მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები და საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები და საშუალებები

მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები და საშუალებები
მხედველობის ლაზერული კორექცია უსაფრთხოობის, შედეგიანობის, ნაკლები ტრავმატიზმის გამო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. რა დროს ხდება ამგვარი ჩარევის საჭიროება და რას უნდა ველოდოთ ოპერაციის შემდგომ - ამ საკითხებზე გვესაუბრება თვალის მსოფლიო კლინიკა “Dunyagoz Georgia”-ს ხელმძღვანელი, ექიმი-ოფთალმოლოგი, ეკატერინე ხომერიკი.


- ქალბატონო ეკატერინე, რას გულისხმობს მხე­დ­ველობის ექსიმერლაზერული კორექცია?
- ეს არის ოპერაცია, რომელიც კურნავს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ახლომხედველობა (მიოპია), შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია), ასტიგმატიზმი. განვსაზღვროთ თითოეული:

თვალი არის ტვინის გარეთ გამოტანილი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც მხედველობით აღიქმება გარესამყარო. აღქმის გამარტივებული სქემა ასეთია: კარგი მხედველობის დროს
საგნიდან არეკლილი სინათლის პარალელური სხივები, გაივლიან რა თვალის რქოვანა გარსსა და ბროლში, თავს იყრიან თვალის ბადურა გარსის ცენტრში, სადაც მიიღება საგნის მკაფიო გამოსახულება. ასეთი ნორმალური რეფრაქცია (სხივების გარდატეხა) მაშინ ხდება, როდესაც თვალის ოპტიკური ძალა და თვალის სიდიდე ერთმანეთს შეეფარდება. რეფრაქციის დარღვევისას ვითარდება ახლომხედველობა ან შორსმხედველობა.

ახლომხედველობისას საგნიდან არეკლილი პარალელური სხივები თვალში გარდატეხის შემდეგ ფოკუსირდება არა ბადურა გარსზე (როგორც ეს ხდება ნორმალური რეფრაქციის შემთხვევაში), არამედ ბადურას წინ. ამიტომ ბადურაზე აღიბეჭდება საგნის ბუნდოვანი გამოსახულება. ახლომხედველობას მიოპიას, სიბეცესაც ეძახიან. ახლომხედველობა ძირითადად სასკოლო ასაკში ვითარდება და განპირობებულია ახლო მანძილზე ხანგრძლივი, ინტენსიური მუშაობით და მხედველობის დაძაბვით. ახლომხედველი ცუდად ხედავს მოშორებულ საგნებს.

mkurnali.geშორსმხედველობა ანუ ჰიპერტროპიაც არის გადახრა ნორმალური რეფრაქციიდან. თვალში გარდატეხის შემდეგ სინათლის პარალელური სხივები იკრიბება თვალის ბადურა გარსის უკან მდებარე ფოკუსში და ბადურა გარსზე მიიღება საგნის ბუნდოვანი გამოსახულება. როგორც წესი, ახალშობილთა უმრავლესობას აქვს შორსმხედველობა. სხვათა შორის, შორსმხედველი თვალი ცუდად ხედავს როგორც შორს, ისე ახლოს.

ასტიგმატიზმიც თვალის შუქმტეხი აპარატის ნაკლოვანებაა. ესაა თვალში სხვადასხვა რეფრაქციის ან ერთი სახის რეფრაქციის (ახლომხედველობის ან შორსმხედველობის) სხვადასხვა ხარისხით არსებობა. ეს ანომალია გამოწვეულია ძირითადად რქოვანას, უფრო იშვიათად კი ბროლის ზედაპირის უთანაბრო სიმრუდით. ასტიგმატიზმის დროს საგნიდან არეკლილი პარალელური სხივები რქოვანასა და ბროლში გავლის შემდეგ თავს ვერ იყრის ერთ წერტილში. ამიტომ თვალის ბადურაზე არ მიიღება წერტილოვანი, ფოკუსური გამოსახულება და პაციენტი საგანს გარკვევით ვერ ხედავს.

