როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

ბუნებამ თვალების ჯანმრთელობისათვის გაითვალისწინა აუცილებელი პირობა - მხედველობის ფოკუსის ცვლილება ახლო და შორ მანძილზე. სამწუხაროდ, ბუნებასა და ფიზიოლოგიასთან წინააღმდეგობა, ჭიდილი, ადამიანს ძვირად უჯდება, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად მხედველობის პრობლემებიც ექმნება. ადამიანის თვალები ვერ უძლებს დიდ დატვირთვას - ახლო დისტანციაზე ეკრანის მუდმივად ცქერას. ადრე შორს მზერას გაცილებით დიდ დროს უთმობდნენ, უკიდეგანო ველ-მინდვრების ცქერა, ჩამავალი მზისა თუ, საზოგადოდ, ცის საოცარ ფერთა გამით ტკბობა სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანებს, დღეს ყოველივე ეს შეიცვალა! სამწუხაროდ, უმრავლესობას ცხვირწინ არსებული ეკრანი უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომაცაა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი აწყდება მხედველობის პრობლემებს - ახლომხედველობას, შორსმხედველობას, სიელმეს, ასტიგმატიზმს, გლაუკომას, კატარაქტას.

გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენს ხელშია!

თუ მხედველობა გაგიუარესდათ, რეალურად აცნობიერებთ მოახლოებულ საფრთხეს, მოტივირებული ხართ და გსურთ გაუფრთხილდეთ თვალებს, გაითვალისწინეთ სპეციალისტთა, მათ შორის პროფესორ ვლადიმერ ჟდანოვის რეკომენდაციები.

გთვაზობთ რამდენიმე რჩევას:

ალბათ შეგინიშნავთ, რომ გარკვეული პერიოდით თვალების დახამხამების შემდეგ მხედველობა რამდენადმე უმჯობესდება, უფრო ნატიფი და ჯანსაღი ხდება (ეს განსაკუთრებით გამოხატულია ახლომხედველებთან, რომლებიც არ ატარებენ სათვალეს). ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ფუნქციობს თვალის მამოძრავებელი კუნთები, როგორ იტვირთება ისინი იმისათვის, რომ გამოსახულების ფოკუსირება და მხედველობის უნატიფესი ფუნქცია უპრობლემოდ წარიმართოს. სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრით, მხედველობის გაუმჯობესებას და, საზოგადოდ, გაფრთხილებას საფუძვლად უდევს სწორედ თვალის მამოძრავებელი კუნთების წვრთნა. ამისათვის კი რამდენიმე ვარჯიშია მოწოდებული:

1) პალმინგი

ეს არის მხედველობის გასაუმჯობესებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარჯიში, რომლის ეფექტი შესრულების პირველივე ჯერზე აშკარაა. როგორ სრულდება პალმინგი? თვალების გადაღლა-გადაძაბვისთანავე, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, აუცილებელია მოსწყდეთ მას და სულ ხუთიოდე წუთი დაუთმოთ ვარჯიშს. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ ისინი ხელისგულებით, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები (ინგლისურად Pალმ, ხელისგულს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს ვარჯიშის სახელწოდებაც). ხუთიოდე წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამ ვარჯიშის ეფექტი შეიგრძნოთ. თვალების გახელისთანავე მხედველობა თითქოს სრულიად განახლდაო - ადამიანს ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს იმ წამს გაიღვიძა და ახლად გაახილა თვალები.

თუ თვალების დასვენებისა და სრული მოდუნებისათვის 5 წუთი არ გყოფნით, პალმინგი უნდა განაგრძოთ, ორიენტირი ამ დროს ადამიანის პირადი შეგრძნებებია. რა არის საჭირო პალმინგის სწორად წარსამართად? პირველ ყოვლისა, ხელისგულებსა და სახეს შორის ნაპრალები არ უნდა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლე არ უნდა აღწევდეს თვალებამდე, ხელისგულები უნდა უზრუნველყოფდეს თვალების სრულ სიბნელეში ყოფნას. თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ, ანუ ქუთუთოები სრულად უნდა ფარავდეს მათ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია პალმინგის დროს თვალებისათვის სრულად მოდუნების ბრძანების მიცემა. ეს თავად უნდა შეძლოთ. ასეთ შემთხვევაში ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად შეიგრძნობთ მხედველობის გაუმჯობესებას. მესამე საკითხია ის, რომ პალმინგის დაწყებამდე სასურველია ხელისგულები ერთმანეთზე სრესით რამდენადმე გაითბოთ. პალმინგი ის ვარჯიშია, რომლის შესრულების ხანგრძლივობა და რაოდენობა შეუზღუდავია. მას შეგიძლიათ ყოველ საათშიც კი მიმართოთ, თუ თვალები ძალზე გადატვირთული გაქვთ, განსაკუთრებით - კომპიუტერთან დაძაბული მუშაობით. პროფესორ ჟდანოვის აზრით, პალმინგი შეუცვლელი ვარჯიშია მათთვის, ვისაც მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება სურს.

2) საწვრთნელი კომპლექსი თვალებისათვის

ეს კომპლექსი ხელს უწყობს მხედველობის აღდგენას, რეკომენდებულია მხედველობის დარღვევათა საპროფილაქტიკოდ. უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აღენიშნება ბადურას აშრევება. ვარჯიშის დაწყება შეიძლება თვალებზე ჩატარებული ოპერაციიდან, სულ ცოტა, 8 თვის გასვლის შემდეგ. კომპლექსი შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამეში სამჯერ. კომპლექსის თითოეული ვარჯიში სრულდება ასევე სამ-სამჯერ. საყურადღებოა ისიც, რომ ვისაც თვალის მამოძრავებელი კუნთები სუსტი აქვს, ზოგჯერ ვარჯიშის შემდეგ თვალების ტკივილიც კი აღენიშნება. ამიტომაც დაუშვებელია თვალების ერთბაშად დატვირთვა კომპლექსით, მით უფრო - უხეში მოძრაობებით. აუცილებელია ნელ-ნელა, ეტაპობრივად წვრთნა. ვარჯიშის დაწყებამდე სასურველია თვალების დახამხამება, რადგანაც ეს უკანასკნელი ეხმარება მოდუნებას. ვარჯიშები უნდა შესრულდეს მოცემული თანმიმდევრობით:

ვარჯიში 1 – “ზემოთ-ქვემოთ” - მხედველობა მიაპყარით მაქსიმალურად ზემოთ, ამის შემდეგ მზერა ნელ-ნელა გადაიტანეთ მაქსიმალურად ქვემოთ. თვალები დაახამხამეთ.

ვარჯიში 2 - “მარჯვნივ-მარცხნივ” - მხედველობა მიაპყარით მაქსიმალურად მარჯვნივ, შემდეგ მზერა გადაიტანეთ მაქსიმალურად მარცხნივ. თვალები დაახამხამეთ.

ვარჯიში 3 - “დიაგონალები” - თვალები მიმართეთ მარჯვნივ და მაღლა, შემდგომ მზერა გადაიტანეთ მარცხნივ და ქვემოთ. თვალები დაახამხამეთ.

ვარჯიში 4 - “მართკუთხედი” - მზერით შემოხაზეთ მაქსიმალური ზომის მართკუთხედი, ანუ საათის ისრის მიმართულებით გაატარეთ ხაზი, ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ დაუშვით ქვემოთ მარჯვნივ, გაატარეთ სწორი ხაზი მარცხნივ და გადაიტანეთ ზემოთ ზედა სწორ ხაზთან შესაერთებლად. თვალები დაახამხამეთ, ამის შემდეგ იმავე პრინციპით მაქსიმალური ზომის მართკუთხედი მზერით შემოხაზეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. დასასრულ, ასევე დაახამხამეთ თვალები.

ვარჯიში 5 - “წრე” - პრინციპი იგივეა, რაც წინა ვარჯიშის შესრულებისას, მხოლოდ ამ შემთხვევაში მართკუთხედის ნაცვლად იხაზება წრე ჯერ საათის ისრის მიმართულებით, თვალების დახამხამების შემდეგ კი საწინააღმდეგო მიმართულებით. დასასრულ, ასევე საჭიროა თვალების დახამახამება.

ვარჯიში 6 - “ელვა” - მარცხნიდან მარჯვნივ მზერით გაავლეთ უწყვეტი დახრილი ხაზი, დაახამხამეთ თვალები და ამის შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარჯვნიდან მარცხნივ, შემდეგ კვლავ დაახამხამეთ.

