- რას ითვალისწინებს საშვილოსნოს ყელის სკრინინგი?
- საშვილოსნოს ყელის სკრინინგი არის მისი ციტოლოგიური გამოკვლევა სპეციალური ტესტის - PAP-ტესტის საშუალებით. PAP-ტესტი კვლევის პირველი ეტაპია, რომლის ჩატარებაც მიზანშეწონილია 25-60 წლის ასაკში, 40 წლიდან კი ციტოლოგიური კვლევის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ. ამისთვის ოპტიმალურია მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზა - მე-14 დღიდან. კვლევისას საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და ცერვიკალური არხიდან ექიმი შპადელით ჩამოფხეკს უჯრედებს, რომლებსაც შემდეგ სპეციალური ინსტრუმენტებით იკვლევენ. ტესტირებისთვის მასალის აღება რამდენიმე წუთს გრძელდება. ამ დროს პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება, ამიტომ ვურჩევთ ხოლმე, მოდუნდნენ და ღრმად ისუნთქონ.
- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი PAP-ტესტისთვის?
- PAP-ტესტის ჩატარება არ შეიძლება მენსტრუაციის პერიოდში, ასევე მაშინ, როდესაც ქალი იყენებს სპერმიციდებს ან კონტრაცეფციის ბარიერულ საშუალებებს. ტესტის აღებამდე 24 საათის განმავლობაში მათი გამოყენება უნდა შეწყდეს, ვინაიდან მათ შემადგენლობაში შემავალმა ქიმიურმა ნაერთებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
- რა ხდება, თუ ტესტის პასუხი არადამაკმაყოფილებელია?
- აღებული მასალის დამუშავების შემდეგ ირკვევა, არის თუ არა მასში შეცვლილი, გადაგვარებული, არანორმული უჯრედები. ამგვარი უჯრედების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი კვლევა - კოლპოსკოპია. გარდა ამისა, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ჩაატარებს ბიოფსიას - აიღებს ქსოვილის მცირე ნაჭერს, რომელიც გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გაიგზავნება. რეგულარული ცერვიკალური სკრინინგი საუკეთესო გზაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაში გამოსავლენად და შემთხვევათა 75%-ში შეუძლია, თავიდან აგვაცილოს კიბოს განვითარება.
- რა არის კოლპოსკოპია?
- კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის მეორე ეტაპია. ეს ენდოსკოპიური მეთოდია, რომელიც საშვილოსნოს ყელის ეროზიულ ან სხვა პათოლოგიათა გამოსავლენად, ადრეული დიაგნოსტიკისთვის, ასევე - ზოგიერთი დაავადების დაზუსტების ან გამორიცხვის მიზნით ტარდება. კოლპოსკოპიისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან პირველი სამი დღეა. კოლპოსკოპიის დროს საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსს სხვადასხვა ქიმიური აგენტით შეღებვის შემდეგ სპეციალური მიკროსკოპით ვათვალიერებთ. კოლპოსკოპი სპეციალური მიკროსკოპია, რომელიც ობიექტის 5-30-ჯერ გადიდების საშუალებას იძლევა. სრული კოლპოსკოპია, ჩვეულებრივ, 20-30 წუთი გრძელდება. ამ დროს დგინდება საშვილოსნოს ყელის ფორმა, ზომა და ფერი, რელიეფი, საშვილოსნოს ყელის ამომფენი ბრტყელი ეპითელიუმისა და საშვილოსნოს არხის ამომფენი ცილინდრული ეპითელიუმის მდგომარეობა.
- რომელი დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა ეს მეთოდი?
- საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ენდომეტრიოზის, ლეიკოპლაკიის, სიმსივნური წარმონაქმნების საწყისი სტადიის ადრეული დიაგნოსტიკისას. გარდა ამისა, მისი საშუალებით ვლინდება სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები - კოლპიტი, ცერვიციტი, ენდოცერვიციტის ნიშნები.
- როგორ მოვემზადოთ კოლპოსკოპიისთვის?
- კოლპოსკოპიამდე ორი დღის განმავლობაში საჭიროა სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება, არ შეიძლება ვაგინალური აბებისა თუ სანთლების გამოყენება. გამოკვლევის შემდგომ 1-2 დღის განმავლობაში შესაძლოა საშოდან მუქმა ყავისფერმა გამონადენმა იდინოს, რამაც არ უნდა შეგაშინოთ - ეს იმ ქიმიური ნივთიერებების ნარჩენებია, რომლებიც კვლევისას გამოიყენება. მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია, ამასთანავე, საშვილოსნოს ყელის ყველა პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.