როგორ შევურჩიოთ ბავშვს სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევურჩიოთ ბავშვს სათვალე

მიდგომას მოითხოვს. როგორ შევურჩიოთ ბავშვს სათვალე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ოფთალმოლოგი მაია კავლელიშვილი გვესაუბრება.

- რა ასაკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვის მხედველობას?

- ბავშვის მხედველობის სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა მის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ თვალის ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგია მუცლადყოფნის პერიოდში, დედის სხვადასხვა დაავადების ფონზე ვითარდება. მაგალითად, ორსულობის მეშვიდე-მერვე კვირას დედის მიერ გადატანილმა ვირუსულმა დაავადებამ (გრიპმა) შესაძლოა თანდაყოლილი გლაუკომა გამოიწვიოს. თანდაყოლილი კატარაქტის არსებობაც ხშირად დედის მიერ ორსულობის პერიოდში გადატანილ ინფექციაზე მიუთითებს. ახალშობილის თვალის ნებისმიერი ანთებითი პროცესის მიზეზიც დედის ინფექციური დაავადებაა.

ნაყოფის მხედველობის ორგანოზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს დედის მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი სწრაფვა. რისკის ფაქტორებს წარმოადგენს არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა.

- როდის იწყებს ახალშობილი საგნების დანახვას?

- ახალშობილის მხედველობის სიმახვილე დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში ძალზე დაბალია და 0,01-0,02-ს არ აღემატება. ჩამოყალიბებულია მხოლოდ თვალის გუგის რეაქცია (რეფლექსი) სინათლეზე. 2-დან 5 კვირამდე ასაკის პატარა უკვე იწყებს მზერის ფიქსირებას სინათლის წყაროზე ან ამა თუ იმ შედარებით დიდი ზომის საგანზე. ამ პერიოდში თვალების სინქრონული მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ბავშვს შესაძლოა პერიოდული სიელმე აღენიშნებოდეს. ეს საშიში არ არის, მაგრამ თუ სიელმე დაბადებიდან 6-8 კვირის განმავლობაში არ გაქრა, ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ.

მეორე თვიდან ბავშვი გარემოს შესწავლას იწყებს. მზერას აფიქსირებს საგნებზე და აკვირდება მათ მოძრაობას. სინქრონულად ვითარდება მხედველობა, სმენა და ტაქტილური (შეხებითი) მგრძნობელობა.

მესამე-მეოთხე თვიდან ჩამოყალიბებას იწყებს ფერადი მხედველობა, მხედველობის სიმახვილე 0,2-0,4-მდე იმატებს.

მეექვსე თვიდან ბავშვი მეტ-ნაკლებად სწორად აღიქვამს სხვადასხვა საგნამდე მანძილს.

2 წლისთვის მხედველობის სიმახვილე 0,6-0,7-მდე იმატებს, ხოლო 3-4 წლის ბავშვის მხედველობის სიმახვილე მხოლოდ 10-20%-ით ჩამორჩება მოზრდილისას.

სიცოცხლის პირველ წელს ბავშვს სჭირდება 5 პროფილაქტიკური გასინჯვა ოფთალმოლოგთან: სიცოცხლის პირველსავე დღეებში, ერთი, სამი, ექვსი თვისა და 1 წლის ასაკში. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად გამოვავლინოთ მხედველობის ორგანოს ყოველგვარი პათოლოგია.

დაახლოებით 3 წლიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით.

- თუ ბავშვს მხედველობის დაქვეითება - ახლომხედველობა აღმოაჩნდა, როგორია შემდგომი მოქმედების ტაქტიკა?

- პირველ ყოვლისა, ჩასატარებელია მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევა და სწორი კლინიკური დიაგნოსტირება. ამის შემდეგ იწყება მხედველობის ოპტიკური კორექცია - სათვალის შერჩევა. ბავშვისთვის სათვალის შესარჩევად აუცილებელია ე.წ მედიკამენტური ციკლოპლიგია ანუ აკომოდაციის დროებითი დამბლის მიღწევა სპეციალური მედიკამენტებით, უმეტესად ატროპინის 0,5%-იანი ან 1%-იანი ხსნარით. შემდეგ პაციენტი განმეორებით უნდა გაისინჯოს - ხდება ვიწრო და ფართო გუგის ფონზე მიღებული მონაცემების შეჯერება და სათვალის საბოლოო დიოპტრიული ძალის გამოთვლა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვს სათვალე უნდა შევურჩიოთ კლინიკაში და არა ოპტიკის სალონში. ყურადსაღებია კიდევ ერთი რამ: თუ ბავშვს მხედველობის სიმახვილე უკორექციოდ 0,5 ან მეტი აქვს და მისი მხედველობის (მიოპიის) ხარისხი არ აღემატება 2 დიოპტრიას, სათვალე უმეტესად არ ინიშნება!

- საჭიროა თუ არა სათვალის შერჩევის შემდეგ ოკულისტთან კონსულტაცია? თუ საჭიროა, როგორი სიხშირით?

- სათვალის შერჩევის შემდეგ მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში - პაციენტი წელიწადში 4-ჯერ მაინც უნდა გაისინჯოს. თუ ორი წლის განმავლობაში მიოპია არ პროგრესირებს, შემდეგ წელიწადში 2-3 კონსულტაცია საკმარისია. მიოპიის პროგრესირებისას აუცილებელია შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა.

თუ მიოპია წელიწადში 0,75 დიოპტრიით ან მეტით იმატებს, მისი პროგრესის შესაჩერებლად აუცილებელია სპეციალური ოპერაციის - სკლეროპლასტიკის ჩატარება.

- კიდევ როდის ენიშნებათ სათვალე ბავშვებს?

- მხედველობის ისეთი მანკების დროს, როგორიც არის ჰიპერმეტროპია და ასტიგმატიზმი. ჰიპერმეტროპია, იგივე შორსმხედველობა, მიოპიის საპირისპირო რეფრაქციული მანკია, რომლის კორექცია შემკრები ანუ პლუს ნიშნიანი ლინზებით ხორციელდება. მიოპიისგან განსხვავებით, იგი იშვიათად პროგრესირებს. მაგრამ უფრო ხშირად იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს - ე.წ. ასთენოპათიას. ამ დროს პაციენტები უჩივიან თვალების წვას, ტკივილს, ცრემლდენას, რომელიც წერა-კითხვის, ტელევიზორის ყურების დროს ძლიერდება, სიმძიმის შეგრძნებას შუბლის არეში, თავის ტკივილს. სათვალე ამ შემთხვევაშიც მედიკამენტური ციპლოპლეგიის ფონზე შეირჩევა.

სწორად შერჩეული სათვალის მეშვეობით ასთენოპათიური მოვლენები ქრება და ბავშვს ნორმალური მეცადინეობის საშუალება ეძლევა. აქვე უნდა ითქვას, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ ე.წ. ფიზიოლოგიური ჰიპერმეტროპია. ისე რომ, თუ 5-6 წლამდე ასაკის ბავშვს არ აქვს ჩივილები, არ აღენიშნება სიელმე და ზარმაცი თვალი (ამბლიოპია), მხედველობის სიმახვილე შედარებით მაღალია და ჰიპერმეტროპიის ხარისხი 1,5 დიოპტრიას არ აღემატება, სათვალის დანიშვნა შეიძლება გადავდოთ კიდეც, თუმცა ასეთი ბავშვების დინამიკაში დაკვირვება აუცილებელია.


- მხედველობის როგორი დარღვევაა ასტიგმატიზმი?

- ასტიგმატიზმი - ეს არის სხვადასხვა რეფრაქცია თვალის სხვადასხვა ოპტიკურ მერიდიანში. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, თვალის ოპტიკური ნაწილების (რქოვანა გარსი, ბროლი) ზედაპირი არა სფერული, არამედ ელიფსოიდურია, რის გამოც სინათლის სხივები არაერთგვაროვნად გარდატყდება.

ცნობილია ასტიგმატიზმის 5 ძირითადი სახე: მარტივი მიოპიური, მარტივი ჰიპერმეტროპიული, რთული მიოპიური, რთული ჰიპერმეტროპიული და შერეული. უკანასკნელ შემთხვევაში ერთი და იგივე თვალი ერთ რომელიმე ღერძში ახლომხედველია, მეორე ღერძში კი შორსმხედველი.

ოპტიკური კორექცია ამ შემთხვევაშიც მედიკამენტური ციკლოპლეგიის საშუალებით ტარდება, მაგრამ, მიოპიისა და ჰიპერმეტროპიისგან განსხვავებით, ასტიგმატიზმის დროს ინიშნება ცილინდრული ლინზები. გარეგნულად ისინი თითქმის არ განსხვავდება სათვალის ჩვეულებრივი ლინზებისგან, მაგრამ მათი ოპტიკური სტრუქტურა სრულიად სხვაგვარია.

- ბავშვისთვის სათვალის ტარება მრავალ უხერხულობასთან არის დაკავშირებული. შეიძლება თუ არა ამ ასაკში კონტაქტური ლინზების გამოყენება? ტექნოლოგიები ხომ ბოლო ხანს საგრძნობლად დაიხვეწა...

- ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დამლევს ბავშვთა ასაკში ოპტიკური კორექციის ერთადერთ საშუალებად სათვალე მიიჩნეოდა. მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპტიკურ სალონებში გაჩნდა ინოვაციური მასალისგან დამზადებული გეგმური ცვლის (ერთთვიანი, ერთკვირიანი) კონტაქტური ლინზები წყლის მაღალი შემცველობით და აირგამტარობის მაღალი კოეფიციენტით. პარალელურად შეიქმნა ლინზების შესანახი მულტიფუნქციური ხსნარი. კონტაქტური ლინზების მოვლა საგრძნობლად გაადვილდა და ოფთალმოლოგებს მიეცათ საშუალება, პედიატრიული ასაკის პაციენტებში მასობრივად დაენერგათ კონტაქტური კორექცია.

კონტაქტური კორექციის დანიშვნის პირდაპირი სამედიცინო ჩვენებაა ისეთი მდგომარეობა, როდესაც თვალების რეფრაქციათა შორის სხვაობა დიოპტრიაზე მეტია, ანუ როცა მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის საჭირო ლინზებს შორის სხვაობა დიდია და ადეკვატური სათვალის დანიშვნა თითქმის შეუძლებელია.

ასევე შედეგიანია კონტაქტური ლინზების გამოყენება აფაკიის (ბროლის არარსებობა თანდაყოლილი ან შეძენილი კატარაქტის ოპერაციის შემდეგ), მაღალი მიოპიისა და ჰიპერმეტროპიის, ამბლიოპიის ანუ ზარმაცი თვალის დროს.

კონტაქტური ლინზების დანიშვნა სასურველია, როცა პაციენტი სპორტს მისდევს ან ცეკვავს. დაბოლოს, კონტაქტური კორექცია რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომლებსაც სათვალის ტარება არ სურთ.

- რა ასაკიდან შეიძლება ლინზების გამოყენება?

- კონტაქტური ლინზები შეიძლება დაინიშნოს 6-7 წლიდან, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში მათი დანიშვნა 6 თვის ასაკშიც კი შესაძლებელია. ბავშვისთვის კონტაქტური ლინზები უნდა შეარჩიოს მხოლოდ ექიმმა ოფთალმოლოგმა კლინიკის პირობებში.

- რას გვეტყვით ფერად ოპტიკურ ლინზებზე?

- ფერადი ლინზების შერჩევის პროცედურა თითქმის ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივისა, მაგრამ 13-14 წლამდე მათი ტარება რეკომენდებული არ არის.

- ცნობილია, რომ არსებობს თვალის ვარჯიშების სპეციალური სისტემა...

- ნებისმიერი მხედველობითი დატვირთვის დროს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ საჭიროა შესვენება 3-5 წუთით. შესვენების დროს სასურველია მხედველობის ფიქსირება შორეულ საგნებზე. კარგია თვალის მამოძრავებელი კუნთების ვარჯიში: თავის გაუნძრევლად მზერის გადატანა მარცხნივ-მარჯვნივ, ზემოთ-ქვემოთ, შემდეგ - ირიბად, დიაგონალზე. ამის შემდეგ სრულდება წრიული და რვიანისებური მოძრაობები. თავდაპირველად საკმარისია ამ მოძრაობების 2-3 ციკლი დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში. შემდეგ 2 კვირით უნდა შევისვენოთ და კურსი გავიმეოროთ.

- რას გვეტყვით დღის რეჟიმისა და კვების შესახებ?

- მშობლებს ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ, რამდენად დატვირთულია ბავშვის თვალი. აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა. ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში, მინიმუმ 2 მეტრის მანძილზე. პრაქტიკულად იკრძალება კომპიუტერთან მუშაობა. მობილურ ტელეფონზე შეიძლება მხოლოდ საუბარი - არავითარი თამაში, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ასე შემდეგ.

მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე 35 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. აკრძალულია მხედველობის დატვირთვა (კითხვა, ტელევიზორის ყურება) მწოლიარე მდგომარეობაში, ცუდი განათების ქვეშ.

სასარგებლოა ბავშვის გაკაჟება და სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც ნაკლებად მოსალოდნელია თავის ტრავმა. მაგალითად, კარგია მძლეოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა (მაგრამ არა ტრამპლინიდან ხტომა და წყალბურთი).

რაციონში უნდა შედიოდეს თვალებისთვის სასარგებლო სურსათი: ხაჭო, მაწონი, კეფირი, მოხარშული თევზი; ინდაურის, კურდღლის, საქონლის ხორცი და ენა; კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა, კენკრა (შავი მოცვი, მაყვალი) და აუცილებლად - დღეში ერთი ვაშლი მაინც.

ახლომხედველ ბავშვს 5 წლამდე კითხვას ნუ ასწავლით და ნუ მიიყვანთ სკოლაში 7 წლამდე - დადგენილია, რომ 6 წლის პირველკლასელებს შორის მიოპიის გამოვლენისა და პროგრესირების სიხშირე 7 წლისებთან შედარებით 3-ჯერ მეტია.

მისდიეთ თქვენი მკურნალი ექიმის რჩევებს და რეგულარულად ატარეთ ბავშვი კონსულტაციაზე.