ბლეფაროპლასტიკა – როცა ესთეტიკა, თვალის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი ერთმანეთს ერწყმის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბლეფაროპლასტიკა – როცა ესთეტიკა, თვალის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

რა არის ბლეფაროპლასტიკა, როდის არის ის სამედიცინო აუცილებლობა, რატომ უნდა ჩაატაროს ოპერაცია სწორედ ოფთალმოქირურგმა და როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პერიოდი – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, ელისო ბრეგვაძე.

– ქალბატონო ელისო, რა არის ბლეფაროპლასტიკა, მისი ჩატარების ძირითადი მიზეზები და რომელი ასაკიდან მიმართავენ მას ყველაზე ხშირად პაციენტები?

– ბლეფაროპლასტიკა არის ქუთუთოების პლასტიკური ქირურგია, რომელიც გულისხმობს ქუთუთოდან ზედმეტი კანის ან ცხიმოვანი ბალიშების კორექციას.

ყველაზე ხშირად პაციენტები მას 40-45 წლის შემდეგ მიმართავენ, როდესაც ასაკობრივი ცვლილებები უფრო თვალსაჩინო ხდება. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს გენეტიკური თავისებურებების გამო, ქუთუთოებზე ზედმეტი კანის ჩამოშვება ან ცხიმოვანი თიაქრები უფრო ადრეულ ასაკშიც უვითარდება და ოპერაცია შესაძლოა 30 წლის ასაკშიც გახდეს საჭირო.

– ხშირად ბლეფაროპლასტიკას მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურად აღიქვამენ. რეალურად, რამდენად საჭიროა ეს ოპერაცია და როდისაა ის მნიშვნელოვანი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის, მათ შორის, მხედველობისა და ფსიქოლოგიური კომფორტის გასაუმჯობესებლად?

– მიუხედავად იმისა, რომ ბლეფაროპლასტიკა აუმჯობესებს გარეგნობას, ბევრ შემთხვევაში მას ფუნქციური მნიშვნელობაც აქვს. ზედა ქუთუთოს ზედმეტმა კანმა შესაძლოა შეზღუდოს მხედველობის ველი, გამოიწვიოს თვალებზე მუდმივი სიმძიმის შეგრძნება და დაღლილობა. ამიტომ სწორად შერჩეული პაციენტებისთვის ბლეფაროპლასტიკა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ვიზუალურ, ისე ცხოვრების ხარისხს.

– ბევრს ეს ოპერაცია პლასტიკური ქირურგის საქმე ჰგონია. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის სწორედ ოფთალმოქირურგმა ჩაატაროს?

– ოკულოპლასტიკის ქირურგმა კარგად იცის ქუთუთოს ანატომია, ცრემლსადენი სისტემა, თვალის ზედაპირისა და ქუთუთოს ფუნქცია. ოპერაციის დროს ჩვენი მიზანი მხოლოდ ესთეტიკური მხარე კი არ არის, არამედ თვალის ნორმალური ფუნქციის სრული შენარჩუნება. არასწორად დაგეგმილმა ოპერაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ქუთუთოს არასრული დახურვა, თვალის გამოშრობა, გაღიზიანება ან სხვა გართულებები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქირურგმა ერთდროულად იზრუნოს როგორც ესთეტიკაზე, ისე თვალის ჯანმრთელობაზე.

– რა განსხვავებაა ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკას შორის და რა შემთხვევაში კეთდება ე.წ. წრიული ოპერაცია?

– ზედა ბლეფაროპლასტიკა ძირითადად მიმართულია ზედმეტი კანისა და, საჭიროების შემთხვევაში, ცხიმოვანი ქსოვილის მოცილებაზე. ქვედა ბლეფაროპლასტიკა უფრო ხშირად გამოიყენება ქვედა ქუთუთოების ქვეშ ცხიმოვანი თიაქრების კორექციისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ცხიმის მოცილების ნაცვლად, მისი გადანაწილება უფრო ბუნებრივ შედეგს იძლევა. წრიული ბლეფაროპლასტიკა კი ნიშნავს ზედა და ქვედა ქუთუთოების ერთდროულ ოპერაციას და ტარდება მაშინ, როდესაც აღნიშნული ცვლილებები ორივე არეშია გამოხატული.

– რა წინასწარი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა ოპერაციამდე თვალის ჯანმრთელობის შესამოწმებლად?

– აუცილებელია სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, ქუთუთოების ფუნქციისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება.

– არსებობს თუ არა რაიმე სამედიცინო უკუჩვენება, რომლის დროსაც ბლეფაროპლასტიკის ჩატარება კატეგორიულად არ შეიძლება?

– დიახ. ქირურგიული ჩარევა არ არის რეკომენდებული ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ:

  • თვალის ზედაპირის აქტიური ანთება;
  • არაკომპენსირებული ზოგადი დაავადება;
  • სისხლის შედედების მნიშვნელოვანი დარღვევები ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც ზრდის ოპერაციის რისკს.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური შეფასება და წინასაოპერაციო გამოკვლევა.

– მოქმედებს თუ არა ეს ოპერაცია მხედველობის სიმახვილეზე და რამდენად უსაფრთხოა ის თვალის კაკლისთვის?

– ბლეფაროპლასტიკა არ ცვლის მხედველობის სიმახვილეს, რადგან ოპერაცია ქუთუთოზე ტარდება და არა თვალის კაკალზე. გამოცდილი ოფთალმოქირურგის შემთხვევაში, ოპერაცია უსაფრთხოა.

პირველ დღეებში შესაძლოა იყოს ქუთუთოების შეშუპება, ან მხედველობის დროებითი დაბინდვა მალამოს გამოყენების გამო, თუმცა, ეს ნორმალური და დროებითი მოვლენებია.

– როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პერიოდი და რეალურად რამდენ ხანში შეუძლია პაციენტს აქტიურ ცხოვრებას და სამსახურს დაუბრუნდეს?

– პირველი რამდენიმე დღე მოსალოდნელია შეშუპება და სისხლჩაქცევები, რომლებიც თანდათან იკლებს. ნაკერები, როგორც წესი, იხსნება 7-10 დღეში. პაციენტთა უმეტესობა ყოველდღიურ საქმიანობას დაახლოებით ერთ კვირაში უბრუნდება.

– რჩება თუ არა შესამჩნევი ნაწიბურები ოპერაციის შემდეგ და როგორ უნდა მოვუაროთ კანს ჭრილობების შესახორცებლად?

– განაკვეთი კეთდება ქუთუთოს ბუნებრივ ნაოჭში, ამიტომ სრული შეხორცების შემდეგ, ნაწიბური, უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუმჩნეველია. მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების დაცვა, ჭრილობის სისუფთავე და მზისგან დაცვა.

– რამდენად ხანგრძლივია ბლეფაროპლასტიკის შედეგი და შესაძლებელია თუ არა, რომ წლების შემდეგ ოპერაციის ხელახლა ჩატარება გახდეს საჭირო?

– ბლეფაროპლასტიკის შედეგი, როგორც წესი, მრავალი წლის განმავლობაში ნარჩუნდება. თუმცა, დაბერების ბუნებრივი პროცესი გრძელდება, ამიტომ, ზოგიერთ პაციენტს, 10-15 წლის შემდეგ, შესაძლოა განმეორებითი კორექცია დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია გენეტიკაზე, კანის ხარისხსა და ცხოვრების წესზე.

– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ფიქრობს ბლეფაროპლასტიკის გაკეთებას, თუმცა ჯერ კიდევ ყოყმანობს?

– პირველ რიგში, კონსულტაცია გაიარონ გამოცდილ ოკულოპლასტიკის ქირურგთან. ბლეფაროპლასტიკა მხოლოდ ესთეტიკას არ ემსახურება – სათანადო პაციენტის შემთხვევაში ის აუმჯობესებს ქუთუთოს ფუნქციას, ამსუბუქებს თვალების დაღლილობას, აფართოებს მხედველობის ველს და ადამიანს უფრო დასვენებულ და ბუნებრივ იერს აძლევს.

ჩვენი მიზანი არ არის ადამიანის ვუზუალურად შეცვლა – ჩვენი მიზანია მისი ბუნებრივი იერისა და ქუთუთოს ნორმალური ფუნქციის აღდგენა ისე, რომ შედეგი სასურველი და ხანგრძლივი იყოს.