როდის და რატომ ტარდება ნახველის ანალიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ ტარდება ნახველის ანალიზი

ნახველის საერთო ანალიზი არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ნახველის ხასიათის, თვისებებისა და მიკროსკოპული თავისებურებების შეფასებით სასუნთქ გზებში პათოლოგიურ პროცესებზე იძლევა წარმოდგენას.

რისთვის გამოიყენება ეს ანალიზი?

სასუნთქ გზებსა და ფილტვებში პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტიკისა და შეფასებისათვის. ის ინიშნება სასუნთქი გზების დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ხველა და ნახველის გამოყოფა. ანალიზისთვის მოსამზადებლად რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის (წყალი) მიღება ნახველის შეგროვებამდე 8-12 საათით ადრე.

ნახველი ფილტვებისა და სასუნთქი გზების (ბრონქები, სასულე) პათოლოგიური სეკრეტია, რომელიც ხველებისას გამოიყოფა.

ჯანმრთელ ადამიანს ნახველი არ გამოეყოფა. ნორმის დროს მსხვილი ბრონქებისა და სასულის ჯირკვლები დღე-ღამეში მუდმივად წარმოქმნიან 100მლ-ის ოდენობით სეკრეტს. გამოყოფისას ადამიანი მას ყლაპავს. ტრაქეობრონქული სეკრეტი არის ლორწო, რომლის შემადგენლობაში შედის გლიკოპროტეინები, იმუნოგლობულინი, ბაქტერიციდული ცილები, უჯრედული ელემენტები (მაკროფაგები, ლიმფოციტები, ბრონქის ამომფენი ეპითელიუმის უჯრედები) და ზოგიერთი სხვა ნივთიერება. აღნიშნულ სეკრეტს გააჩნია ბაქტერიციდული ეფექტი, ეხმარება შესუნთქული მცირე ნაწილაკების გამოყოფასა და ბრონქების გასუფთავებას. ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებებისას ძლიერდება ლორწოს წარმოქმნა, რომელიც გამოიყოფა ნახველის სახით. მწეველებს სასუნთქი გზების დაავადებათა გარეშეც უხვად გამოეყოფათ ნახველი.

კლინიკური კვლევისას ყურადღება ექცევა ნახველის რაოდენობას, ფერს, სუნს, კონსისტენციას, მინარევის არსებობას, უჯრედულ შემადგენლობას, ბოჭკოების რაოდენობას, მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები), პარაზიტების არსებობას.

შემადგენლობით ნახველი არაერთგვაროვანია. ის შეიძლება შეიცავდეს ლორწოს, ჩირქს, სეროზულ სითხეს, სისხლს, ფიბრინს, თუმცა, აუცილებელი არაა ყველა ამ ელემენტის ერთდროული არსებობა.

ჩირქს წარმოქმნის ლეიკოციტების გროვა, რომელიც ანთების პროცესის ადგილას წარმოიქმნება. ანთებითი ექსუდატი გამოიყოფა სეროზული სითხის სახით. ნახველში სისხლი ვლინდება ფილტვების კაპილარების კედლების ცვლილებისას ან სისხლძარღვების დაზიანებისას. ნახველის შემადგენლობა და მასთან დაკავშირებული თვისებები დამოკიდებულია სასუნთქ ორგანოებში პათოლოგიური პროცესის ხასიათზე.

მიკროსკოპიული ანალიზით ნახველში სხვადასხვა ფორმიანი ელემენტების არსებობის აღმოჩენის საშუალება იქმნება. თუ მიკროსკოპულმა კვლევამ ვერ გამოავლინა პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობა, ეს არ გამორიცხავს ინფექციის არსებობას. ამიტომ, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვისას, ერთდროულად რეკომენდებულია ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება ანტიბიოტიკებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრით.

ანალიზისთვის მასალა უნდა შეგროვდეს სტერილურ ერთჯერად კონტეინერში. კვლევისთვის საჭიროა ხველის დროს გამოყოფილი ნახველი და არა ნერწყვი ან ლორწო ცხვირ-ხახიდან. ნახველი უნდა შეგროვდეს დილით, საკვების მიღებამდე, პირის ღრუს გამოვლებისა და კბილების გამოწმენდის შემდეგ.

რა მიზანი აქვს კვლევას?

  • ფილტვებსა და სასუნთქ გზებში პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტიკა;
  • სასუნთქ ორგანოებში პათოლოგიური პროცესების ხასიათის შეფასება;
  • სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სასუნთქი გზების მდგომარეობაზე დინამიკაში დაკვირვება.

როდის ინიშნება კვლევა?

  • ფილტვებისა და ბრონქების დაავადებებისას (ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა, ფქოდი, ტუბერკულოზი, ბრონქოექტაზიური დაავადება, სასუნთქი ორგანოების ახალწარმონაქმნი, ფილტვების სოკოვანი ან პარაზიტული ინვაზია, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები);
  • ნახველიანი ხველის დროს;
  • გულმკერდის ღრუში დადგენილი თუ დაუდგენელი პროცესის დროს.

