სუნთქვის სიხშირე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნთქვის სიხშირე

ფილტვისმიერი სუნთქვა ალვეოლების ჰაერიდან სისხლის მიერ ჟანგბადის ათვისება და ალვეოლებში ნახშირორჟანგის (და წყლის) გაცემაა. ქსოვილოვანი, ანუ შინაგანი სუნთქვა კი ქსოვილების მიერ სისხლისგან ჟანგბადის ათვისება და მასში ნახშირორჟანგის გაცემაა. ფილტვისმიერი სუნთქვისაგან განსხვავებით, ფილტვების ვენტილაცია (ანუ გარეგანი სუნთქვა) გარემოსა (ატმოსფეროსა) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა. ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისაგან შედგება. იგი გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობებით, გაგანიერებითა და დაშვებით (დაწევით) ხდება. ჩასუნთქვისას სასუნთქი კუნთები აქტიურად მუშაობენ; ეს სუნთქვის აქტიური ფაზაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსულ იმპულსს მოჰყვება. გულმკერდის ყაფაზის მოცულობის გადიდებას მისი ღრუსა და პასიურად ფილტვების მოცულობის მომატებაც მოჰყვება. ამ დროს ალვეოლური წნევა კლებულობს, ამიტომაც ატმოსფეროს ჰაერი ალვეოლებში შედის. ამოსუნთქვა პასიურად ხდება სასუნთქი კუნთების მოდუნებისა და გულმკერდის ყაფაზის დაშვების შედეგად. ალვეოლების ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ჩასუნთქვისას დაჭიმული იყო, ამოუნთქვის დროს ეშვება. ამ დროს ალვეოლებში ჰაერის წნევა ატმოსფეროს წნევას აჭარბებს და ჰაერი გარეთ გამოდის.

სუნთქვის სიხშირე

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20. სუნთქვის სიხშირის თანაფარდობა მაჯისცემასთან ასეთია: 1:4. ქალის სუნთქვა უფრო ხშირია. სუნთქვის სიხშირე მატულობს წამოდგომის, მოძრაობის, საჭმლის მიღების, აღელვების, გარემოს ტემპერატურის აწევის შედეგად. სუნთქვის სიხშირეს ამგვარად იკვლევენ - პაციენტს მარცხენა ხელისგულს ადებენ გულმკერდის ზედა ნაწილზე (ქალებს) ან გულმკერდისა და მუცლის შუა ადგილზე (მამაკაცებს), მეორე ხელით მაჯას წაავლებენ ხოლმე, თითქოს პულსის დათვლა სურთ (ავადმყოფს ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებენ, რომ სუნთქვა ნებისმიერად არ შეიცვალოს), სინამდვილეში კი, აკვირდებიან და ითვლიან გულმკერდის ამოწევა-ჩაწევის (ერთი სუნთქვის) რაოდენობას ერთ წუთში (რაც ნორმალურად 16-18-ს უნდა უდრიდეს წუთში).

პათოლოგიისას სუნთქვა შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს. გაიშვიათება (ბერძნ. „ბრადიპნოე“) შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების მოქმედების (მოწამვლის, თირკმლის ფუნქციის უკმარისობის, დიაბეტური ან ღვიძლის კომის დროს) ან ქალასშიგა წნევის მომატების (ტვინის სიმსივნე, სისხლის ჩაქცევა) შედეგად. ბრადიპნოესაგან ასხვავებენ ოლიგოპნოეს, რომელიც სუნთქვის წუთმოცულობის შემცირებაა.

სუნთქვის გახშირება (ბერძნ. „ტაქიპნოე“) ვითარდება სისხლში ჟანგბადის უკმარისობისა და ნახშირორჟანგის დაგროვების შედეგად. ფიზიოლოგიურად ის ფიზიკური შრომისა (დაქანცვის) და ემოციების შემთხვევაში აღინიშნება, პათოლოგიისას კი:

  • სუნთქვიდან ფილტვის სასუნთქი ზედაპირის დიდი ნაწილის გამოთიშვისას;
  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოების დაავადებებისას;
  • ძლიერი სისხლნაკლებობისას;
  • ცხელებითი მდგომარეობებისას;
  • ძლიერი ტკივილისას (ღრმად ჩასუნთქვის შეუძლებლობის გამო ავადმყოფი იძულებულია ზერელედ ისუნთქოს);
  • ისტერიისას (სუნთქვა ხშირდება წუთში 60-80-მდე და მეძებარი ძაღლის სუნთქვას ჰგავს).

ტაქიპნოესაგან განსხვავებით პოლიპნოე სუნთქვის წუთმოცულობის გადიდებაა.

სუნთქვა შეიძლება გაღრმავდეს ყოველგვარი ქოშინის დროს, განსაკუთრებით ღრმაა კუსმაულის დიდი სუნთქვა; ამ დროს აღინიშნება დიდი ამპლიტუდის სუნთქვითი მოძრაობები, მაგალითად, ღრმა დიაბეტური კომის შემთხვევაში.

სუნთქვის დათვლით ან დახედვით შეიძლება სუნთქვის ტიპის განსაზღვრა და რიტმის დარღვევის დადგენა. ქალებს გულმკერდის ტიპის სუნთქვა აქვთ, მამაკაცებს - მუცლის, ანუ დიაფრაგმული ტიპის. გვხვდება შერეული ტიპის სუნთქვაც. პათოლოგიის შემთხვევაში სუნთქვის ტიპი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, მუცლის ფარის გაღიზიანების ან დაზიანების (პერიტონიტი, აპენდიციტი და სხვა) დროს მუცლის ტიპის სუნთქვა გულმკერდის ტიპის სუნთქვად გარდაიქმნება, ხოლო პლევრისა და ფილტვების დაზიანების (პნევმონია, ტუბერკულოზი, პლევრული შეხორცებები, ნეკნთაშუა ნევრალგია) დროს - გულმკერდის ტიპის სუნთქვა მუცლის ტიპის სუნთქვად, რაც დაზიანებული ორგანოს დაზოგვით აიხსნება.

სუნთქვის რიტმის დარღვევის სახეებია:

  • ბიოტის სუნთქვა - ცვალებადია სუნთქვის ამპლიტუდები, სიხშირე და აპნოეს პერიოდები. აღინიშნება თავის ტვინის დაავადებების (მენინგიტის და სხვა) დროს და მძიმე მდგომარეობის ნიშანია.
  • ჩეინ-სტოქსის სუნთქვა - სუნთქვითი მოძრაობის სიღრმე თანდათანობით მატულობს, მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ თანდათანობით კლებულობს მინიმუმამდე და რამდენიმე წამის ტოლ პაუზამდე; ავადმყოფი უგონო მდგომარეობაშიც შეიძლება ჩავარდეს. სუსტად გამოხატული ასეთი სუნთქვა ჯანმრთელებს ძილის დროს აღენიშნებათ, პათოლოგიის შემთხვევაში კი ის სერიოზული, ზოგჯერ ცუდი პროგნოზის მაჩვენებლია; გვხვდება გულის დეკომპენსაციის მძიმე სტადიაში, თავის ტვინის დაავადებათა დროს (სიმსივნე, აბსცესი და სხვა), მოწამვლების შემთხვევაში.
  • გროკოს სუნთქვა - სასუნთქი კუნთების მუშაობის დისოციაციის შედეგია. დიაფრაგმა ჩასუნთქვას ახდენს, ნეკნთაშუა კუნთები კი - ამოსუნთქვას; ამიტომ გულმკერდის ქვედა ნაწილი ფართოვდება, ზედა ნაწილი ჩაიდრიკება და პირიქით. ასეთი სუნთქვა უმძიმესი ნიშანია და აღინიშნება თავის ტვინისა და მისი გარსების დაავადებათა, აგრეთვე მძიმე ინტოქსიკაციების დროს.