აუდიომეტრია - სმენის გამოკვლევა
აქედან გამომდინარე, სმენის სიმახვილის და, საზოგადოდ, სმენის ანალიზატორის გამოკვლევა დღეს მეტად აქტუალურია. სწორედ სმენის გამოკვლევის მეთოდებზე, მათ არსსა და თავისებურებებზე გვესაუბრება თსსუ-ის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის, "ავერსის კლინიკის" ექიმი-აუდიოლოგი ხათუნა გეგენავა.
- რა სახის გამოკვლევაა აუდიომეტრია?
- ტონალურ-ზღურბლოვანი აუდიომეტრია არის სუბიექტური კვლევის მეთოდი, რომელიც ადგენს სმენადობის სიმახვილეს, დაქვეითების ხარისხს და მისი გამომწვევი პათოლოგიური პროცესის ხასიათსა და ლოკალიზაციას. აუდიომეტრი ელექტროაკუსტიკური აპარატია, რომელიც სხვადასხვა სიხშირის (125 ჰც-დან 8000 ჰც-მდე) და ძალის (0-დან 100 დბ-მდე) სუფთა ტონების მიღების საშუალებას იძლევა. აუდიომეტრიით ფასდება სმენის ხარისხი და ტიპი. მისივე მეშვეობით დგინდება სმენადობის ზღურბლი - ბგერითი სიხშირეების ის მინიმალური ინტენსივობა, რომელსაც აღიქვამს ადამიანის ყური. სმენის გამოკვლევას - აუდიომეტრიას - ატარებენ ორივე ყურისთვის ცალკ-ცალკე ჰაეროვანი და ძვლოვანი გამტარობის ყურსასმენებით. გამოსაკვლევ პირს ათავსებენ სპეციალურ კაბინაში, ყურებზე არგებენ სასმენებს, სხვადასხვა სიხშირის ბგერის ინტენსივობას თანდათანობით ზრდიან და ინიშნავენ იმ სიდიდეს, რომელზეც პაციენტი ბგერას აღიქვამს. მიღებული მრუდი ასახავს სმენის ხარისხს თითოეულ მხარეს. აუდიომეტრიული გამოკვლევის ჩანაწერს აუდიოგრამა ჰქვია. აუდიოგრამაზე ორდინატთა ღერძზე გადაზომილია ბგერის ძალა დეციბელობით (0-დან 110 დბ-მდე), ხოლო აბსცისა ღერძზე - ბგერის სიხშირე ჰერცობით (125-დან 8000 ჰც-მდე). სმენადობის ზღურბლი თითოეულ სიხშირეზე აღინიშნება გარკვეული სიმბოლოებით (განსხვავებულად მარჯვენა და მარცხენა ყურისთვის, აგრეთვე ჰაეროვანი და ძვლოვანი გამტარობისთვის). აღნიშნულ ნიშნებს სწორი ხაზებით აერთებენ და იღებენ სმენის სიმახვილის გრაფიკულ გამოსახულებას - აუდიოგრამას.
- რამდენად ხშირად შეიძლება აუდიომეტრიის ჩატარება? რაიმე ნაკლი თუ აქვს ამ გამოკვლევას?
- ტონალურ-ზღურბლოვანი აუდიომეტრია წარმოადგენს სუბიექტური კვლევის მეთოდს, ანუ აუდიოლოგი პაციენტის მონაცემებზეა დამოკიდებული. ამის გამოა სწორედ, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ამ გამოკვლევას არ უნიშნავენ. ასევე ვერ ვიკვლევთ გონებრივად შეზღუდულ ადამიანებს, თუმცა ამ უკანასკნელთ ვგზავნით ობიექტურ აუდიომეტრიაზე.
- რა შემთხვევაში ინიშნება აუდიომეტრიული გამოკვლევა? რას ურჩევთ კოლეგებს, როდის გამოგზავნონ თქვენთან პაციენტები?
- აუდიომეტრია ინიშნება ოტორინოლარინგოლოგების (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმების), პედიატრების, ნევროლოგების, თერაპევტების, ონკოლოგების მიერ, როდესაც პაციენტი უჩივის: სმენის დაქვეითებას, ყურებში ზეწოლის ან დახშობის შეგრძნებას, ყრუ ან მჩხვლეტი ხასიათის ტკივილებს, ხმაურს და სხვა. ასეთი სიმპტომების დროს ოტოსკოპიით დიაგნოზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება. სწორედ ასეთ შემთხვევაშია საჭირო აუდიომეტრიული და ტიმპანომეტრიული გამოკვლევის ჩატარება. მინდა აღვნიშნო ერთი რამ: შესაძლოა, ადამიანს არავითარი სუბიექტური ჩივილი არ ჰქონდეს, მაგრამ თუ ჩატარებული აქვს მკურნალობის კურსი ოტოტოქსიკური პრეპარატით (გენტამიცინით, სტრეპტომიცინით, მონომიცინით), ხანგრძლივად იღებდა შარდმდენებს ან ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებოდა, საპროფილაქტიკოდ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სმენის გამოკვლევა, რათა დროულად დადგინდეს ან გამოირიცხოს ნეიროსენსორული სმენანაკლულობა (სმენის ნერვის დაზიანება), შესაბამისად, დროულად მოხერხდეს მისი შეჩერება. ბოლო დროს ბევრი მოგვმართავს ონკოცენტრიდან ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ. ეს ფაქტი ჩვენი ონკოლოგების დიდ გულისხმიერებასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს, რადგანაც ისინი მხოლოდ იმისთვის კი არ იბრძვიან, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ პაციენტებს, არამედ სმენადობაც. მინდა, ვთხოვო ჩვენს პედიატრებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჩვილ ბავშვთა აუდიოლოგიურ გამოკვლევას, რათა ადენოიდების ჰიპერტროფიის, ალერგიული რინიტის, ხშირი ოტიტის დროს არ გამოგვეპაროს შუა ყურის პათოლოგიური პროცესები (სითხე შუა ყურში, ევსტაქის ლულის ფუნქციის მოშლა, სასმენი ძვლების პათოლოგია), რამაც შემდგომ, მოზრდილ ასაკში, შესაძლოა სერიოზული პრობლემები წარმოშვას. ბავშვები 5 წლამდე ვერ ეუბნებიან მშობლებს, რომ აწუხებთ დაგუბების შეგრძნება, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება და იმის გამო, რომ ცხვირი დახშული აქვთ, ძირითადად პირით უწევთ სუნთქვა. ამიტომაც უნდა ვურჩიოთ მშობლებს, ჩაუტარონ ბავშვებს სმენის გამოკვლევა - აკუსტიკური იმპედანსომეტრია და აუდიომეტრია.
- რას წარმოადგენს აკუსტიკური იმპედანსმეტრია?
- აკუსტიკური იმპედანსმეტრია კვლევის ობიექტური მეთოდია. ის მოიცავს ტიმპანომეტრიას, რეფლექსომეტრიას და ევსტაქის ლულის ფუნქციის გამოსაკვლევ ტესტებს. იკვლევს შუა ყურის აკუსტიკურ გამტარობას, ე. ი. იმას, როგორ გაატარებს ყური მაზონდირებელ ბგერას შიგნითა ყურისკენ და რა დაბრკოლება გადაეღობება მას შუა ყურის გავლისას. აკუსტიკური იმპედანსმეტრია მარტივად ჩასატარებელი, სრულიად უმტკივნეულო, ძალზე ინფორმაციული გამოკვლევაა. შეიძლება ჩაუტარდეს როგორც ახალშობილს, ასევე მოზრდილ ადამიანს. ტიმპანომეტრიის დროს ხდება აკუსტიკური იმპედანსის უწყვეტი რეგისტრაცია გარეთა სასმენ მილში ჰაერის წნევის ხელოვნურად შეცვლის პირობებში. იმპედანსის დინამიკას გამოსახავენ მრუდით, რომელსაც ტიმპანოგრამა ეწოდება. ტიმპანოგრამაზე "A" ტიპის მრუდი მიანიშნებს ნორმალურ აკუსტიკურ გამტარობაზე; "B" ტიპის მრუდი მიიღება დაფის ღრუში ექსუდატის (გამონადენის) არსებობისას ან დაფის აპკის პერფორაციის (გახვრეტის) დროს; "C" ტიპის მრუდი შეესაბამება ევსტაქიტს (ევსტაქის მილის ანთება) და ადჰეზიურ შუა ოტიტს (ყურის ანთება). "D" ტიპის მრუდი მიიღება დაფის აპკის შეხორცებითი პროცესების დროს, "E" ტიპისა - სასმენი ძვლების ჯაჭვის გაწყვეტისას, "AS" ტიპისა კი ოტოსკლეროზის შემთხვევაში. რაც შეეხება აკუსტიკურ რეფლექსს, ის მიუთითებს იმაზე, რომ ყურში, რომელზეც მოქმედებს სასტიმულო ბგერა, ამ ბგერის მიმართ სმენა შენარჩუნებულია (სმენის ობიექტური შეფასება). აკუსტიკური რეფლექსის გამოწვევა არ ხდება უზანგის ანკილოზის (ოტოსკლეროზის) და სასმენი ძვლების ჯაჭვის გაწყვეტის დროს. თანამედროვე იმპედანსომეტრებს აქვთ ცალკე ევსტაქის ლულის ფუნქციის გამოსაკვლევი ტესტები, რომელთა საშუალებითაც მოწმდება ევსტაქის ლულის გამტარობა და ზუსტად ხდება ევსტაქიტის დიფერენცირება ადჰეზიური შუა ოტიტისგან.
- რას გვეტყოდით სმენაჩლუნგობაზე?
- სმენაჩლუნგობის სამ ტიპს განასხვავებენ: კონდუქტიურს, ნეიროსენსორულსა და შერეული ტიპისას.
კონდუქტიური სმენაჩლუნგობის დროს ბგერის გამტარი აპარატის დაზიანება აღინიშნება. ამ დროს მიიღება აღმავალი აუდიოგრამა. სმენა დაქვეითებულია მხოლოდ ჰაეროვანი გამტარობის გზით და ისიც - დაბალი სიხშირის ბგერების მიმართ. ძვლოვანი გზით გამოკვლევისას სმენა ნორმალურია, მაგრამ მრუდებს შორის მანძილი - ჰაეროვან-ძვლოვანი ინტერვალი - გაზრდილია (20 დბ-ზე მეტიც კია). ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობის დროს ბგერის მიმღები აპარატია დაზიანებული. ამ დროს დაღმავალი აუდიოგრამა მიიღება. სმენა დაქვეითებულია უმთავრესად მაღალი სიხშირის ბგერების მიმართ, როგორც ჰაეროვანი, ისე ძვლოვანი გზით, რის შედეგადაც მრუდები ერთმანეთს ემთხვევა (ჰაეროვან-ძვლოვანი ინტერვალი არ არსებობს). შერეული ტიპის სმენაჩლუნგობის შემთხვევაში კი გვაქვს სმენის როგორც გამტარი, ისე მიმღები აპარატის დაზიანება. აუდიოგრამაზეც, შესაბამისად, ორივე ტიპის ელემენტები ვლინდება.
სმენის დაქვეითების ხარისხი
ნორმალური სმენა - < 25 დბ (მოზრდილებში); < 15 დბ (ბავშვებში)
მსუბუქი სმენანაკლულობა - 26-40 დბ.
ზომიერი სმენანაკლულობა - 41-55 დბ.
მძიმე სმენანაკლულობის საშუალო ხარისხი - 56-70 დბ.
სმენის მძიმე დაქვეითება - 71-90 დბ.
ღრმა სმენანაკლულობა > 90 დბ.
სმენაჩლუნგობის ძირითადი ტიპების დიფერენცირება ხდება კამერტონების საშუალებით. მეტყველებით გამოკვლევის დროს, ჩვეულებრივ, შეუძლებელია გამაღიზიანებელი ბგერის სიხშირისა და ძალის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომაც სმენის სიმახვილის დასადგენად გამოიყენება კამერტონი - ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრული სიხშირის შედარებით სუფთა ტონებს გამოსცემს. კამერტონით იკვლევენ როგორც ჰაეროვან, ასევე ძვლოვან გამტარობას. მისი გამოყენება დიფერენციული დიაგნოსტიკისთვისაც შეიძლება. საამისოდ შემოღებულია სხვადასხვა ცდა: რინესი, ვებერისა, ბინგისა, ფედერიჩისა. ამ და სხვა კამერტონული ცდების მეშვეობით ზუსტად ვადგენთ, სმენაჩლუნგობის რომელ ტიპთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ გადავდივართ უფრო დაწვრილებით კვლევებზე, როგორიც არის აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია.
"ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა აღმოაჩნდა. აი მისი წერილი: "ვარ 60 წლის. მაწუხებს ყურებში შუილი. აუდიოგრამამ აჩვენა ორმხრივი მსუბუქი ხარისხის ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება. რამდენად ეფექტურია ამ დროს ბეტასერკის გამოყენება? რამდენიმე კვირაა, ვიღებ პრეპარატს, მაგრამ არანაირი შედეგი არ მაქვს. გთხოვთ, მირჩიოთ რამე".
- სენსორული ტიპის სმენის დაქვეითებას ხშირად თან სდევს ტინიტუსი ანუ ხმაური ყურებში. ასეთ დროს მკურნალობა სმენის დაქვეითების პროცესის შეჩერებისკენ არის მიმართული და არა იმისკენ, რომ აღდგეს საწყისი სმენა ან ყურებში ხმაური გაქრეს. ამ მიზნით ინიშნება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები: ბეტასერკი, კოგიტუმი, მილდრონატი და სხვა პრეპარატები B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად. მკურნალობის კურსის ჩატარებამდე და ჩატარებიდან 6 თვის შემდეგ ტარდება საკონტროლო აუდიომეტრია. ეს უკანასკნელი მეორდება მკურნალობასთან ერთად წელიწადში ორჯერ. თუმცა სუბიექტურად პაციენტი უკეთესობას ვერ გრძნობს, მაგრამ ხშირად კოხლეარული ნევრიტის (ლოკოკინას ნერვის ანთების) გამო სმენის დაქვეითება ერთ დონეზე ჩერდება. აქედან გამომდინარე, მკითხველს ვურჩევთ, არ შეწყვიტოს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა.
- რომელი პათოლოგიები გახშირდა თქვენი პროფესიული თვალთახედვით, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში და რა არის ამის უმთავრესი მიზეზი? რას ურჩევდით მკითხველს საპროფილაქტიკოდ?
- სადღეისოდ ძალზე გახშირდა კოხლეარული ნევრიტი (ლოკოკინას ნერვის ანთება), თანაც ძალიან გაახალგაზრდავდა, რაც შემაშფოთებელია. უმთავრესი მიზეზი მაინც ტექნიკის განვითარება და ცხოვრების არაადამიანურად დაძაბული რიტმია. მინდა, ვურჩიო მკითხველს, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ნუ მიეძალება თამბაქოს, ნარკოტიკებს, სპირტიან სასმელებს, ერიდოს ამინოგლიკოზიდებს, ასპირინს, შარდმდენებს, ხმაურიან გარემოს, დისკოთეკებს, კინოთეატრებს (საშინელი სპეცეფექტებისა და აკუსტიკის გამო), რაც შეიძლება ნაკლები ინერვიულოს და მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე, მშვიდ გარემოში. ყოველივე ეს საჭიროა, რათა თითოეული ჩვენგანი უფრო ჯანმრთელი და შრომისუნარიანი იყოს. ჯანსაღი საზოგადოება ჯანსაღ აზრს ბადებს, აზრი იდეას შობს, ხოლო ჭეშმარიტი იდეის განხორციელება ღვთისათვის სათნო საქმეებს გვაკეთებინებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და სიყვარულს.