რენტგენოსკოპია – კვლევის მეთოდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რენტგენოსკოპია – კვლევის მეთოდი

რენტგენოსკოპია – კვლევის მეთოდი
რენტგენოსკოპია – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებისა და ფუნქციური მოშლილობის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდია. საყლაპავი და კუჭი ღრუ ორგანოებია, ამიტომ ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიისას ძნელია დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი მონაცემების მიღება. ღრუ ორგანოების ზომის, ფორმის, განთავსების და მათი პათოლოგიური ცვლილებების დასადგენად გამოიყენება კონტრასტული რენტგენოსკოპია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღრუ ორგანოში კვლევის დაწყებამდე შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება – ბარიუმის სულფატის ნარევი ან ჰაერი.


რა არის რენტგენოსკოპიის ჩვენებები და უკუჩვენებები


რენტგენოსკოპია ნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი სიმპტომების დროს, როგორებიცაა:

  • მკერდუკანა ტკივილი ან ეპიგასტრიუმის მიდამოს ტკივილი, რომელიც უკავშირდება საკვების მიღებას (ან
    ღამის „მშიერი“ ტკივილი);
  • პერიოდულად გულისრევა და ღებინება;
  • დისფაგია:
  • კუჭის მოქმედების დარღვევები (ფაღარათი, ყაბზობა);
  • გულძმარვა, ბოყინი:
  • გამონაყოფში სისხლის არსებობა;
  • წონის მკვეთრი კლება;
  • უცნობი ეტიოლოგიის ანემია;
  • საყლაპავის ან კუჭის გამავლობის დარღვევის ნიშნები.

კუჭის ბარიუმით კონტრასტული რენტგენოსკოპია შეიძლება დაინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტირებული დაავადებებისას, მათი მიმდინარეობის დინამიკის (კუჭის წყლული, ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნეები,
საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი და ა.შ.) განსაზღვრისათვის. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ჩატარებული თერაპიის ეფექტურობისა და ოპერაციული მკურნალობის შედეგების შეფასება. კვლევა ასევე ნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოსწინარე დაავადებების ან ახალწარმონაქმნებისადმი მემკვიდრული განწყობის არსებობისას (პოლიპოზი, კიბო).

რა შეიძლება იყოს რენტგენოსკოპიის უკუჩვენება:

  • პაციენტის მძიმე მდგომარეობა;
  • ორსულობა;
  • საყლაპავიდან, კუჭიდან ან ნაწლავიდან შეუწყვეტელი სისხლდენა.

ეს არის შედარებითი უკუჩვენებები, რადგანაც მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისხლდენის შეჩერების შემდეგ შესაძლებელია კუჭის რენტგენოკონტრასტული კვლევა. აუცილებლობის შემთხვევაში რენტგენოსკოპია შეიძლება ჩატარდეს ორსულობის II და III ტრიმესტრებში, მეან-გინეკოლოგთან შეთანხმების შემდეგ.

რენტგენოსკოპია ხორციელდება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ეზოფაგოგასტროსკოპიის ჩატარება ან მისი მონაცემები არასაკმარისია დიაგნოზის დასადგენად.


როგორ ხდება პროცედურისთვის მომზადება


საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რე­ნტგენოსკოპიას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. კვლევა ტარდება უზმოზე. კვლევამდე 8-10 საათი არ შეიძლება წყლისა და საკვების მიღება. პროცედურამდე სამი დღე სასურველია დიეტის დაცვა: რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მეტეორიზმის გამომწვევი პროდუქტები: პარკოსნები, შავი პური, ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი კერძები, ხილი, ბოსტნეული. უპირატესობა ენიჭება უცხიმო მოხარშულ ხორცს (ქათამი, საქონელი); უცხიმო თევზს, წყალზე მომზადებულ ფაფებს, კვერცხს. ყაბზობისას, კვლევის წინა დღეს, საჭიროა გამწმენდი ოყნის გაკეთება. თუ პაციენტს აქვს პილოროსტენოზი, პროცედურის წინ საჭიროა კუჭის ზონდის საშუალებით ამორეცხვა. უშუალოდ პროცედურის წინ საჭიროა კბილების მოსახსნელი პროთეზის მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ კუჭის რენტგენოსკოპიის შემდეგ, 2-4 დღე შესაძლებელია განვითარეს ყაბზობა. განავალს ერთხანს აქვს თეთრი ან რუხი ფერი, რაც ნორმალურია და თავისთავად გაივლის. კვლევის შემდეგ რეკომენდებულია 1.5-2 ლიტრი სუფთა წყლის მიღება, რათა დაჩქარდეს ბარიუმის გამოყოფა.

რენტგენოსკოპიისას შეიძლება მივიღოთ მონაცემები ბარიუმის გადაადგილების სიჩქარეზე საყლაპავსა და კუჭში, ასევე თორმეტგოჯა ნაწლავსა და მსხვილ ნაწლავში მისი მოხვედრის დრო. ამ ნიშნით შეიძლება მსჯელობა მოტორულ დარღვევებზე, საკვები გუნდის საყლაპავიდან ან კუჭიდან ევაკუაციის გართულებაზე. ლორწოვანი გარსის რელიეფის და ბარიუმის განაწილების თანაბრობით შეიძლება დადგინდეს მისი ცვლილებების არსებობა ან არარსებობა.


რომელი სიმპტომების განსაზღვრაა შესაძლებელი რენტგენოსკოპიისას?


  • საყლაპავისა და კუჭის მდებარეობის ცვლილება (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანატომიის თანდაყოლილი ანომალიები, კუჭის დაწევა, შუასაყრის ორგანოების სიმსივნეები, მიოკარდიუმის ჰიპეტროფია).
  • საყლაპავის ან კუჭის სანათურის შევიწროება (სიმსივნე, სტრიქტურები, ნაწიბუროვანი შევიწროება წყლულის, ქიმიური დამწვრობის დროს, კუნთოვანი კედლის ტონუსის მომატება).
  • სანათურის გაფართოება (კარდიის აქალაზია – საყლაპავის გაფართოება, გირშპრუნგის დაავადებისა და ფუნქციური დარღვევებისას კედლის ტონუსის დაქვეითება).
  • კედლის მთლიანობის დარღვევა (საყლაპავის ან კუჭის კედლის პერფორაცია წყლულოვანი დაავადებებისას).
  • ავსების დეფექტი (პოლიპი, პაპილომა, უცხო სხეული, ავთვისებიანი სიმსივნე).
  • ლორწოვანი გარსის ნაკეცების შემცირება (ატროფიული გასტრიტისას).

აღნიშნული სიმპტომები ყოველთვის არ არის დიაგნოზის დასმის საფუძველი. რენტგენოსკოპიის მონაცემები ფასდება ჩივილების, ობიექტური კვლევის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის მეთოდების შედეგების გათვალისწინებით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად