რატომ სჭირდება თვალს განსაკუთრებული მოვლა ზამთრის პერიოდში
გვესაუბრება კლინიკა „ოფთალმიჯის“ ოფთალმოლოგი სოფიო იმედაშვილი:
ზამთრის პერიოდში თავს იჩენს ოფთალმოლოგიური ჩივილები, რაც ძირითადად განპირობებულია სიცივით, მშრალი და დაბინძურებული ჰაერით, ქარითა და დახურულ სივრცეებში ხანგრძლივი ყოფნით.
აღნიშნული ფაქტორები ხელს უწყობს თვალის ზედაპირისა და დამცავი ბარიერის დარღვევას, რაც თვალის სხვადასხვა პათოლოგის მიზეზი ხდება როგორიცაა :
I. მშრალი თვალის სინდრომი
ზამთარში თვალის დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია მშრალი თვალის სინდრომი გარეთ დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი, ხოლო შენობაში — გათბობის სისტემით გამოწვეული ტენიანობის შემცირება იწვევს ცრემლის ფენის აორთქლებას. მდგომარეობას აუარესებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, რაც თვალის ხამხამის გაიშვიათებით არის გამოწვეული. ასევე კონტაქტური ლინზების ტარება აუარესებს თვალის პრობლემებს სეზონის ცვლილებისას, სწორედ ამიტომ აუცილებელია კონტაქტური ლინზების სწორად მოხმარება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ხშირი სიმპტომები, რომელსაც ადამიანი ამ დროს უჩივის, ძირითადად გამოვლინდება შემდეგი სახით:
- თვალის წვა,
- ქავილი,
- სიწითლე,
- თვალში უცხო სხეულის შეგრძნება,
- ცრემლდენა, ზოგჯერ ტემპერატურის ცვლილების დროს, მაგალითად: სითბოდან სიცივეში გასვლის დროს ან პირიქით.
პროფილაქტიკა და მკურნალობა ამ დროს მარტივია - თვალის დამატენიანებელი წვეთების ჩაწვეთება ხანგრძლივად, რეჟიმის კონტროლი მონიტორთან, მზისგან დამცავი, მონიტორთან დამცავი სათვალის გამოყენება ექიმის დანიშნულილების შესაბამისად.
კომპლექსური მკუნალობით ამ პრობლემის აღმოფხვრა რა თქმა უნდა შესაძლებელია.
II. ვირუსული და ალერგიული კონიუნქტივიტი
ზამთრის სეზონზე იმუნური სისტემის დაქვეითება და რესპირატორული ინფექციების მატება ხელს უწყობს ვირუსული კონიუნქტივიტის გავრცელებას. იგი ხშირად თან ახლავს გრიპს ან გაციებას და გადამდებია. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ალერგიული კონიუნქტივიტიც, რომელიც გამოწვეულია მტვრის ან დახურული სივრცის სხვა ალერგენებით. კლინიკური ნიშნები, როდესაც ზემოთ აღნიშნული ჩივილები გამოვლინდება, შემდგენაირია:
- თვალის სიწითლე,
- ქავილი,
- ცრემლდენა,
- ჩირქოვანი გამონადენი.
მკურნალობა აუცილებლად ექიმ- ოფთალმოლოგის მიერ უნდა წარიმართოს (ანტივირუსული ან ანტიჰისტამინური თვალის წვეთების დახმარებით. ასევე მნიშნვნელოვანია თვალის ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა.
III. თვალის ქუთუთოს დაავადებები (ბლეფარიტი, მეიბომიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი.
ქარისა და სიცივის ზემოქმედება ხელს უწყობს ქუთუთოს კანის გამოშრობას ,აქერცვლას ,შეშუპებას . რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ბლოკირებას, რის შედეგადაც ვითარდება ბლეფარიტი. ასეთი მდგომარეობები განსაკუთრებით ხშირია იმ პირებში, ვისაც კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებები ან დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ასეთ დროს ძირითადი სიმპტომებია:
- ქავილი,
- ქერცლი წამწამების კიდეებზე,
- მტკივნეული გამონაყარი ქუთუთოზე.
პროფილაქტიკა და მკურნალობა ექიმის მიერ უნდა იყოს წარმართული სწორად, ჰიგიენური ნორმების დაცვით, რა თქმა უნდა, რაც მოიცავს: თვალის რეგულარულ ჰიგიენას, თბილ კომპრესებს, ანტიბიოტიკოთერაპიას თვალის წვეთებისა და მალამოს სახით.
IV. „სიცივით ინდუცირებული“ კონიუნქტივიტი
ზოგიერთ პაციენტში ზამთარში აღინიშნება თვალის ალერგიული რეაქცია პირდაპირ სიცივეზე - ე.წ. ჰიპერმგრძნობელობა ჰაერის დაბალ ტემპერატურაზე. ეს მდგომარეობა იწვევს ქუთუთოს შეშუპებას, სიწითლეს, ცრემლდენას და ქავილს ჰაერზე გასვლის შემდეგ. თვალის დაცვა ქარიან ამინდში დამცავი სათვალით საუკეთესო გამოსავალია. ასევე ექიმ ოფთალმოლოგის და ალერგოლოგის ჩართულობა ამ დროს მნიშნვნელოვანია.
V. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება თოვლზე (ფოტოკერატიტი)
თოვლის ზედაპირი ირეკლავს მზის ულტრაიისფერ სხივებს, რის გამოც ზამთარში შესაძლებელია ფოტოკერატიტის — რქოვანას დროებითი დამწვრობის — განვითარება. მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირია მთიან რეგიონებში ან სათხილამურო კურორტებზე. სიმპტომები შემდგნაირია: ძლიერი ტკივილი, სინათლის შიში (ფოტოფობია), ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა. პროფილაქტიკა: მზის სათვალე UV მაქსიმალური დაცვით - თუნდაც მოღრუბლულ ამინდში. ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი წვეთების ინსტილაცია (ჩაწვეთება) თვალებში აუცილელებლია.
ზამთრის სეზონი თვალისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდია. გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ტენიანობის დეფიციტი და ინფექციური აგენტების აქტივაცია ქმნის პირობებს, სადაც თვალის ზედაპირის სტრუქტურა და ცრემლის ბალანსი ადვილად ირღვევა. თვალის ოპტიმალური მოვლა და დროული დიაგნოსტიკა ექიმ ოფთალმოლოგთან ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფს როგორც მხედველობის დაცვას, ასევე გრძელვადიან ოფთალმოლოგიურ ჯანმრთელობას.