ბოტულიზმის ადრეული ნიშნები - ხმის ჩახლეჩა, ყელში გორგლის მოწოლა და ლუკმის გულზე დადგომის შეგრძნება
- რა არის ბოტულიზმი და როგორ ამოვიცნოთ ის?
- ბოტულიზმი კვებითი ტოქსიკოინფექციაა, რომელსაც ბოტულიზმის ჩხირი და მის მიერ გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერება - ბოტულოტოქსინი იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ნერვული სისტემის, განსაკუთრებით მოგრძო ტვინისა და ზურგის ტვინის, დაზიანება და ამით განპირობებული ოფთალმოპლეგიური და ბულბური სინდრომები. ბოტულიზმის ჩხირის მიერ გამომუშავებული ტოქსინი ყველაზე ძლიერ ბუნებრივ შხამად არის მიჩნეული. ბოტულოტოქსინი უმთავრესად შინ მომზადებულ ბადრიჯნის, ლობიოს, წიწაკის, სოკოს, კიტრისა და პომიდვრის კონსერვებში, შებოლილ თევზში, დამარილებულ ღორის ხორცში გროვდება. ასეთი საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყება გულისრევა, პირღებინება, შეტევითი ტკივილი ეპიგასტრიუმის (კუჭის ზედა) მიდამოში, პირის ღრუს სიმშრალე, ძლიერი წყურვილი, მუცლის შებერვა, თხიერი დეფეკაცია, რომელსაც ყაბზობა ცვლის. ადრეულ ნიშნებს მიეკუთვნება მტკივნეული ყლაპვა.
ხმის ჩახლეჩა, ყელში გორგლის მოწოლა, ლუკმის გულზე დადგომის შეგრძნება. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. შეინიშნება სწრაფი დაღლა კუნთების პროგრესული სისუსტის გამო. თანდათან ქვეითდება მხედველობა - მოწამლულს უჭირს კითხვა, ასოები თითქოსდა მოძრაობენ, ერთმანეთს ერწყმიან. ბოტულიზმის ამ ფორმის დროს, თუნდაც მოგვიანებით, ეფექტურია სპეციფიკური ანტიტოქსიკური შრატით მკურნალობა.
- კიდევ რომელი ბაქტერია იწვევს საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციას?
- საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციას იწვევს სტაფილოკოკის ენტეროტოქსიკური შტამები, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, ფსევდომონა და სხვა პირობითპათოგენური ბაქტერიები. ისინი საკვებში მოხვედრისას გამოიმუშავებენ ტოქსინს - ე.წ. ეგზოტოქსინს. ეგზოტოქსინი ორგვარია:
- ენტეროტოქსინი, რომლის ზემოქმედებით ნაწლავის სანათურში ძლიერდება წყლისა და მარილების სეკრეცია (გამოყოფა);
- ციტოტოქსინი, რომელიც უშუალოდ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს.