ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფქოდ შრომისუუნარობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია, ხოლო სიკვდილის მიზეზთა ნუსხაში, ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს. ამ დიაგნოზს საკმაოდ ხშირად სვამენ, მაგრამ ბევრმა ავადმყოფმა არც კი იცის, რომ ავადაა. ამის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

ფქოდ ნელა ვითარდება. ის უმეტესად შუახნის ან ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს, თანდათან მძიმდება და პაციენტს ყოველდღიური აქტივობის უნარს ართმევს. მძიმე შემთხვევებში შეუძლებელი ხდება სიარული, სადილის მომზადება, თავის მოვლა.

სამწუხაროდ, ფქოდ დღესდღეობით არ იკურნება, ექიმებმა არ იციან, როგორ დაიცვან პაციენტი ფილტვის დაზიანებისგან, თუმცა მკურნალობასა და ცხოვრების წესის დროულ ცვლილებას შეუძლია, თავი უკეთ გვაგრძნობინოს, გაგვააქტიუროს, მდგომარეობის გაუარესება შეაფერხოს. ამისათვის კი აუცილებელია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა.

როგორ ამოვიცნოთ ფქოდ?

განსაზღვრულ ეტაპამდე ავადმყოფობა შესაძლოა უსიმპტომოდ ან თითქმის შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარეობდეს, მერე კი თავს იჩენს:

  • ხანგრძლივი ხველა, ხველა უხვი ნახველით;
  • სუნთქვის გაძნელება ანუ ქოშინი, განსაკუთრებით - ფიზიკური აქტივობის დროს;
  • ხიხინი (სტვენის მსგავსი ხმიანობა სუნთქვისას), განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • გულმკერდის შებოჭილობის შეგრძნება.

ფქოდ-ის დროს უფრო ხშირია “გაციების” სიმპტომები.

რასაკვირველია, ყველას, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს უჩივის, ფქოდ არ აქვს. არც ფქოდ-ით დაავადებულ ყველა პაციენტს გამოაჩნდება ერთდროულად დაავადების ნიშნები. ფქოდ-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ზოგ სხვა დაავადებასაც ახასიათებს. ექიმი სათანადო კვლევით აზუსტებს დიაგნოზს, ამიტომ გირჩევთ, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას დროულად მიმართოთ ექიმს.

ექიმთან ბევრი დაგვიანებით მიდის. მიზეზი მარტივია: ფქოდ ხშირია მწეველებს შორის, ამიტომ მისთვის დამახასიათებელ ხველასა და ნახველს მწეველობის თანმხლებ ჩვეულ მოვლენებად მიიჩნევენ და არა ავადმყოფობის სიმპტომებად, არამწეველები კი ხველასა და ნახველს არცთუ იშვიათად “ხშირ გაციებას” აბრალებენ.

მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია ქვედა კიდურების შეშუპება, წონის კლება.

ზოგჯერ აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა. ჩვეულებისამებრ, მაშინ, როცა პაციენტს აწუხებს:

  • გაძნელებული სუნთქვა მოსვენებისას ან საუბრისას;
  • ტუჩებისა და ხელის თითების სილურჯე;
  • ცნობიერების დაბინდვა;
  • ხშირი გულისცემა.

რა არის ფქოდ

ტერმინი “ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება” აერთიანებს ორ მდგომარეობას: ემფიზემასა და ქრონიკულ ბრონქიტს. ემფიზემის დროს ზიანდება ფილტვის უმცირესი ნაწილაკების, ალვეოლების, კედლები, რის შედეგადაც ირღვევა ჩასუნთქულ ჰაერში არსებული ჟანგბადით სისხლის გამდიდრება და სისხლში არსებული ნახშირორჟანგის გამოყოფა.

