როცა მხედველობის არეში შავი წერტილები დაცურავს
რას წარმოადგენს ეს შავი წერტილები? რის გამო ჩნდება ისინი? რამდენად საშიშია და თუ შეიძლება მათგან განკურნება?
ამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და კლინიკა „ნიუმედის“ ექიმი ოფთალმოლოგი, საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის წევრი, ლიკა გურგენიძე.
ქალბატონი ლიკა ამავდროულად ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკისა და სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრ „ტოტალ მედ“-ის მიწვეული სპეციალისტი და სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორია.
– ქალბატონო ლიკა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან შემაწუხებელია მხედველობის არეში მუდმივად ერთი ან რამდენიმე შავი წერტილის აღქმა, ხედვა. რა იწვევს მათ გაჩენას და რაზეა დამოკიდებული მათი რაოდენობა? რადგან ზოგი ერთი წერტილითაა შეწუხებული, სხვანი კი მრავლობით ნაწილაკებს უჩივიან?
– ადამიანები ზოგჯერ ამჩნევენ, რომ მათ მხედველობის არეში პატარა მოძრავი ობიექტები ჩნდება. ამ მოძრავ ობიექტებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმა: წრის, ძაფის, ხაზის, წერტილის, ზიგზაგის, ქსელის, იყოს ლაქასავით და სხვა. ყველაზე ხშირად კი მცურავი ობიექტები შავი წერტილების ფორმას იღებენ.
რა არის ისინი და საშიშია თუ არა მათი არსებობა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოკლედ შევეხები თვალის კაკლის ანატომიურ აგებულებას.
თვალის კაკალი შედგება სამი შრისგან: გარეთა შრე – რქოვანა და სკლერა, შუა შრე – ფერადი და სისხლძარღვოვანი გარსი და შიდა შრე – ბადურა გარსი. გარე და შიდა ოპტიკურ არეებს შორის არის სივრცე, რომელიც ამოვსებულია მინისებრი სხეულით. ეს არის გელის მსგავსი სტრუქტურა შემოსაზღვრული მემბრანით. სწორედ მინისებურ სხეულში ჩნდება მცურავი კომპონენტები, რომლებსაც ადამიანები ამჩნევენ მხედველობის არეში.
მინისებური სხეული შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, ჰიალურონის მჟავას, კოლაგენს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. თუ მინისებურ სხეულში ამ კომპონენტების თანაფარდობა დაირღვა, შესაძლოა წარმოიქმნას მკვრივი ჩანართები, რომელთაც შემდგომ „მცურავ ობიექტებად“ აღიქვამს ადამიანი. თუკი მინისებურ სხეულში ქოლესტერინის კრისტალები დაგროვდა, ე.წ. „მბზინავი ფიფქები“ ჩანს. ნებისმიერ ასეთ ჩანართს შეუძლია გადაადგილდეს მხედველობის მთელ არეში, გადაადგილდებოდეს შეზღუდულად ან იყოს სრულად უძრავი.
როგორც აღვნიშნეთ, „მცურავი ობიექტების“ გამომწევი მიზეზი მინისებური სხეულის დაზიანებაა, რაც ხდება ძირითადად თვალის ბუნებრივი დაბერების პროცესში, უმეტესად 50+ ასაკის პირებთან. თუკი მინისებური სხეულის შემღვრევა ასაკობრივია, მაშინ ის, ჩვეულებრივ – უვნებელია.
საინტერესოა, ალბათ, რატომ ვხედავთ ამ „მცურავ ობიექტებს“ მინისებური სხეულის აშრევების დროს?
გარედან თვალში შესული შუქი გაივლის მინისებურ სხეულში. მასში არსებული მიკრონაწილაკები ბლოკავს სინათლეს და ბადურაზე ჩნდება ჩრდილები, ჩვენი ტვინი კი მას აღიქვამს, როგორც „ძაფს“, „ბუზს“, „წერტილს“ და ა. შ. ანუ ჩვენ მხედველობის არეში ვხედავთ არა თავად ნაწილაკებს, არამედ მათ ჩრდილებს.
– რატომ აღიქვამს ამ ობიექტებს (წერტილებს) ადამიანი უხშირესად თეთრ და ნათელ ფონზე და ნაკლებად განასხვავებს მუქი საგნების ფონზე ან სიბნელეში?
– ნამდვილად ასეა, პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ნათელ და თეთრ ფონზე უფრო მკვეთრად ხედავენ „მცურავ წერტილებს“. ამის მიზეზი ის არის, რომ თეთრი ფონი მეტად ირეკლავს სინათლეს, თვალში შედის ძლიერი შუქი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეტი სინათლე უდრის უფრო მკვეთრ ჩრდილს ბადურაზე. სინათლეზე გუგა ვიწროვდება და სხივები იწვევს სიმკვეთრის ზრდას. მზეზე ხომ ნებისმიერი საგანი უფრო მკვეთრია, ვიდრე ჩრდილში. ამიტომაც მეტი სინათლე თვალში, მეტი კონტრასტი და უფრო მკვეთრი ჩრდილია.
– რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა? რა გართულება-შედეგი შეიძლება მოჰყვეს მხედველობის არეში მცურავ ამ შავ ობიექტებს?
– როგორც აღვნიშნეთ, თვალის წინ „მცურავი წერტილებისა“ და სხეულაკების გაჩენა სრულად უსაფრთხოა მხოლოდ მაშინ, როდესაც მინისებურ სხეულში ასაკთან დაკავშირებული ცვლილების გამოა დაზიანებები. თუკი თვალის წინ „მცურავ წერტილებს“ შენიშნავთ, საშიში დაავადებებისა და მდგომარეობების გამოსარიცხად, უმჯობესია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოფთალმოლოგს, რადგან მსგავსი „მცურავი ობიექტების“ გაჩენის მიზეზი შესაძლოა იყოს არა დაბერების პროცესი, არამედ სხვა ფაქტორებიც, როგორებიცაა:
- მაღალი ხარისხის მიოპია;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები;
- კისრის ოსტეოქონდროზი;
- ჰორმონული პრეპარატების მიღება;
- ქალა-ტვინის ტრავმა;
- ფსიქო-ემოციური სტრესი და სხვა.
ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ბადურის აშრევება ან გახევა. „მცურავი ობიექტები“ ამ დროსაც ჩნდებიან. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება, რადგან მდგომარეობა იწვევს მხედველობის დაკარგვას და სიბრმავეს. ბადურის აშრევების შემთხვევების დიდი რისკის მქონეთ მიეკუთვნებიან მიოპიის, შაქრიანი დიაბეტისა და სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები.
ბადურის აშრევებისას მხოლოდ ლაქები არ ჩნდება. პაციენტები უჩივიან ფოტოფსიას – სინათლის ციმციმი, ნაპერწკლები ან ელვა, მხედველობის დაბინდვას ან გაორებულ მხედველობას. პროცესი მიმდინარეობს ტკივილის გარეშე. დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე.
„მცურავი ობიექტების“ მიზეზი შეიძლება იყოს ჰემოფთალმიც. ეს უკანასკნელი არის სისხლდენა, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის ტრაქციულმა აშრევებამ, რომელსაც თან ახლავს სისხლძარღვთა დაზიანება და გახეთქვა. სისხლის კოლტები არღვევს მინისებური სხეულის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს მის დესტრუქციას.
თვალის ანთებითი დაავადებები – მაგალითად, უვეიტი (თვალის შუა გარსის ნებისმიერი ნაწილის ანთება), ენდოფთალმიტი (შიგნითა გარსის ანთება) იწვევს ციტოკონების დონის მომატებას მინისებურ სხეულში, რის გამოც წარმოიქმნება უჯრედული აგრეგატები. ამ დროს პაციენტი უჩივის მოციმციმე ლაქების არსებობას.
მაღალი ხარისხის მიოპიის დროს შესაძლოა დაზიანდეს მინისებური სხეულის მემბრანა, რასაც თან ერთვის ბადურის აშრევება და თვალის წინ ჩნდება მცურავი ლაქები. ეს უკანაკსნელი იწვევს ასევე ჩრდილს ბადურაზე და მხედველობის დაქვეითებას.
– რაზეა დამოკიდებული ამ სხეულაკების ფორმა, რადგან პაციენტები სხვადასხვა ფორმის ნაწილაკებს აღიქვამენ, ზოგი ვარსკვლავისებურ სხეულაკებს ხედავს, ზოგი მძიმის ფორმის და ა.შ. რაზეა დამოკიდებული ფორმების ასეთი მრავალფეროვნება?
– ეს განპირობებულია იმით, რომ ნაწილაკებს აქვთ სხვადასხვა სტრუქტურა. ფორმა გარკვეულწილად დამოკიდებულია მინისებურ სხეულში მათ მდებარეობაზე, განათებაზე, თვალის მოძრაობაზე, ტვინის აღქმაზე, მაგალითად, კოლაგენის მცირე ჩანართები წერტილების ფორმით ჩანს, გრძელი ჩანართები ძაფების მსგავსია, უფრო დიდი კოლაგენის ჩანართები, რომელთა კონსისტენცია მყარია, ობობის ქსელს ჰგავს. ჩრდილის ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
მნიშვნელობა ენიჭება „მცურავი ობიექტების“ რაოდენობას და იმას, რომ მინისებური სხეულის შემღვრევასთან გვაქვს საქმე. თუ ჩანართების რაოდენობა იზრდება და მხედველობა ქვეითდება, გამომწვევი მიზეზის გასარკვევად აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი, რათა ავირიდოთ დაავადების გართულება.
– ერთია პაციენტების სუბიექტური შეგრძნება, ანუ ამ ნაწილაკების შემაწუხებელი ხედვა და თვალების მოძრაობის კვალად მათი გადაადგილება და მეორეა მათი დიაგნოსტიკა, როგორ ხდება მათი გამოვლენა-შეფასება?
-ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს იკრიბება ანამნეზი, განისაზღვრება მხედველობის სიმახვილე და მხედველობის ველი. ფასდება მინისებური სხეულისა და ბადურა გარსის მდგომარეობა ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე.
ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევა გამომწვევი მიზეზების დადგენისა და მკურნალობის სასურველი, რაციონალური ვარიანტის შერჩევის საშუალებას იძლევა.
– იკურნება თუ არა ეს მდგომარეობა, თუ კი, რას მოიცავს მკურნალობა?
– კონსერვატიული მკურნალობისას ექიმი პაციენტს შეურჩევს თვალის სპეციფიკურ წვეთებს, რომელიც დაეხმარება მინისებურ სხეულში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების სტიმულირებას.
თუ დაავადების მიზეზი განპირობებულია ბადურის დაზიანებით, ნაჩვენებია ქირურგიული აღდგენა. ამ დროს ხდება დაზიანებული უბნების ლაზერით კოაგულაცია. ვიტრექტომია კი ის ოპერაციაა, როცა მინისებური სხეული ამოიკვეთება, მის ადგილზე კი თავსდება სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი.
– რას გულისხმობს პროფილაქტიკა – როგორ ავირიდოთ ეს პრობლემა?
– პრევენციული ზომები, უპირველესად, გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაბალანსებულ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმას, ჯანსაღი ნეიროფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებასა და ოფთალმოლოგიური პათოლოგიების დროულად მკურნალობას.