რა არის ულტრასონოგრაფია და რა შემთხვევებში გამოიყენება?
ულტრასონოგრაფია უმტკივნეულო, შედარებით იაფი პროცედურაა და ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ორსულობის დროსაც კი.
ულტრასონოგრაფია ხშირად გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• გულის გამოკვლევა: გულის შეკუმშვის დარღვევის; სტრუქტურული ანომალიების, მაგალითად, სარქვლების მანკების ან გულის კედლების, საკნების პათოლოგიური გადიდების დროს (გულის ულტრაბგერით კვლევას ექოკარდიოგრაფია ეწოდება).
• ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევა: მაგალითად, ნაღვლის კენჭების არსებობის ან სანაღვლე გზების დახშობის დროს.
• საშარდე გზების კვლევა: კეთილთვისებიანი ცისტების გასარჩევად მყარი წარმონაქმნებისგან (რაც შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს) თირკმლებში;
დახშული უბნების, კენჭების ან სხვა სტრუქტურული პათოლოგიების აღმოსაჩენად თირკმლებში, შარდსაწვეთებში ან შარდის ბუშტში.
• ქალის რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევა: საკვერცხეების, კვერცხსავალი მილების ან საშვილოსნოს სიმსივნის ან ანთების აღმოსაჩენად.
• ორსულობა: ნაყოფის ზრდისა და განვითარების შესაფასებლად, პლაცენტის პათოლოგიების აღმოსაჩენად (მაგ., მისი არასწორი მიმაგრება ანუ წინმდებარეობა).
ულტრასონოგრაფიას, ასევე, იყენებენ ქსოვილის ნიმუშის აღებისას ბიოფსიით. მისი მეშვეობით ზუსტად დგინდება იარაღისა და საკვლევი უბნის (მაგ., მოცულობითი წარმონაქმნის) მდებარეობა. შესაბამისად, ექიმი ხედავს, სად შეჰყავს ინსტრუმენტი და უფრო ადვილად უმიზნებს პირდაპირ იმ ქსოვილს.
ულტრასონოგრაფიის სახეები
დოპლერული ულტრასონოგრაფია: ეს კვლევა ეფუძნება დოპლერის ეფექტს, ანუ ფენომენს, რომლის დროსაც მოძრავ საგანზე დაცემისა და მისგან არეკვლისას ულტრაბგერითი ტალღების სიხშირე იცვლება. ამ შემთხვევაში "მოძრავი საგანი" სისხლის წითელი უჯრედებია. შესაბამისად, დოპლერული ულტრასონოგრაფიით ფასდება სისხლის დინება – მისი სიჩქარე, მიმართულება და მოძრაობა სისხლძარღვებში. მისი მეშვეობით ექიმები აღმოაჩენენ დახშულ სისხლმილებს, განსაკუთრებით კი – ქვედა კიდურების ვენებსა და არტერიების შევიწროებულ უბნებს, მაგალითად, კისრის საძილე არტერიებისა, რომელთაც სისხლი თავის ტვინისკენ მიაქვთ.
ფერადი დოპლერული ულტრასონოგრაფია: ეს კვლევა გულისხმობს სისხლის დინების დოპლერული ულტრასონოგრაფიით მიღებულ შავთეთრ გამოსახულებაზე ფერების დადებას. ფერი სისხლის დინების მიმართულებას მიუთითებს. წითელი ნიშნავს, რომ სისხლი გადამწოდისკენ მოემართება, ლურჯი კი პირიქით – გადამწოდიდან საპირისპირო მიმართულებას აჩვენებს.
ფერადი დოპლერული ულტრასონოგრაფიით ექიმები თავისა და კისრის არტერიების შევიწროებასა და დახშობას იკვლევენ, რითაც ინსულტის რისკს აფასებენ. ეს პროცედურა გამოსადეგია იმ პაციენტებში, რომელთაც გარდამავალი იშემიური შეტევა ან ინსულტი გადაიტანეს ან ათეროსკლეროზის რისკფაქტორები აქვთ სიმპტომების გარეშე.
უარყოფითი მხარეები
შესაძლოა, გადამწოდის სხეულის ღრუებში შეყვანამ დისკომფორტი გამოიწვიოს. იშვითად, ამ დროს ქსოვილებიც ზიანდება, რაც სისხლდენას ან ინფექციას იწვევს