ამით კომპლექსი მთავრდება. კომპლექსის დასრულების შემდეგ სასურველია ერთწუთიანი პალმინგი, არის შემდეგაც თქვენ დასვენებული თვალებით შეხედავთ სამყაროს. მხედველობის გაუმჯობესება ცხადი იქნება, მთავარია, არ დაიზაროთ და დღეში სამჯერ შეასრულოთ ეს კომპლექსი. გახსოვდეთ, ეს მუდმივი და აუცილებელი წვრთნაა თვალებისათვის.

3) სოლარიზაცია

ეს არის ვარჯიში, რომელიც სინათლის ნებისმიერ წყაროზე შეგიძლიათ ჩაატაროთ, მზეზე, სანთლის შუქზე და ა. შ. სოლარიზაცია, ფაქტობრივად, თვალების დამუშავებაა მზის ან სხვა სინათლით. ის მხედველობის აღდგენისა და თვალის მამოძრავებელ კუნთთა მოდუნებისათვის განკუთვნილი საუკეთესო ვარჯიშია. სოლარიზაცია ყველაზე სასარგებლო მზის სინათლეზეა. ვარჯიშის პრინციპი ამგვარია: ადამიანი ხუჭავს თვალებს და ამოძრავებს თავს მარჯვნიდან მარცხნივ, რაც მთავარია, ამ მოძრაობის გზაზე მზის შუქი და ჩრდილი უნდა მონაცვლეობდნენ. მაგალითისათვის, ვდგებით ხის ან ნებისმიერი საგნის წინ, რომლის უკანაც მზე ანათებს. ვიწყებთ მარტივად თავის გადაწევას (გადახრას) რიგრიგობით მარჯვნივ, მარცხნივ (თუნდაც ტორსთან, სხეულთან ერთად) იმისათვის, რომ მზის სინათლე გვეცემოდეს თვალებზე, შემდეგ კი ჩრდილით იცვლებოდეს. ამისათვის შეგიძლიათ სახის წინ მტევანიც კი გაატარ-გამოატაროთ, რათა მან მონაცვლეობით დაფაროს მზის სინათლე. ვარჯიში დაახლოებით 20-25-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ამ დროს თვალის ბადურა გარსი აქტიურდება, ხოლო მამოძრავებელი კუნთები მაქსიმალურად დუნდება. ბევრი ავტორი მზეზე სოლარიზაციას მხედველობის აღდგენის მეთოდებს შორის პირველ ადგილს უთმობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოლარიზაცია შესაძლოა სანთლის შუქზეც განხორციელდეს. ვარჯიში სიბნელეში ტარდება. ამისათვის უნდა მოხერხებულად დაჯდეთ ანთებული სანთლის წინ, თავი აბრუნოთ მარჯვნივ-მარცხნივ, სანთელმა თვალების წინ რომ იციმციმოს. ყოველი სოლარიზაციის შემდეგ რეკომენდებულია ორჯერ მეტი ხანგრძლივობის პალმინგის ჩატარება (მანამ, ვიდრე მხედველობის არიდან არ გაქრება ე.წ. “მზის ბაჭიები”).

4) თვალების მასაჟი

მასაჟი მხედველობის გასაუმჯობესებელი ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, განსაკუთრებით სასარგებლოა ის ახლომხედველობისა და ასტიგმატიზმის დროს, ასევე რეკომენდებულია გლაუკომისა და კატარაქტის შემთხვევაში. მასაჟის წინ აუცილებელია ხელების დაბანა. როგორ ტარდება ის? დახუჭეთ თვალები და გარკვეულ წერტილებს მსუბუქად დააწექით თითებით. ზეწოლა მსუბუქი უნდა იყოს, არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ყოველ წერტილს საშუალოდ სამ-სამჯერ უნდა დააწვეთ. წერტილები თანმიმდევრობით უნდა ცვალოთ.

თვალის მასაჟისათვის რეკომენდებული წერტილებია:

  • ორი თითით ზედა ქუთუთოზე;
  • შუა თითით თვალის გარეთა და შიგნითა კუთხეებთან;
  • ორი თითით ქვედა ქუთუთოზე;
  • ოთხი თითით თვალის კაკალზე მთლიანობაში, საჩვენებელი თითით ასტიგმატურ წერტილზე;
  • დახუჭეთ თვალები, გახელისთანავე გაწელეთ “ჩინელის თვალების მისაღებად”, შემდეგ დაახამხამეთ, გაიმეორეთ სამჯერ.

