სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე საშუალებები

- სწორი ნაწლავი მსხვილი ნაწლავის დისტალური ანუ ბოლო ნაწილია და მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში. მისი სიგრძე 15-18სმ-ია. ნაწლავში ხდება სითხის, მარილების, გლუკოზისა და ზოგიერთი მედიკამენტური ნივთიერების შეწოვა, ფეკალური მასების დაგროვება, შეკავება და რეფლექსური გამოდევნა.

სწორი ნაწლავის კიბო ავთვისებიანი დაავადებაა და ვითარდება ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედების სიმსივნური გადაგვარებით. იგი იზრდება ნელა, წლების განმავლობაში, ახასიათებს მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა და სწორი ნაწლავის ლიმფური და ვენური გზებით სიმსივნური უჯრედების გავრცელება ანუ მეტასტაზირება, უფრო ხშირად ღვიძლში, ფილტვებში, მიმდებარე და შორეულ ლიმფურ კვანძებში.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სწორი ნაწლავის კიბოთი ავადობის ინტენსიური მატება. ეს ტენდენცია ყველაზე მეტად გამოხატულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც სწორი ნაწლავის კიბოს ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში II-III ადგილი უკავია. საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში სწორი ნაწლავის კიბომ IV-დან III ადგილზე გადაინაცვლა ძუძუსა და ფილტვის კიბოს შემდეგ. ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში სწორი ნაწლავის კიბოს 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. სწორი ნაწლავის კიბოთი მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ყველაზე ხშირად ავადდებიან 50 წლისა და მეტი ასაკის პირები. აქვე შევნიშნავთ, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ორჯერ და მეტად მატულობს ავადობის მაჩვენებელი. ქალაქის მოსახლეობა სოფლისაზე 3-ჯერ უფრო ხშირად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი. ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს თამაშობს კვების ფაქტორი.

სწორი ნაწლავის კიბო უფრო გავრცელებულია მოსახლეობის იმ პოპულაციაში, სადაც კვების რაციონში ხშირად გამოიყენება ხორცი, ცხოველური ცხიმები და რაფინირებული ნახშირწყლები. ნაწლავში ამ პროდუქტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ისეთი კანცეროგენული ნივთიერებები, როგორებიცაა ინდოლი, სკატოლი და გუანიდინი, რომელთა ხანგრძლივი მოქმედება ნაწლავის ლორწოვან გარსზე (განსაკუთრებით შეკრულობის დროს) იწვევს სიმსივნის განვითარებას. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კვების რაციონში ჭარბად ხმარობს მცენარეულ საკვებს და ხილს, ნაკლებად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი. ბოსტნეული და ხილი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ამცირებს პოტენციური კანცეროგენების ექსპოზიციას სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ჰიპოდინამია, სხეულის ჭარბი წონა ასევე ადუნებს ნაწლავის პერისტალტიკას და ამით ხელს უწყობს სიმსივნური პროცესის განვითარებას.

სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოსწინარე დაავადებები - სწორი ნაწლავის ერთეული და მრავლობითი ჯირკვლოვანი პოლიპები, დიფუზური ანუ ოჯახური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. მსხვილი ნაწლავის კიბო ყველაზე ხშირად პოლიპებიდან ვითარდება. მათი გამოვლენა მნიშვნელოვანია კიბოს პროფილაქტიკისთვის. სწორი ნაწლავის პოლიპები შედარებით იშვიათია ახალგაზრდებში და ხშირია უფროსი ასაკის პირებში, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. მრავალრიცხოვანი კვლევით დადასტურებულია პოლიპ-კიბოს განვითარების თანმიმდევრობა. პოლიპები რბილი კონსისტენციისაა და ადვილად ზიანდება მცირე მექანიკური გაღიზიანებით, რაც სისხლდენას იწვევს. ჯირკვლოვანი პოლიპების ქირურგიული მკურნალობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სიმსივნედ გადაგვარდება. სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი.

დიფუზური ანუ ოჯახური პოლიპოზი გენეტიკური, თანდაყოლილი დაავადებაა, იგი შთამომავლობით გადაეცემა და როგორც წესი, აავადებს ოჯახის რამდენიმე წევრს. ის უფრო ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში. დაავადება ხასიათდება მსხვილ ნაწლავში ასობით პოლიპის არსებობით, რომელთა შორის ზოგიერთი 100%-ში ტრანსფორმირდება სიმსივნედ. დაავადებისათვის დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, დიარეა, სისხლიან-ლორწოვანი გამონადენი, ანემია. დიაგნოზი ისმება სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევით და კოლონოსკოპიით. დაავადება ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას.

სწორი ნაწლავის კიბოს, როგორც წესი, წინ უსწრებს ლორწოვანი გარსის ეპითელის მძიმე დაზიანება. სწორედ ამიტომ სწორი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი, განსაკუთრებით წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ ავადმყოფებში სწორი ნაწლავის კიბოს სიხშირე გაცილებით მეტია, ვიდრე საერთო პოპულაციაში. დაავადების განვითარების რისკის ხარისხზე გავლენას ახდენს დაავადების ხანგრძლივობა და კლინიკური მიმდინარეობა. ცნობილია, რომ წყლულოვანი კოლიტით 10 წელზე მეტხანს დაავადებულ ავადმყოფებში სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა 60%-ს აღწევს. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელია სისხლიან-ლორწოვანი გამონადენი, ჭინთვები, წონის დაკლება. დიაგნოზი ისმება ენდოსკოპიური კვლევით. დამახასიათებელი სურათია მრავლობითი წყლულები, ლორწოვანი გარსის ატროფია, ჩირქოვანი ნადებები და კონტაქტური სისხლდენა. პროცესი მოიცავს მთელ მსხვილ ნაწლავს. დაავადებას ახასიათებს პერიოდული გამწვავება. მკურნალობა მედიკამენტურია, რიგ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული ჩრევა.

- როგორია სწორი ნაწლავის კიბოს კლინიკური ნიშნები?

- სწორი ნაწლავის კიბოს კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის ზომასა და მის ლოკალიზაციაზე. რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დაავადების I-II სტადიაში დამახასიათებელია დაავადების ფარული მიმდინარეობა. სიმსივნე შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდეს პროფილაქტიკური გასინჯვის ან სკრინინგული კვლევის დროს. ყველაზე ხშირი სიმპტომია სისხლდენა. რომელიც უხშირესად უმნიშვნელოა, სისხლი შერეულია ფეკალურ მასებთან. ბუასილიდან ალისფერი სისხლდენისგან განსხვავებით, სისხლი შედარებით მუქი ფერისაა. მოგვიანებით აღინIშნება პათოლოგიური სისხლიან-ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. სიმსივნის ზრდასთან ერთად თავს იჩენს ნაწლავის ფუნქციური დარღვევები: ფაღარათი, შეკრულობა, ხშირი ჭინთვები, ავადმყოფს აქვს გარეთ გასვლის ხშირი მოთხოვნილება, მაგრამ მიდგომის დროს გამოყოფს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით ლორწოს. განავალი იღებს ლენტისებრ ფორმას. ტკივილი იწყება უფრო მოგვიანებით, სიმსივნის ადგილობრივად, მეზობელ ორგანოებზე ან ქსოვილებზე გავრცელებისას, ხშირია გაუვალობაც. III-IV სტადიით დაავადებისას ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა - საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, მადის დაკარგვა და სხვა.

- როგორ ისმება სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი?

- სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკა კომპლექსურია. იგი ემყარება კლინიკური, ენდოსკოპიური, ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევების მონაცემებს. უმეტეს შემთხვევაში სწორი ნაწლავის თითით გასინჯვა საკმარისია სიმსივნის დიაგნოზის დასასმელად. თითით გასინჯვა საშუალებას იძლევა გაირკვეს სიმსივნის ფორმა, მისი მოძრაობა, მეზობელ ორგანოებთან დამოკიდებულება და სხვა.

სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდია ენდოსკოპიური კვლევა. რექტოსკოპია გვეხმარება არა მარტო სიმსივნის ვიზუალიზაციაში, სიმსივნიდან კვლევისთვის მასალის აღების საშუალებას იძლევა მიკროსკოპული, უჯრედული სტრუქტურის დასადგენად. კოლონოსკოპია ტარდება მთელი მსხვილი ნაწლავის დასათვალიერებლად და სწორი ნაწლავის სიმსივნის ზევით მდებარე სეგმენტებში პათოლოგიის გამოსავლენად. რენტგენოლოგიური კვლევით შეიძლება დადგინდეს სიმსივნის ზრდის ფორმა, მსხვილ ნაწლავში თანმხლები დაავადებები. ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია სიმსივნური პროცესის ლოკალური გავრცელებისა და შორეული მეტასტაზების არსებობის დადგენა. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტექნიკის გამოყენებით სიმსივნის მეტასტაზები ვლინდება მეზობელ და შორეულ ორგანოებში - ღვიძლში, ფილტვებში, ლიმფურ კვანძებში. ჩატარებული კვლევებით შესაძლებელია მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა და პროგნოზირება.

- რამდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია სკრინინგული კვლევა?

- საქართველოში ბოლო წლებში სწორი ნაწლავის პირველადი კიბოთი გამოვლენილი ავადმყოფებიდან 76.1%-ს დაუდგინდა დაავადების შორს წასული ფორმა, III-IV სტადია, როდესაც მკურნალობის თანამედროვე კომბინირებული და კომპლექსური მეთოდები სასურველ შედეგს ვერ იძლევა. ასე რომ, აშკარაა, მკურნალობის დადებითი შედეგის მისაღწევად ერთადერთი რეალური გზაა სწორი ნაწლავის კიბოს და კიბოსწინარე დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გახსნილი სკრინინგცენტრები.

სკრინინგი არის უსიმპტომო პირთა კვლევა კიბოს და კიბოსწინარე დაავადებების ადრეული ფორმების გამოსავლენად. სკრინინგცენტრში უფასო გამოკვლევები უტარდებათ 50-70 წლის ასაკის პირებს, რომლებსაც გამოკვლევის პერიოდში არავითარი ჩივილები არ აქვთ მსხვილი ნაწლავის მხრივ. განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე (ჰემოკულტესტი) სკრინინგის ძირითადი მეთოდია, რომლის უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით კვლევის სიმარტივეა. დადებითი ტესტის შემთხვევაში პაციენტებს ჩვენების მიხედვით უტარდებათ ღრმა სამედიცინო კვლევები: სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა, რექტოსიგმოიდოსკოპია, კოლონოსკოპია, პათოლოგიური პროცესიდან აღებული მასალის მიკროსკოპიული კვლევა და ექოსკოპია. ყველაფერი ეს უფასოდ ტარდება, რაც დღევანდელ პირობებში მოსახლეობისთვის დიდი შეღავათია. გამოვლენილი ავადმყოფები სამკურნალოდ იგზავნებიან პროფილურ დაწესებულებაში ანდა აჰყავთ აღრიცხვაზე მუდმივი მეთვალყურეობით. ყველა ადამიანს, 50 წლის ასაკიდან, მსხვილი ნაწლავის კიბოს და კიბოსწინარე დაავადებების ადრეული ფორმების გამოსავლენად ვთავაზობთ ჩაიტარონ განავლის ყოველწლიური კვლევა ფარულ სისხლდენაზე და კოლონოსკოპია 5 წელიწადში ერთხელ. სკრინინგცენტრების წარმატებული ფუნქციონირების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა სწორი ნაწლავის კიბოს და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

- რა გართულებები შეიძლება განვითარდეს სწორი ნაწლავის კიბოს დროს?

- სწორი ნაწლავის კიბოს ყველაზე ხშირი გართულებაა ნაწლავის ობტურაციული გაუვალობა. იგი ვითარდება, როდესაც სიმსივნე მთლიანად ახშობს ნაწლავის სანათურს. ავადმყოფი ვერ გადის აირებსა და ფეკალებზე, აქვს მუცელში შეტევითი ტკივილები, გულისრევა, პირღებინება. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. ოპერაცია ხშირად მუცლის წინა კედელზე ნაწლავის გამოტანით მთავრდება, თუმცა გადავადებულ პერიოდში შესაძლებელია რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციის ჩატარება და ნაწლავის ფიზიოლოგიური გამავლობის აღდგენა. შედარებით იშვიათი გართულებაა ძლიერი სისხლდენა ნაწლავიდან. ამ შემთხვევაშიც მკურნალობა ოპერაციულია, რომელიც გულისხმობს სისხლმდენი სიმსივნის ამოკვეთას ნაწლავთან ერთად. სიმსივნური პარაპროქტიტი ანუ სწორი ნაწლავის ირგვლივმდებარე ქსოვილების მწვავე ანთება, მძიმე გართულებაა. დამახასიათებელია ძლიერი ტკივილები სწორ ნაწლავში, მაღალი ტემპერატურა, დუნდულოს შესივება და შეწითლება. გართულება საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას.

- როგორია მკურნალობა და პროგნოზი?

- სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდი ოპერაციულია, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის ზომაზე, ლოკალიზაციასა და მეტასტაზების არსებობაზე. ძირითადი მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებულ ავადმყოფთა ოპერაციისშემდგომ განკურნებას, დაავადებული ნაწლავის რადიკალური ამოკვეთაა მეტასტაზებთან ერთად. თუ სიმსივნე სწორი ნაწლავის შუა და ზემო მესამედში მდებარეობს, შესაძლებელია ნაწლავის ნაწილობრივი ამოკვეთა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნება. სიმსივნის ნაწლავის ქვემო მესამედში არსებობისას ოპერაცია მთავრდება სწორი ნაწლავის ამოკვეთით და მსხვილი ნაწლავის გამოტანით მუცლის წინა კედელზე ერთლულიანი კოლოსტომის სახით. სწორი ნაწლავის III სტადიის კიბოს დროს ტარდება კომბინირებული მკურნალობა - ოპერაციისწინა ქიმიო- ან სხივური თერაპია, შემდეგ ოპერაცია. სწორი ნაწლავის IV სტადიის კიბოს დროს, როდესაც მეტასტაზებით დაზიანებულია შორეული ორგანოები, რიგ შემთხვევაში ტარდება კომბინირებული ქირურგიული ოპერაცია - სიმსივნით და მეტასტაზებით დაზიანებული ორგანოების ერთდროული ან გადავადებული ამოკვეთა. ინოპერაბელობის შემთხვევაში, ანუ როდესაც ოპერაცია შეუძლებელია - ნაჩვენებია ქიმიოთერაპია.

უნდა ითქვას, რომ ონკოლოგიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობაში დასახულმა აქტიურმა სტრატეგიამ საგრძნობლად გააუმჯობესა ავადმყოფთა გაჯანმრთელება და სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასე მაგალითად, სწორი ნაწლავის I-II სტადიის კიბოს დროს, ქირურგიული და კომბინირებული მკურნალობის შედეგად, 90-95% შემთხვევაში მიიღწევა სრული გაჯანმრთელება, III სტადიის კიბოს დროს კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 50-55%-ს უტოლდება, დაავადების IV სტადიაში კი ავადმყოფთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად დაბალია. ამიტომ ექიმთან დროული ვიზიტი და დიაგნოზის დროული დადგენა სწორი ნაწლავის კიბოსა და კიბოსწინარე დაავადებების პროფილაქტიკისა და ეფექტური მკურნალობის საწინდარია.