სხვადასხვა პათოლოგიური პროცესისას ნახველის რაოდენობა დღე-ღამეში შეიძლება რამდენიმე მილილიტრიდან 2 ლიტრამდე იყოს. უმნიშვნელო რაოდენობით ნახველი გამოიყოფა:

  • მწვავე ბრონქიტის;
  • პნევმონიის;
  • ფილტვებში შეგუბებითი მოვლენების, ბრონქული ასთმის შეტევის დასაწყისში.

დიდი რაოდენობით ნახველი გამოიყოფა:

  • ფილტვების შეშუპებისას;
  • ფილტვებში ჩირქოვანი პროცესებისას (აბსცესი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ფილტვის განგრენა, ქსოვილის რღვევით მიმდინარე ტუბერკულოზური პროცესი).

ნახველის რაოდენობის ცვლილებით შესაძლებელია ანთებითი პროცესის დინამიკის შეფასება.

ნახველის ფერი - ხშირად ის უფერულია. მწვანე ფერი ჩირქოვან პროცესზე მეტყველებს.

წითელი მიუთითებს სისხლის მინარევებზე, ჟანგისფერი კი - ერითროციტების დაშლის შედეგია.

მკვეთრიყვითელი აღინიშნება დიდი რაოდენობით ეოზინოფილების დაგროვებისას (მაგალითად, ბრონქული ასთმისას).

მოშავო ან მორუხო ნახველი შეიცავს ნახშირის მტვერს და აღინიშნება პნევმოკონიოზების და მწეველების შემთხვევაში.

ნახველი შეიძლება შეფეროს ზოგიერთმა წამალმაც (მაგალითად, რიფამპიცინი).

სუნი - ნახველი, როგორც წესი უსუნოა.

ლპობის სუნი აღინიშნება ლპობითი ინფექციების თანდართვისას (აბსცესი, ფილტვის განგრენა, ბრონქოექტაზიური დაავადება, ფილტვის კიბო, ნეკროზით გართულებული).

ერთგვარი „ხილის“ სუნი დამახასიათებელია ექინოკოკური კისტის გახსნისას.

ნახველის ხასიათი - ლორწოვანი ნახველი აღინიშნება სასუნთქი გზების კატარული ანთებისას, მაგალითად, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ტრაქეიტის ფონზე.

სეროზული ნახველი ვლინდება ფილტვების შეშუპებისას.

ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი აღინიშნება ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიური დაავადების, ტუბერკულოზის დროს.

ჩირქოვანი ნახველი შესაძლებელია აბსცესის, ფილტვების აქტინომიკოზის, განგრენის დროს.

სისხლიანი ნახველი გამოიყოფა ფილტვის ინფარქტის, ახალწარმონქმნის, ფილტვის ტრავმის, აქტინომიკოზის დროს.

ნახველის კონსისტენცია - დამოკიდებულია ლორწოსა და ფორმიანი ელემენტების რაოდენობაზე და შეიძლება იყოს თხევადი, ბლანტი და სქელი.

ბრტყელი ეპითელიუმი - 25 უჯრედზე მეტი მიუთითებს მასალის ნერწყვით დაბინძურებაზე.

ცილინდრული ეპითელიუმის უჯრედები აღინიშნება ბრონქიტის, ტრაქეიტის, ბრონქული ასთმის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის დროს.

  • ალვეოლური მაკროფაგები მომატებული რაოდენობით ნახველში არის ქრონიკული პროცესების დროს;
  • ლეიკოციტები - დიდი რაოდენობით ვლინდება გამოხატული ანთებისას ლორწოვან-ჩირქოვანი და ჩირქოვანი ნახველის შემადგენლობაში;
  • ეოზინოფილები აღინიშინება ბრონქული ასთმისას, ეოზინოფილური პნევმონიის, ფილტვების პარაზიტული დაზიანების, ფილტვის ინფარქტის დროს;
  • ერითროციტები - ნახველში ერთეული ერითროციტების აღმოჩენას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ნახველში სისხლის არსებობისას ნახველში ვლინდება შეუცვლელი ერითროციტები;
  • ატიპური უჯრედები აღინიშნება ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს;
  • ელასტიკური ბოჭკოები ვლინდება ფილტვის ქსოვილის დაშლისას, რომელსაც თან ახლავს ეპითელური შრის დარღვევა და ელასტიკური ბოჭკოების გამოთავისუფლება. ის შეიძლება აღმოჩნდეს ტუბერკულოზის, აბსცესის, ექინოკოკოზის, ფილტვების ახალწარმონაქმნის დროს.

კურშმანის სპირალები წარმოიქმნება ბრონქების სპასტიკური მდგომარეობისას და მათში ლორწოს არსებობისას, დამახასიათებელია ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, ფილტვების სიმსივნის დროს.

შარკო-ლეიდენის კრისტალები - ეოზინოფილების დაშლის პროდუქტები, დამახასიათებელია ბრონქული ასთმისთვის.

სოკოს მიცელიუმი - ჩნდება ბრონქ-ფილტვის სისტემის სოკოვანი დაზიანების დროს.

სხვა ფლორა - განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბაქტერიები მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე.

აღსანიშნავია, რომ ნახველის ძნელად გამოყოფის შემთხვევაში ანალიზის აღების წინ შეიძლება დაინიშნოს ამოსახველებელი პრეპარატები, დიდი რაოდენობით თბილი სითხეების მიღება, ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია.