ფილტვის ქსოვილის რღვევით მიმდინარე პათოლოგიები
ფილტვის ქსოვილის დაშლით მიმდინარე დაავადებებზე სასაუბროდ აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკოაბდომინური ქირურგიის კლინიკის დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვახტანგ ქაცარავას ვეწვიეთ.
- ბატონო ვახტანგ, რომელი პათოლოგიები იწვევს ფილტვის ქსოვილის დაშლას?
- ფილტვის ქსოვილის დესტრუქციული პროცესები შეგვიძლია ორ დიდ ჯგუფად: ბაქტერიულ და სიმსივნურ რღვევებად - დავყოთ. სიმსივნური ანუ ონკოლოგიური რღვევა განპირობებულია შორსწასული, უფრო მეტად პერიფერიული სიმსივნეებით, რომლებიც ფილტვის პერიფერიაზე ლოკალიზდება. სიმსივნე პროგრესირებს, ავადმყოფი კი ექიმს, სამწუხაროდ, დაგვიანებით მიმართავს - მაშინ, როდესაც პროცესი IV სტადიამდეა მისული, სადაც ექიმი უძლურია.
ბაქტერიული რღვევებიც, თავის მხრივ, ორ ჯგუფად იყოფა: სპეციფიკურად და არასპეციფიკურად. რღვევის გამომწვევი სპეციფიკური პათოლოგიებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ტუბერკულოზია, რომელსაც რამდენიმე ფორმა აქვს და თან ახლავს ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია.
რღვევის არასპეციფიკური მიზეზებიდან უნდა დავასახელოთ აბსცესი, დესტრუქციულ-რღვევითი პნევმონია, სტაფილოკოკური ინფექცია... ამ და სხვა არასპეციფიკური დაავადებების წილად რღვევითი პროცესების დაახლოებით 5-7% მოდის.
ფილტვის ტუბერკულოზს ძალიან მოკლედ შევეხები, რადგან ეს ვრცელი თემაა. ტუბერკულოზური ინფექცია დღეს საქართველოში საკმაოდ არის გავრცელებული, თანაც ყველაზე ცუდი, რეზისტენტული ფორმით. ეს ის ფორმაა, როდესაც კოხის ბაქტერია უკვე შეუვალია იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზის სამკურანლოდ არის მიღებული.
- რატომ ხდება ასე?
- ეს არასწორი მკურნალობის შედეგია. ტუბერკულოზის დადგენისას პაციენტს ფთიზიატრმა უნდა უმკურნალოს და არა თერაპევტმა ან სხვა პროფილის ექიმმა. რატომ? იმიტომ, რომ მკურნალობის ტაქტიკის არჩევა მეტად საფრთხილოა. ერთი შეხედვით, ანტიტუბერკულოზური პრეპარატების დანიშვნა რთული არ არის, რადგან მსოფლიოში მიღებული სტანდარტის მიხედვით ძირითადად 5 პრეპარატი ინიშნება, მაგრამ ძნელია იმის განსაზღვრა, როდის და როგორ შეწყვიტო მკურნალობა. რა ხდება ამ დროს?
ავადმყოფი მიდის თერაპევტთან ან სხვა პროფილის ექიმთან. ის ხედავს, რომ პაციენტს აქვს ტუბერკულოზი (ტუბერკულოზური რღვევა ან მიმდინარეობს, ან არა) და იწყებს ანტიტუბერკულოზურ კლასიკურ ან არაკლასიკურ მკურნალობას. როგორც მოგახსენეთ, ტუბერკულოზის მკურნალობას სჭირდება სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მინიმუმ 5 პრეპარატი, არასპეციალისტი კი უნიშნავს 2-ს ან 3-ს. ამის გამო ბაქტერია ეჩვევა ზემოხსენებულ პრეპარატებს, ხდება რეზისტენტული და როდესაც მოგვიანებით ვუბრუნდებით კლასიკურ სქემას, უკვე აღნიშნული პრეპარატები ტუბერკულოზის ბაქტერიის წინააღმდეგ ვეღარ მოქმედებს. დაავადება განვითარებას განაგრძობს და რღვევითი პროცესებიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
ტუბერკულოზის მკურნალობა ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა - დღეს საქართველოში ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობა ფაქტობრივად რეზისტენტული ფორმებით არის განპირობებული. თქვენი ჟურნალის საშუალებით მოვუწოდებ ყველას: თუ დიდხანს გაუგრძელდათ სიცხე, ოფლიანობა, სისუსტე, იკლებენ წონას - აუცილებლად მიმართონ ფთიზიატრს. საბედნიეროდ, პირველი ლედის პატრონაჟით დღეს საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სისტემა კარგად არის აწყობილი. სახელმწიფო ამისთვის დიდ თანხებს ხარჯავს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნული ცენტრი საუკეთესოდ არის მოწყობილი, ყველანაირად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და, რაც მთავარია, პროგრამული ავადმყოფების მკურნალობა უფასოა, ეს კი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენს ჯანდაცვაში.
რამდენიმე სიტყვით ფილტვების დესტრუქციულ არასპეციფიკურ დაავადებებსაც შევეხოთ. ესენია აბსცესი, დესტრუქციული ანუ რღვევითი პნევმონია, გავრცობილი ჩირქოვან-რღვევითი პროცესი. აბსცესი შემოსაზღვრული ჩირქგროვაა. როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა ძლიერია, უმეტესად ვითარდება შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთება - ფილტვის ერთეული აბსცესი, ხოლო როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია, უფრო მეტად დესტრუქციული პნევმონიაა მოსალოდნელი.
- რას გვეტყვით ამ დაავადებების რისკფაქტორებზე?
- ფილტვის ქსოვილის რღვევით მიმდინარე დაავადებები უმეტესად ემართებათ:
- სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა საცხოვრებელი პირობები საშუალოზე დაბალი ხარისხისაა;
- პირებს, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს;
- ნარკოტიკების მომხმარებლებს.
- მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი და ზოგადი იმუნური რეაქტიულობის დაქვეითება (შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები). შიდსის ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობით მიმდინარე რომელიმე სხვა პათოლოგიის თანაობისას დაავადება უფრო აგრესიული და ფაქტობრივად ფატალური ხდება.
- რა მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა ამ დაავადებების დროული და ზუსტი დიაგნოსტიკისთვის?
- ამ დაავადებების დიაგნოსტიკა არ არის რთული. პირველ რიგში, აუცილებელია ექიმის გამოცდილება. გარდა ამისა, ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს სრულყოფილი გამოკვლევა, რომელიც მოიცავს მიმოხილვით რენტგენოგრაფიას პირდაპირ და გვერდით პროექციაში და სისხლის საერთო ანალიზს. უნდა ითქვას, რომ აბსცესებისა და დესტრუქციული რღვევითი პროცესების დროს აუსკულტაციას ანუ მოსმენას ნაკლები დიაგნოსტიკური ფასეულობა აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ავადმყოფმა, რომელსაც აქვს:
- მაღალი სიცხე 5-10 დღის განმავლობაში;
- ჯერ მშრალი და მერე პროდუქტიული ხველა;
აუცილებლად უნდა გაიაროს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მინიმუმ რენტგენოსკოპია. თუმცა ამ უკანასკნელის მომხრე არ ვარ, რადგან ძალზე სუბიექტური მეთოდია და დამოკიდებულია ერთი ექიმის კომპეტენციაზე, მაშინ როდესაც რენტგენოგრაფიული გამოკვლევა იძლევა საბუთს - რენტგენოფირს, რომლის ინტერპრეტაცია სხვა ექიმსაც შეუძლია. ამიტომ რენტგენოსკოპია ფაქტობრივად ისტორიას ჩაბარდა. დღეს ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სკრინინგული მეთოდი სრულყოფილი რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ.
სისხლის საერთო ანალიზში, რა თქმა უნდა, შეინიშნება ედს-ის მომატება, ლეიკოციტების მომატება და ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა. ლიმფოპენია და ლიმფოციტოზი ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი არ არის.
ზოგჯერ ფილტვის რღვევითი პროცესი მაღალი სიცხით იწყება. ეს უკვე სიმსივნური რღვევაა, რომელსაც მეორეული ანთება ახლავს თან. ეს ანთება ნიღბავს ძირითად ანუ ონკოლოგიურ პროცესს. როდესაც საჭიროა ფილტვის დესტრუქციული პროცესის სიმსივნისგან დიფერენცირება, კომპიუტერულ ტომოგრაფიას მივმართავთ. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ამის შესაძლებლობა არის.
ძალზე საჭირო და ინფორმაციული სადიაგნოზო მეთოდია ბრონქოსკოპია. ამ დროს ექიმს შეუძლია დაათვალიეროს ბრონქები, დაინახოს, რა მდგომარეობაშია ისინი, არის თუ არა ანთება, ცენტრალურია თუ არა სიმსივნე, მაგრამ პერიფერიას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარე, ამ მეთოდს უფრო მეტად სამკურნალო დატვირთვა შეიძლება მივანიჭოთ, იმიტომ რომ ყველა გამოკვლევა მთავრდება ბრონქული ხის ტუალეტით. ბრონქულ ხეში შეგვყავს პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ფილტვის პერიფერიაზე არსებულ ანთებით პროცესებზე.
- როდესაც ფილტვის ქსოვილში პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, აისახება თუ არა ეს ბრონქების ლორწოვან გარსზე? შეგვიძლია თუ არა ბრონქოსკოპიის საფუძველზე ვივარაუდოთ, რომ იქ რაღაც რიგზე ვერ არის?
- არის შემთხვევები, როდესაც ბრონქოსკოპია ვერ გამორიცხავს სიმსივნეს და შემთხვევები, როცა ამ უკანასკნელის გარეშე, მხოლოდ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით, დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ეს ორი მეთოდი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთს ავსებს. რა სიღრმისა და მოცულობისაა ფილტვის დესტრუქცია, ამას ბრონქოსკოპიით ვერ შევაფასებთ.
ბრონქოსკოპიის დროს შეგვიძლია ავიღოთ მასალა უშუალოდ ანთებით მოცული რეგიონიდან და გავაკეთოთ ბაქტერიოგრამა, რაც მკურნალობის შერჩევაში დაგვეხმარება. არსებობს შეუღლებული პათოლოგიებიც, როდესაც დიაგნოსტირდება ფილტვის ცენტრალური სიმსივნე და ფილტვის ქსოვილის მეორეული რღვევა. ამ შემთხვევაში ფიბრობრონქოსკოპიის საშუალებით აშკარად ვხედავთ ბრონქში ჩაზრდილ სიმსივნეს და დიაგნოსტიკური სირთულეები აღარ გვექმნება.
სასუნთქი სისტემის გამოკვლევის ცალკეული მეთოდით მიღებული მონაცემები პათოლოგიური პროცესის რომელიმე ერთ ასპექტს ასახავს, რომელიმე ერთი მეთოდის დამოუკიდებლად გამოყენება დაავადების დიაგნოზის მტკიცების უფლებას არ გვაძლევს, ამიტომ ხდება სხვადასხვა მეთოდით მიღებული მონაცემების შეჯამება და შეჯერება, რაც აადვილებს დაავადების დიაგნოზის დასმას. ამრიგად, დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება:
- კლინიკურ სურათს, რომელიც გამოიხატება:
- სიცხით,
- ნახველიანი ხველით,
- ინტოქსიკაციით.
- რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც თვალნათლივ ავლენს ლოკალურ თუ გავრცობილ პროცესს.
თუ ვითარება საეჭვოა, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც ბრონქოსკოპიით ვავსებთ.
- როგორ მკურნალობენ ფილტვის ქსოვილის რღვევით მიმდინარე პათოლოგიებს?
- მკურნალობის საკითხი ყველაზე რთულია, განსაკუთრებით -საქართველოში, რადგან ისევ და ისევ ვაწყდებით ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობას. მრავალი ექიმი უსისტემოდ ნიშნავს სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკს; ზოგიერთი სულაც პირველივე დღიდან უმძიმეს არტილერიაზე გადადის. არ არის შემუშავებული მკურნალობის საყოველთაო სქემა - გაიდლაინი.
მე რესპირატორული ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ. ჩვენი ასოციაციის ვებგვერდზე უკვე განვათავსეთ პნევმონიის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული გაიდლაინები. ალბათ, მომავალი წლიდან ფილტვის ანთებითი დაავადებების მკურნალობაში მათი გათვალისწინება სავალდებულო გახდება და ექიმს არ ექნება მათი დარღვევის უფლება. ეს ავადმყოფის ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება, რათა როგორმე შევაჩეროთ რეზისტენტობის განვითარების პროცესი.
ევროპის ქვეყნებში გაიდლაინები მუშაობს და აფთიაქში ექიმის რეცეპტის გარეშე ანტიბიოტიკს არავინ მოგცემს, ჩვენში კი ამ სფეროს არავინ აკონტროლებს. ამიტომაც არის დესტრუქციული პროცესების მკურნალობა რთული. პაციენტი მოდის არეული ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების შემდეგ და უკვე ძნელია, შეარჩიო ზუსტად ის ანტიბიოტიკი, რომელიც იმ კონკრეტულ ბაქტერიას მოერევა. არ მინდა, ჩვენი მოსახლეობა შევაშინო, მაგრამ თვითნებურად აფთიაქში წასვლა, ფარმაცევტების მხრიდან ანტიბიოტიკის შეთავაზება და დანიშვნა დაუშვებელია. მე მესმის, რომ მძიმე სოციალური პრობლემების პირისპირ ვდგავართ, მაგრამ არასწორი მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება. დესტრუქციული პნევმონიის მორჩენა მართებული მკურნალობით 3-4-ჯერ უფრო ნაკლები სახსრებითაც გახლავთ შესაძლებელი.
- სად უნდა მკურნალობდეს პაციენტი?
- რა თქმა უნდა, ფილტვის დესტრუქციული პროცესების დროს პაციენტი სტაციონარში უნდა მკურნალობდეს.
- თერაპიულ თუ ქირურგიულ განყოფილებაში?
- ძალზე საინტერესო საკითხია. ეს გარდამავალი დაავადებებია და დგას საზღვარზე ქირურგიასა და თერაპიას შორის. ამ პათოლოგიების დროს მოსალოდნელია გართულება პლევრის ღრუს მხრივ - აბსცესი, პატარა და მრავლობითი იქნება თუ დიდი და ერთიანი, შესაძლოა გაიხსნას პლევრის ღრუში და გამოიწვიოს მძიმე გართულება, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ადამიანს. ამიტომ ასეთი პაციენტები სტაციონარში უნდა მკურნალობდნენ და თუ თერაპიულ განყოფილებაში წვანან, გულმკერდის ქირურგის მეთვალყურეობით გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
მიჯნაზე დგას ფილტვის ბევრი სხვა დაავადებაც, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თბილისში ჩამოყალიბდეს გადაუდებელი პულმონოლოგიის ცენტრი ან განყოფილება, რომლის ამოცანა იქნება, მოუაროს ქირურგიასა და თერაპიას შორის არსებულ მიჯნაზე მდგომ მძიმე ავადმყოფებს, ერთდროულად აწარმოოს კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა. ასეთი სტრუქტურა ახალი არ არის - ის წარმატებით მოქმედებს ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში.
ჩვენს კლინიკაშიც გვაქვს დაგეგმილი ასეთი სტრუქტურის შექმნა, რათა ქალაქის მოსახლეობას მაინც მოვემსახუროთ.
- თქვენ ბრძანეთ, რომ ფილტვის დესტრუქციული დაავადებებით ძირითადად დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ავადდებიან. როგორ გვარდება მკურნალობის ფინანსური მხარე?
- ფილტვების დესტრუქციული დაავადების მკურნალობა გარკვეულ სახსრებს მოითხოვს. საჭიროა ძვირად ღირებული ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები, რადგან ეს დაავადება ზოგად მდგომარეობასაც ამძიმებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს მინიინვაზიური ჩარევა... ასე რომ, მკურნალობის თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. ამიტომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებლად დაეზღვიონ - ამ შემთხვევაში არც პაციენტს, არც მედპერსონალს და არც კლინიკის ადმინისტრაციას აღარ შეექმნებათ პრობლემები.
- შესწევს თუ არა ფილტვის ქსოვილს რეგენერაციის უნარი?
- ფილტვის ქსოვილს რეგენერაცია არ შეუძლია, მაგრამ კომპენსაცია - კი. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო უკეთ კომპენსირდება დაავადება. გამონაკლისია ფილტვების ემფიზემა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი - ამ დაავადებების ფონზე ანთებითი დესტრუქციული პროცესის კომპენსაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს, ფაქტობრივად არც კი ხდება. თუ პაციენტი ახალგაზრდაა, თავი დაანება სიგარეტს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მოჰკიდა ხელი, კომპენსაცია აუცილებლად მოხდება და სამი წლის შემდეგ ფილტვების პრობლემა შესაძლოა დავიწყებას მიეცეს.
- ახასიათებს თუ არა სარკოიდოზს, ემფიზემას, ბრონქოექტაზიურ დაავადებას ფილტვის ქსოვილის დაშლა?
- დესტრუქციული დაავადება რომ აღმოცენდეს, ნიადაგი უნდა არსებობდეს. აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, ფილტვში დესტრუქციულ-რღვევითი პროცესები არ უვითარდება.
სარკოიდოზი უმძიმესი დაავადებაა, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7-10%-ს უტოლდება. სარკოიდოზის ფონზე მარტივი ანთებაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ დესტრუქციულზე, შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
რაც შეეხება დესტრუქციული პნევმონიების ბრონქოექტაზებად ტრანსფორმაციას, ასეთი რამ ხდება, მაგრამ ძალზე იშვიათად. ბრონქოექტაზიური დაავადება არის უმეტესად თანდაყოლილი პათოლოგია, რომელიც ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესების შემდეგ, ანუ ეს არის ქრონიკულად მიმდინარე პროცესი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტერმინალური ბრონქების გაფართოება. ამ დაავადებისგან შეიძლება განვიკურნოთ მხოლოდ ქირურგიული გზით. თერაპიულად ძალიან მცირე ზომის ბრონქოექტაზებს ვმკურნალობთ.
ემფიზემა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება პროგრესირებადი, თავისთავად ძალიან მძიმე დაავადებაა, რომელიც პრობლემურია მთელ მსოფლიოში. ის შეიძლება მკურნალობით დავამუხრუჭოთ. ყოველწლიურად 30 მილიონამდე კაცი იღუპება ამ დაავადებით და თუ ამ ფონზე განვითარდა დესტრუქციული პნევმონია, შესაძლოა ავადმყოფმა ვერ გადაიტანოს. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები დიდ როლს ასრულებენ დესტრუქციული დაავადებებისთვის უარყოფითი ფონის შექმნაში.
- რა არის ფილტვის ინფარქტი?
- ეს არის თრომბოემბოლიურ სინდრომთან დაკავშირებული მეორეული დაზიანება. ქვედა კიდურებში, ზედა კიდურებში ან მცირე მენჯის ღრუში არსებული თრომბი შესაძლოა მოწყდეს და რომელიმე სეგმენტურ ან სუბსეგმენტურ ბრონქში გაიჭედოს. ამ ადგილის გარშემო ვითარდება ანთებითი პროცესი, რომელსაც წინათ ინფარქტულ პნევმონიას ვუწოდებდით. თუ თრომბი მსხვილ სისხლძარღვში გაიჭედა, ლეტალური შედეგი გარდაუვალია. ამიტომ ავადმყოფები, რომელთაც სისხლძარღვთა პრობლემები აქვთ, ფრთხილად უნდა იყვნენ და ანგიოლოგთან სისტემატურად გაიარონ კონსულტაცია.
პაციენტს, თუ ანამნეზში აღენიშნება ფლებიტი ან თრომბი, ანგიოლოგთან კონსულატაციის შემდეგ შეიძლება შევთავაზოთ ძალიან კარგი გამოსავალი: მარტივი ოპერაციით ქვედა ღრუ ვენის დონეზე ფილტრს ვაყენებთ. მოწყვეტილი თრომბი ამ ფილტრში რჩება და ფილტვის არტერიამდე ვეღარ აღწევს, რაც ავადმყოფს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
- როგორია ფილტვის დესტრუქციული დაავადების პროგნოზი?
- რა თქმა უნდა, ლეტალური შედეგები არის, მაგრამ წინა ათწლეულთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია და მძიმე დესტრუქციული პნევმონიის დროს არ აღემატება 2-3%-ს. აბსცესის დროს, წესისამებრ, სიკვდილინობა არ აღირიცხება, თუმცა ადრე ძალიან მაღალი იყო. ამის მიზეზი მკურნალობის მეთოდების დახვეწაა.
აბსცესის მკურნალობისას საჭიროა სწორად შერჩეული ანტიბიოტიკი და სანაცია ანუ ფიბრობრონქოსკოპია. ჩვენ ვცხოვრობთ მაღალეფექტური ანტიბიოტიკების ეპოქაში, თუმცა უკვე აშკარაა იმის ნიშნები, რომ ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ ისინიც უეფექტოა. მსოფლიო ახალ ანტიბიოტიკებზე ან, საერთოდ, ანტიბაქტერიული თერაპიის მიმართ მიდგომის შეცვლაზე ფიქრობს.
დაბოლოს, აჯობებს, თუ საქმეს მკურნალობამდე არ მივიყვანთ. ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ, ნაკლებად მივიღოთ ალკოჰოლური სასმელი, უარი ვთქვათ თამბაქოზე, ნარკოტიკებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ვივარჯიშოთ, ფიზიკურად ვიაქტიუროთ და, საერთოდ, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.