ჰაერგამტარი გზები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

ჰაერგამტარი გზები

ჰაერგამტარი გზები
ადამიანის სიცოცხლე მისი პირველი ჩასუნთქვიდან იწყება და ეს პროცესი სიკვდილის ბოლო წუთამდე გრძელდება. სუნთქვა ფიზიოლოგიური აქტია, რომელის საშუალებითაც ორგანიზმი არსებობისთვის აუცილებელი, შეუცვლელი ჟანგბადით მარაგდება, ამასთან, სწორედ სუნთვისას გამოიდევნება უვარგისი ნარჩენის სახით ნახშირორჟანგი.

სასუნთქი სისტემა ორ ნაწილად იყოფა: ჰაერგამტარი გზები და ფილტვები.

ჰაერგამტარ გზებს გადის გარემოდან შესუნთქული ჰაერი ფილტვებამდე და პირიქით - ფილტვებიდან ამონასუნთქი, ნახშირორჟანგით მდიდარი ჰაერი გარემოში გამოიყოფა.

ზრდასრული ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 15-25 ათას ლიტრ ჰაერს შეისუნთქავს, რომლის მთელ მოცულობასაც სასუნთქი სისტემა წმენდს, ათბობს და განაიარაღებს. მთელ ამ კეთილშობილურ საქმეს
ბრონქულ ხედ წოდებული ჰაერგამტარი გზები ახორციელებენ.

სუნთქვა ცხვირიდან იწყება, სწორედ აქედან მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას სიგნალები ყნოსვის, თერმო და მექანორეცეპტორებიდან. ცხვირით სუნთქვისას ორგანიზმში 25%-ით მეტი ჟანგბადი მიეწოდება, ვიდრე პირით სუნთქვისას, ამიტომ უწოდებენ ცხვირით სუნთქვას აქტიურს, ხოლო პირით სუნთქვას - პასიურ პროცესს.

ცხვირიდან შესუნთქული ჰაერი ცხვირ-
ხახაში, ხახაში, შემდეგ კი ხორხში გადადის. სასუნთქი სისტემის გარდა, ხახა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილია, ხორხი კი მეტყველების ფუნქციის განმახორციელებელი ერთ-ერთი ცენტრალური ორგანო, რამდენადაც სწორედ მასზეა გადაჭიმული ხმის წარმომქნელი მბგერავი იოგები.


ბრონქული ხე

ხორხიდან შესუნთქული ჰაერი გადადის სასულეში, ანუ ტრაქეაში, შემდეგ ბრონქებსა და ბრონქიოლებში, სწორედ ამიტომ ტრაქეით დაწყებული, ბრონქიოლებით დამთავრებული ორგანიზმში ერთი მთლიანი ჰაერგამტარი სტრუქტურა იქმნება, რომელიც აგებულებით ძლიერ ჰგავს დატოტვილ ხეს. ამიტომ ამ სტრუქტურას ბრონქულ ხეს უწოდებენ, რომლის ღერძსაც ტრაქეა, ტოტებს კი - ბრონქები და მათი განშტოებანი ქმნიან.


ტრაქეა

სასულე (ტრაქეა) - ხორხის უშუალო გაგრძელებაა, საყლაპავი მილის წინ მდებარეობს და 16-20 ერთმანეთზე მიწყობილი ჰიალინური ხრტილისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მტკიცე, ბეჭდისებრი იოგებით უკავშირდებიან.

ტრაქეის უკანა კედელი მდიდარია გლუვი, მეტწილად წრიულად განლაგებული კუნთოვანი ბოჭკოებით, რომლებიც საჭიროებისამებრ არეგულირებენ სასულის სანათურის დიამეტრს - აფართოებენ, ან პირიქით - ავიწროებენ.

ტრაქეის სიგრძე მეტისმეტად ცვალებადია: 8-დან 13 სანტიმეტრამდე მერყეობს და პიროვნების კონსტიტუციაზეა დამოკიდებული, მამაკაცებს უფრო გრძელი სასულე აქვთ, ქალებს - შედარებით მოკლე.

სასულე გულმკერდის მეხუთე მალის დონეზე ორკაპდება და წარმოქმნის არათანაბარი დიამეტრისა და სიგრძის ორ: მარჯვენა და მარცხენა - პირვანდელ ბრონქებს.


ბრონქები

ბრონქები - აგებულებით ძლიერ ჰგვანან ტრაქეას.

მარჯვენა პირვანდელი ბრონქი - მარცხენაზე მცირეა სიგრძით, 1-2 სმ-ია, მის გასწვრივ 6-8 ხრტილოვანი რგოლი თავსდება, სამაგიეროდ მარცხენაზე შედარებით დიდი სანათური აქვს - დიამეტრი 1,5-2,5 სმ. ის, თავის მხრივ, კვლავ იტოტება და სამ მთავარ ბრონქს წარმოქმნის, თითოეული კი წინა და უკანა შტოებს ქმნიან.

მარცხენა პირვანდელი ბრონქი - მარჯვენასთან შედარებით გრძელი და ვიწროა, მისი დიამეტრი 1-2 სმ-ს უტოლდება, სიგრძე კი 4-6 სმ-ია, მასში 9-12 ხრტილოვანი რგოლი მდებარეობს.

ის ორ მთავარ ბრონქს უდებს სათავეს, რომლებიც მარჯვენა ბრონქის მსგავსად კვლავ იტოტებიან.

როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პირვანდელი ბრონქები მანამდე იტოტებიან, ვიდრე ერთ მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის უმცირეს ბრონქებში - ბრონქიოლებში არ გადავლენ.

ბრონქიოლა - ჰაერგამტარი გზების უკანასკნელი და ყველაზე წვრილი ელემენტია, რომელიც ძაბრისმაგვარი ბოლოებით უშუალოდ უკავშირდება ფილტვის ალვეოლებს.

ბრონქული ხე გარეგან სუნთქვას ახორციელებს, ანუ მისი მთავარი ფუნქცია ჩასუნთქული ჰაერის საჭირო კონდიციამდე დამუშავება და ფილტვებამდე ისეთი სახით მიტანაა, როგორიც შინაგან სუნთქვას ესაჭიროება, ამიტომ იგი სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმონაქმნია.


ჰაერგამტარი გზების კედელთა აგებულება

სასულე და ბრონქების კედლები სამშრიანია: გარეთა, შუა და შიგნითა, რომლებშიც ლორწოვანი, ლორწქვეშა, ფიბროზულ-ხრტილოვანი და ადვენტიციური ფენები განირჩევა.

ადვენტიციური ანუ გარეთა შრე - გარედან ბრონქული ხე დაფარულია ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, იგი მათ ფიქსაციაში მონაწილეობს, ამავდროულად შეიცავს სისხლძარღვებს, ლიმფურ ძარღვებსა და ნერვებს, რომლებიც ბრონქებზე დაკისრებული როლის შესრულების ხარისხს პირდაპირ განსაზღვრავენ.

ფიბროზულ-ხრტილოვანი, ანუ შუა შრე - ხრტილოვანი და კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი ფენაა, რომელიც გაცილებით სქელია ტრაქეაში, რაც შეეხება ბრონქებს, მათი შუა კედელი ხრტილოვან ქსოვილს თითქმის არ შეიცავს, იგი მთლიანად კუნთოვანქსოვილოვანია.

ლორწოვანი, ლორწქვეშა, ანუ შიგნითა შრე - თავის მხრივ სამი ფენისგან შედგება:

მრავალრიგიანი მოციმციმე ეპითელი; საკუთარი ფირფიტა; კუნთოვანი გარსი.

მოციმციმე ეპითელი რამდენიმე სახის უჯრედებს შეიცავს, რომლებსაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფუნქციების შესრულება ავალიათ, მაგალითად:

  • სეკრეტორული უჯრედები გამოიმუშავებენ სურფანქტანტის დამშლელ ფერმენტებს;
  • ენდოკრინულ უჯრედებს სპეციალური სეკრეტის გამომუშავება ავალიათ, ერთნი - სეროზულ ნივთიერებას, ხოლო მეორენი - ლორწოს გამოიმუშავებენ;
  • უწამწამო უჯრედები - რეცეპტორების დახმარებით შეიცნობენ ჰაერში მყოფსხვადასხვა სახის მავნე აგენტებს და დროულად აცნობებენ ამის შესახებ ზემდგომ ინსტანციებს;
  • წამწამიანი უჯრედები - მუდმივად ირხევიან ტრაქეის მიმართულებით და ტალღისებური მოძრაობით ბრონქული სეკრეტის დახმარებით საკუთარი ზედაპირიდან ზედა სასუნთქი გზებისაკენ აგზავნიან უცხო სხეულებს, მიკრობებსა და მტვრის ნაწლაკებს, რომლებიც ბრონქებში შესუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდებიან.

წამწამებიანი უჯრედებით ბრონქული ხე მთელ პერიმეტრზეა ამოფენილი, მსხვილი ბრონქებით დაწყებული ბრონქიოლებით დამთავრებული.


