ალკოჰოლი და სქესობრივი ცხოვრება
აქედან გამომდინარე, ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ მართლაც შეიძლება ის პრობლემა გამოიწვიოს, რომელზეც კითხვაშია საუბარი, თუმცა სხვა მიზეზების გამოსარიცხად მაინც ჯობს სექსოლოგს მიმართოთ. ახლა კი უფრო ფართოდ განვიხილოთ საკითხი, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებისა და სქესობრივი ცხოვრების კავშირს შეეხება. ბევრი სექსოლოგი სქესობრივი ურთიერთობის დროს ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოსახსნელად პაციენტს დალევას ურჩევს. დაძაბულობას კი უამრავი რამ იწვევს. წარმოიდგინეთ პირველი სქესობრივი სიახლოვე: პარტნიორები შებოჭილები არიან, ქალს ტკივილისა ეშინია, მამაკაცს - ხელის მოცარვის და ეს შიში არცთუ იშვიათად თვითონვე უწევს პროვოცირებას წარუმატებლობას და ტკივილს, მერე კი ეს ყველაფერი შეიძლება კომპლექსში გადაიზარდოს და უამრავი უსიამოვნება და იმედგაცრუება მოუტანოს ადამიანს. თუმცა აქ სხვა საფრთხეც იმალება: ქალმაც და მამაკაცმაც შეიძლება ირწმუნონ, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ალკოჰოლური თრობის დროს შეუძლიათ. ამ შეცდომასაც აუცილებლად მოჰყვება პრობლემები. არსებობს მითი, რომ ალკოჰოლი ქალს სექსუალობას მატებს. სინამდვილეში ალკოჰოლის გავლენით ქალი უფრო ხელმისაწვდომი და გახსნილი ხდება, უქრება სირცხვილის გრძნობა, უძლიერდება ლიბიდო - სქესობრივი მიზიდულობა და სქესობრივი კმაყოფილების შეგრძნება. რაკი "მუხრუჭები მოშვებულია", ის უფრო მეტად აქტიურობს სქესობრივი ურთიერთობის დროს. მაგრამ სქესობრივი კმაყოფილების მიღწევა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად ძნელდება, საჭირო ხდება უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ამიტომ ქალი ეძებს მოფერების უფრო დახვეწილ მეთოდებს, ხოლო პარტნიორისგან უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს, ინტიმურ სიახლოვემდე კი უფრო და უფრო მეტი ალკოჰოლის მიღება სჭირდება, რომ გათამამდეს. ერთი სიტყვით, ქალებს, რომლებიც სვამენ, სქესობრივი ცხოვრების მექანიზი მთლიანად ენგრევათ. ასე რომ, სექსუალურობასთან ალკოჰოლს არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ყველაფერი მამაკაცსაც ეხება. თუ სქესობრივი აქტის წინ "დოზის მიღებას" მიეჩვია, ალკოჰოლის გარეშე "საწოლში წარმატება" ვეღარც კი წარმოუდგენია. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაინც რამდენი ალკოჰოლია საჭირო, რომ დაძაბულობა მოიხსნას, მაგრამ არ დავთვრეთ? საერთოდ, საჭიროა თუ არა სქესობრივი აქტის წინ დალევა? ამ კითხვებზე ყველამ თავად უნდა უპასუხოს, ანდა სექსოლოგისა თუ ფსიქოთერაპევტისგან მიიღოს რჩევა. თუ მაინც გადაწყვიტეთ, სქესობრივი აქტის წინ ცოტაოდენი ალკოჰოლი მიიღოთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა დალიოთ და როგორ. პირველი შეხვედრის დროს ყველაფერს შამპანური სჯობია. ეს სადღესასწაულო, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი შუშხუნა ღვინო თავად აყენებს ადამიანებს განსაკუთრებულ ხასიათზე, შეხვედრას ემოციურობას მატებს. კარგია ხარისხიანი, ძვირფასი ღვინოც. გარდა იმისა, რომ ღვინოში (არა შემაგრებულში) ალკოჰოლი ნაკლებია და თრობა საკმაოდ გვიან დგება, ეს სასმელი ისეთ სასარგებლო ექსტრაქტულ ნივთიერებებსაც შეიცავს, რომლებიც აქტის დროს ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ღვინო ერთგვარი რიტუალური სასმელია. ის მოითხოვს ყვავილებს, სანთლებს, ლამაზ ბოკლებს, მუსიკას, სპეციფიკურ განათებას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სქესობრივი კონტაქტის წინ ღვინო უკუნაჩვენებია. თუ ადამიანი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული ან გულ-სისხლძარღვთა სისტემა არ აქვს წესრიგში, ღვინის ექსტრაქტულმა ნივთიერებებმა შესაძლოა სისხლის მოწოლა, სისუსტე და სხვა არასასიამოვნო და საშიში რეაქციები გამოიწვიონ, ამ დროს კი სქესობრივ კონტაქტზე ლაპარაკიც ზედმეტია... ღვინის ნაცვლად ვერმუტიც შეიძლება დავლიოთ, მაგრამ ეს სასმელი იმით არის საშიში, რომ ის, არაყივით, მანამდე შეიძლება სვა, სანამ არ წაგაქცევს, აი, წაქცევა კი შეიძლება ყველაზე შეუფერებელ მომენტში მოხდეს... ბევრი არაყს ამჯობინებს, მაგრამ ამ სასმელს ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეთ. გახსოვდეთ, არაყს, რომელიც წყალში გახსნილი სუფთა ალკოჰოლია, ეიფორიული განწყობიდან მალე გადავყავართ ალკოჰოლურ თრობაში. ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ერთმა ჭიქამაც კი შეიძლება დაათროს. ქალებს, რომლებიც არაყს არიან მიჩვეულნი, ძალიან უჭირთ ამ მომენტის დაჭერა, სიმთვრალეში კი ჯანსაღ სექსზე ლაპარაკიც ზედმეტია. საერთოდ, არაყი მძიმე სასმელია, რომელიც სწრაფად იწვევს თრობას, ამიტომ ურთიერთობაც უფრო ხისტი და ნაკლებად რომანტიკული იქნება. ჩვეულებრივ, არაყს ის ადამიანები სვამენ, რომლებიც დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. ისინი ენდობიან პარტნიორს და რომანტიკა სულაც არ სჭირდებათ, ორივე თავისი საქმით არის დაკავებული... აი, ლუდი კი სმის სრულიად სხვა კულტურაა. განსაზღვრული რაოდენობით მისი მიღება სასარგებლოც კია. გარდა ამისა ეს სასმელი ახალგაზრდულია, მხიარული, კოლექტიური. პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდა სვამს ლუდს, განსაკუთრებით - გაზაფხულზე და ზაფხულში, ბალახზე წამოწოლილი, სიამოვნებით ითხოვენ ამ სასმელს დისკოთეკებზე, წვეულებებზე. ალკოჰოლის მცირე შემცველობა, ვიტამინები, ამინმჟავები, "სმის" ხანგრძლივობა, რომელიც ადამიანებს უფრო მეტად აახლოებს, ურთიერთობის ფსიქოლოგიური პრობლემების მოხსნის შესაძლებლობას იძლევა. ადამიანი მხნედ გრძნობს თავს, ფიზიკურად და ფსიქიკურად მზად არის სქესობრივი ურთიერთობისთვის. ყოველივე ამას ხელს უწყობს მეგობრებთან მხიარული დროსტარებისას მიღებული ემოციებიც. თუმცა არც ამ დროს დაკარგოთ ზომიერების გრძნობა. სიმძიმე, რომელიც კუჭში დიდი რაოდენობით სასმლის მიღების შემდეგ ჩნდება, შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება და, ბოლოს, ლუდით თრობა ნამდვილად არ უწყობს ხელს ჯანმრთელ სქესობრივ ურთიერთობას. არც ის დაივიწყოთ, რომ ბევრი ლუდი ბევრი სითხეა, სავსე შარდის ბუშტი კი რომანტიკულ გრძნობებს და, მით უმეტეს, სურვილს, არ იწვევს - ერთადერთი, რაზეც ამ დროს ადამიანი ფიქრობს, საპირფარეშომდე მისწრებაა... სქესობრივი აქტის შემდეგ კარგია ერთი სირჩა ხარისხიანი კონიაკი. ეს სასმელი იმ ნივთიერებებით არის მდიდარი, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ხსნის დაღლილობის შეგრძნებას. კონიაკის არომატი, მისი ფერი, გემო, კონსისტენცია კარგ მატონიზებელ ეფექტს ახდენს - არა მარტო ბიოლოგიურს, არამედ ფსიქოლოგიურსაც. ასე რომ, სექსის პრელუდია ჯობს ღვინით დაიწყოთ, ხოლო აქტს წერტილი კარგი კონიაკით დაუსვათ. ალბათ, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ აფროდიზიაკებზეც - მატონიზებელ პრეპარატებზე, რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში - "ინტიმ-სალონებსა" თუ "სექს-შოპებში" და აფთიაქებშიც იყიდება. აფროდიზიაკები წამლები არ არის. მათ შემადგენლობაში შედის ბალახები და საკვები დანამატები, ანდა სამკურნალო საშუალებები მინიმალური კონცენტრაციით, რომელიც ფარმაცევტულ, სამკურნალო ეფექტს არ ახდენს. აფროდიზიაკებს ჯანმრთელ ადამიანებს უნიშნავენ ემოციური ტონუსის მოსამატებლად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სექსუალურ რეაქციებზეც ახდენენ გავლენას. მათი მიღება ნებისმიერ სასმელთან ერთად შეიძლება. მაგრამ სასურველია, სასმელი ნაკლებალკოჰოლიანი იყოს. ამით ორი პრობლემა იჭრება: იხსნება ფსიქოლოგიური დაძაბულობა და იმატებს ტონუსი. მაგრამ ამ დროსაც ყურადღებით უნდა იყოთ და ზომიერება დაიცვათ, თორემ შეიძლება ისეთი კაზუსის მსხვერპლიც აღმოჩნდეთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ერთ-ერთ სექსშოპში: მეუღლეებმა ერთ-ერთი აფროდიზიაკი შეიძინეს და მეორე დღეს "საჩივრის წიგნი" მოითხოვეს - არ დაგვეხმარაო. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ათი წვეთი აფროდიზიაკის მაგივრად, რომელიც ერთ ჭიქა მშრალ ღვინოში ან სუსტ კოქტეილში უნდა გაეხსნათ, მათ ნახევარი ფლაკონი სირჩა არაყში ჩაასხეს და... ღრმად ჩაეძინათ. მერე იგივე ცდა კიდევ ერთხელ გაიმეორეს - რა თქმა უნდა, იმავე შედეგით, ანუ უშედეგოდ... დასასრულ, იმასღა დავამატებთ, რომ ალკოჰოლის მიღება სქესობრივი ურთიერთობისთვის წესად არ უნდა იქცეს, ხოლო თუ ალკოჰოლური სასმელების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა შეუძლებელი ხდება, მაშინ ქალმაც და მამაკაცმაც აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, იმიტომ რომ ასეთი რამ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემაზე მიუთითებს, რომლის არსის გარკვევა მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს. კიდევ ერთი: რამდენიც არ უნდა დალიოთ, ალკოჰოლი ვერასდროს შეცვლის პარტნიორის ჭეშმარიტ გრძნობას