- რა ასაკშია შესაძლებელი მხედველობის ლაზერული კორექცია?
- მხედველობის ლაზერული კორექცია შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან და ზევით, როდესაც, წინასწარი გამოკვლევების საფუძველზე, ბოლო 1,5 წლის განმავლობაში პაციენტს არ აღენიშნება რეფრაქციული ცვლილებები.

- როდის კეთდება ლაზერული კორექცია?
- ეს ოპერაცია მიეკუთვნება კოსმეტიკური ოპე­რაციების ჯგუფს და მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც პაციენტი არ ან ვერ ატარებს სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას. არის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა დროსაც ლაზერული ოპერაცია პირდაპირი ჩვენებაა.

- რა არის ლაზერული კორექციის უმთავრესი დადებითი მხარეები?
- ეს არის კოსმეტიკური ეფექტი. ოპერაციის შემდგომ პაციენტის მხედველობა, ლინზასა და სათვალესთან შედარებით, ბევრად მკაფიო ხდება, მატულობს მხედველობის არეალი.

- მხედველობის ლაზერული კორექციის რა მეთოდები არსებობს?
- თანამედროვე მედიცინისა და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით დღითი დღე იხვეწება ლაზერული კორექციის მეთოდები. მინდა გამოვყო რამდენიმე ძირითადი მეთოდი, რომლებიც დღეს ფართოდ გამოიყენება:

LASTIK, FEMTOLASIK და ReLEx® SMILE მეთოდი.

1) LASTIK-ი - მეთოდის დროს გამოიყენება მიკროკერატოტომი, რომელიც რქოვანას ანათალს (Flap) მექანიკური დანით აკეთებს და შემდგომ ხდება რქოვანას ლაზერული სხივით კორექცია.

2) FEMTOLASIK-ი - რეფრაქციული მაკების კორექციის ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიაა. ჩვეულებრივი LASTIK-ისგან განსხვავებით, რომლის დროსაც, როგორც აღვნიშნე, კეთდება რქოვანას ანათალი ქირურგიული დანის (კერატოტომი) საშუალებით, FEMTOLASIK ოპერაციისას, რომელსაც “Bladeless surgery”-ს უწოდებენ, გამოიყენება მხოლოდ ფემტო ლაზერის სხივი, რაც უფრო უსაფრთხოს ხდის ოპერაციას და პოსტოპერაციულ პერიოდს, ნაკლებია ის გართულებები, რაც შესაძლოა ქირურგიული დანის გამოყენებას მოჰყოლოდა.

3) ასევე არსებობს ლაზერული კორექციის ოპერაცია უახლესი ReLEx® SMILE მეთოდით, რომელიც კიდევ უფრო უსაფრთხოა მაღალი მინუსის მქონე პაციენტებში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც რქოვანას სისქე სხვა მეთოდით ოპერაციის საშუალებას არ იძლევა. ეს ითვლება უახლეს მეთოდად თვალის რეფრაქციულ ქირურგიაში, რომელიც მსოფლიოს სულ რამდენიმე წამყვან კლინიკაშია დანერგილი.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით არ კეთდება ანათალი (Flap), რქოვანა გარსი პრაქტიკულად არ იჭრება, ფემტოსეცენდ ტექნოლოგიით (Lenticule) იქმნება თხელი, დისკისებური ქსოვილი, რომელსაც იღებენ უმცირესი, 4მმ განაკვეთიდან, ხოლო სხვა მეთოდების გამოყენებისას განაკვეთი 20 მმ-მდეა (პრაქტიკულად რქოვანა გარსი არ იჭრება).

პოსტოპერაციული პერიოდი პაციენტისთვის ბევრად კომფორტულია, უსიამოვნო შეგრძნება პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი, ოპერაციის დრო კიდევ უფრო შემცირებულია. საზოგადოდ, ნებისმიერი ლაზერული ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 5-7 წუთს.

- შეიძლება თუ არა მშობიარობა ამ ოპერაციის შემდეგ?
- ეს ძირითადად ეხება იმ პაციენტებს, რომელთაც ოპერაციამდე ჰქონდათ ახლომხედველობა (მიოპია). მინდა აღვნიშნო, რომ ექსიმერლაზერული კორექციის შემდეგ მშობიარობა დასაშვებია, თუ ამის საშუალებას გვაძლევს თვალის უკანა მონაკვეთი, განსაკუთრებით ბადურა გარსი, და ოპერაციის შემდეგ არ აღინიშნება პროგრესირებადი მიოპია. ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი პაციენტები უნდა იყვნენ ექიმ-ოფთალმოლოგის დაკვირვების ქვეშ და ამის მიხედვით მიეცეთ ფიზიოლოგიური მშობიარობის რეკომენდაცია.

ოპერაციამდე შორსმხედველობის მქონე პაციენტებისთვის კი დასაშვებია მშობიარობა ექსიმერლაზერული კორექციის შემდეგ.

- რა გართულებებებია მოსალოდნელი ლაზერული კორექციის შემდგომ?
- როგორც ყველა ოპერაციისას, რისკ-­ფაქტორად და გართულებად ითვლება პოსტოპერაციული ინფექცია (რაც ძალზე იშვიათია).

ლაზერის შემდეგ ხშირია მშრალი თვალის სინდრომის გაჩენა, რის გამოც აუცილებელია წინასწარი პრევენციული ზომების მიღება.

ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გართულებად ითვლება რქოვანას ექტაზია (რომლის დროსაც რქოვანა გარსი დეფორმირდება, ირღვევა და განილევა), მაგრამ სწორად ჩატარებული ოპერაციისა და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ეს რისკიც შემცირებულია.

- ლაზერული კორექციის შემდგომ როგორი რეჟიმი სჭირდება პაციენტს?
- რეაბილიტაცია პრაქტიკულად მეორე დღიდანვე იწყება, სამუშაო რეჟიმში დაბრუნებაც მეორე დღესაა შესაძლებელი. არც რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვებია საჭირო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პირველი კვირის განმავლობაში პაციენტებს კომპიუტერის ხანგრძლივად გამოყენება ეკრძალებათ და პირველი 3 კვირა არც საცურაო აუზით სარგებლობაა რეკომენდებული. ცხადია, ექიმი ოპერაციის შემდგომ ნიშნავს თვალის წვეთებს.

- რა არის ოპერაციის უკუჩვენება?
- ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: კერატოკონუსი, მშრალი თვალის სინდრომი, პროგრესირებადი მიოპია, რქოვანას დისტროფიები, რომელთა დადგენაც ოპერაციამდე აუცილებელი წინასწარი კვლევის საფუძველზე ხდება.

- როგორია პროგნოზი და კორექციის შედეგები?
- პროგნოზი წინასწარ შეიძლება განისაზღვროს ოფთალმოლოგის კონსულტაციის შემდეგ. ოპერაციამდელი პროგნოზი, ძირითად შემთხვევაში, ემთხვევა კორექციის შემდგომ მიღებულ შედეგს. ამას ყოველთვის განსაზღვრავს ექიმი. საზოგადოდ, რასაც პაციენტი სათვალით ან კონტაქტური ლინზით ხედავს, იმას დაინახავს უსათვალოდ, რაც ექსიმერლაზერული კორექციის ოპერაციის ძირითადი არსი და შედეგია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში იყოს ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით (თევზი), ვიტამინებით მდიდარი (ხილი და ბოსტნეული) პროდუქტები.
სახის კოსმეტოლოგიური არასრულყოფილებიდან ზედა ქუთუთოს ფტოზი ერთ-ერთი
როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ასაკობრივი კატარაქტა სულაც არ არის გარდაუვალი. როგორც აღმოჩნდა, რიგი ვიტამინებისა
კომპანიამ Johnson & Johnson Vision აშშ-ში უნიკალური კონტაქტური ლინზების გაყიდვა დაიწყო. აღნიშნული ლინზები
თვალშიდა სიმსივნეების მკურნალობაზე, გამოვლინებებზე, განვითარების სპეციფიკასა და
რა არის ასტიგმატიზმი ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქმტეხი აპარატის) ანომალიაა,
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად