როგორ დავიცვათ თავი პროქტოლოგიური დაავადებებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუ აიტანთ ტკივილს უხერხულობის გამო - როგორ დავიცვათ თავი პროქტოლოგიური დაავადებებისგან

თუმცა ვიზიტის გადადება, როგორც წესი, დაგვიანებული დიაგნოზის მიზეზი ხდება. თანამედროვე მედიცინამ პროქტოლოგიური დაავადებების მკურნალობა უმტკივნეულო და სწრაფ პროცესად აქცია. პრევენციის გზებზე, ცხოვრების წესსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გესაუბრებათ მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ ასისტენტ-პროფესორი, ქირურგი, ენდოსკოპისტი, პროქტოლოგი გიორგი მერაბიშვილი.

- რომელი პროქტოლოგიური დაავადებები გვხვდება საქართველოში ყველაზე ხშირად და ხომ არ შეინიშნება მათი გახშირება ბოლო წლებში?

- საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პროქტოლოგიურ დაავადებებს შორის ლიდერი პოზიცია ბუასილს ანუ ჰემოროიდულ დაავადებას უკავია. ეს არის პრობლემა, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარი ხვდება. მას მოსდევს ანალური ნაპრალი, რომელიც ხშირად გაუსაძლის ტკივილთან ასოცირდება, და პარაპროქტიტი, იგივე სწორი ნაწლავის მიმდებარე ქსოვილების ჩირქოვანი ანთება. ასევე ხშირია ეპითელური გზების პათოლოგიები, რასაც ხალხში „თმის ჩაბრუნებას" ან “კუდუსუნის კისტას” ეძახიან. ამ დაავადებებით გამოწვეული ტკივილი ხშირად აშინებს პაციენტს , თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ონკოლოგიური დაავადებები, რაზედაც ხშირად მიაქვთ ეჭვი პაციენტებს, თვითდიაგნოსტირების პროცესში, ზემოჩამოთვლილ დაავადებებთან შედარებით იშვიათია.

რაც შეეხება ამ დაავადებების გახშირებას, დინამიკა ნამდვილად საყურადღებოა. ბოლო წლებში ამ პათოლოგიების მატება აშკარად შეინიშნება და ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ცხოვრების წესის ცვლილება — ნაკლები ფიზიკური აქტივობა, მჯდომარე სამუშაო, არარეგულარული და ბოჭკოთი ღარიბი კვება, ქრონიკული სტრესი და შეკრულობის ფართო გავრცელება.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს დადებითი ტენდენციაც: მომართვიანობის ზრდა, რომელიც ყოველთვის არ ნიშნავს მხოლოდ დაავადების გახშირებას. ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ ადამიანები უფრო მეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, თანდათან იმსხვრევა ამ თემასთან დაკავშირებული უხერხულობის ბარიერი და პაციენტები უფრო ადრეულ ეტაპზე მიმართავენ სპეციალისტს, რაც დიაგნოსტიკის მაჩვენებელს ზრდის.

- რომელი ასაკობრივი ჯგუფები არიან ამ დაავადებების განვითარების მხრივ ყველაზე მეტად რისკის ქვეშ და ზოგადად ვინ შედის რისკის ჯგუფში?

- პროქტოლოგიური დაავადებებისგან დაზღვეული არც ახალგაზრდები არიან და არც ხანდაზმულები, თუმცა ძირითადი რისკის ჯგუფი მაინც 30-დან 60 წლამდე ასაკის აქტიური მოსახლეობაა. სწორედ ამ პერიოდში ვლინდება ყველაზე ხშირად ისეთი პრობლემები, როგორიცაა ბუასილი და ანალური ნაპრალი. თუმცა, ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა და დაავადებებმა საგრძნობლად „გაახალგაზრდავება“ დაიწყო — დღეს უკვე აღარავის უკვირს ოცი წლის პაციენტები, რაც მეტწილად არასწორი ცხოვრების წესის დამსახურებაა.

