თვალების ქავილი
ქავილი ადამიანს თვალის, ამ ნაზი და სათუთი ორგანოს, სრესას აიძულებს. ხშირად ქავილს სკლერისა და ქუთუთოების შეწითლება და წებოვანი გამონადენიც ახლავს თან. გამოშრობისას ეს უკანასკნელი ერთგვარ ქერქს წარმოქმნის. თვალების ქავილი ხშირად ტკივილითაც რთულდება, რაც უფრო მეტად ამძიმებს პრობლემას. თვალების ქავილი სხვადასხვა დროს აღმოცენდება. ზოგს ის გაღვიძებისთანავე აწუხებს, ზოგს კი დღის ბოლოს ეწყება. გახსოვდეთ, თვალების ქავილის მიზეზის დადგენა სპეციალისტის გარეშე შეუძლებელია, ხოლო თვითმკურნალობა ხშირად კი არ აღმოფხვრის მიზეზს, არამედ მხოლოდ დროებით ნიღბავს შემაწუხებელ სიმპტომს, რაც დაავადების გაქრონიკულებას და გართულებას უწყობს ხელს.
ალერგიული რეაქციები და თვალების ქავილი
თვალების ქავილის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ალერგიული რეაქციაა. მას სხვაგვარად I ტიპის ჰიპერმგრძნობელობის ან იმუნურ რეაქციასაც უწოდებენ. ალერგენად შესაძლოა მოგვევლინოს მცენარის ან ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ბუმბული, საყოფაცხოვრებო ქიმია, კოსმეტიკური საშუალება, საკვები და სხვა. . .
დემოდეკოზი და თვალების ქავილი
თვალების ქავილი დემოდეკოზის ერთ-ერთი სიმპტომია. ტკიპით გამოწვეული ამ პარაზიტული დაავადების დროს შეინიშნება აგრეთვე თვალების ძლიერი დაღლა, წებოვანი გამონადენი, რომელიც ქუთუთოების შეწებებას იწვევს. სინათლე (განსაკუთრებით - მზისა) და წყალი ამ დროს ძლიერ გამღიზიანებლებად გვევლინება. დემოდეკოზთან ბრძოლა ნებისყოფას და მოთმინებას მოითხოვს.
მშრალი თვალების სინდრომი
თვალები ადამიანს ხშირად სიმშრალის გამო ექავება. მშრალი თვალების სინდრომი ჩვენს დროში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს თვალების დამცავი ცხიმის სეკრეცია მცირდება, რაც ლორწოვანის გამოშრობას იწვევს. მშრალი თვალების სინდრომის მიზეზთაგან აღსანიშნავია:
- კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ხანგრძლივი კითხვა ან ტელევიზორის ყურება. ამ დროს თვალების ხამხამი იშვიათდება, რაც ლორწოვანის გამოშრობას იწვევს.
- კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ტარება. ლინზების მოხმარებისას აუცილებელია სპეციალური ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენება, თვალების ვარჯიში და, რაც მთავარია, პერიოდული დასვენება ლინზებისგან, თუნდაც ისინი ძალიან მაღალი ხარისხისა იყოს. ისიც საყურადღებოა, რომ ლინზები დროთა განმავლობაში ცვდება, ამიტომ მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ აუცილებელია მათი განახლება.
- კლიმატური პირობები (განსაკუთრებით - მშრალი და ცხელი ჰავა), კონდიცირებულ შენობაში დიდხანს ყოფნა, თამბაქოს კვამლი და სხვა.