რამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვიდან სისხლდენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვიდან სისხლდენა

ამ ორ მოვლენას შორის რაოდენობრივი და ხშირად პირობითი სხვაობაა, რადგან პაციენტის მიერ დაკარგული სისხლის მოცულობის დადგენა საკმაოდ რთულია.

ფილტვიდან სისხლდენის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება გულმკერდის ქირურგი ზურაბ სექანია.

– ბატონო ზურაბ, რა მდგომარეობაა ფილტვიდან სისხლდენა და რა არის სისხლიანი ნახველი?

– ჩვეულებრივ, ფილტვიდან სისხლდენაში იგულისხმება სასუნთქი გზებიდან სისხლის ერთმომენტიანი, უწყვეტი ან წყვეტილად მნიშვნელოვანი როადენობით გამოყოფა (50 მლ დღე-ღამეში), სუფთა სახით ან ნახველში მნიშვნელოვანი მინარევით.

სისხლიანი ნახველი გულისხმობს (თხევადი ან ნაწილობრივ შედედებული სახით) შედარებით ნაკლები რაოდენობით (<50მლ დღე-ღამეში) ნახველში ან ნერწყვში სისხლის არსებობას. ორივე შემთხვევაში სასუნთქი ორგანოებიდან სისხლი გამოიყოფა ხველისას, რაც განარჩევს ფილტვიდან სისხლდენასა და სისხლიან ნახველს კუჭიდან ან საყლაპავის გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენისაგან.

ფილტვიდან სისხლდენა ეს არის სასუნთქი გზების ქვედა ნაწილებში არსებული სისხლის ამოხველება.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვიდან სისხლდენის განვითარება?

– ფილტვიდან სისხლდენის განვითარების მიზეზი ორმოცდაათამდე დაავადება და სინდრომი შეიძლება იყოს. პირობითად ისინი შეიძლება ასე დაიყოს:

  • ინფექციური (ტუბერკულოზი, ფილტვების ინფექციური დესტრუქცია (აბსცესი, განგრენა), პნევმონია, სოკოვანი დაზიანება, პარაზიტული ინფექციები, ბრონქიტი (ატროფიული), ფილტვის დაჩირქებული ბულა, ბრონქოლითიაზი, ბრონქოექტაზიები);
  • იატროგენული (ბრონქოსკოპია, პლევრის ღრუს პუნქცია, ლავიწქვეშა ვენის კათეტერიზაცია, ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია, ოპერაციისშემდგომი პერიოდი);
  • ტრავმული (ფილტვის ჭრილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, ბრონქის გაგლეჯა, რესპირატორულ-არტერიული (ვენური) ფისტულა, უცხო სხეულის ასპირაცია);
  • სიმსივნური (ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე, ბრონქის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ფილტვში მეტასტაზი, ფილტვის სარკომა);
  • სისხლძარღვოვანი (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ფილტვის ინფარქტი, არტერიოვენური მალფორმაცია, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, ფილტვის არტერიის (ვენის) ანევრიზმა, აორტის ანევრიზმა, ფილტვის სეკვესტრაცია, ფილტვის სისხლძარღვების თანდაყოლილი პათოლოგია, ფილტვის პირველადი ჰიპერტენზია, ჰიპერტონიული დაავადება);
  • კოაგულოპათია (ვილენბრანდის დაავადება, ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტების დისფუნქცია, დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი);
  • ვასკულიტები (ვეგენერის გრანულომატოზი, ბეკეტის დაავადება);
  • სხვა მიზეზები (ლიმფოანგიოლეიომიომატოზი, ენდომეტრიოზი, პნევმოკონიოზი, ბრონქიოლიტი).

– როგორი შეიძლება იყოს ფილტვიდან სისხლდენა?

– კლინიკურ პრაქტიკაში ფილტვის სისხლდენა იყოფა დაკარგული სისხლის მოცულობის, ხასიათისა და სისხლდენის ინტენსივობის მიხედვით.

სისხლდენის რაოდენობისა და ტემპის მიხედვით გამოიყოფა მცირე, საშუალო და პროფუზული სისხლდენა. ხასიათის მიხედვით კი: ერთჯერადი, ეპიზოდური და განმეორებითი.

ინტენსივნობის მიხედვით – მასიური (პროფუზული), რომლის დროსაც ერთჯერადად გამოიყოფა 100-500მლ სისხლი, ზომიერი (დაახლოებით 100მლ სისხლი დღე-ღამეში). ამასთან, სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია ფილტვებიდან პროფუზული სისხლდენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ასფიქსიის, ასპირაციული პნევმონიის, ტუბერკულოზის პროგრესირების, ფილტვ-გულის უკმარისობის დროს.

– რა ჩივილები შეიძლება აღინიშნებოდეს ამ დროს?

– ფილტვიდან სისხლდენის დროს პაციენტების ძირითადი ჩივილი ნახველში სისხლის არსებობაა. ამასთან, მოცულობა შეიძლება იყოს სხვადასხვა. შეტევისმაგვარი ან ხანგრძლივად შეუწყვეტელი ხველა წინ უსწრებს სისხლის გამოყოფას. შესაძლებელია აღნიშნავდეს პაციენტი უსიამოვნო წვას ან გულმკერდის არეში ტკივილს, სუნთქვისას დისკომფორტს, ჰაერის უკმარისობას, შიშისა და შფოთვის შეგრძნებას, სისუსტეს, თავბრუხვევას.

– როგორია დიაგნოსტიკა?

– რეკომენდებულია ფიზიკალური კვლევა, ჰემოდინამიკის პარამეტრების შეფასება: კანის ფერი, პულსის სიხშირე, არტერიული წნევის დონე, სუნთქვის უკმარისობის გამოხატულების ხარისხი (პულსოქსიმეტრია), ფილტვებისა და გულის აუსკულტაცია. ასევე საჭიროა სისხლის საერთო, ბიოქიმიური, შარდის ანალიზის გაკეთება, კოაგულოგრამა, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ნახველის ანალიზი, ფილტვების მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ელექტროკარდიოგრამა, ფიბრობრონქოსკოპია, ექოკარდიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბრონქის არტერიის ანგიოგრაფია.

– სასუნთქი ორგანოებიდან სისხლდენის მიზეზი, ფილტვების გარდა, სხვა ორგანოებიც ხომ შეიძლება იყოს?

– ფილტვებიდან სისხლდენა უნდა განირჩეს ცხვირიდან, პირის ღრუდან, ხორხიდან სისხლდენისგან. აუცილებელია პირის ღრუს, მათ შორის კბილის პროთეზის ქვეშ ღრძილების დათვალიერება, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია. მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის დიფერენცირება. ფილტვიდან ინტენსიური სისხლდენის დროს სისხლი შეიძლება გადაიყლაპოს და შემდეგ გამოიყოს ღებინებისას. ამ შემთხვევაში გამონაყოფი არის მუქი, თითქმის შავი.

– როგორია მკურნალობა?

– ფილტვიდან სისხლდენისას პაციენტი უნდა მოთავსდეს სპეციალიზებულ სტაციონარში. ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა ნახველში ნებისმიერი რაოდენობით სისხლის გამოჩენა.

კონსერვატული მკურნალობის მიზანია ფილტვიდან სისხლდენის შეჩერება, ასპირაციის პრევენცია და რეციდივის პროფილაქტიკა. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ფილტვიდან სისხლდენის ხარისხზე. მსუბუქი ხარისხის სისხლდენის დროს რეკომენდებულია შეუპოვარი და მტანჯველი ხველის მოსახსნელი საშუალებები. ნებისმიერი ხარისხის სისხლდენის დროს რეკომენდებულია ჰემოსტატიკური თერაპია.

ფილტვიდან ნებისმიერი ხარისხის სისხლდენისას,რეკომენდებულია ვაზოპრესორული აქტივობის პრეპარატების ინჰალაციაც.

ფილტვიდან სისხლდენის დროს რეკომენდებულია ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია ფილტვიდან სისხლდენა. ეს გულისხმობს ანტიბაქტერიულ თერაპიას, ანთებითი პროცესების დროს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზის დიაგნოზის დადგენისას. ამას გარდა, აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის კორექცია და კარდიოტროპული თერაპია ჩვენების მიხედვით.

ეფექტური კონსერვატული თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს ჰემოასპირაციული გართულებების, კერძოდ, ჰემოასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკს.

– როდის დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი?

– ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებულია, როდესაც ტექნიკურად შეუძლებელია ბრონქის არტერიის ემბოლიზაცია, ხოლო ენდოსკოპიური ჰემოსტაზი ვერ სრულდება ან არაეფექტურია.

ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებულია სისხლდენის ადგილის განსაზღვრისას, მისი რეზექტაბელურობისა და პაციენტის ფუნქციური ოპერაბელობისას.

ფილტვიდან სისხლდენის მკურნალობა შესაძლებელია ენდოსკოპიური მეთოდითაც, როდესაც ხდება ტრაქეობრონქული ხის ფიბრობრონქოსკოპიული სანაცია. აღნიშნული ჩარევა ფილტვიდან სისხლდენის დროს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს.

რეაბილიტაცია იმ ნოზოლოგიის მიხედვით უნდა მოხდეს, რამაც გამოიწვია ფილტვიდან სისხლდენის სინდრომის განვითარება.

სისხლიანი ხველისა და ფილტვებიდან სისხლდენის პროფილაქტიკაა ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, დროული და ეფექტური მკურნალობა. სისხლიანი ხველისა და ფილტვებიდან სისხლდენის პათოგენეზი რთულია, არაერთგვაროვანი და ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი. აღნიშნული მდგომარეობის დროული დიაგნოსტიკა და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა მნიშვნელოვნად შეამცირებს შესაბამისი კატეგორიის პაციენტთა სიკვდილობას.