ორსულობის მე-18 კვირის შემდეგ სანაყოფე სითხე ძირითადად ნაყოფის თირკმელებში წარმოიქმნება), აგრეთვე - საშარდე გზების ობსტრუქცია.


- როგორ ჩანს ულტრაბგერითი კვლევის დროს აბორტი?
- აბორტი მარტივად შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მიომეტრიუმის (საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის) შეკუმშვები, რომლებიც საშვილოსნოს შიგნითა კედლიდან სანაყოფე კვერცხის აშრევებას და საშვილოსნოდან მის გამოძევებას იწვევს. მოსალოდნელი აბორტის დროს კვლევა საშვილონოს კუნთების ტონუსის მომატებას აჩვენებს. მოსალოდნელი და დაწყებულ აბორტის ყველაზე საშიში ნიშანია საშვილოსნოს ღრუში, სანაყოფე კვერცხის გვერდით, სუბქორიონული ჰემატომის (გრავიდარული ჰემატომეტრა) აღმოჩენა. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მზარდი ჰემატომა შესაძლოა მიაწვეს სანაყოფე კვერცხს და მასა და საშვილოსნოს კედელს შორის კავშირი დაარღვიოს. ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს ჰემატომეტრის ლოკალიზაცია და მოცულობა, პროცესის ხანდაზმულობა და პროგრესირების ტენდენცია. ამრიგად, ულტრაბგერითი კვლევა შეუცვლელია ორსულობის დროს განვითარებული ტკივილისა და სისხლიანი გამონადენის მიზეზის დასადგენად და აბორტის საშიშროების ტიპის ამოსაცნობად - ჰემატომის არსებობისას და არარსებობისას სამკურნალო ტაქტიკა სხვადასხვანაირია.


- რა არის ანემბრიონია და შეწყვეტილი ორსულობა?
- ანემბრიონიის დროს ორსულობის მეხუთე კვირას ულტრაბგერითი კვლევით შეუძლებელია ემბრიონის ან მისი ელემენტების დანახვა. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ სანაყოფე კვერცხი თავიდან ცარიელი იყო; უბრალოდ ჩანასახის განვითარება მანამდე შეწყდა, ვიდრე ემბრიონის ზომა 1-2 მმ-ს მიაღწევდა. ანემბრიონიის განსაკუთრებული ფორმაა ტყუპი ნაყოფის დროს ერთ-ერთი სანაყოფე კვერცხის ანემბრიონია. ამ მდგომარეობას ეწოდება არშემდგარი ტყუპი. ამ შემთხვევაში იღუპება ერთ-ერთი ემბრიონი, მეორე კი ნორმალურად ვითარდება. `ცარიელი~ ამნიონური ღრუ თავდაპირველად კარგად ჩანს ნორმალურის გვერდით, შემდეგ კი, სანაყოფე კვერცხის ზრდასთან ერთად, ნამგლისებურად ეკვრის გარს ნორმალურს, სანამ მას მთლიანად არ შეერწყმება. შეწყვეტილი ორსულობა არშემდგარი აბორტია ორსულობის ხუთი და მეტი კვირის ვადაზე. ანემბრიონიისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ემბრიონული კომპლექსი ჩანს სუსტად დიფერენცირებადი ობიექტის სახით, რომელიც სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებს - არ აღენიშნება გულისცემა და მოძრაობითი აქტივობა, რომლებიც პროგრესირებადი ორსულობის დროს ნორმალური ემბრიონისთვის არის დამახასიათებელი.


- საშიშია თუ არა ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფისთვის?
- როგორც ცნობილია, აბსოლუტურად უსაფრთხო ამქვეყნად არაფერია, მათ შორის - არც ულტრაბგერა, მაგრამ ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებები ადასტურებს, რომ ჩვეულებრივი ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩანასახსა და ნაყოფს მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს. დიახ, ულტრაბგერითი კვლევა საკმოდ სერიოზული ფიზიკური მოვლენაა და უგუნურება იქნება, მას ზერელედ მოვეკიდოთ, 8-10-ჯერ შევამოწმოთ ნაყოფის სქესი ან განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე განმეორებით დავადგინოთ მისი წინამდებარეობა თუ გულის მუშაობის ხასიათი, მაგრამ სამეანო ულტრაბგერითი სკრინინგი დღესდღეობით სავსებით გამართლებულია.