ქრონიკული ბრონქიტისთვის დამახასიათებელია ბრონქების ლორწოვანის მუდმივი გაღიზიანება და ანთება. ვითარდება ბრონქების ლორწოვანის ანთებითი შეშუპება, ბრონქის კუნთების სპაზმი, წარმოიქმნება სქელი ლორწო, რაც აძნელებს სუნთქვას. უმეტესად ფქოდ-ის დროს ემფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი ერთდროულად არსებობს.

რა იწვევს ფქოდ-ს

ჩვეულებრივ, ფქოდ-ის მიზეზია სასუნთქ გზებზე გამღიზიანებლის ხანგრძლივი ზემოქმედება, რასაც საბოლოოდ სასუნთქი გზებისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანებამდე მივყავართ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფქოდ-ის გამომწვევ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ გამღიზიანებლად თამბაქო მიიჩნევა. მავნეა თამბაქოს ყოველგვარი პროდუქტი, როგორც აქტიური, ასევე პასიური მოწევა (უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი არ ეწევა, მაგრამ მწეველთა გარემოცვაშია და ჩაისუნთქავს მათ მიერ მოწეული სიგარეტის კვამლს).

ძლიერი რისკფაქტორებია დაბინძურებული ჰაერი, საწარმოო მტვერი, გამონაბოლქვი, აქროლადი ქიმიური ნივთიერებები და სხვა.

იშვიათად ფქოდ-ს საფუძვლად ედება გენეტიკური მდგომარეობა - ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი. ამ დროს ადამიანს დაბალი აქვს სისხლში ალფა-1 ანტიტრიფსინის დონე. ეს არის ცილა, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება. როცა ალფა-1 ანტიტრიფსინის დონე დაბალია, დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისას ფქოდ საკმაოდ მალე ვითარდება.

ზოგჯერ ფქოდ ემართებათ ბრონქული ასთმით დაავადებულებს.

როგორ მკურნალობენ ფქოდ-ს

როგორც აღვნიშნეთ, ფქოდ-ის შემთხვევაში სრულ განკურნებას არ უნდა ველოდეთ, თუმცა ცხოვრების წესის შეცვლითა და სათანადო მკურნალობით შესაძლებელია პაციენტმა თავი უკეთ იგრძნოს, გააქტიურდეს და დაავადების პროგრესირებაც შენელდეს.

ფქოდ-ის მკურნალობის მიზნებია:

  • სიმპტომების შემსუბუქება;
  • დაავადების პროგრესირების შენელება;
  • ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის (გამძლეობის) გაზრდა;
  • გართულებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.

ცხოვრების წესის შეცვლა

  • თამბაქოს წევისთვის თავის დანებება და ფილტვის გამღიზიანებლების ზემოქმედების თავიდან აცილება.

მოწევისთვის თავის დანებება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კი შეიძლება ფქოდ-ის სამკურნალოდ დავსახოთ. რასაკვირველია, ძნელია ამ მავნე, ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩვევის ერთბაშად დავიწყება, მაგრამ მთავარია, პაციენტმა გადაწყვეტილება მიიღოს. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნიკოტინის შემცველი საშუალებების ან მოწევისთვის თავის დასანებებლად რეკომენდებული სხვა პრეპარატების გამოყენება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორეული მწეველობის თავიდან აცილება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პაციენტის ახლობლებს, რომლებიც ფქოდ-ით დაავადებულის თანდასწრებით ეწევიან. მათ უნდა გააცნობიერონ, რა ზიანი მოაქვს პასიურ მწეველობას ფქოდ-ით დაავადებულისთვის.

უნდა ვეცადოთ, ავადმყოფი არ მოხვდეს გარემოში, სადაც არის მტვერი, ნესტი და ობი, საინჰალაციო (შესასუნთქი) ტოქსიკური ნივთიერებები.

ცხოვრების წესთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები

ფქოდ-ით დაავადებულებს ზოგჯერ უჭირთ საკმარისი რაოდენობის საკვების მიღება საერთო სისუსტისა და სუნთქვის გაძნელების გამო. ეს პრობლემა თავს იჩენს დაავადების მძიმე შემთხვევებში. შედეგად ავადმყოფს აკლდება კალორიები და საკვები ნივთიერებები. ეს აუარესებს მის საერთო მდგომარეობას, ზრდის ინფექციის რისკს.

კალორიებისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კვება ხშირად და მცირე ულუფებით, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ დასვენება, აუცილებლობისას - ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება.

მართალია, ფქოდ-ის მძიმე შემთხვევებში ფიზიკური აქტივობა ჭირს, მაგრამ მისი შენარჩუნება, თუნდაც მინიმალურად, აუცილებელია. ფიზიკური აქტივობა აძლიერებს კუნთებს, რაც ხელს უწყობს უკეთ სუნთქვას და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას.

მედიკამენტური მკურნალობა

ფქოდ-ის სამკურნალოდ იყენებენ ბრონქოდილატატორებს, სტეროიდულ ჰორმონებს, უმეტესად - საინჰალაციო, გამწვავებისას კი ტაბლეტირებული ან საინექციო ფორმით. ისინი ექიმმა უნდა შეარჩიოს.

ვაქცინაცია

გრიპი შესაძლოა სერიოზული გართულების მიზეზად იქცეს ფქოდ-ით დაავადებულისთვის. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს ინფექციის რისკს, ამიტომ ფქოდ-ის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პნევმოკოკური პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ეს ვაქცინა ამცირებს პნევმოკოკური პნევმონიის (ფილტვების ანთების) რისკს. ფქოდ-ით დაავადებულ პირებს პნევმოკოკური პნევმონიის განვითარების უფრო დიდი ალბათობა აქვთ, ვიდრე ჯანმრთელებს, ამიტომ მათთვის რეკომენდებულია პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ფილტვის რეაბილიტაცია

არსებობს ფილტვის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის მიზანიცაა ფქოდ-ისა და ფილტვის სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესება.

რეაბილიტაცია გულისხმობს სპეციალურ ვარჯიშებს, დაავადების მართვის შესწავლას, კვებით და ფსიქოლოგიურ რჩევებს. პროგრამის მიზანია პაციენტის აქტივობისა და ყოველდღიური საქმიანობის უნარის შენარჩუნება.

რეაბილიტაციას ახორციელებს გუნდი, რომელშიც ერთიანდებიან ექიმი, ექთანი, ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი, ვარჯიშის ინსტრუქტორი, დიეტოლოგი.

ოქსიგენოთერაპია

როცა პაციენტს აქვს ფქოდ-ის მძიმე ფორმა და სისხლში ჟანგბადის შემცველობა დაქვეითებულია, სუნთქვის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ოქსიგენოთერაპია – ჟანგბადის მიწოდება. ზოგჯერ საჭიროა ჟანგბადის მიწოდება სპეციალური აპარატით. ამ გზით შესაძლებელი ხდება:

  • პაციენტის ფიზიკური გააქტიურება და სიმპტომების მინიმუმამდე დაყვანა;
  • გულისა და სხვა ორგანოების დაცვა დაზიანებისგან;
  • ღამით ძილის და დღის განმავლობაში სიფხიზლის გაუმჯობესება;
  • სიცოცხლის გახანგრძლივება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ფქოდ

როგორც ვხედავთ, ფქოდ საკმაოდ მძიმე დაავადებაა. რასაკვირველია, უმჯობესია პროფილაქტიკაზე მის აღმოცენებამდე ვიზრუნოთ, დაავადების ჩამოყალიბების შემდეგ კი პროფილაქტიკა გართულებების თავიდან აცილებას და პროგრესირების შეფერხებას გულისხმობს.

ფქოდ-ის აღმოცენების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა, თავი დავანებოთ ან საერთოდ არ დავიწყოთ მოწევა.

ფქოდ-ის გართულებებისა და დაავადების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად ასევე აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება, ფილტვის გამღიზიანებელი აირების ზემოქმედების თავიდან აცილება, ვაქცინაცია და ექიმის დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება.