ბრონქული ხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქული ხე

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია სასუნთქი სისტემის ერთ ნაწილს - ბრონქულ ხეს. ბრონქული ხის აგებულება ბრონქული ხე სასულისა და ბრონქებისგან შედგება. სასულე, იგივე ტრაქეა, ხორხის უშუალო გაგრძელებაა, საყლაპავი მილის წინ მდებარეობს და 16-20 ერთმანეთზე მიწყობილი ჰიალინური ხრტილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მტკიცე, ბეჭდისებრი იოგებით უკავშირდება.

ტრაქეის უკანა კედელი მდიდარია გლუვი, მეტწილად წრიულად განლაგებული კუნთოვანი ბოჭკოებით, რომლებიც საჭიროებისამებრ არეგულირებს სასულის სანათურის დიამეტრს - აფართოებს ან, პირიქით, ავიწროებს მას. ტრაქეის სიგრძე ცვალებადია - 8-დან 13 სანტიმეტრამდე მერყეობს და პიროვნების კონსტიტუციაზეა დამოკიდებული, მამაკაცებს უფრო გრძელი სასულე აქვთ, ქალებს - შედარებით მოკლე. სასულე გულმკერდის მეხუთე მალის დონეზე ორკაპდება და წარმოქმნის არათანაბარი დიამეტრისა და სიგრძის ორ - მარჯვენა და მარცხენა - პირვანდელ ბრონქს.

ბრონქები აგებულებით ძლიერ ჰგავს ტრაქეას. მარჯვენა პირვანდელი ბრონქი მარცხენაზე მოკლეა. მისი სიგრძე 1-2 სმ-ს უტოლდება. მის გასწვრივ 6-8 ხრტილოვანი რგოლი თავსდება. სამაგიეროდ, მარცხენასთან შედარებით დიდი - 1,5-2,5 სმ დიამეტრის სანათური აქვს. ის კიდევ ერთხელ იტოტება და სამ მთავარ ბრონქს წარმოქმნის, რომელთაგან თითოეული წინა და უკანა შტოებად იყოფა.

მარცხენა პირვანდელი ბრონქი მარჯვენასთან შედარებით გრძელი და ვიწროა - მისი დიამეტრი 1-2 სმ-ს უდრის, სიგრძე კი 4-6 სმ-ს. მასში 9-12 ხრტილოვანი რგოლია მოქცეული. მარცხენა პირვანდელი ბრონქი ორ მთავარ ბრონქს უდებს სათავეს, რომლებიც თავის მხრივაც რამდენიმე ტოტად იყოფა. როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პირვანდელი ბრონქები მანამდე იტოტება, ვიდრე ერთ მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის უმცირეს ბრონქებში - ბრონქიოლებში არ გადავა.

ბრონქიოლა ჰაერგამტარი გზების უკანასკნელი და ყველაზე წვრილი ელემენტია, რომელიც ძაბრისმაგვარი ბოლოებით უშუალოდ უკავშირდება ფილტვის ალვეოლებს. ტრაქეიდან დაწყებული ბრონქიოლებით დამთავრებული, ორგანიზმში იქმნება ერთიანი ჰაერგამტარი სტრუქტურა, რომელიც აგებულებით ძლიერ ჰგავს დატოტვილ ხეს. ამიტომ ამ სტრუქტურას ბრონქულ ხეს უწოდებენ. მის ღერძს ტრაქეა ქმნის, ხოლო ტოტებს - ბრონქები და მათი განშტოებანი. ბრონქული ხე გარეგან სუნთქვას ახორციელებს. მისი მთავარი ფუნქცია ჩასუნთქული ჰაერის საჭირო კონდიციამდე დამუშავება და ფილტვებამდე ისეთი სახით მიტანაა, როგორიც შინაგანი სუნთქვისთვის არის საჭირო, ამიტომ ის სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმონაქმნია.

  • ბრონქული ხის კედლის აგებულება

როგორც ტრაქეის, ისე ბრონქების კედლები სამშრიანია. ეს არის გარეთა, შუა და შიგნითა შრეები, რომლებშიც ლორწოვანი, ლორწქვეშა, ფიბროზულ-ხრტილოვანი და ადვენტიციური ფენები განირჩევა. ადვენტიციური ანუ გარეთა შრე. გარედან ბრონქული ხე დაფარულია ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც გარდა იმისა, რომ ბრონქების ფიქსაციაში მონაწილეობს, სისხლძარღვებს, ლიმფურ ძარღვებსა და ნერვებსაც შეიცავს, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავს ბრონქების ფუნქციის შესრულების ხარისხს. ფიბროზულ-ხრტილოვანი ანუ შუა შრე ხრტილოვანი და კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი ფენაა, რომელიც გაცილებით უკეთ არის განვითარებული და სქელია ტრაქეაში. რაც შეეხება ბრონქებს, მათი შუა კედელი ხრტილოვან ქსოვილს თითქმის არ შეიცავს, ის მთლიანად კუნთოვანქსოვილოვანია.

  • ლორწოვანი, ლორწქვეშა ანუ შიგნითა შრე, თავის მხრივ, სამი ფენისგან შედგება: მრავალრიგიანი მოციმციმე ეპითელიუმისგან, საკუთარი ფირფიტისა და კუნთოვანი გარსისგან. მოციმციმე ეპითელიუმი რამდენიმე სახის უჯრედებს შეიცავს, რომლებსაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფუნქციები აკისრია. ესენია:
  • სეკრეტორული უჯრედები - გამოიმუშავებენ სურფაქტანტის დამშლელ ფერმენტებს;
  • ენდოკრინული უჯრედები - მათ სპეციალური სეკრეტის გამომუშავება ევალება. ეს უჯრედები ორნაირია. ერთნი - სეროზულ ნივთიერებას, ხოლო მეორენი ლორწოს გამოიმუშავებენ;
  • უწამწამო უჯრედები - მათ რეცეპტორული ფუნქციები აკისრიათ, შეიცნობენ ჰაერში მყოფ მავნე აგენტებს და ამის შესახებ დროულად აცნობებენ ზემდგომ ინსტანციებს;
  • წამწამოვანი უჯრედები - ბრონქების შიგნითა ზედაპირი (ლორწოვანი გარსი) მოფენილია თავისებური წამწამებიანი უჯრედებით, რომლებიც მუდმივად ირხევა ტრაქეისკენ და ტალღისებრი მოძრაობით ზედა სასუნთქი გზებისკენ გზავნის უცხო სხეულებს, მიკრობებსა და მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც ბრონქებში შესუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება. წამწამოვანი უჯრედებით ამოფენილია მთელი ბრონქული ხე, მსხვილი ბრონქებიდან მოყოლებული ბრონქიოლების ჩათვლით. ადამიანის სიცოცხლის მანძილზე სასუნთქი სისტემის მფილტრავი სტრუქტურები ათასობით ტონა ჰაერს წმენდენ. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, ამ ხნის მანძილზე რამდენი მტვერი და მიკრობი იყრის თავს ბრონქულ ხეში, თუმცა ორგანიზმს ეს სერიოზულ პრობლემას არ უქმნის, ვინაიდან სპეციალური მუკოცილიარული მექანიზმის წყალობით ბრონქული ხე უცხო აგენტებისგან მუდმივად სუფთავდება.

  • ბრონქული სეკრეტი

ბრონქული სეკრეტი სეროზული და ლორწოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ნივთიერებისგან შედგება. ლორწო მუკოცილიარული მექანიზმის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, ურომლისოდაც წამწამოვანი ეპითელიუმის ნორმალური მუშაობა წარმოუდგენელია. სეროზული ჯირკვლების მიერ გამომუშავებული პროდუქტი შედარებით თხევადია, ლორწოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული კი - გაცილებით სქელია და წებოვანი. ბრონქული სეკრეტი სწორედ ამ თხევადი და წებოვანი მასების შერევით იქმნება. ის მთლიანად ფარავს წამწამოვან უჯრედებს და ბრონქული ხის გაწმენდაში ეხმარება. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ბრონქული ხის წმენდის ხარისხს უმთავრესად ორი ფაქტორი განსაზღვრავს:

  1. წამწამოვანი უჯრედების აქტიური მოძრაობა;
  2. ბრონქული სეკრეტის ნორმალური აგებულება. აუცილებელია, სეკრეტში მკაცრად იყოს დაცული წებოვანი და თხევადი ფრაქციების ურთიერთშეფარდება. თუ თანაფარდობა სქელი კომპონენტის სასარგებლოდ დაირღვა, წამწამები ერთმანეთს შეეწებება და მათი მოძრაობა შეფერხდება. თუ სეკრეტში თხევადი ფენა ჭარბობს, მტვრის ნაწილაკები და მიკრობები წამწამებზე ვეღარ შეკავდება და მათი გამოდევნა საერთოდ შეწყდება.

ბრონქული სეკრეტი დამცავ ფუნქციასაც ასრულებს. მის შემადგენლობაში შემავალი მაღალმოლეკულური ნაერთები ლორწოვან გარსს საიმედოდ იცავს მექანიკური და ქიმიური გამღიზიანებლებისგან, სეკრეტის ლორწოვანი ფენა შეიცავს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს ლაქტოფერინს, ლიზოციმს (რომლებიც ბაქტერიებს შლიან და ხელს უშლიან ინფექციურ პროცესთა განვითარებას) და ინტერფერონს, რომელსაც ანტივირუსული მოქმედება აქვს და ბრონქულ ხეს ვირუსებისგან იცავს.