რაც შეეხება უშუალოდ რის-კჯგუფებს, აქ რამდენიმე კატეგორია გამოიყოფა. პირველ რიგში, ესენი არიან მჯდომარე პროფესიის მქონე ადამიანები — ოფისის თანამშრომლები, მძღოლები და პროგრამისტები, რომლებიც დღის დიდ ნაწილს ერთ პოზაში ატარებენ. ასეთ დროს მცირე მენჯის ღრუში ხდება სისხლის შეგუბება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ჰემოროიდული კვანძების გასავითარებლად. ასევე, რისკის ქვეშ არიან ის პირები, რომელთა საქმიანობაც მძიმე ფიზიკურ შრომასთან ან სიმძიმეების აწევასთანაა დაკავშირებული, რადგან მუცლისშიდა წნევის მკვეთრი მატება პირდაპირ ჰემოროიდულ კომპლექსებზე.

ცალკე უნდა გამოვყოთ ორსულები და მელოგინეები. ორსულობის დროს მომხდარი ცვლილებები და უშუალოდ მშობიარობის პროცესი ხშირად ხდება პროქტოლოგიური პრობლემების გამწვავების მიზეზი.

ასევე, რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული შეკრულობა ან კვების დარღვევები — ისინი, ვინც იღებენ დიდი რაოდენობით ცხარე, ალკოჰოლურ ან მშრალ საკვებს და ნაკლებ წყალს. მარტივად რომ ვთქვა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცოტას მოძრაობს და არასწორად იკვებება, გარკვეულწილად რისკის ქვეშ დგას.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს გენეტიკური განწყობა. თუ ოჯახის წევრებს აწუხებთ ბუასილი, პოლიპები ან, რაც ყველაზე საყურადღებოა, სიმსივნური დაავადებები, ასეთ დროს ადამიანმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მემკვიდრეობითობა გარკვეულწილად ზრდის ამ პრობლემების გამოვლენის ალბათობას, ამიტომ ასეთ პაციენტებს პროფილაქტიკური შემოწმებისკენ უფრო ხშირად მოვუწოდებთ

- რა სიმპტომებია ყველაზე საყურადღებო, რომლებსაც ადამიანები ხშირად „უმნიშვნელოდ“ მიიჩნევენ და ამის გამო აგვიანებენ პროქტოლოგთან მიმართვას?

- ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც პაციენტები უშვებენ, არის იმედი, რომ „თავისით გაივლის“. ხშირად ადამიანებს რცხვენიათ ამ თემაზე საუბარი ან ეშინიათ დიაგნოზის, რაც სრულიად დაუშვებელია.

პირველი და ყველაზე სერიოზული ნიშანი სისხლიანი გამონადენია. ბევრს ჰგონია, რომ თუ სისხლი გამოჩნდა, ეს აუცილებლად ბუასილია, თუმცა სისხლიანი გამონადენი დამახასიათებელია თითქმის ყველა პროლქტოლოგიური პათოლოგიისთვის, მათ შორის სისხლდენა შეიძლება იყოს სწორი ნაწლავის სიმსივნის ერთ-ერთი ადრეული ნიშანიც. ამიტომ, ნებისმიერი ტიპის სისხლიანი ლაქა ტუალეტის ქაღალდზე თუ თეთრეულზე, მოითხოვს სასწრაფო გამოკვლევას, რათა გამოირიცხოს ონკოლოგიური პროცესი.

რაც შეეხება ანალურ ნაპრალს, აქ მთავარი ნიშანი ძლიერი, მჭრელი ტკივილია დეფეკაციის დროს და მის შემდეგ, რასაც ადამიანები ხშირად სანთლებით თვითნებურად მკურნალობენ, რითაც პროცესს აქრონიკულებენ.

განსაკუთრებით საშიშია პარაპროქტიტის უგულებელყოფა. თუ ანალური ხვრელის სიახლოვეს გაჩნდა მფეთქავი ტკივილი, გამაგრება, სიწითლე ან ტემპერატურა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ჩირქოვანი პროცესია. აქ ყოველი საათი მნიშვნელოვანია, რადგან დაგვიანებამ შეიძლება მძიმე ინფექციამდე მიგვიყვანოს.

კუდუსუნის კისტის დროს ადამიანები ხშირად ეჩვევიან პერიოდულ დისკომფორტს, ყრუ ტკივილსა ან გამონადენს გავის არეში. ჰგონიათ, რომ ეს უბრალოდ გაღიზიანებაა, სინამდვილეში კი ორგანიზმში მუდმივი ანთების კერაა, რომელიც ადრე თუ გვიან მწვავდება.

და ბოლოს, ყველაზე ვერაგული სიმპტომი ნაწლავთა მოქმედების რიტმის შეცვლაა — მაგალითად, თუ ადამიანს ჰქონდა რეგულარული კუჭის მოქმედება და მოულოდნელად დაეწყო უმიზეზო შეკრულობა ან პირიქით, ფაღარათი, ეს შეიძლება იყოს სწორი ნაწლავის სიმსივნის სიგნალიც კი. ასევე ყურადსაღებია ლორწოვანი გამონადენი და დაცარიელების არასრული შეგრძნება.

მინდა ყველას ვუთხრა: ნუ დაელოდებით ტკივილის გაუსაძლისი მდგომარეობის განვითარებას. ნებისმიერი უჩვეულო შეგრძნება ამ მიდამოში არის სიგნალი, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება.

- გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბუასილი მხოლოდ ხანდაზმული ან მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანების პრობლემაა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და როგორ გავარჩიოთ იგი ანალური ნაპრალისგან, რომელიც პაციენტებს ხშირად ერთმანეთში ერევათ?

- მართლაც, შირად ჰგონიათ, რომ ბუასილი მხოლოდ ხანდაზმულების ან მხოლოდ ოფისში მომუშავეების პრობლემაა. სინამდვილეში, ეს დაავადება ბევრად უფრო „დემოკრატიულია“. მართალია, მჯდომარე ცხოვრების წესი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, მაგრამ ბუასილი შეიძლება განვითარდეს სპორტსმენებშიც, რომლებიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას იღებენ, ან მათში, ვისაც უბრალოდ გენეტიკურად სუსტი ვენური სისტემა აქვს. რაც შეეხება ასაკს, როგორც უკვე ვთქვით, დღეს ეს პრობლემა ძალიან გაახალგაზრდავდა და 20-25 წლის ასაკშიც კი ჩვეულებრივი მოვლენაა.

რაც შეეხება ანალურ ნაპრალს, ის გავრცელებით მეორე ადგილზეა და პაციენტებს ის ხშირად ბუასილში ერევათ ხოლმე, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა. თუ ბუასილის დროს წამყვანი სიმპტომი შეიძლება იყოს დისკომფორტი, ქავილი ან კვანძების გამოვარდნა, ანალური ნაპრალის დროს მთავარი ნიშანი მწვავე, მჭრელი ტკივილია, რომელიც დეფეკაციის დროს იწყება და შეიძლება რამდენიმე საათსაც გაგრძელდეს. პაციენტები ამ ტკივილს აღწერენ, როგორც „შუშის ნამსხვრევით მიყენებულ ჭრილობას“. ეს ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანებს უჩნდებათ კუჭში გასვლის შიში, რაც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს.

მთავარი განსხვავება ისაა, რომ ბუასილი ვენების გაფართოებაა, ნაპრალი კი — უშუალოდ ლორწოვანი გარსის დაზიანება, ანუ ჭრილობა. ორივე მათგანი დროსთან ერთად რთულდება, ამიტომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა და სწორი მკურნალობის დაწყება მხოლოდ სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს.

- რომელი ყოველდღიური ჩვევები უწყობს ხელს პროქტოლოგიური დაავადებების განვითარებას და რომლების შეცვლა შეგვიძლია პროფილაქტიკის მიზნით?

- ერთ-ერთი ყველაზე მავნე თანამედროვე ჩვევა საპირფარეშოში ტელეფონით ან საკითხავით შესვლაა. ბევრისთვის ეს განმარტოების და დასვენების საშუალებაა, თუმცა რეალურად, უნიტაზზე დიდხანს ჯდომა ანატომიურად არასწორ პოზიციაში გვამყოფებს. ეს ზრდის დაწოლას სწორი ნაწლავის ვენებზე, რაც ბუასილის განვითარების პირდაპირი გზაა. იდეალურ შემთხვევაში, ეს პროცესი 5 წუთზე მეტს არ უნდა გრძელდებოდეს.

ასევე, პრობლემას ქმნის გადაჭარბებული ჰიგიენა. საუბარია საპნისა და სხვადასხვა ქიმიური საშუალებების ხშირ გამოყენებაზე. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო ხშირად გამოიყენებს დასაბან საშუალებებს, მით უკეთესია, თუმცა რეალურად ეს აშრობს კანს, არღვევს ბუნებრივ დამცავ ბარიერს და იწვევს მიკრო-ნაპრალებსა და ქავილს. საუკეთესო გამოსავალია ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ უბრალო, ნელთბილი წყლის გამოყენება, რაც ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა ამ მიდამოს სისუფთავის შესანარჩუნებლად.

რაც შეეხება კვებას, ჩვენ უკვე ვახსენეთ უჯრედისი, მაგრამ მნიშვნელოვანია წყლის სმის კულტურაც. ბევრი ადამიანი საკმარის წყალს მხოლოდ მაშინ სვამს, როცა სწყურია, რაც შეცდომაა. წყლის დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს განავლის გამაგრებას, რაც ტრავმირებას აყენებს ნაწლავის კედლებს.

თუ გვინდა ამ დაავადებების თავიდან აცილება, მარტივი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ

  • აქტიური შესვენებები: თუ სამუშაო მჯდომარეა, ყოველ საათში 5-10 წუთით ფეხზე ადგომა და გავლა აუცილებელია.
  • სწორი პოზა: დეფეკაციის დროს ფეხების ოდნავ შემაღლებულზე (მაგალითად, დაბალ სკამზე) დადება ეხმარება ნაწლავს უფრო მარტივად დაცარიელებაში.
  • კვების რეჟიმი: ეცადეთ, რაციონში ყოველთვის იყოს წვნიანი კერძები და მოერიდეთ ზედმეტად ცხარე სანელებლებს, რომლებიც აღიზიანებენ ლორწოვანს.

ამ მცირე დეტალების შეცვლამ შეიძლება დაგვიცვას ისეთი პრობლემებისგან, რომლებიც მოგვიანებით ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ.

- ხშირად ამბობენ, რომ პროქტოლოგიური პრობლემების სათავე არასწორი კვება, შეკრულობა და სტრესია. რეალურად, რა კავშირია ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობას შორის?

- ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ჯაჭვია. დავიწყოთ შეკრულობით — ეს არ არის უბრალოდ დისკომფორტი, ეს არის მთავარი „მტერი“ პროქტოლოგიაში. მუდმივი დაძაბვა დეფეკაციისას და გამაგრებული მასების მიერ ლორწოვანის ტრავმირება პირდაპირი გზაა ბუასილისა და ნაპრალებისკენ. ამიტომ, წყლის მიღება და უჯრედისით მდიდარი საკვები არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ აუცილებლობაა, რათა ნაწლავის შიგთავსი რბილი იყოს და პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

რაც შეეხება სტრესს, ეს ფაქტორი ბევრს ავიწყდება. ჩვენი კუჭ-ნაწლავი პირდაპირ კავშირშია ნერვულ სისტემასთან. ძლიერი სტრესის ან ქრონიკული დაძაბულობის დროს ხდება ნაწლავის კუნთების სპაზმი, რაც იწვევს მონელების დარღვევას და იგივე შეკრულობას ან არარეგულარულ მოქმედებას. „გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი“ სწორედ სტრესთანაა ხშირად დაკავშირებული.

ამიტომ, ჩემი მთავარი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის ასეთია: ნუ შეხედავთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, როგორც მეორეხარისხოვან საკითხს. სწორი კვება (მეტი ბოსტნეული და ხილი), დღეში მინიმუმ 1.5-2 ლიტრი წყალი და ფეხით სიარული — ეს არის ის მინიმუმი, რაც ყველამ უნდა გავაკეთოთ. ასევე მნიშვნელოვანია ემოციური წონასწორობა, რადგან დამშვიდებული ორგანიზმი ბევრად უკეთ უმკლავდება ფიზიოლოგიურ პროცესებს. გახსოვდეთ, პროქტოლოგიური ჯანმრთელობა იწყება არა საოპერაციოში, არამედ თქვენს სამზარეულოში და თქვენს ყოველდღიურ რეჟიმში.

- არსებობს თუ არა განსხვავება ქალებსა და მამაკაცებში პროქტოლოგიური დაავადებების გავრცელების კუთხით?

- ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პროქტოლოგიური დაავადებები ორივე სქესს თანაბრად აწუხებს, მათი განვითარების მიზეზები და მიმდინარეობა ქალებსა და მამაკაცებში ხშირად განსხვავებულია.

ქალბატონების შემთხვევაში, მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი ორსულობა და მშობიარობაა. ამ დროს მცირე მენჯის ღრუში იზრდება წნევა და იცვლება ჰორმონალური ფონი, რაც ხშირად ხდება ბუასილის ან ანალური ნაპრალის განვითარების მიზეზი. ასევე, ქალებში უფრო ხშირია ქრონიკული შეკრულობა, რაც ხშირად დიეტებით ან კვების თავისებურებებით არის განპირობებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ქალები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას დისკომფორტს და ექიმს ადრეულ ეტაპზე მიმართავენ, თუმცა ფსიქოლოგიური ბარიერი მათთან მაინც მაღალია.

მამაკაცებთან სურათი ცოტა სხვაგვარია. მათთან დაავადების მიზეზი უფრო ხშირად მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა, ალკოჰოლის მიღება და ცხარე საკვების სიყვარულია. სტატისტიკურად, მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი რთული ფორმები, როგორიცაა პარაპროქტიტი და კუდუსუნის კისტა (რაც თმიანობის ხარისხთანაც არის დაკავშირებული). თუმცა, მამაკაცების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ექიმთან ვიზიტს ბოლო მომენტამდე აჭიანურებენ. ხშირად სპეციალისტთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდება ან სისხლდენა აშინებთ, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს.

ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დაავადება სქესს არ არჩევს, თუმცა ქალებში ის უფრო ხშირად ფიზიოლოგიურ პროცესებს (ორსულობას) უკავშირდება, მამაკაცებში კი — ცხოვრების წესსა და მავნე ჩვევებს. ორივე შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა დროულ დიაგნოსტიკას აქვს.

- რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები თვითმკურნალობის დროს — მალამოების, სანთლების ანხალხური მეთოდების“ გამოყენებისას?

- თვითმკურნალობა პროქტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სახიფათო პრაქტიკაა. მთავარი შეცდომა ის არის, რომ ადამიანები საკუთარ თავს დიაგნოზს თავად უსვამენ — ნებისმიერ დისკომფორტს ბუასილს არქმევენ და იწყებენ იმ მალამოების ან სანთლების გამოყენებას, რომლებიც ახლობელმა ურჩიათ ან რეკლამაში ნახეს.

საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მალამო ან სანთელი შეიძლება დროებით აქრობდეს სიმპტომს (მაგალითად, ტკივილს ან ქავილს), მაგრამ არ კურნავდეს დაავადების გამომწვევ მიზეზს. ამით პაციენტი კარგავს ძვირფას დროს. მაგალითად, იმ ნიღბის ქვეშ, რომელსაც ადამიანი ბუასილად მიიჩნევს და სანთლებით „მკურნალობს“, შესაძლოა სწორი ნაწლავის სიმსივნე იმალებოდეს. თვითმკურნალობის ფონზე სიმპტომების დროებითი გაქრობა ქმნის ილუზიას, რომ პრობლემა მოგვარდა, რეალურად კი დაავადება ღრმავდება და მძიმე სტადიაში გადადის.

ცალკე უნდა აღინიშნოს „ხალხური მეთოდები“, რომლებიც ხშირად შუასაუკუნეების მედიცინას უფრო ჰგავს. ყინულის ნაჭრების, კარტოფილის სანთლების, სხვადასხვა მცენარეული ნაყენების ან აგრესიული ნივთიერებების გამოყენება ხშირად ლორწოვანი გარსის დამწვრობით, ინფიცირებით ან ალერგიული რეაქციით სრულდება. ასეთი „მკურნალობის“ შემდეგ ექიმებს არა მხოლოდ ძირითად დაავადებასთან, არამედ უკვე ამ ექსპერიმენტებით გამოწვეულ გართულებებთანაც გვიწევს ბრძოლა.

უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი ნაწლავი ძალიან მგრძნობიარე ორგანოა და მასთან გაუფრთხილებელი მოპყრობა დაუშვებელია. ნებისმიერი პრეპარატი, თუნდაც ყველაზე უწყინარი მალამო, მხოლოდ ექიმის მიერ, ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ უნდა დაინიშნოს. თვითმკურნალობა არის პრობლემის არა მოგვარება, არამედ მისი გადავადება და დამძიმება.

- რატომ არ უნდა გადავდოთ ექიმთან ვიზიტი სისხლდენის, ტკივილის ან დისკომფორტის შემთხვევაში?

- ექიმთან ვიზიტის გადადება ასეთ დროს დაუშვებელია ორი მთავარი მიზეზის გამო: დრო და უსაფრთხოება.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ონკოლოგიური სიფხიზლეა. სისხლდენა, რომელსაც ადამიანები ხშირად ბუასილს აბრალებენ, შესაძლოა სწორი ნაწლავის სიმსივნის ადრეული ნიშანი იყოს. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემა იკურნება, დაგვიანება კი დაავადების მართვას ართულებს.

მეორე მიზეზი დაავადების გართულებაა. ნებისმიერი პროქტოლოგიური პრობლემა, იქნება ეს ბუასილი თუ ნაპრალი, დროთა განმავლობაში მხოლოდ ღრმავდება. ის, რაც დღეს შეიძლება მალამოებით, სანთლებით, მცირე მანიპულაციით ან ლაზერით, სულ რაღაც 15 წუთში მოგვარდეს, დაგვიანების შემთხვევაში რთულ და მტკივნეულ ოპერაციას საჭიროებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, დროული ვიზიტი ნიშნავს მარტივ მკურნალობას, სიმშვიდეს და, რაც მთავარია, გადარჩენილ სიცოცხლეს. ტკივილი და სისხლი ორგანიზმის განგაშის სიგნალია, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება.

- როგორია თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები — რამდენად მტკივნეულია გამოკვლევა რეალურად და რისი ეშინია პაციენტებს უსაფუძვლოდ?

- თანამედროვე პროქტოლოგიაში ყველაზე დიდი მითი სწორედ გამოკვლევის „საშინელ“ ტკივილს უკავშირდება. რეალურად, დღეს დიაგნოსტიკა მაქსიმალურად კომფორტული და დამზოგველია. პაციენტებს ხშირად აქვთ არა იმდენად ტკივილის, არამედ ფსიქოლოგიური უხერხულობისა და უცნობის შიში, რაც სრულიად უსაფუძვლოა.

დიაგნოსტიკა იწყება მარტივი დათვალიერებითა და თითით გასინჯვით, რასაც მოსდევს ინსტრუმენტული კვლევები — ანოსკოპია და რექტოსკოპია. ეს მეთოდები ექიმს საშუალებას აძლევს, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოებით დაათვალიეროს სწორი ნაწლავის შიდა გარსი მაღალი გარჩევადობით. მნიშვნელოვანია პაციენტებმა იცოდნენ, რომ ეს პროცედურები არ არის მტკივნეული — ის უფრო მეტად უსიამოვნო შეგრძნებასთან ასოცირდება, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.

თანამედროვე კლინიკებში ვიყენებთ სპეციალურ გაუტკივარების გელებს, რომლებიც სრულად აქრობს მგრძნობელობას კვლევის დროს. გარდა ამისა, თუ პაციენტს აქვს ძლიერი შიში ან ანთებითი პროცესის გამო გამოკვლევა მართლაც მტკივნეულია, შესაძლებელია დიაგნოსტიკის ჩატარება მსუბუქი სედაციით ანუ „ძილის“ პირობებში. პაციენტს ეძინება 5-10 წუთით და იღვიძებს მაშინ, როცა ყველაფერი უკვე დასრულებულია.

- შესაძლებელია თუ არა პროქტოლოგიური დაავადებების მკურნალობა ოპერაციის გარეშე და რა შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა აუცილებელი?

- პროქტოლოგიაში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ოქროს წესი: რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი ექიმს, მით მეტია შანსი, რომ პრობლემა ყოველგვარი ოპერაციის გარეშე მოგვარდეს. დღეს მკურნალობის არსენალი საკმაოდ მდიდარია და ქირურგიული ჩარევა მხოლოდ უკიდურესი გამოსავალია.

საწყის ეტაპებზე ჩვენ წარმატებით ვიყენებთ კონსერვატიულ თერაპიას. ეს მოიცავს სპეციალურ მალამოებს, სანთლებს, კვების რეჟიმის მოწესრიგებას და მედიკამენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ ვენურ მიმოქცევას. ასევე არსებობს მცირეინვაზიური მეთოდები, რომლებიც კაბინეტურ პირობებში, ოპერაციის გარეშე ტარდება. მაგალითად, ბუასილის კვანძების ლატექსის რგოლებით ლიგირება — ეს არის 5-წუთიანი პროცედურა, რომლის შემდეგაც პაციენტი პირდაპირ სამსახურში ბრუნდება.

ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც დაავადება უკვე შორსწასულ, მესამე ან მეოთხე სტადიაშია გადასული. ასეთ დროს მედიკამენტები მხოლოდ დროებით ამსუბუქებენ მდგომარეობას, მაგრამ პრობლემას ვერ აგვარებენ. ასევე, ოპერაცია გარდაუვალია მწვავე ჩირქოვანი პროცესების (მაგალითად, პარაპროქტიტის) ან რთული ფორმის კუდუსუნის კისტების დროს.

თუმცა, სიტყვა „ოპერაციამ“ პაციენტები არ უნდა შეაშინოს. თანამედროვე ქირურგია რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც 10-15 წლის წინ იყო. დღეს ჩვენ გვაქვს ლაზერული ტექნოლოგიები. ლაზერით მკურნალობისას არ ხდება ქსოვილების ამოკვეთა და არ იდება ნაკერები. სხივი მიზანმიმართულად მოქმედებს დაზიანებულ უბანზე, რის გამოც სისხლდენა და პოსტოპერაციული ტკივილი მინიმუმამდეა დაყვანილი.

მთავარია მკითხველმა იცოდეს: თანამედროვე მედიცინის მიზანია არა მხოლოდ განკურნება, არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება. ლაზერული ან სხვა დამზოგველი მეთოდების შემდეგ რეაბილიტაცია იმდენად სწრაფია, რომ ადამიანს არ უწევს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნა. შესაბამისად, ოპერაციის შიშით ვიზიტის გადადება მხოლოდ იმას იწვევს, რომ საბოლოოდ მაინც ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო, ოღონდ უფრო რთული ფორმით.

- რამდენად ხშირია სწორი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებები და შესაძლებელია თუ არა ზოგიერთი არანამკურნალევი პროქტოლოგიური დაავადების გაავთვისებიანება? რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს ადრეული დიაგნოსტიკისთვის?

- სწორი ნაწლავის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, თუმცა ის ერთადერთია, რომლის თავიდან აცილებაც თითქმის 100%-ით არის შესაძლებელი დროული სკრინინგით.

რაც შეეხება გაავთვისებიანებას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: ბუასილი ან ანალური ნაპრალი თავისთავად კიბოდ არ გადაიქცევა, თუმცა მათმა ქრონიკულმა მიმდინარეობამ და მუდმივმა ანთებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს არასასურველი პროცესების დაწყებას. ყველაზე მეტად ამ მხრივ პოლიპებია საყურადღებო — ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც ხშირად არანაირ სიმპტომს არ იძლევა, მაგრამ დროთა განმავლობაში სწორედ ისინი გადაგვარდებიან სიმსივნედ.

სწორედ აქ ჩნდება სკრინინგის უდიდესი მნიშვნელობა. სკრინინგი (მაგალითად, კოლონოსკოპია) საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ და მოვაშოროთ ეს პოლიპები მანამ, სანამ ისინი ავთვისებიან სიმსივნედ იქცევიან. 45-50 წლის ზემოთ ეს გამოკვლევა ყველასთვის საჭირია, მაშინაც კი, თუ არაფერი აწუხებთ. ადრეული დიაგნოსტიკა ნიშნავს, რომ ჩვენ ვებრძვით არა დაავადებას, არამედ მის წინაპირობას, რაც სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საიმედო გზაა.

- რომელ ასაკშია რეკომენდებული პროფილაქტიკური გამოკვლევების დაწყება, თუ ადამიანს არ აქვს გამოხატული ჩივილები?

- ზოგადი საერთაშორისო პროტოკოლით, თუ ადამიანს არაფერი აწუხებს და არც ოჯახური ანამნეზია დამძიმებული, პროფილაქტიკური სკრინინგი 45-50 წლიდან უნდა დაიწყოს. ეს არის ის ასაკობრივი ზღვარი, როდესაც სტატისტიკურად იმატებს პოლიპებისა და სხვა წარმონაქმნების გაჩენის რისკი.

თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. თუ ოჯახის პირველი რიგის ნათესავს (მშობელს, დას, ძმას) ჰქონდა სწორი ნაწლავის სიმსივნე ან პოლიპოზი, ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, გამოკვლევები დაიწყონ 10 წლით ადრე იმ ასაკთან შედარებით, როცა მათ ახლობელს დაუდგინდა დაავადება.

რაც შეეხება თავად გამოკვლევას, ყველაზე ინფორმაციული მეთოდი კოლონოსკოპიაა. თუ კვლევამ აჩვენა, რომ ნაწლავი სრულიად სუფთაა და პათოლოგია არ შეინიშნება, შემდეგი პროფილაქტიკური დათვალიერება, როგორც წესი, მხოლოდ 5-10 წლის შემდეგ არის საჭირო.

მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს: პროფილაქტიკა არ ნიშნავს ექიმთან მისვლას მაშინ, როცა "უკვე რაღაც გტკივა". პროფილაქტიკა არის ვიზიტი მაშინ, როცა თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობთ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაავადება მის ჩასახვამდე აღმოიფხვრას.

- ყველაზე გავრცელებულ რომელ მითებს აწყდებით პროქტოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით და რას ეტყოდით საზოგადოებას ამ მითების დასამსხვრევად?

- ყველაზე გავრცელებული მითი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ „პროქტოლოგთან ვიზიტი საშინლად მტკივნეული და სამარცხვინოა“. ეს სტერეოტიპი საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, დღეს რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. თანამედროვე აპარატურა, საანესთეზიო გელები და ექიმების პროფესიონალიზმი ამ პროცესს სრულიად უმტკივნეულოს ხდის.

მეორე მითი უკავშირდება მკურნალობას – ბევრს ჰგონია, რომ „თუ პროქტოლოგთან მიხვალ, აუცილებლად ოპერაციას გაგიკეთებენ“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შემთხვევათა დიდ ნაწილში, როდესაც პაციენტი დროულად მოდის, ჩვენ შემოვიფარგლებით მედიკამენტოზური მკურნალობით ან მცირე, 5-წუთიანი პროცედურებით, რომლებიც არანაირ ოპერაციას არ წარმოადგენს.

და მესამე მითი: „ბუასილი მხოლოდ მოხუცების დაავადებაა. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს ეს პრობლემა ძალიან გაახალგაზრდავდა.

ამ მითების დასამსხვრევად საზოგადოებას ვეტყოდი: პროქტოლოგიური დაავადება არ არის „სირცხვილი“, ეს არის ისეთივე ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიც, მაგალითად, კბილის ტკივილი. სირცხვილი საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფაა.

- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც სიმპტომების მიუხედავად მაინც ერიდებიან პროქტოლოგთან მისვლას?

- მათ, ვინც სიმპტომების მიუხედავად მაინც ერიდება ექიმთან მისვლას, ვეტყოდი მხოლოდ ერთს: თქვენი შიში დაავადებაზე ძლიერი არ უნდა იყოს. ყოველი დღე, როდესაც თქვენ გადადებთ ვიზიტს, მუშაობს დაავადების სასარგებლოდ და თქვენს საზიანოდ.

პროქტოლოგიური პრობლემები თავისით არასდროს ქრება, ისინი მხოლოდ დროს იგებენ, რათა უფრო მეტად გართულდნენ. ის, რაც დღეს მარტივი კონსულტაციითა და მალამოს დანიშვნით გვარდება, რამდენიმე თვეში შესაძლოა რთულ საოპერაციო შემთხვევად იქცეს.

გახსოვდეთ, ადრეული დიაგნოზი – ეს არის ყველაზე მოკლე და უმტკივნეულო გზა განკურნებისკენ.

- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.