რა უნდა გავითვალისწინოთ სასმენი აპარატის შერჩევისას და როდის დგება მისი ხელმეორედ დარეგულირების საჭიროება
- სასმენი აპარატის ტიპი განისაზღვრება როგორც გარეგნული იერსახით, ისე განთავსების ვარიანტითაც - ყურში თავსდება თუ ყურს უკან. აპარატის თითოეულ ტიპს თავისი უპირატესობა აქვს, რაც დამოკიდებულია აპარატის დიზაინზე, ზომებსა და გამოყენებულ ტექნოლოგიებზე.
ფერთა ფართო სპექტრიდან შეიძლება შეირჩეს პაციენტის კანისა და თმის ფერის შესაბამისი, ხოლო ექიმი-სურდოლოგი შეარჩევს თითოეული პაციენტისთვის შესაფერის მოწყობილობის ტიპს. თანამედროვე სასმენი აპარატების უმრავლესობას მრავალი ფუნქცია აქვს, რომლებიც სმენის დაკარგვის კომპენსაციაში ეხმარება პაციენტს. ახალი ტექნოლოგიების წყალობით მიიღება მკაფიო, საკმაოდ ნატურალური და სასიამოვნო ბგერები. თუმცა სასმენი აპარატის მისაჩვევად დროა საჭირო. ის უნდა ვატაროთ რაც შეიძლება დიდხანს და ხშირად. გაითვალისწინეთ:
- უმჯობესია სასმენ აპარატს თანდათანობით მიეჩვიოთ. პირველ ხანებში გაიკეთეთ მხოლოდ 2-3 საათით მშვიდ და არახალხმრავალ გარემოში.
- თუ სასმენი აპარატის რამდენიმეკვირიანი ტარების შემდეგ მიგაჩნიათ, რომ ბგერა არაბუნებრივი ან ხმამაღალია, აუცილებელია სასმენი აპარატის ხელმეორედ დარეგულირება. შესაძლოა, აპარატი აძლიერებდეს არასწორ სიხშირეს.
- ზოგჯერ სასმენი აპარატის გამოყენების პირველი 2-3 დღის განმავლობაში პაციენტები სასმენ მილში ზეწოლას გრძნობენ. თუ ეს შეგრძნება ერთ კვირაში არ გაქრა, მიმართეთ სპეციალისტს.
- მნიშვნელოვანია, სასმენი აპარატი უძრავად იყოს განთავსებული ყურის არხში. წინააღმდეგ შეთხვევაში ის ოპტიმალურად ვერ იმუშავებს და შესაძლოა, სტვენისმაგვარი ხმა გესმოდეთ.
- როდესაც ადამიანი პირველად იკეთებს სასმენ აპარატს, საკუთარი ხმა უჩვეულოდ ეჩვენება. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს გაივლის. თუ შეგრძნება დარჩა, საჭიროა სასმენი აპარატის ხელმეორედ დარეგულირება.