ყნოსვისა და გემოვნების დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყნოსვისა და გემოვნების დარღვევები

- ბატონო თენგიზ, მოგეხსენებათ, ადამიანები სუნებს ერთნაირად არ აღიქვამენ. რისი ბრალია ეს?

- ცხვირით ყველაზე სწორად სუნთქვის პირობებშიც კი ადამიანები არომატებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ - გააჩნია სქესს, ასაკს, პროფესიას და, როგორც მრავალ მეცნიერს მიაჩნია, წელიწადის დროსაც კი. სუნების აღქმას ცვლის ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობაც. მაგალითად, ორსულობისას ქალმა შესაძლოა იმ არომატის აუტანლობა გამოამჟღავნოს, რომელიც მანამდე სიამოვნებდა. ძლიერ უქვეითდებათ ყნოსვისა და გემოვნების ფუნქცია მწეველებსა და მსმელებს. სუნის აღქმას ცვლის ასაკიც. სიბერის კვალობაზე სუსტდება იმ ჯირკვალთა ფუნქციობა, რომლებიც ცხვირის ლორწოს გამოიმუშავებს. ყნოსვითი შეგრძნებები ძლიერდება გაზაფხულზე და ზაფხულში. მზის სხივები დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის - ნერვულ სისტემაზეც, აუმჯობესებს ყნოსვას. არომატთა შეგრძნება ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზეც: შიმშილი ამწვავებს მას, გამოფიტვა ასუსტებს... სუნების აღქმა ირღვევა ცხვირის ლორწოვან გარსზე ქიმიური აგენტების, მტვრის ნაწილაკების ზემოქმედების შედეგად. ყნოსვის მოშლის ერთ-ერთი მიზეზია ალერგიაც. სუნებს კარგად ვერ არჩევენ ადამიანები, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით დარღვეული აქვთ ცხვირით სუნთქვა. უნდა ითქვას, რომ სუნების გარჩევა ადამიანის ერთ-ერთი ინდივიდუალური უნარია, რომლის განვითარება და დახვეწაც შესაძლებელია. გამოცდილი პარფიუმერები და დეგუსტატორები სწორედ ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად იძენენ უნარს, ერთმანეთისგან გაარჩიონ იმაზე გაცილებით მეტი სუნი, ვიდრე სხვა პროფესიათაAწარმომადგენლებს ძალუძთ.

- ყნოსვის რა სახის დარღვევები არსებობს?

- ცნობილია ყნოსვის დარღვევის სხვადასხვა ფორმა: ყნოსვის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოსმია, მომატება - ჰიპეროსმია და სრული დაკარგვა - ანოსმია, გაუკუღმართებული ყნოსვა - პაროსმია ან კაკოსმია. პათოლოგია შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილი ანოსმია ყნოსვითი გზების განუვითარებლობის ან უქონლობის შედეგია და, ჩვეულებრივ, სხვა თანდაყოლილი პათოლოგიებიც ახლავს თან. კერძოდ, იგი ხშირად ერწყმის სახის ჩონჩხისა და, საზოგადოდ, ცხვირის განვითარების ანომალიებს. შეძენილი ანოსმია ან ცენტრალური წარმოშობისაა, ან პერიფერიული. ცენტრალური ანოსმია (ზოგჯერ მას ტვინოვანს ან შიდატვინოვანსაც უწოდებენ) ცენტრალური ნერვული სისტემის ისეთი ორგანული დაზიანების შედეგია, როგორიც არის სიმსივნური პროცესი, გაფანტული ენცეფალომიელიტი, ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი ან მკვებავი არტერიების დაზიანება, მათში სისხლის მიმოქცევის მოშლა. თავის ტვინის ქერქული ცენტრების დაზიანებისას პაციენტი აღიქვამს სუნებს, მაგრამ მათი დიფერენცირებისა და ვერიფიცირების უნარი არ გააჩნია. ცენტრალური ანოსმია ქალა-ტვინის ტრავმის (თუნდაც უმნიშვნელოს), მენინგიტის შედეგად ვითარდება. პერიფერიულ ანოსმიაზე საუბრისას განასხვავებენ მის ფუნქციურ, რესპირატორულ, ესენციურ და ასაკობრივ ფორმებს. ფუნქციური ანოსმია უმეტესად გარდამავალია - ვითარდება განსაზღვრული მდგომარეობის, ნევროზის, ისტერიის, გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადების, ალერგიული რინიტის დროს. ასაკობრივი ანოსმია ასაკს უკავშირდება და ცხვირის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმის განლევის შედეგია. ამ შემთხვევაში ანოსმია ვითარდება საკუთრივ ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტის დაზიანების გარეშეც. რესპირატორული ანოსმია ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების შედეგია. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც ჰაერი ჰაერგამტარ გზებში გავლისას ვერ აღწევს იმ ადგილს, სადაც ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტი მდებარეობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რესპირატორული ჰიპოსმიის დროს არომატული ნაწილაკების შემცველი ჰაერი ცხვირის ღრუს ანატომიური ან პათოლოგიური ცვლილებების (პოლიპები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ანთებითი პროცესები) გამო ან ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ხვდება ყნოსვით ზონაში. ესენციური ანოსმია ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული განყოფილების დაზიანებას უკავშირდება. ის შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითმა პროცესმა, რომელიც ცხვირის ლორწოვანის იმ ნაწილს მოიცავს, სადაც ყნოსვითი რეცეპტორებია განლაგებული, იგი ასევე უკავშირდება ყნოსვითი ეპითელიუმის ჰიპოტროფიასა და ატროფიას, ტრავმას, მათ შორის ქირურგიულ, საყოფაცხოვრებო, ცხვირ-ხახის თერმულ და ქიმიურ დამწვრობებს, ცხვირის ხანგრძლივ ზეწოლას ყნოსვით არეში, სიმსივნურ პროცესებს, ყნოსვის რეცეპტორის ტოქსიკურ დაზიანებას, ინფექციურ დაავადებებსა და მოწამვლას. ასეთ ფორმას იწვევს გრიპი, ატროფიული სურდო, სინუსიტი, მწვავე რესპირატორული დაავადებები.

