ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები

ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები
ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების განვითარების თავისებურებებსა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი, კობა კობიძე.

- ბატონო კობა, ალბათ, უმჯობესია დავიწყოთ ბანალური მწვავე ბრონქიტით; რა დაავადებაა ის და როგორია მისი სიმპტომები?

- მწვავე ბრონქიტი ბრონქული ხის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც გრძელდება 2-3 კვირამდე. მისი აუცილებელი სიმპტომია ხველა ნახველის გამოყოფით ან მის გარეშე.

მწვავე ბრონქიტი უხშირესად გამოწვეულია რესპირაციული ვირუსებით, ამიტომ იგი იწყება რესპირაციული ინფექციის ნიშნებით, როგორებიცაა: შემცივნება, საერთო სისუსტე, მსუბუქი ცხელება (არა უმეტეს 3 დღის განმავლობაში), ცხვირიდან გამონადენი, ყელის
ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხმის ჩახლეჩა.

ძირითადი კლინიკური ნიშანი არის ხველა, რომელიც დაავადების დაწყებიდან 2-4 დღის შემდეგ იჩენს თავს. თავიდან ის მშრალი, შემაწუხებელია, შემდეგ პროდუქტიული ხდება. ნახველი თავიდან ლორწოვანია, მოგვიანებით ჩირქოვანი შეიძლება გახდეს. თუმცა ჩირქოვანი ნახველი გამოწვეულია ლეიკოციტების მიგრაციით და ყოველთვის არ მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე.

დინამიკაში ნახველი თანდათან თხიერდება და 5-10 დღეში ხველა გაივლის. ბრონქიტის სიმპტომები ჩვეულებრივ 2 კვირამდე გრძელდება, თუმცა იშვიათად შეიძლება ხველა 4-6 კვირამდეც გახანგრძლივდეს.

ტემპერატურა ნორმალურია ან სუბფებრილური. ადრეულ ეტაპზე შეიძლება გამოიხატოს ნაზოფარინგიტი, კონიუნქტივიტი და რინიტი.

მიკოპლაზმური ეტიოლოგიის ბრონქიტის დროს შესაძლებელია კანზე გამონაყარის გაჩენაც.

- როგორ ვუმკურნალოთ?

- მწვავე ბრონქიტის ძირითადი გამომწვევია ვირუსი, ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპია არ არის ნაჩვენები. ანტიბიოტიკოთერაპიაზე უნდა ვიფიქროთ, თუ:

  • ზოგადი მდგომარეობა უარესდება;
  • ცხელება გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს;
  • ცხელება თავიდან იწყება;
  • აღინიშნება პროფუზული და ჩირქოვანი ნახველი;
  • ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ეჭვია მიკოპლაზმურ, ქლამიდიურ ინფექციაზე ან ყივანახველაზე;
  • თუ მწვავე ბრონქიტის სიმპტომებთან ერთად აღინიშნება სინუსიტი ან ოტიტი;
  • თუ დაავადება მიმდინარეობს იმ ფაქტორების ფონზე, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ პნევმონიის გა­­ნვითარების რისკი (იმუნოდეფიციტი, ალკ­ოჰოლიზმი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული პათოლოგია).

მიკოპლაზმურ და ქლამიდიურ ინფექციაზე ეჭვის დროს რეკომენდებულია მაკროლიდის გამოყენება.

პაციენტმა სასურველია დაიცვას შემდეგი რეკომენდაციები:

1. სითხეების დამატებით მიწოდება ბრონქული სეკრეტის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად;
2. სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავება;
3. ანტიპირეტული საშუალებები;
4. ხველის დამთრგუნველი საშუალებები ხშირად ინიშნება ბრონქიტის დროს. მათ შეიძლება შეამცირონ ხველა, მაგრამ მათი მიღება არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას.
5. ამოსახველებელი საშუალებების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნახველის გამათხიერებელი საშუალებების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ წებოვანი, ძნელად გამოსაყოფი ნახველის დროს;
6. ბრონქოდილატატორების გამოყენება უმნიშვნელო ეფექტს იძლევა გახანგრძლივებული ხველის დროს.

- რა დაავადებაა პნევმონია და როგორია მისი სიმპტომები?

- პნევმონია ალვეოლისა და ტერმინალური სასუნთქი გზების ანთებაა, რომელსაც იწვევს ჰემატოგენური ან ინჰალაციური გზით ფილტვებში მოხვედრილი ინფექციური აგენტი. მას ახასიათებს მწვავე რესპირაციული სიმპტომების, ცხელების ან ორივეს ერთდროულად არსებობა და გულმკერდის რენტგენოგრამაზე ფილტვის პარენქიმული ინფილტრაციის ნიშნები. არჩევენ:

  • არაჰოსპიტალურ (საზოგადოებაში შეძენილ) პნევმონიას;
  • ჰოსპიტალურ (ნოზოკომიურ) პნევმონიას;
  • იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებულ პნევმონიას.

მწვავე პნევმონიის დროს პაციენტი უჩივის: ხველას ნახველით ან მის გარეშე, ცხელებას, ინტოქსიკაციის გამოვლინებას.

პნევმონია უნდა ვიეჭვოთ მაშინ, როდესაც პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება შერწყმული ქოშინთან, ნახველის გამოყოფასთან და/ან ტკივილთან გულმკერდის არეში. ავადმყოფი, რომელმაც გადაიტანა პნევმონია, ხშირად უჩივის არამოტივირებულ სისუსტეს, დაღლილობას და ღამით ძლიერ ოფლიანობას.

  • უმეტეს შემთხვევებში, დაავადების კლინიკურ-რენტგენოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე არ ხერხდება პნევმონიის ეტიოლოგიის განსაზღვრა.
  • პნევმონიის ისეთი ნიშნები, როგორებიცაა მწვავე ცხელება, ტკივილი გულმკერდის არეში და სხვ., შესაძლოა არ აღინიშნებოდეს, განსაკუთრებით - გართულების დროს და მოხუცებთან.

პლევრული ტკივილის საწინააღმდეგოდ საკმარისია მარტივი ანალგეტიკების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, პარაცეტამოლი.

პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოქსიგენოთერაპია ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრით და შაO2>92% დონეზე შენარჩუნებით. მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი შეიძლება პაციენტს მიეცეს გაურთულებელი პნევმონიის დროსაც.

საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სითხის ინტრავენური შევსება.

პაციენტთა უმრავლესობის მკურნალობა შესაძლებელია პერ ოს მისაღები ანტიბიოტიკებით.

- რა დაავადებაა ფილტვის აბსცესი და როგორია მისი მართვის თავისებურება?

- ფილტვების აბსცესი ფილტვის ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილი იშლება და ღრუ წარმოიქმნება.

ფილტვების აბსცესისთვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, უმადობა, შემცივნება, მშრალი ხველა ან მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით, ტკივილი გულმკერდის არეში. დასაწყისში ცხელება რემისიულია, შემდეგ კი ჰექტიური, აღინიშნება ქოშინი. შეიძლება გამოიკვეთოს დაზიანებული მხარის სუნთქვაში ჩამორჩენა. მოგვიანებით, ჩირქგროვის ბრონქში გახსნისას პაციენტს გამოეყოფა დიდი რაოდენობით სუნიანი, ჩირქოვანი, შესაძლებელია სისხლნარევი ნახველი. შემთხვევათა უმრავლესობაში მწვავე აბსცესი იკურნება, თუმცა შეიძლება პლევრის ემპიემით გართულდეს.

მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს ფილტვის განგრენას, რომლის დროსაც პაციენტი გამოყოფს დიდი რაოდენობით მყრალი სუნის ჩირქოვან ნახველს და გამოხატული აქვს ძლიერი ინტოქსიკაციის სურათი. ფილტვის განგრენის პროგნოზი სერიოზულია და ხშირად შეიძლება არაკეთილსაიმედო იყოს.

- იქნებ, მოკლედ გვითხრათ ბრონქოექტაზიაზეც?

- ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ბრონქების შეუქცევადი გაგანიერებით და გაგანიერებული ბრონქების ქრონიკული ბაქტერიული ანთებით.

ბრონქოექტაზია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით. ანამნეზში ხშირად აღინიშნება ბავშვობაში გადატანილი პნევმონია. გამწვავება ძირითადად შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში ხდება. აღინიშნება ხველა ჩირქოვანი ნახველით, უპირატესად დილას, ძილის შემდეგ წამოდგომისას. ხველისას გამოიყოფა ცუდი სუნის ნახველი, შეიძლება ჰქონდეს სისხლის მინარევი. გამოხატულია ოფლიანობა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ციანოზი. პაციენტს შეიძლება განუვითარდეს „კომბლისებური“ თითები, „საათის მინის“ ფორმის ფრჩხილები.

მკურნალობაში წამყვანია ანტიბიოტიკოთერაპია. ოპერაციული ჩარევა მიზანშეწონილია ლოკალური ბრონქოექტაზების შემთხვევაში, როდესაც თერაპიული მკურნალობა უეფექტოა და ფილტვებიდან სისხლდენის დროს.

ბრონქოექტაზიის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა ფილტვების მწვავე ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.

- რა დაავადებაა მუკოვისციდოზი და როგორ ვლინდება ის?

- იგი მულტისისტემური, გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც სხვადასხვა ორგანო (ფი­ლტვები, პანკრეასი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი) ზია­ნდება.

დაავადების სიმპტომები უპირატესად ბავშვობის ასაკში იჩენს თავს. სასუნთქი სისტემის მხრივ გამოვლენილია ხველა სქელი, წებოვანი, ჩირქოვანი, მომწვანო ფერის ნახველის გამოყოფით. დაავადება მიმდინარეობს გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით.

- როდის და როგორ ისმება სარკოიდოზის დიაგნოზი?

- სარკოიდოზი სისტემური დაავადებაა და ყველაზე ხშირად ზიანდება ფილტვები, კანი, თვალი და ლიმფური კვანძები. პაციენტი აღნიშნავს ტემპერატურის მომატებას, ქოშინს, ადვილად დაღლას, უმადობას, წონის დაკლებას, ხველას. ხშირად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შეიძლება შემთხვევითი კვლევის დროს გამოვლინდეს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ფილტვების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) სადღეისოდ ფილტვის ზოგიერთი დაავადების
05-12-2018
პირველად მსოფლიოში ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან ფილტვები გაზარდეს.
05-12-2018
ნახველი ფილტვებისა და სასუნთქი გზების (სასულე, ბრონქები) გამონაყოფია.
05-11-2018
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
პირის ღრუს ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კბილების, არამედ ფილტვების ჯანმრთელობისთვისაც
ვიდეო დაგეხმარებათ პნევმონიის არსის გაგებაში და მისგან განკურნების მართვაში.
ტრაქეა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და „სასუნთქ ყელს, არტერიას“ ნიშნავს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბლუმბერგის სკოლაში (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health)
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად