პნევმოკოკური პნევმონია - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პნევმოკოკური პნევმონია - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ამ დაავადების შესახებ გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის” თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ლია მინდიაშვილი.

- რა იწვევს პნევმოკოკურ პნევმონიას?

- ამ დაავადების გამომწვევია საკმაოდ ვირულენტური და გავრცელებული ბაქტერია - პნევმოკოკი. ის ზედა სასუნთქი გზების მიკროფლორის წარმომადგენელია და ქვედა რესპირაციულ გზებში მოხვედრისას ანთებას მაშინაც კი იწვევს, როცა დამცველობითი მექანიზმები ოდნავაა დაქვეითებული. პნევმოკოკები წარმოადგენენ გრამდადებით, ანაერობულ მომრგვალო უჯრედებს - დიპლოკოკებს, რომლებიც რეზისტენტულები არიან ზოგიერთი სახეობის ანტიბიოტიკის მიმართ. პნევმოკოკური პნევმონია უმეტესად ფილტვის ერთი ან ორი სეგმენტის ანთებით მიმდინარეობს. ყველაზე ხშირად ზიანდება მარჯვენა ფილტვის ზედა წილი ან მარცხენა ფილტვის ქვედა წილი.

- როგორ ხდება დასნებოვნება?

- ყველაზე მეტად გავრცელებულია დასნებოვნების ორი გზა:

1. ენდოგენური, როდესაც პნევმონია აღმოცენდება როგორც მეორეული ინფექცია მწვავე რესპირაციული დაავადების, ბრონქიტის ფონზე;

2. ჰაერწვეთოვანი, როდესაც ხდება გამომწვევის მასობრივი გადადება ეპიდემიის დროს.

აღწერილია ნაყოფის ჩანასახოვანი ინფიცირების შემთხვევები.

- ვინ შედის რისკჯგუფში?

- რისკჯგუფში შედიან:

  • 65 წელს გადაცილებული პირები,
  • ბავშვები;
  • სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები;
  • პირები, რომლებიც იმყოფებიან სისტემატური გადაცივების, სტრესის, ფსიქიკური გადაძაბვის, საკვების დეფიციტის პირობებში;
  • მჭიდრო კოლექტივში მყოფი ადამიანები.

- როგორია დაავადების ნიშნები?

- პნევმონია იწყება მწვავედ, მზარდი სისუსტითა და ძლიერი ინტოქსიკაციით:

  • ზოგადი სიმპტომებია შემცივნება, ძლიერი სისუსტე;
  • ნერვული სისტემის მხრივ ვლინდება თავის ტკივილი, უძილობა;
  • საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ - მადის დაქვეითება, მეტეორიზმი, შესაძლოა ღებინება, ენაზე თეთრი ნადები;
  • კანის მხრივ - სახის ჰიპერემია ანთების მხარეს, ნამიანი კანი, ჰერპესული გამონაყარი ტუჩებისა და ცხვირის არეში, პნევმონიის განვითარების პერიოდში - აკროციანოზი, ნეკნთაშუა არეების გადასწორება; ბავშვებში ამოსუნთქვას თან ახლავს კვნესა;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ - ტაქიკარდია (გულისცემამ წუთში შესაძლოა 125-ს მიაღწიოს), არათანაბარი, სუსტი ავსებისა და დაჭიმულობის პულსი, დაქვეითებული არტერიული წნევა;
  • სხეულის ტემპერატურა სწრაფად იწევს 39-400С-მდე; მკურნალობის დროული დაწყებისას მდგომარეობა 1-2 დღეში სტაბილურდება, ტემპერატურა იკლებს;
  • თუ პროცესმა პლევრა ჩაითრია, აღმოცენდება ტკივილი, პაციენტი იძულებული ხდება, დაზოგოს სუნთქვა, მიიღოს საწოლში იძულებითი პოზა, დაწვეს ჯანსაღ მხარეს; შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ფსევდოაბდომინალური ან მენინგეალური სინდრომი ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით; ქვედაწილოვანმა პნევმონიამ შესაძლოა მწვავე მუცლის ან აპენდიციტის იმიტაცია გამოიწვიოს;
  • თავდაპირველად ხველას თან ახლავს მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფა; ნახველი წებოვანია, ლორწოვანი, რუხი, სისხლნარევი; მეორე დღეს ჩნდება ჟანგისფერი ნახველი; გამოჯანმრთელების ფაზაში ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი ადვილად გამოიყოფა.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- დიაგნოზის დასმისას საყურადღებოა პერკუტორული, აუსკულტაციური მონაცემები. ლაბორატორიული მონაცემებიდან მნიშვნელოვანია სისხლის სურათი ლეიკოციტურ ფორმულაში დამახასიათებელი ცვლილებებით, ედსის აჩქარება. იზრდება შარდის ხვედრითი წონა, შესაძლოა, მასში გაჩნდეს ცილა, სისხლი (ჰემატურია). მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემებიც.

- როგორ მკურნალობენ პნევმოკოკურ პნევმონიას და რას გულისხმობს მისი პროფილაქტიკა?

- არასპეციფიკური პროფილაქტიკა მოიცავს:

  • ცხოვრების ჯანსაღ წესს;
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმას;
  • რაციონალურ კვებას;
  • გაკაჟებას;
  • ვირუსული ინფექციების დროულ და ადეკვატურ მკურნალობას.

სპეციფიკური პროფილაქტიკაა ვაქცინაცია პნევმოკოკური ვაქცინით.

მკურნალობის კომპონენტებია:

1. ანტიბაქტერიული მკურნალობა ანტიპნევმოკოკური აქტივობის მქონე პრეპარატებით. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით პრეპარატები ინიშნება პერორალურად, კუნთებში ან ვენაში;

2. დეტოქსიკაციური თერაპია;

3. მუკოლიზური პრეპარატები;

4. ბრონქოლიტიკები;

5. ანალგეტიკები;

6. ოქსიგენოთერაპია;

7. იმუნოპროტექტორები;

8. ფიზიოპროცედურები, ინჰალაციები.

- რა გართულებებია მოსალოდნელი და როგორია პროგნოზი?

- პნევმონია უხანგრძლივდება პაციენტთა 40%-ს. ეს დამოკიდებულია ასაკზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, გამომწვევის პათოგენურობაზე, პროცესის ლოკალიზაციაზე, თერაპიის წარმატებულობაზე. ადეკვატური მკურნალობის პირობებში ექსუდატი გაიწოვება მე-7-8 დღეს. რაც შეეხება გართულებებს, მოსალოდნელია პლევრიტი, აბსცედირება. შედარებით იშვიათია მენინგიტი, ბაქტერიემია, პერიკარდიტი. სწორი და ადეკვატური მკურნალობა ახალგაზრდებთან უზრუნველყოფს დადებით შედეგს. მაღალია რისკი ხანდაზმულ, ასაკოვან, თანმხლები პათოლოგიებით დამძიმებულ პაციენტებთან, ასევე - პნევმონიის ატიპური მიმდინარეობის შემთხვევაში.