ბრონქული სეკრეტი

ბრონქული სეკრეტი მთლიანად ფარავს წამწამოვან უჯრედებს და ბრონქული ხის გაწმენდაში დიდად ეხმარება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბრონქული ხის მაღალხარისხოვან წმენდას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:

1. წამწამოვანი უჯრედების აქტიური მოძრაობა.
2. ბრონქული სეკრეტის ნორმალური აგებულება - აუცილებელია, სეკრეტში მკაცრად იყოს დაცული წებოვანი და თხევადი ფრაქციების ურთიერთშეფარდება, თუ ეს ლორწოვანი ფაზის სასარგებლოდ იცვლება, მაშინ სქელი სეკრეტის გამო წამწამები ერთმანეთს ეწებებიან და მათი მოძრაობის აქტიურობა ქვეითდება, თუ სეკრეტში თხევადი ფენა სჭარბობს, მაშინ თხიერი კონსისტენციის გამო წამწამებზე მტვრის ნაწილაკები და მიკრობები ვეღარ კავდებიან და მათი გამოდევნის პროცესი საერთოდ წყდება.

ბრონქული სეკრეტი, ფილტრის გარდა, დაცვით ფუნქციასაც ასრულებს, მის შემადგენლობაში შემავალი მაღალმოლეკულური ნაერთები საიმედოდ იცავენ ლორწოვან გარსს მექანიკური და ქიმიური გამღიზიანებლებისგან.

შესუნთქული ჰაერი როდესაც ძლიერ არის დაბინძურებული და საკმაოდ დიდი რაოდენობით მტვერს და მიკროორგანიზმებს შეიცავს, ბრონქულ ხეში გროვდება ლეიკოციტების მიერ შთანთქმული უცხო აგენტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ასქელებენ ბრონქულ სეკრეტს და აძნელებენ თვითწმენდის პროცესს, სწორედ ამიტომ ევოლუციის პროცესში აუცილებელი გახდა ორგანიზმის ისეთი იარაღით აღჭურვა, რომელიც მოახდენდა ფილტვებამდე ჰაერის ნაკადის ჩასვლის რეგულაციას და გასქელებული ლორწოს ნახველის სახით გამოდევნას - ეს ბრონქების სანათურის შევიწროებისა (სპაზმი) და გაფართოების (დილატაცია) საშუალებით ხორციელდება.


ჰაერგამტარ გზებში ჰაერის ნაკადის რეგულაცია

ამ მნიშვნელოვან დავალებას ბრონქული ხის კუნთოვანი გარსი ასრულებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბრონქები გლუვი კუნთებისგან შედგება, რომელთა შეკუმშვაც - სასუნთქი მილის სპაზმს, ხოლო გაფართოება მის დილატაციას იწვევს.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სპაზმი დაცვითი რეაქციაა, რომელიც მიზნად ისახავს წინ აღუდგეს ძლიერ დაბინძურებული და ჯანმრთელობისათვის მეტად საშიში ჰაერის ფილტვებამდე ჩაღწევას.

როცა ბრონქულ ხეში საშიში მინარევების მქონე ჰაერი გაივლის, უმალ შეიცნობენ მას ლორწოვან გარსში არსებული უწამწამო უჯრედები და ცდომილი ნერვის დაბოლოებანი, რომლითაც საკმაოდ მდიდარია ბრონქული ხე, სწორედ ცდომილი ნერვის საშუალებით გადასცემენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრს, რომლიდანაც იმპულსი ეგზავნება ბრონქების კუნთოვან შრეში მდებარე ნერვებს და გამოიყოფა დიდი რაოდენობით მედიატორი ნივთიერება - აცეტილქოლინი, რომლის გავლენითაც კუნთები სწრაფად იკუმშებიან, ავიწროებენ სანათურს და იწვევენ ბრონქების სპაზმს, რათა დაბინძურებული ჰაერი მეტად აღარ მოხვდეს ფილტვებში.

თუ გამღიზიანებელი ძლიერ აგრესიულია, მაშინ სპაზმთან ერთად სტიმულირდება ბრონქული სეკრეტის გამოყოფაც - გაცილებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ბრონქების სპაზმი და დიდი რაოდენობით სეკრეტის დაგროვება კი იწვევს დისკომფორტს, გაძნელებულ სუნთქვას და ბადებს ამოხველების სურვილს, რაშიც მდგომარეობს კიდეც დაცვითი მექანიზმი, რომლის მთავარი ამოცანაცაა, არ დაუშვას სასუნთქ გზებში მავნე ნივთიერებისა თუ მტვრის ნაწილების მოხვედრა, დროულად მოხდეს მათი უკვე შეღწეული მიკრობების განეიტრალება და ევაკუაცია ნახველის სახით.

რაც შეეხება ბრონქოდილატაციას, როცა საფრთხე გადაივლის, ბრონქების სანათური კვლავ ფართოვდება.

ასე რომ, ბრონქული ხის მთავარი ფუნქცია ჰაერის გატარება, გასუფთავება და ფილტვებში მისი ნაკადის რეგულაციაა, რაც აუცილებელია ნორმალური სუნთქვისთვის.

მთელი ცხოვრების მანძილზე სასუნთქი სისტემის მფილტრავი სტრუქტურების მიერ ათასობით ტონა ჰაერი იწმინდება და ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში რამდენი მტვერი და მიკრობი, უცხო სხეული იყრის ჰაერგამტარ გზებში თავს, მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზმს სერიოზულ პრობლემას არ უქმნის, რადგან სპეციალური - მუკოცილიარული მექანიზმის წყალობით, ჰაერგამტარი გზები უცხო აგენტებისგან მუდმივად იწმინდება და სუფთავდება, მაგრამ ხშირად, სხვადასხვა სახის პათოლოგიური პროცესისას, ზიანდება ბრონქების კუნთოვანი შრე, მისი ნერვული რეგულაცია, ვეღარ ხდება დაგროვილი ლორწოს ნახველის სახით დროული ევაკუაცია, გამოყოფა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რადგან საკმაოდ ბევრ სერიოზულ დაავადებას უდებს სათავეს.


ჰაერგამტარ გზებში ჰაერის ნაკადის შეფერხება


დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობანი, რომლებიც ჰაერგამტარ გზებში ჰაერის ნორმალური გადინების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენენ, 4 ძირითად ჯგუფად იყოფიან:

  • ინფექციური პროცესები – მათ იწვევენ ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, რომლებიც ორგანიზმში გარემოდან ხვდებიან და სასუნთქი სისტემის დაზიანებას იწვევენ, მაგალითად, რინიტს, ლარინგიტს, ფარინგიტს, ბრონქიტს, პნევმონიას, ანგინას და სხვა;
  • ალერგიული პროცესები - შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ტიპის ალერგენების მიმართ ორგანიზმის მოჭარბებული რეაქციით, პოტენციური ალერგენებია: მცენარეთა მტვერი, კვებითი და საყოფაცხოვრებო აგენტები, რომლებიც ალერგიულ რინიტს, ბრონქიტს და ბრონქულ ასთმას აპროვოცირებენ;
  • აუტოიმუნური პროცესები - ვითარდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო ორგანიზმში გამომუშავდება საკუთარივე უჯრედების საწინააღმდეგოდ მოქმედი ნაერთები;
  • სიმსივნური პროცესები - არსებობს პირველადი ტრაქეობრონქული სიმსივნეები, რომლებიც შემდეგ ვრცელდებიან ჰაერგამტარ გზებზე, შერეული პირველადი სიმსივნეები, რომლებიც ინვაზირებენ, იჭრებიან ჰაერგამტარ გზებში და ავიწროებენ მათ სანათურს და კიბოს ზოგიერთი ფორმა, რომელიც ჰაერგამტარ გზებში მეტასტაზირებს.

ტრაქეის პირველადი სიმსივნეები გაცილებით იშვიათია, ჩვეულებრივ, ავთვისებიანია და მათი დიაგნოსტიკა დაავადების მოგვიანებით ეტაპზე ხდება.

ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა ბრტყელუჯრედოვანი პაპილომა, რომელიც ყველაზე ხშირად ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციას უკავშირდება.

მემკვიდრული ფაქტორები - ადამიანი ზოგჯერ ამგვარი მდგომარეობებისადმი გენეტიკურად არის დადებითად წინასწარგანწყობილი;

არახელსაყრელი გარემო პირობები, მაგალითად, დიდი ხნით გაუნიავებელ, ცუდი სავენტილაციო პირობების მქონე დახურულ სივრცეში დიდი ხნით ყოფნისას შესაძლოა განვითარდეს მწვავე რესპირატორული დაავადება, ბრონქიტი ან ანგინა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
მწვავე ბრონქიტი მწვავე ბრონქიტი არის ბრონქების მწვავე ანთებითი დაავადება. ის სწრაფად, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება.
ვიდრე უშუალოდ სუნთქვის სიხშირესა და მის თავისებურებებს შევეხებით, შეგახსენებთ, რომ სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია.
ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ხველა არა რამდენიმე დღის, არამედ თვეების და წლების მანძილზე.
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ფილტვის სურათის გაძლიერება.
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად