დიაგნოსტიკა

სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევა

სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევა

რამდენიმე წელია, რაც თბილისში მცხოვრები ქალბატონებისთვის სიმსივნური დაავადებების დროული დიაგნოსტიკის მიზნით ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამა, რომელიც სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგს ითვალისწინებს. რას წარმოადგენს აღნიშნული კვლევები, სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს დაავადებათა დიაგნოსტიკის კიდევ რა მეთოდები არსებობს და რას გვაძლევს ისინი? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი რადიოლოგი ირინა ჭეიშვილი გვიპასუხებს.

- ქალბატონო ირინა, უმთავრესად რომელ მეთოდებს იყენებთ სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის?
- მთელ მსოფლიოში მეტად აქტუალურია სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა, რაც ულტრაბგერითი კვლევით და მამოგრაფიით ხორციელდება. მათი ჩატარება, სარძევე ჯირკვლის

ქსოვილში ციკლურად მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად, მენსტრუალური ციკლის მე-6-14 დღეს არის რეკომენდებული.


- როგორ ტარდება სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა და რა ინფორმაციის მიღებაა ამ გზით შესაძლებელი?
- ულტრაბგერითი კვლევა სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია. მისი საშუალებით აღმოვაჩენთ ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე ცვლილებებს, კისტებს, კეთილთვისებიან და

ავთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნებს, საკმაოდ მცირე ზომისასაც კი, კისტოზურ, სითხით სავსე წარმონაქმნებს მკვრივი წარმონაქმნებისგან ვმიჯნავთ. მეთოდი ითვალისწინებს რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობის დადგენასაც. მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ იგი ექიმს საშუალებას აძლევს, სარძევე ჯირკვლის ის ადგილებიც დაინახოს, რომლებიც რენტგენოლოგიურად ძნელად გამოსაკვლევია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი საშუალებით ვერ ხერხდება სიმსივნური წარმონაქმნის ხასიათის დადგენა, ანუ დადგენა იმისა, ავთვისებიანია თუ არა იგი. ვერ ხერხდება კისტების კალცინატებისგან დიფერენცირებაც.


- რა არის კალცინატები?
- კალცინატები სარძევე ჯირკვლის ქსოვილში კალციუმის მარილების ორგანული დაგროვებაა. ისინი სხვდასხვა ზომისაა. დიდი ზომის კალცინატები ნაკლებად საშიშია, ხოლო მცირე, წვრილი ზომისა შესაძლოა კიბოს ადრეული სტადიის მანიშნებელიც კი იყოს. ამიტომ თუ ულტრაბგერითი გამოკვლევისას რაიმე საეჭვო აღმოვაჩინეთ, აუცილებლად ვატარებთ სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიას.


- რა არის მამოგრაფია და რა უპირატესობა აქვს მას?
- მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის ქსოვილთა რენტგენული კვლევაა. 35-40 წლის შემდეგ ყველა ქალმა ის წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს. ამასვე ითვალისწინებს სარძევე ჯირკვლის დაავადებათა სკრინინგიც, რომლის მთავარი მიზანი სარძევე ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების დროული აღმოჩენაა. მამოგრაფიით ჩვენ აღმოვაჩენთYარა მარტო ქსოვილში არსებულ ცვლილებებს (კისტა, მკვრივი წარმონაქმნები, კალცინატები), არამედ განვსაზღვრავთ მის ზომებს, თვისებებსა და გავრცელების ხასიათსაც. ამჟამად ორი სახის მამოგრაფია გამოიყენება: ციფრული და ფირისმიერი. ფირისმიერი მამოგრაფიის დროს რენტგენის სხივები სარძევე ჯირკვალში გავლისას რენტგენის ფირზე ხვდება, რის შედეგადაც მიიღება გამოსახულება. იგი ორ - პირდაპირ და გვერდით - პროექციაში ტარდება. ციფრული მამოგრაფიისას კი გამოსახულება ინახება უშუალოდ კომპიუტერში და მისი დანახვა შესაძლებელია მონიტორზე, რაც მისი სპეციალური პროგრამებით დამუშავების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია გამოსახულების გადიდება, მისი სიმკვეთრის გაზრდა, თუმცა ამ მხრივ ფირისმიერ გამოსახულებას მაინც ჩამოუვარდება, ამასთანავე, გაცილებით ძვირადღირებული მეთოდია და ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.


- რის გათვალისწინებას ურჩევდით პაციენტებს, რომლებიც მამოგრაფიის ჩატარებას გეგმავენ?
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მამოგრაფიის ჩატარების წინ სარძევე ჯირკვლის არეში ანტიპერსპირანტის, ფხვნილის ან მშრალი დეზოდორანტის გამოყენება, რადგან ანტიპერსპირანტმა შესაძლოა დაჩრდილოს გამოსახულება, ფხვნილი და მშრალი დეზოდორანტი კი კალცინატების გროვად გამოჩნდეს. თუ სარძევე ჯირკვალზე გადატანილი გაქვთ ოპერაციული ჩარევა კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთის მიზნით, მამოგრაფიამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ოპერაციის შემდგომ ნაწიბურთა მდებარეობა, რათა მამოგრამის გაშიფვრისას ისინი სხვა ცვლილებებისგან გაიმიჯნოს. თუ მამოგრაფია ტარდება კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რეცივიდის აღმოსაჩენად, საჭიროა, სპეციალური  ბურთულებით მოინიშნოს ნაწიბურის ადგილი, რადგან ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რეციდივის განვითარების ყველაზე მაღალი რისკის შემცველია. მამოგრაფიას, ისევე როგორც დიაგნოსტიკის ნებისმიერ სხვა მეთოდს, აქვს შედარებით სუსტი მხარეებიც. ჯერ ერთი, აპარატი ასხივებს, თუმცა სერიოზული ზიანის მომტანი ნამდვილად არ არის, გარდა ამისა, მამოგრაფიისას მკერდი ძლიერ ებჯინება აპარატს (სარძევე ჯირკვალში ცვლილებების ეფექტიანი აღმოჩენის მიზნით აუცილებელია იმ ქსოვილოვანი ფენის გათხელება, რომელშიც რენტგენის სხივებმა უნდა გაიაროს), რაც, ჩვეულებრივ, ტკივილს და დისკომფორტს იწვევს. მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი და ერთ-ერთი უპირველესი მეთოდია. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მისი საშუალებით სიმსივნის აღმოჩენა ვერ ხერხდება, რადგან წარმონაქმნი რენტგენის სხივებში უბრალოდ არ ჩანს.


- რას ითვალისწინებს საშვილოსნოს ყელის სკრინინგი?
- საშვილოსნოს ყელის სკრინინგი არის მისი ციტოლოგიური გამოკვლევა სპეციალური ტესტის - PAP-ტესტის საშუალებით. PAP-ტესტი კვლევის პირველი ეტაპია, რომლის ჩატარებაც მიზანშეწონილია 25-60 წლის ასაკში, 40 წლიდან კი ციტოლოგიური კვლევის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ. ამისთვის ოპტიმალურია მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზა - მე-14 დღიდან. კვლევისას საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და ცერვიკალური არხიდან ექიმი შპადელით ჩამოფხეკს უჯრედებს, რომლებსაც შემდეგ სპეციალური ინსტრუმენტებით იკვლევენ. ტესტირებისთვის მასალის აღება რამდენიმე წუთს გრძელდება.  ამ დროს პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება, ამიტომ ვურჩევთ ხოლმე, მოდუნდნენ და ღრმად ისუნთქონ.


- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი PAP-ტესტისთვის?
- PAP-ტესტის ჩატარება არ შეიძლება მენსტრუაციის პერიოდში, ასევე მაშინ, როდესაც ქალი იყენებს სპერმიციდებს ან კონტრაცეფციის ბარიერულ საშუალებებს. ტესტის აღებამდე 24 საათის განმავლობაში მათი გამოყენება უნდა შეწყდეს, ვინაიდან მათ შემადგენლობაში შემავალმა ქიმიურმა ნაერთებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.


- რა ხდება, თუ ტესტის პასუხი არადამაკმაყოფილებელია?
- აღებული მასალის დამუშავების შემდეგ ირკვევა, არის თუ არა მასში შეცვლილი, გადაგვარებული, არანორმული უჯრედები. ამგვარი უჯრედების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი კვლევა - კოლპოსკოპია. გარდა ამისა, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ჩაატარებს ბიოფსიას - აიღებს ქსოვილის მცირე ნაჭერს, რომელიც გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გაიგზავნება. რეგულარული ცერვიკალური სკრინინგი საუკეთესო გზაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაში გამოსავლენად და შემთხვევათა 75%-ში შეუძლია, თავიდან აგვაცილოს კიბოს განვითარება.


- რა არის კოლპოსკოპია?
- კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის მეორე ეტაპია. ეს ენდოსკოპიური მეთოდია, რომელიც საშვილოსნოს ყელის ეროზიულ ან სხვა პათოლოგიათა გამოსავლენად, ადრეული დიაგნოსტიკისთვის, ასევე - ზოგიერთი დაავადების დაზუსტების ან გამორიცხვის მიზნით ტარდება. კოლპოსკოპიისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან პირველი სამი დღეა. კოლპოსკოპიის დროს საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსს სხვადასხვა ქიმიური აგენტით შეღებვის შემდეგ სპეციალური მიკროსკოპით ვათვალიერებთ. კოლპოსკოპი სპეციალური მიკროსკოპია, რომელიც ობიექტის 5-30-ჯერ გადიდების საშუალებას იძლევა. სრული კოლპოსკოპია, ჩვეულებრივ, 20-30 წუთი გრძელდება. ამ დროს დგინდება საშვილოსნოს ყელის ფორმა, ზომა და ფერი, რელიეფი, საშვილოსნოს ყელის ამომფენი ბრტყელი ეპითელიუმისა  და საშვილოსნოს არხის ამომფენი  ცილინდრული ეპითელიუმის მდგომარეობა.


- რომელი დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა ეს მეთოდი?
- საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ენდომეტრიოზის, ლეიკოპლაკიის, სიმსივნური წარმონაქმნების საწყისი სტადიის ადრეული დიაგნოსტიკისას. გარდა ამისა, მისი საშუალებით ვლინდება სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები - კოლპიტი, ცერვიციტი, ენდოცერვიციტის ნიშნები.


- როგორ მოვემზადოთ კოლპოსკოპიისთვის?
- კოლპოსკოპიამდე ორი დღის განმავლობაში საჭიროა სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება, არ შეიძლება ვაგინალური აბებისა თუ სანთლების გამოყენება. გამოკვლევის შემდგომ 1-2 დღის განმავლობაში შესაძლოა საშოდან მუქმა ყავისფერმა გამონადენმა იდინოს, რამაც არ უნდა შეგაშინოთ - ეს იმ ქიმიური ნივთიერებების ნარჩენებია, რომლებიც კვლევისას გამოიყენება. მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია, ამასთანავე, საშვილოსნოს ყელის ყველა პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.