- საზოგადოდ, რომელი დაავადებები იწვევს ყნოსვის დარღვევას?

-  ყნოსვის დარღვევის მიზეზად შესაძლოა იქცეს ცხვირის ღრუში მიმდინარე ყოველგვარი ანთებითი პროცესი - სურდო, გრიპი,  ზედა სასუნთქი გზების კატარი, ასევე - პოლიპები, სიმსივნეები.

- როგორ ხდება ყნოსვის დარღვევათა დიაგნოსტიკა და რას ისახავს მიზნად მკურნალობა?

- დიაგნოსტიკა ხდება ყნოსვის ზონის დათვალიერების საფუძველზე. ფასდება რინოსკოპიული სურათი, ტარდება ყნოსვის ზონის საგულდაგულო გამოკვლევა, მნიშვნელობა ენიჭება მის კონფიგურაციასა და სიგანეს. ყნოსვის დარღვევის რესპირატორული ფორმის დროს მკურნალობა ქირურგიულია და მიზნად ისახავს ცხვირით სუნთქვის აღდგენას. ზოგჯერ საჭიროა პოლიპოტომიის ჩატარება და სხვა ოპერაციები. ესენციური ფორმის დროს ვებრძვით გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს. აუცილებელია ნევრასთენიის, ვეგეტოსისხლძარღოვანი დისტონიის, ისტერიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობა. ყნოსვის დარღვევისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის თავის ტვინში ახალწარმონაქმნი, ამიტომ ყნოსვის დარღვევისას სპეციალისტთან ვიზიტის გადადება დაუშვებელია. ცხვირით სუნთქვის აღდგენისას უმეტესად ყნოსვაც აღდგება. გაცილებით ძნელია ვითარების გამოსწორება ცენტრალური ბუნების ანოსმიის დროს. ამ შემთხვევაში პროგნოზი ძირითადი დაავადების ხარისხსა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ყნოსვის დარღვევა?

- ყნოსვის დარღვევათა პროფილაქტიკა ითვალისწინებს ყველა გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილებას. აუცილებელია, დროულად ჩატარდეს ცხვირის ღრუს ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გააუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და აღმოფხვრის ყველა იმ წინააღმდეგობას, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ნორმალურ მოძრაობას.

- რას ურჩევდით მათ, ვინც ყნოსვის დარღვევას უჩივის?

- სურდოს დროს ყნოსვის რამდენიმე დღით დაქვეითება ან გაქრობა საგანგაშო არ არის, - ასეთი დარღვევა რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, - მაგრამ თუ რესპირატორული დაავადების მორჩენის შემდეგ ორ კვირაზე მეტია გასული, ყნოსვა კი მაინც არ აღდგა, ურიგო არ იქნება, ექიმს მიმართოთ. აუცილებელია მტვრიან შენობა-ნაგებობებში მტვრისგან თავის დასაცავი საშუალებების გამოყენება. ამ შემთხვევაში ყნოსვის გაუარესების თავიდან აცილება შესაძლებელია სპეციალური რესპირატორების საშუალებით, შენობის ხშირი განიავებით და ეფექტიანი ვენტილაციით. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ იმ პაციენტებს, რომლებიც დიდხანს იღებენ ჰორმონულ პრეპარატებს და იტარებენ სხივურ და ქიმიოთერაპიას.


- უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ყნოსვა და სმენა?

- ყნოსვა და სმენა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია ყნოსვა ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომელთაც ნორმალური სმენა აქვთ, სმენა-და მხედველობადაქვეითებულებისთვის კი ის გარესამყაროში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებულ სიგნალთა აღქმის საშუალებაც არის. ასეთი ადამიანები ყნოსვით განსაზღვრავენ შენობაში ჰაერის სისუფთავეს, ქუჩაში ნაცნობ და უცნობ ადგილებს. მაგალითად, სმენადაქვეითებულ ადამიანს, რომელიც უცნობ ადგილას ხვდება, არ ესმის, როგორ უხმობენ; სამაგიეროდ, არჩევს კვამლის სუნს და უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე მიდის.

- გემოვნების რა და რა სახის დარღვევები არსებობს და რას უკავშირდება თითოეული მათგანი?

- ყველას შეგიმჩნევიათ, რომ სურდოს დროს სუნს ვერ აღვიქვამთ და საკვებიც უგემური გვეჩვენება, რადგან ყნოსვა, გარდა სმენისა, გემოვნებასაც უკავშირდება. ყნოსვის დარღვევის მქონე მრავალი პაციენტი გემოს შეგრძნების დარღვევასაც უჩივის. თუმცა გემოვნების დარღვევა გაცილებით იშვიათია, ვიდრე ყნოსვისა. არსებობს 4 ძირითადი გემო: ტკბილი, მლაშე, მჟავე და მწარე. გემოს დარღვევისას სწორედ მათი აღქმაა დაქვეითებული ან დაკარგული. ცნობილია გემოს დარღვევის ტრანსპორტული, სენსორული და ნევროლოგიური ფორმები. ტრანსპორტული და სენსორული ფორმების დროს გემოს შეფასება დარღვეულია მისი აღმქმელი რეცეპტორების დონეზე, ხოლო გემოვნების ნერვებისა და გემოვნების ანალიზატორის ცენტრალური განყოფილების დარღვევისას გემოვნების ნევროლოგიური დარღვევები ვითარდება. ტრანსპორტული დარღვევა უკავშირდება სხვადასხვა გენეზის ქსეროსტომიას (პირის სიმშრალე), მძიმე მეტალებით მოწამვლას და გემოვნების აღმქმელი რეცეპტორების ბაქტერიულ დაზიანებას, რადგან გემოს აღქმისას მნიშვნელოვანია ნერწყვისა და რეცეპტორების ფუნქციობა. სენსორული დაზიანება პირის ღრუს ანთებითი და დეგენერაციული დაზიანებების, ზოგიერთი პრეპარატის მიღების შედეგია, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებიც ართულებს პირის ღრუს უჯრედთა რეგენერაციას, ასევე - სიმსივნის საწინააღმდეგო, პირის ღრუსა და ხახის სხივური თერაპიის, ენდოკრინული პათოლოგიების სამკურნალო საშუალებებისა. ზოგჯერ გემოვნების დარღვევა ასაკობრივიც არის. ნევროლოგიური ფორმა ვითარდება სიმსივნეების, ტრავმების შედეგად, აგრეთვე - ისეთი ოპერაციული ჩარევის შემდეგ, რომლის დროსაც ზიანდება გემოს აღმქმელი ბოჭკოები. კონტაქტურ დაზიანებას იწვევს პირის ღრუს სიმსივნეები, ლორწოვანი გარსის დაავადებები, ნუშურა ჯირკვლების პათოლოგია, პირის ღრუს სოკოვანი ინფექციები, ტრავმები, ენისა და სასის დამწვრობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებით განპირობებული ნერწყვის შემადგენლობის შეცვლა, ენის მასიური ნადები და კბილის მოსახსნელი პროთეზები. ნევრალური დაზიანების მიზეზები გახლავთ ატროფიული გლოსიტი, რკინადეფიციტური ანემია, ავიტამინოზი, გემოვნების დვრილების ატროფია, შუა ყურის ანთება, სახის ნერვის დაზიანება, ტრავმები, ენდოკრინული დაავადებები (დიაბეტი, ჰიპოთირეოზი), თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სხივური თერაპია და ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება. მედიკამენტებით გამოწვეული დარღვევისას ადამიანი პირის ღრუში ლითონის გემოს შეიგრძნობს; ენის დასუსხვას უჩივიან B12 ვიტამინის ნაკლებობისას; ასეთივე სიმპტომი ახასიათებს სისხლის დაავადებებს. ასაკობრივი დარღვევების დროს უმთავრესად მლაშესა და მწარეს აღქმის უნარს კარგავენ, ტკბილისას - ნაკლებად.

- როგორ ვლინდება გემოს დარღვევა?

- კლინიკური გამოვლინებების მიხედვით განასხვავებენ:

. ტოტალურ აგევზიას - პაციენტი ვერ არჩევს ტკბილს, მლაშეს, მწარესა და მჟავეს;

. ნაწილობრივ აგევზიას - დაკარგულია ზოგიერთი გემოს აღქმის უნარი;

. სპეციფიკურ აგევზიას - მხოლოდ ზოგიერთი ნივთიერების გემოს აღქმის უნარია დაკარგული;

. ტოტალურ ჰიპოგევზიას - ყველა გემოს ნაწილობრივ დაქვეითებას;

. ნაწილობრივ ჰიპოგევზიას - ზოგიერთი ნივთიერების აღქმის დაქვეითებას.

პაციენტებს ყველაზე ხშირად ერთმანეთში მჟავე და მწარე გემო ერევათ. ზოგჯერ შეცდომა შემთხვევითია, უმეტესად კი მას ფიზიოლოგიური და პათფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. გემოვნების დარღვევისას მნიშვნელოვანია დაზიანების ლოკალიზაციის დადგენა. ამაში დიდ დახმარებას გვიწევს ანამნეზი. მაგალითად, გემოს შეგრძნების დარღვევა ენის წინა ორ მესამედში, რომელსაც თან ერთვის სახის ნერვის პარეზი, იმის მანიშნებელია, რომ დაზიანება სახის ნერვის ზევით, შიგნითა ყურის სიახლოვეს არის ლოკალიზებული. გემოს დარღვევისას აუცილებელია ყველა შესაძლო მიზეზის გამორიცხვა: მედიკამენტებისა, ადგილობრივი დაზიანებისა, ნადებისა, უნდა მოხდეს ნერწყვის გამოკვლევა, დადგინდეს, ხომ არ აქვს პაციენტს სისტემური მეტაბოლური ან ენდოკრინული დაავადებები. აუცილებელია რამდენიმე ლაბორატორიული სინჯიც, რომლებიც გემოს სპეციფიკური გამღიზიანებლების ნატრიუმის ქლორიდის, გლუკოზას, ლიმონმჟავასა და ქინინის ჰიდროქლორიდის საშუალებით ტარდება. მნიშვნელოვანია პაციენტის ფიზიკალური გამოკვლევა, რომელიც პირის ღრუს დეტალურ დათვალიერებას ითვალისწინებს. ეს ლოკალური მიზეზების დადგენაში გვეხმარება, სისხლის ანალიზით კი დგინდება სისხლისმიერი დაავადებების არსებობა-არარსებობა, მიკროელემენტების შემცველობა. თავის ქალას ტრავმის ეჭვის შემთხვევაში ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. ზოგჯერ გემოვნების დარღვევის მიზეზის დადგენა პირველივე ვიზიტისას ვერ ხერხდება, აუცილებელია განმეორებითი გამოკვლევა, რათა დადგინდეს, პაციენტს მართლაც სერიოზული მკურნალობა სჭირდება თუ გემოვნების დარღვევა ხანმოკლე ხასიათს ატარებს და მკურნალობას არ საჭიროებს.

- როგორ მკურნალობენ გემოვნების დარღვევებს?

- გემოვნების დარღვევათა მკურნალობისას გამოყენებული მეთოდები დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ის, უწინარესად, იმ დაავადებების მკურნალობას გულისხმობს, რომელთაც ეს დარღვევები გამოიწვიეს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნერწყვის შემადგენლობის აღდგენა და პირის ღრუს სანაცია. თუ მასში ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია აღმოაჩინეს, ტარდება სპეციფიკური ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური თერაპია. შედეგიანია იმ პრეპარატთა მიღების შეწყვეტაც, რომლებიც უჯრედთა რეგენერაციას ართულებს.

- რას ურჩევდით პაციენტებს?

- საჭიროა კვებისას რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა. უწინარეს ყოვლისა, საკვების სიმკვრივის მაქსიმალიზაცია. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციონ საკვების სიმკვრივეს, ტემპერატურასა და სიცხარეს, ამისთვის კი აუცილებელია, საკვები საგულდაგულოდ დაიღეჭოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყლაპოს. უნდა ეცადონ, მიირთვან მხოლოდ ახალი და, რაღა თქმა უნდა, საკვებად ვარგისი პროდუქტები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მაცივარში შენახულს და ზედმიწევნით დაიცვან პროდუქტთა მოხმარებისა და შენახვის ვადები.