ცნობისათვის, ასტიგმატურ წერტილად მიიჩნევა თვალის ის წერტილი, რომელზე ზეწოლაც აუმჯობესებს მხედველობას. ასტიგმატიზმი იმის გამო ჩნდება, რომ თვალის მამოძრავებელი კუნთები არასწორად აწვება თვალს, ამის გამო ერთ-ერთ წერტილში თიაქრის ტიპის პრობლემა ვითარდება. ზეწოლისას, ფაქტობრივად, ადამიანი მას აქრობს და თვალს სწორ ფორმას ანიჭებს, რაც უმალ მხედველობაზეც აისახება. მასაჟის დროს სწორედ ამ წერტილს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, ადამიანი უნდა ცდილობდეს თანდათანობით გაასწოროს ეს უბანი და დაუბრუნოს თვალს სწორი ფორმა, შესაბამისად, მხედველობაც გაუმჯობესდება. მთლიანობაში მასაჟი მხედველობის გასაუმჯობესებელი ეფექტური მეთოდია, რადგანაც ამ დროს ასტიგმატიზმისა და ახლომხედველობის მკურნალობა ერთდროულად მიმდინარეობს.

5) მეკობრის სათვალე

ბეიტსის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი ეფექტური და უმნიშვნელოვანესი ვარჯიში თვალებისათვის. მეკობრის სათვალე თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ. რაც მთავარია, ამ სახის სათვალით ყოველდღიურად უნდა შეასრულოთ ნებისმიერი საქმიანობა, იმუშაოთ კომპიუტერთან, იკითხოთ წიგნი, ჟურნალ-გაზეთი, უყუროთ ტელევიზორს და ა. შ. მთავარი არსი ისაა, რომ მეკობრის სათვალე უნიკალურად განამტკიცებს მხედველობას, ანუ მხედველობის ფუნქციაზე განსაკუთრებული დატვირთვის წყალობით საოცრად ავარჯიშებს თვალებს და განამტკიცებს მათ ჯანმრთელობას.

უფრო კონკრეტულად, როდესაც ადამიანი ორივე თვალით ხანგრძლივად უყურებს ეკრანს, მას უუარესდება მხედველობა. ამის მიზეზი თვალის მამოძრავებელი კუნთების შეკუმშვის უარყოფაა. როდესაც თვალებს ვახამხამებთ, ტვინს ახსოვს, რომ მონიტორამდე მანძილი არც ისე დიდია, ამიტომაც მიიჩნევს, რომ თვალების კუნთებს არ უღირთ სწორი პოზიციის (მდგომარეობის) მიღება, პირიქით, თვალები განეწყობა ახლო დისტანციაზე (მანძილზე) მზერისათვის. როდესაც ადამიანი ერთ-ერთ თვალს ფარავს (უბრალოდ აიკრავს მას, ან რაღაცით დაიფარავას), ყოველი დახამხამების დროს ტვინი იძულებულია თვალი დაიყვანოს სიმკვეთრეზე. ანუ როდესაც ადამიანი ერთი თვალით იყურება, მეორე კი მის წინ სიბნელეს ხედავს, თვალის მამოძრავებელი კუნთები მუდმივად მუშაობენ და თვალები უძლიერეს წვრთნას განიცდის. გახსოვდეთ, როდესაც კომპიუტერის მონიტორს ან ტელევიზორის ეკრანს ორი თვალით უმზერთ, მხედველობა იღლება, იძაბება, ხოლო ერთი თვალით ყურებისას მხედველობა იწვრთნება და აღდგება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეკობრის სათვალე თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ - აიღეთ ჩვეულებრივი სათვალე, მხოლოდ ლინზების გარეშე, ერთი მხარე შავი ქაღალდით დაფარეთ. ვარჯიშისათვის შეგიძლიათ ერთი თვალი შავი ნაჭრითაც კი აიკრათ, ოღონდ ისე, რომ თვალი არ დაიხუჭოს, ქუთუთო ღია იყოს და თავისუფლად დახამხამების საშუალება გქონდეთ. მეკობრის სათვალე ფაქტობრივად ახვეულ (და არა დახუჭულ) თვალს ააქტიურებს, შავი ფონის ცქერისას ის ვერ იგებს, რა ხდება მის გარშემო, შესაბამისად, ცდილობს აქტიურად ფოკუსირდეს, გადაეწყოს კარგ, მკვეთრ მხედველობაზე, ამისთვის ძაბავს და ადუნებს მამოძრავებელ კუნთებს.ამას ადვილად შენიშნავთ მეკობრის სათვალის მოხსნისთანავე: აფარებული და თავისუფალი თვალების მხედველობა რადიკალურად განსხვავებული იქნება. საყურადღებოა ის, რომ ამ ვარჯიშის დროს ყოველ ნახევარ საათში აუცილებელია თვალთა მონაცვლეობა, ანუ ყოველ ნახევარ საათში სათვალეზე უნდა ცვალოთ შავი ქაღალდის მდებარეობა, ის ხან ერთ, ხან კი მეორე მხარეს უნდა მოათავსოთ. ყოველი მეორე თვალის აფარებისას, ანუ ვარჯიშის დაწყებამდე, აუცილებელია პალმინგის ჩატარება ორივე თვალის დასვენებამდე, სანამ ორივე ქუთუთოს წინ სიბნელე არ დაისადგურებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მეორე თვალის ვარჯიში.

