როგორი უნდა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის ეფექტური კომუნიკაცია ოფთალმოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის ეფექტური კომუნიკაცია ოფთალმოლოგიაში

წარსულშიც და დღესაც ეს ურთიერთობები არ არის მარტივი, ვინაიდან სამედიცინო საქმიანობის მთავარი მახასიათებელი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ექიმს აკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობის საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-ოფთალმოლოგი ლიკა გურგენიძე.

– ქალბატონო ლიკა, რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა?

– პაციენტი, რომელსაც აქვს მხედველობის ორგანოს დაავადებები, დაზიანება, სიბრმავე ან ემუქრება ქმედუუნარობის საფრთხე, საჭიროებს მედპერსონალისაგან განსაკუთრებული ყურადღებით, ფრთხილ და ფაქიზ მიდგომას! დეონტოლოგიისა და ბიოეთიკის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მიერ შემუშავდა მორალური კოდექსი, რომლის საფუძველზეც ოფთალმოლოგთა საერთაშორისო საბჭომ განსაზღვრა პროფესიული საქმიანობის მორალური პრინციპები და სტანდარტები. ექიმ-ოფთალმოლოგებისათვის ეს სტანდარტი არის სახელმძღვანელო პროფესიული საქმიანობისას შექმნილი დილემის ან ეთიკური პრობლემების გადასაჭრელად.

ექიმის ნებისმიერ საქმიანობას საფუძვლად უნდა დაედოს ცნობილი ჰიპოკრატული პრინციპი „არ ავნო“ და პარაცელსის პრინციპი „ჰქმენი სიკეთე“. ექიმისა და პაციენტის კომუნიკაცია უნდა იყოს მეგობრული, ნდობითა და პატივისცემით გამსჭვალული, რადგან პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია მკურნალობის პროცესის წარმატებისა და ეფექტურობისთვის. ამავდროულად, ექიმის გულგრილობა ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პაციენტის მიმართ შეიძლება იყოს იატროგენული დაავადების გამომწვევი მიზეზი.

„არ ავნო“, ანუ არ მიაყენო ზიანი პაციენტს, ლოგიკურად წარმოშობს კითხვას – რა სახის ზიანი შეიძლება მივაყენოთ პაციენტს სამედიცინო მომსახურების პროცესში?

1. უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, როდესაც ექიმი უარს აცხადებს დახმარების აღმოჩენაზე. ამ ტიპის ზიანი მიეკუთვნება ყველაზე სერიოზულ გადაცდენას, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მორალურ გმობას, არამედ სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც;

2. დაუდევრობით და წინასწარ განზრახვით მიყენებული ზიანი. მაგ. ეგოისტური მიზნით ან შურისძიებით. ამ ტიპის ზიანი განსაზღვრავს ყველა სახის პასუხისმგებლობას;

3. ზიანი, რომელიც განპირობებულია არასწორი მოქმედებითა და არაკვალიფიციურობით. ეს არის მედპერსონალის პროფესიული გადაცდომით მიყენებული ზიანი. გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის ხარისხის მიხედვით.

4. მოცემულ სიტუაციაში ობიექტური, აუცილებელი ქმედებით განპირობებული ზიანი. პრაქტიკულად ამ სახის ზიანს ვხვდებით მუდმივად, თუმცა, ეს არის ზიანის ის ფორმა, როცა არ დგება პასუხისმგებლობა!

პირველი სამი სახის ზიანი ცხადად მიუთითებს მედპერსონალის პროფესიულ არაკომპეტენტურობას. ამასთან, ზიანის გარკვეულ ფორმად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ ექიმთან პაციენტის თითოეული ვიზიტი ზრდის პაციენტისადმი მიყენებული ზიანის ალბათობას, რადგანაც ექიმთან ვიზიტი საჭიროებს დროის ხარჯვას, ასევე გულისხმობს მატერიალურ ხარჯებსაც, რაც ადამიანს შეეძლო დაეხარჯა სხვა მიმართულებით. ექიმი რეკომენდაციას უწევს ცხოვრების გარკვეულ რეჟიმს, რაც ზღუდავს პიროვნების ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, მის თავისუფლებას, თუ საჭირო ხდება მისი ჰოსპიტალიზაცია. დაავადების შესახებ ინფორმაციაც შესაძლოა იყოს ზიანის მომტანი, განსაკუთრებით, თუ პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ინფორმაციის დამალვა ან ზედმეტად გულახდილი კომუნიკაციაც შესაძლოა გახდეს საზიანო. თუ მოვატყუებთ პაციენტს, ვლახავთ მის ღირსებას.

სწორი და მართალი ინფორმაციის მიწოდებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ემოციური მდგომარეობა. ექიმის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დარღვევა, ინფორმაციის გამჟღავნება, ასევე საზიანო შეიძლება გახდეს.

„ჰქმენი სიკეთე“ – ეს პრინციპი ასახავს მორალურ სტანდარტებს და ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში პირველად ჩამოაყალიბა ექიმმა პარაცელსმა, რითაც პაციენტის განკურნების ეთიკურ პრინციპს საფუძვლად დაუდო ქრისტიანული იდეა – გიყვარდეს მოყვასი შენი ისე, როგორც თავი შენი. მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სიყვარულია. პარაცელსის პრინციპი – ეს არის საექიმო ეთიკის ის ფორმა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიაა მკურნალობის პროცესში. პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, პაციენტში ნდობის დამყარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. თუ ჰიპოკრატული მოდელი ეყრდნობა სოციალურ ფაქტორებს, პარაცელსის მოდელში აქცენტი კეთდება პიროვნების ფსიქოემოციურ თავისებურებებსა და ექიმ-პაციენტს შორის სულიერ კონტაქტზე.

– პროფესიულ წრეებში ხშირად საუბრობენ სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხებზე. ამ თვალსაზრისით როგორი უნდა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის სტანდარტი?

– სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის შესახებ საუბრისას გავიხსენებ წმინდა ლუკას სიტყვებს: „ექიმისადმი ნდობა ან უნდობლობა განსაზღვრავს დაავადების შედეგს“.

„თუ პაციენტი ექიმთან საუბრის შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობს, ის არ არის ექიმი“ – ასე შეაფასა ექიმის ეთიკური პასუხისმგებლობა აკადემიკოსმა ბეხტერევმა. საექიმო საქმიანობა მოითხოვს მაღალ მორალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც რეგულირდება იურიდიული სტანდარტებით. თავის მხრივ კი, ექიმის საქმიანობის მარეგულირებელ ყველა სამართლებრივ ნორმას აქვს ღრმა მორალური საფუძველი.

სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის ძირითადი პრინციპებია:

  • ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა;
  • პაციენტის ინფორმირებულობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • ჰუმანური დამოკიდებულება პაციენტის მიმართ;
  • პაციენტის – ადამიანის ღირსების პატივისცემა;
  • პაციენტისთვის მორალური და ფიზიკური ზიანის პრევენცია;
  • პაციენტის უფლებების დაცვა სამედიცინო ჩარევების ჩატარებაზე ან მასზე უარის თქმის შემთხვევაში;
  • პაციენტის ავტონომიის პატივისცემა;
  • პროფესიული საიდუმლოების დაცვა;
  • სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვა;
  • პროფესიული კომპეტენციის მაღალი დონის შენარჩუნება;
  • კოლეგების პატივისცემა.

სამედიცინო დეონტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა პაციენტის შესახებ ინფორმაციის შენახვა (საექიმო საიდუმლოება), რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის მორალური ტანჯვა და სიკვდილიც კი. პაციენტის შესახებ ინფორმაციის შენახვის აუცილებლობა განპირობებულია ასევე კანონმდებლობით.

საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმი ხელმძღვანელობს:

  • ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონით;
  • პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტით;
  • სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსით;
  • იუნესკოს უნივერსალური დეკლარაციით ბიოეთიკისა და მედიცინის შესახებ.

ამრიგად, სამედიცინო პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამედიცინო ეთიკა არის პროფესიული საქმიანობისა და პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი, ხოლო მედიცინის ეთიკური ტრადიციების დაცვა – სამედიცინო დეონტოლოგიის მთავარი ამოცანა.

ექიმის ზნეობრივ თვისებებსა და პროფესიულ პასუხისმგებლობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საექიმო საქმიანობის განხორციელებისას! ოფთალმოლოგიური დეონტოლოგია ყველაზე მგრძნობიარე ბარომეტრია ექიმის ამ თვისებების შესამოწმებლად!