ქალთა სქესობრივი პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალთა სქესობრივი პრობლემები

ფიზიკური პრობლემები

მრავალმა ფიზიკურმა და სამედიცინო მდგომარეობამ შესაძლოა სქესობრივი ხასიათის პრობლემებამდე მიგვიყვანოს. სქესობრივი დისფუნქცია არცთუ იშვიათია დიაბეტის, გულის დაავადებების, ნევროლოგიური პრობლემების, ჰორმონული დისბალანსისა და მენოპაუზის დროს; ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორებიცაა თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, ასევე - ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მათ შორის - ანტიდეპრესანტებიც, გავლენას ახდენს სქესობრივ სურვილებსა და ფუნქციაზე.

ფსიქოლოგიური მიზეზები

ასეთი მიზეზებია სტრესი და შფოთვა, რომლებიც სამუშაოსთან არის დაკავშირებული, მღელვარება საკუთარი სქესობრივი შესაძლებლობების გამო, ურთიერთობის პრობლემები, დეპრესია, დანაშაულის განცდა და წარსულში გადატანილი სქესობრივი ტრავმების შედეგები. გთავაზობთ ქალთა შედარებით ფართოდ გავრცელებული სქესობრივი პრობლემების ჩამონათვალს, რომლებსაც სქესობრივი დისფუნქცია მოჰყვება.

  • სქესობრივი სურვილების დათრგუნვა. ეს პრობლემა მოიცავს სქესობრივი სურვილის ნაკლებობას ან სექსისადმი ინტერესის უქონლობას. სურვილის დათრგუნვაში შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა შეიტანოს წვლილი, მათ შორის - ჰორმონულმა ცვლილებებმა, სამედიცინო მდგომარეობამ და მისმა მკურნალობამ (მაგალითად, კიბომ და ქიმიოთერაპიამ), დეპრესიამ, ორსულობამ, სტრესმა და დაღლილობამ, ცხოვრების წესმა - კარიერამ და ბავშვების მოვლამ, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მოწყენამ და სხვა.
  • აღგზნების შეუძლებლობა. სქესობრივი აქტიურობისას ფიზიკური აღგზნების შეუძლებლობა ხშირად იწვევს ვაგინალური სეკრეტის უკმარისობას. აღგზნების შეუძლებლობა შესაძლოა უკავშირდებოდეს შფოთვას ან არაადეკვატურ სტუმულაციას. გარდა ამისა, მეცნიერები შეისწავლიან რამდენიმე პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის ნაკადის ცვლილებებთან, რაც გავლენას ახდენს საშოსა და კლიტორზე.
  • ორგაზმის განცდის შეუძლებლობა (ანორგაზმია). ამის მიზეზად შესაძლოა იქცეს სქესობრივი დათრგუნულობა, გამოცდილებისა და ცოდნის უქონლობა, ისეთი ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა დანაშაულის განცდა, შფოთვა, წარსულში გადატანილი სქესობრივი ტრავმა ან ძალადობა. ანორგაზმიის განმაპირობებელი სხვა ფაქტორებია არასაკმარისი სტიმულირება, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი და ქრონიკული დაავადებები.
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი. სქესობრივი აქტის დროს ტკივილი შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის - ენდომეტრიოზით, მცირე მენჯის სიმსივნური წარმონაქმნით, საკვერცხეების კისტით, ვაგინიტით, ვაგინალური სეკრეტის არასაკმარისი გამოყოფით, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ დარჩენილი ნაწიბუროვანი ქსოვილით ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ვაგინიზმი - საშოს შესასვლელის ირგვლივ არსებული კუნთების მტკივნეული სპაზმი, რომლის დროსაც სქესობრივი აქტის განხორციელება შეუძლებელი ხდება. მისი მიზეზია სქესობრივი ფობია, წარსულში გადატანილი ტრავმა ან მტკივნეული გამოცდილება.


როგორ დიაგნოსტირდება ქალთა სქესობრივი პრობლემები

ექიმი, წესისამებრ, ფიზიკური კვლევით იწყებს და გულდასმით სწავლობს დაავადების სიმპტომებს. შესაძლოა დასჭირდეს გინეკოლოგიური დათვალიერებაც რეპროდუქციული ორგანოების ჯანმრთელობის შესაფასებლად და პაპანიკოლაუს ტესტის ჩატარება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში არსებული ცვლილებების გამოსავლენად. გარდა ამისა, მან შესაძლოა დანიშნოს სხვა გამოკვლევებიც იმ სამედიცინო პრობლემების გამოსარიცხად, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვს ამ პრობლემის წარმოქმნა-არსებობაში. სექსისადმი თქვენი დამოკიდებულება, ასევე - სხვა ისეთი ფაქტორების არსებობა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვითარებაზე (შიში, შფოთვა, წარსულში გადატანილი სქესობრივი ტრავმა/ძალადობა, ურთიერთობის პრობლემები, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და სხვა) ექიმს პრობლემის სიღრმისეული მიზეზების გარკვევაში და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაში ეხმარება.

როგორ მკურნალობენ

სქესობრივი პრობლემების მკურნალობის იდეალური ვარიანტი მკურნალობისადმი ჯგუფური მიდგომაა, რომელშიც ერთად მონაწილეობენ პაციენტი, ექიმი და საგანგებოდ განსწავლული თერაპევტები და ფსიქოლოგები. სქესობრივი პრობლემების უმრავლესობის კორექტირება შესაძლებელია იმ ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემების მკურნალობით, რომლებიც სქესობრივი დისფუნქციის მიზეზად იქცა. მკურნალობის სხვა სტრატეგიები მოიცავს ინფორმაციის მიღებას (სწავლას), სტიმულაციის გაუმჯობესებას, დისტრაქციის ტექნიკის შესწავლას (შფოთვის მოსახსნელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეროტიკული ან არაეროტიკული ფანტაზიები, მუსიკა, ვიდეოფილმები და სხვა), არაკოიტალური ქცევის სტიმულაციას (მაგალითად, მასაჟმა შესაძლოა გააუმჯობესოს პარტნიორების ურთიერთობა და მეტი კომფორტი შესძინოს არასქესობრივ ურთიერთობას), ტკივილის მინიმუმამდე დაყვანას და სხვა.

იკურნება თუ არა სქესობრივი პრობლემები?

სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობის წარმატება მისი მიზეზის სიღრმისეულ გაგებაზეა დამოკიდებული. წარმატებით იკურნება სქესობრივი პრობლემები, რომლებიც განკურნებად ან აღდგენად ფიზიკურ მდგომარეობებს უკავშირდება. მცირე დისფუნქცია, რომელიც შიშით, შფოთვით ან სტრესით არის განპირობებული, იოლად აღმოიფხვრება ექიმის კონსულტაციის, განათლების ან პარტნიორების ურთიერთობის გაუმჯობესების შედეგად.

როგორ მოქმედებს ჰორმონები სქესობრივ ფუნქციაზე

ჰორმონები დიდ გავლენას ახდენს ქალის სქესობრივი ფუნქციის რეგულირებაზე. ქალური ჰორმონის, ესტროგენის, დონის კლებისას, რაც დაბერებასა და მენოპაუზასთან არის დაკავშირებული, მრავალ ქალს ეცვლება სქესობრივი ფუნქცია, უქვეითდება საშოს სეკრეტის გამომუშავება და გენიტალური მგრძნობელობა. მკვლევრები დღემდე შეისწავლიან ჰორმონებისა და სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობას ქალთა სქესობრივი პრობლემების სამკურნალოდ.

რა გავლენას ახდენს სქესობრივ ფუნქციაზე ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა)

საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ მრავალი ქალი განიცდის სქესობრივი ფუნქციის ცვლილებას - სურვილის დაკარგვას, ვაგინალური სეკრეტის გამომუშავების შემცირებას და გენიტალიების მგრძნობელობის დაქვეითებას. ყოველივე ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ჰორმონული ცვლილებებით, რომლებიც საშვილოსნოს ამოკვეთის შედეგად წარმოიშობა. გარდა ამისა, ჰისტერექტომიის პროცესში შესაძლოა დაზიანდეს ის ნერვები და სისხლძარღვები, რომლებიც აუცილებელია სქესობრივი ფუნქციის განსახორციელებლად.

რა გავლენას ახდენს მენოპაუზა

ესტროგენის დონის დაქვეითება, რაც თან ახლავს მენოპაუზას, დიდ გავლენას ახდენს ქალის სქესობრივ ფუნქციაზე. ამ პროცესის თანმხლები ემოციური ცვლილებები ხშირად სექსისადმი ინტერესის დაკარგვას იწვევს. იკლებს საშოს სეკრეტის რაოდენობაც. ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია და ვაგინალური ლუბრიკანტები არცთუ იშვიათად აუმჯობესებს მდგომარეობას, ზრდის საშოს სეკრეტის გამოყოფას და გენიტალურ მგრძნობელობას, რომელთა დაქვეითებამ სექსის დროს შესაძლოა საგრძნობი პრობლემები წარმოშვას. საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი ქალი მენოპაუზის შემდგომ ასაკში სქესობრივი დაკმაყოფილების გაუმჯობესებას აღნიშნავს. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ორსულობის შიშის გაქრობით, რაც მათ მოდუნებისა და სქესობრივი სიამოვნების მიღების მეტ შესაძლებლობას აძლევს.

როდის უნდა მიმართოს ქალმა ექიმს

დროდადრო ბევრი ქალი უჩივის სქესობრივ პრობლემებს, მაგრამ თუ ამ პრობლემებმა მუდმივი ხასიათი მიიღო, შესაძლოა, ეს ნეგატიურად აისახოს სქესობრივ ურთიერთობაზე. თუ მუდმივად განიცდით სქესობრივი ხასიათის პრობლემებს, ჯობს, გვერდზე გადადოთ სირცხვილი და დროულად მიმართოთ ექიმს, რომელიც მიზეზების გარკვევაში დაგეხმარებათ და მკურნალობის მეთოდს შეგირჩევთ. გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე მიმართავთ სპეციალისტს, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.