ზოგჯერ, როდესაც ჩასუნთქული ჰაერი მეტისმეტად არის დაბინძურებული და დიდი რაოდენობით მტვერსა და მიკროორგანიზმებს შეიცავს, მუკოცილიარული მექანიზმი ბრონქული ხის ხარისხიან წმენდას ვეღარ უზრუნველყოფს. იქ გროვდება ლეიკოციტების მიერ შთანთქმული უცხო აგენტები, რომლებიც უფრო მეტად ასქელებს ბრონქულ სეკრეტს და აძნელებს თვითწმენდის პროცესს. ამის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმი ისეთი იარაღით არის აღჭურვილი, რომელიც არეგულირებს ფილტვებამდე ჰაერის ნაკადის ჩასვლას და გასქელებული ლორწოს ნახველის სახით გამოდევნას - ეს ბრონქების სანათურის შევიწროებისა და გაფართოების (სპაზმისა და დილატაციის) გზით ხორციელდება.

  • ჰაერის ნაკადის რეგულაცია

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბრონქები გლუვი კუნთებისგან შედგება, რომელთა შეკუმშვაც სასუნთქი მილის სპაზმს იწვევს, ხოლო გაფართოება - დილატაციას. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სპაზმი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს მეტისმეტად დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის ფილტვებამდე ჩაღწევას. ეს ამგვარად ხდება: როდესაც ბრონქულ ხეში საშიში მინარევების მქონე ჰაერი გაივლის, მას უმალვე შეიცნობენ ლორწოვან გარსში არსებული უწამწამო უჯრედები და ცდომილი ნერვის დაბოლოებანი, რომლებითაც საკმაოდ მდიდარია ბრონქული ხე. სწორედ ცდომილი ნერვის საშუალებით გადაეცემა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრს, საიდანაც იმპულსი ეგზავნება ბრონქების კუნთოვან შრეში მდებარე ნერვებს. შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით მედიატორი ნივთიერება აცეტილქოლინი, მისი გავლენით კი კუნთები სწრაფად იკუმშება, ავიწროებს სანათურს და იწვევს ბრონქების სპაზმს, რათა დაბინძურებული ჰაერი ფილტვებში მეტად აღარ მოხვდეს.

თუ გამღიზიანებელი მეტისმეტად აგრესიულია, სპაზმთან ერთად სტიმულირდება ბრონქული სეკრეტის გამოყოფაც - ის გაცილებით მეტი წარმოიქმნება, ბრონქების სპაზმი და დიდი რაოდენობით სეკრეტის დაგროვება კი იწვევს დისკომფორტს, სუნთქვის გაძნელებას და ბადებს ამოხველების სურვილს. სწორედ ამაში მდგომარეობს თავდაცვითი მექანიზმი, რომლის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას სასუნთქ გზებში მავნე ნივთიერებისა თუ მტვრის ნაწილაკების მოხვედრა, დროულად გაანეიტრალოს მათში უკვე შეღწეული მიკრობები და ნახველის სახით გამოაძევოს ორგანიზმიდან. როდესაც საფრთხე გადაივლის, საჭირო ხდება ბრონქების სანათურის კვლავ გაფართოება.

ეს ორი გზით ხდება.

  1. პირველი: სპეციალური მექანიზმის დახმარებით იწყება აცეტილქოლინის ინაქტივაცია, გამოიყოფა ფერმენტი ქოლინესთერაზა, რომელიც აცეტილქოლინს ანეიტრალებს და გლუვი კუნთების მოდუნებას იწვევს, რასაც მოჰყვება კიდეც ბრონქის სანათურის გაფართოება.
  2. როდესაც გაღიზიანება ძლიერია, მეორე გზა ხორციელდება: აცეტილქოლინის სიჭარბე, გარდა კუნთების შეკუმშვისა, იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის გაღიზიანებას და ჰორმონ ადრენალინის გამოყოფას, რომელიც ბრონქებს აფართოებს.

ამრიგად, ბრონქული ხის მთავარი ფუნქცია ჰაერის გატარება, გასუფთავება და ფილტვებში მისი ნაკადის რეგულაციაა, მაგრამ ხშირად, ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესის დროს, ზიანდება ბრონქების კუნთოვანი შრე, ფერხდება მისი ნერვული რეგულაცია, დაგროვილი ლორწოს დროული გამოყოფა, რაც მრავალ მძიმე დაავადებას უდებს სათავეს და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.