მეკობრის სათვალით თვალების წვრთნა ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. თავიდან მცირე დროშივე უნდა ცვალოთ შავი ქაღალდი, რადგან თვალები მეტისმეტად იღლება. დისკომფორტის შეგრძნებისთანავე უნდა მოიხსნათ მეკობრის სათვალე და პალმინგს მიმართოთ, დროთა განმავლობაში თვალები ეჩვევა ვარჯიშს და დროსაც ნელ-ნელა გაზრდით 30 წუთამდე.

6) ახლოს - შორს

მხედველობის გასაუმჯობესებელი ეს ვარჯიში ეფუძნება მზერის მონაცვლეობას შორს და ახლო მდებარე საგნებზე. როდესაც ხანგრძლივად ვუყურებთ რომელიმე ერთ დისტანციაზე, თვალის მამოძრავებელი კუნთები დეგრადირებას იწყებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ფოკუსირების ცვლა ანუ მზერის გადატანა ახლოს მდებარე საგნიდან შორ დისტანციაზე და პირიქით. ეს ვარჯიში სასარგებლოა როგორც ახლო, ასევე შორსმხედველთათვისაც.

7) ცენტრალური ფიქსაცია

ეს ვარჯიში შემდეგნაირად ტარდება: ვახამხამებთ თვალებს, მზერა გადაგვაქვს, მაგალითად, ჩვენ წინ არსებულ შენობაზე, როდესაც ფოკუსი, ასე ვთქვათ, დაჭერილია, ანუ ჩვენ ნათლად ვხედავთ შენობას, ვიწყებთ ხამხამს და ფოკუსირებას ვახდენთ ფანჯარაზე, როდესაც ფანჯარას ნათლად აღვიქვამთ, მზერა გადაგვაქვს სარკმელზე. ფაქტობრივად, თუ თავდაპირველად ვფოკუსირდებოდით რაიმე დიდ საგანზე, ყოველი დახამხამების შემდგომ მზერას თანდათანობით ვანაცვლებთ შედარებით მცირე ზომის საგნებზე. ამასთან, ცენტრალური ფიქსაცია უნდა გადიოდეს პირდაპირ თვალების ცენტრზე, რაც გასაგებია ვარჯიშის სახელწოდებიდანაც. ეს ვარჯიში ყოვედღიური საქმიანობის დროსაც კი შეიძლება შესრულდეს. მაგალითად, როდესაც გაჩერებაზე ან რიგში დგახართ, ნუ დაკარგავთ დროს, ავარჯიშეთ თვალები.

გახსოვდეთ, აღნიშნული ვარჯიშები აუცილებლად უსათვალოდ და ლინზების გარეშე ტარდება.

და კიდევ, თვალების ყოველდღიური წვრთნით ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ, რაც მთავარია, სიამოვნებისა და სიხარულის მომგვრელი იქნება მიღებული შედეგი, იმის შეგრძნება, რომ თქვენი მხედველობა გაუმჯობესდა, რომ თქვენ ნათლად და ჯანსაღად შეძლებთ სამყაროს დანახვას.

მაშ, დღეიდანვე შეუდექით თვალების ვარჯიშს!