თვალის ცალმხრივად და ორმხრივად მიმდინარე დაზიანებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ცალმხრივად და ორმხრივად მიმდინარე დაზიანებანი

არსებობს პათოლოგიები, რომლებიც ცალმხრივად მხოლოდ ერთ თვალს ეხება და მეორე თვალზე არ ვრცელდება. თვალის ცალმხრივად და ორმხრივად მიმდინარე დაზიანებებზე გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი, ნატალია გოგნაძე:

- ქალბატონო ნატალია, უხშირესად რომელი პათოლოგიები აზიანებს თვალს ცალმხრივად?

- თვალს ცალხმრივად ძალიან ბევრი დაავადება აზიანებს. ეს შეიძლება იყოს ტრავმებით, ინფექციებით, გარემოს ზემოქმედებით და უამრავი სხვა მიზეზით გამოწვეული. შეიძლება იყოს ბადურას ჩამოშლა, გლაუკომა, კატარაქტა, თვალის ონკოლოგიური დაავადებები და სხვა.

ბადურას ჩამოშლა - არის მდგომარეობა, როდესაც ბადურა სცილდება სისხლძარღვებს. ბადურა, თავის მხრივ, თვალის ფსკერზე არსებული თხელი ქსოვილია, რომელიც იკვებება სისხლძარღვების საშუალებით. ბადურას ჩამოშლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ასაკის მატება, ტრავმა, ახლომხედველობა, ონკოლოგიური დაავადებები და სხვა. თვალზე ბადურას ჩამოშლისას ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ბადურა მეორე თვალზეც ჩამოიშალოს.

გლაუკომა - დაავადებათა კომპლექსია, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალშიდა წნევის მატება. გლაუკომის დროს ირღვევა თვალის კაკალში არსებული სითხის მოძრაობის ბალანსი, გროვდება ჭარბი რაოდენობით სითხე და ამის ფონზე იზრდება თვალშიდა წნევა, ირღვევა თვალის სისხლით მომარაგება და ზიანდება ოპტიკური ნერვი. გენეტიკურად გლაუკომის რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის საჭიროა თვალის წნევის მუდმივი კონტროლი. გლაუკომა შესაძლებელია განვითარდეს - თვალის ტრავმის შედეგად, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან, 60 წელს გადაცილებულებთან (იშვიათ შემთხვევებშინ - ახალგაზრდა ასაკშიც). გლაუკომის მიზეზით დაქვეითებული მხედველობა აღდგენას არ ექვემდებარება.

კატარაქტა არის თვალის ბროლის შემღვრევა. კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და ხანგრძლივად მიღებულმა მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა, ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება შემდეგი ფაქტორების ხელშეწყობით: შაქრიანი დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა და ა.შ. კატარაქტა ერთი თვალიდან მეორეზე არ გადადის, მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც ერთ თვალში მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, თითქმის ყოველთვის იწვევს მეორე თვალის დაზიანებასაც.

თვალის ონკოლოგიური დაავადებები - არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პათოლოგია ოფთალმოლოგიაში. გვხვდება როგორც თვალის, ასევე თვალის დანამატი ორგანოების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიანი სიმსივნეები გამოირჩევიან ნელი ზრდით, ირგვლივ მდებარე ქსობილებს არ აზიანებენ და სხვა ორგანოებში არ მეტასტაზირებენ. ავთვისებიანი სიმსივნეები სწრაფად იზრდებიან, აზიანებენ ირგვლივ მდებარე ქსოვილებს და მეტასტაზირებენ. ნებისმიერი ტიპის წარმონაქმნი თვალისა თუ მის დანამატ ორგანოებში საჭიროებს დროულ კონსულტაციას ექიმ ონკოოფთალმოლოგთან. ამ ტიპის დაავადებათა ეტიოლოგია, საზოგადოდ, ონკოლოგიაში მრავალფეროვანია.

- რომელი პათოლოგიები აზიანებს ორივე თვალს ერთდროულად? პათოგენეზურად რატომ ხდება ორმხირვად თვალების დაზიანება, რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს და რატომ არის ძირითადად ეს პათოლოგიები ორივე თვალზე?

- არსებობს თვალის მრავალი პათოლოგია, რომელიც ერთდროულად იწყება ორივე თვალზე, ან იწყება ერთ თვალზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაავადება ვრცელდება მეორე თვალზეც. ასეთი დაავადებების მოკლე ჩამონათვალია ალერგიული, ბაქტერიული და ვირუსული კონიუნქტივიტები, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია.

კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის - კონიუნქტივას - ანთებაა. იგი ალერგიულ-ინფექციური ან ვირუსით გამოწვეული დაავადებაა. ალერგიული კონიუნქტივიტი უმეტესად იწყება ორივე თვალზე ერთდროულად, რადგან ეს არის სისტემური პათოლოგია. ბაქტერიული კონიუნქტივიტი შეიძლება დაიწყოს ერთ თვალზე და რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს მეორე თვალზე, რაც დიდწილად უკავშირდება ჰიგიენური ნორმების დაუცველობას. ვირუსული კონიუნქტივიტი შეიძლება დაიწყოს ერთდროულად ორივე თვალზე ან მოგვიანებით გამოვლინდეს მეორე თვალზეც. კონიუნქტივიტი შეიძლება გამოვლინდეს თვალების წვით, ქავილით, შეშუპებით და სხვა...

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია მაკულაში მიმდინარე ქრონიკული დეგენერაციული პროცესია, ანუ ამ დროს თანდათან ზიანდება მაკულა. მაკულა თვალის ბადურას ცენტრში მდებარეობს და ოვალური ფორმის ყვითელი უბანია, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ ხედვაზე და ფერების აღქმაზე. მაკულის დეგენერაციის ორი ფორმა არსებობს: მშრალი და სველი. მშრალი მაკულური დეგენერაციის დროს მაკულა თხელდება მისი უჯრედების განლევასთან ერთად. ამ შემთხვევაში დაავადებამ შეიძლება ორივე თვალი დააზიანოს. ბადურაზე არ აღინიშნება სისხლდენა ან სითხის ჟონვა. სველი დეგენერაციის დროს მაკულის ქვეშ ახალი სისხლძარღვები ვითარდება. მათგან შესაძლოა სისხლი და სითხე გამოიჟონოს და ბადურას ქვეშ დაგროვდეს. მისგან ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. სველი ფორმა თავდაპირველად ერთ თვალს აზიანებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ორივე თვალი შეიძლება მოიცვას.

დიაბეტური რეტინოპათია ბადურას სისხლძარღვების დაზიანებაა, რასაც სისხლში გლუკოზის მაღალი დონე იწვევს. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარღვები შუპდება. შედეგად ფერხდება სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობა და ზიანდება ბადურა. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის სიმახვილის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება. შესაძლებელია მხედველობის უეცარი დაკარგვაც.

- რა არის ასტიგმატიზმი, როგორ ვლინდება ის, რა საშიშროებას უქმნის ადამიანს, როგორ დიაგნოსტირდება, რას მოიცავს მისი მკურნალობა?

- ასტიგმატიზმი არის თვალის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც რქოვანას სიმრუდე დარღვეულია, მას სფერული ფორმა აღარ აქვს, რის გამოც გარდატეხილი სინათლის სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, რაც იწვევს მხედველობის დაბინდვას. რაც უფრო მაღალია ასტიგმატიზმის ხარისხი, მით უფრო დაქვეითებულია მხედველობა. ასტიგმატიზმი შესაძლებელია შემდეგი სიმპტომებით გამოვლინდეს: ფოკუსირების გაძნელებით, საგნების დამახინჯებული აღქმით, თავის ტკივილით, თვალის სწრაფი დაღლით და ა.შ.

ასტიგმატიზმი შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი ასტიგმატიზმი უმეტესად გვხვდება თვალის ტრავმების დროს. ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, შესაძლებელია განაგრძოს პროგრესირება და გამოიწვიოს სერიოზული გართულება, კერძოდ, მხედველობის მკვეთრი დაქვეითება.

ასტიგმატიზმის დიაგნოსტირება ხდება ოფთალმოლოგთან თვალის კლინიკური რეფრაქციის გამოკვლევით. მისი მკურნალობა დამოკიდებულია ასტიგმატიზმის ხარისხზე. ასტიგმატიზმის კორექცია შესაძლებელია კონტაქტური ლინზით, სათვალით, ლაზერული კორექციით და ქირურგიული მეთოდით.