ფუქსის დისტროფია - რქოვანას დაზიანება
ამ დაავადების დროს ვითარდება რქოვანას შესიება, რაც იწვევს დაბინდულ მხედველობასა და დისკომფორტს თვალში.
ფუქსის დისტროფია ძირითადად ორივე თვალს აზიანებს და შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი ფორმა აქვს და ვერ ამჩნევს მხედველობის ცვლილებებს.
გარკვეული მედიკამენტები და რჩევები დაგეხმარებათ დისტროფიის ნიშნებისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად. როცა დაავადება შორსწასულია და მხედველობა იკარგება, ერთადერთი მკურნალობის მეთოდი რქოვანას გადანერგვაა.
თვალის გარეთა ქსოვილის, რქოვანას შიდა ამომფენი უჯრედები (ენდოთელიუმი) პასუხისმგებელია რქოვანაში სითხეების ნორმალურ ბალანსზე. ჯანსაღი უჯრედები იცავენ რქოვანას შესიებისგან და უნარჩუნებენ მას გამჭვირვალობას. ფუქსის დისტროფიის დროს, ენდოთელიუმის უჯრედები კვდება, სწორად ვერ ფუნქციონირებს, რაც იწვევს რქოვანას შესიებას (ედემა), გასქელებას და მხედველობის დაზიანებას.
დაავადების პროგრესიასთან ერთად, ფუქსის დისტროფიის სიმპტომები ძირითადად ორივე თვალზე ვლინდება:
- დაბალი განათების პირობებში ფოკუსირების უნარის დაკარგვა;
- დაბინდული მხედველობა, რომელიც ხშირია დილაობით, გაღვიძების შემდეგ და გამოსწორდება დღის განმავლობაში. დაავადების განვითარებასთან ერთად, მხედველობა კიდევ უფრო დაბინდულია;
- არასწორი აღქმა, მგრძნობელობის მომატება სინათლეზე, ღამის ხედვის დარღვევა, სინათლის წყაროების გარშემო მრგვალი ლაქების დანახვა;
- მტკივნეული, მცირე ზომის წყლულები რქოვანას ზედაპირზე;
- რქოვანა, რომელსაც მღვრიე შეხედულება აქვს
თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი ან სიმპტომი, განსაკუთრებით თუ ნიშნები გაუარესდა, მიმართეთ ოფთალმოლოგს. თვალის სხვა დაავადებები შესაძლოა იწვევდნენ ფუქსის დისტროფიის მსგავს სიმპტომებს.