როდის მივმართოთ პროქტოლოგს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის მივმართოთ პროქტოლოგს

- ბატონო რომან, რა არის პროქტოლოგია?

- პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია) მედიცინის დარგია, რომელიც შეიწავლის სწორი ნაწლავის, ანალური არხის, შორისისა და მთლიანად მსხვილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს, მათ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. თანამედროვე პროქტოლოგიის არსენალში მოიპოვება მკურნალობის როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული - ტრადიციული და მცირეინვაზიური - მეთოდები. პროქტოლოგიის კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება:

  • ჰემოროი (ბუასილი);
  • ანალური ნახეთქი;
  • მსხვილი და სწორი ნაწლავის პოლიპები;
  • სწორი ნაწლავის გამოვარდნა;
  • პარაპროქტიტი;
  • ფისტულები;
  • დერმოიდული კისტა;
  • ანალური არის ქავილი და სხვა.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმ პროქტოლოგს?

- სწორი და მსხვილი ნაწლავის დაავადებები სხვადასხვანაირად ვლინდება. ამავე დროს მრავალი მათგანი სიმპტომებით ერთმანეთს ჰგავს. მსხვილი და სწორი ნაწლავის დაზიანების ძირითადი ნიშნებიდან შეიძლება გამოვყოთ:

  • ყაბზობა;
  • დეფეკაციის დროს უკანა ტანიდან სისხლდენა;
  • დიარეა.

მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა და პერიოდული სპაზმური ტკივილები მსხვილი ნაწლავის დაავადებებს ახასიათებს. ექიმ პროქტოლოგს უნდა მიმართოთ, თუ შეამჩნიეთ:

  • ანალური არხიდან სისხლის, ლორწოს ან ჩირქის გამოყოფა;
  • ტკივილი ანუსის მიდამოში დეფეკაციის დროს ან მის გარეშე;
  • შორისის არეში სიმძიმის, დისკომფორტის შეგრძნება;
  • პერიანალურ მიდამოში ნაწლავის გამოვარდნა ან დამატებითი წარმონაქმნის გაჩენა;
  • მუცლის შებერილობა და ტკივილი;
  • ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გართულებული დეფეკაცია;
  • წონის უმიზეზო კლება, მადის დაქვეითება;
  • ანალური ქავილი;
  • ასევე - თუ გადააბიჯეთ 50 წელს, განსაკუთრებით - თუ სისხლით ნათესავს ჰქონდა ავთვისებიანი დაავადება (ნებისმიერი ლოკალიზაციის).

განსაკუთრებით საყურადღებო ნიშნებია:

  • სისხლის ყოველდღიური გამოყოფა;
  • დეფეკაციის მუდმივი მოთხოვნილება;
  • ყაბზობა, რომელსაც დიარეა ცვლის;
  • წონის კლება, საერთო სისუსტე.

ექიმის კონსულტაცია, სათანადო გამოკვლევა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ექიმი დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობას დაგინიშნავთ, რეკომენდაციებს მოგცემთ.


- რას გულისხმობს პროქტოლოგიური გამოკვლევა?

- პირველ რიგში, ავადმყოფის გასინჯვას - ანალური არხის გამოკვლევას თითით და ინსტრუმენტით (ანოსკოპიას), შემდეგ - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დათვალიერებას რექტოსკოპის საშუალებით (რექტომანოსკოპიას), კოლონოსკოპიას. გამოკვლევა უმტკივნეულოა, ტარდება ფიზიოლოგიურ პოზაში (პაციენტი გვერდზე ან ზურგზე წევს). სრული მოცულობით პირველი გასინჯვის ჩასატარებლად აუცილებელია ნაწლავის მომზადება შესაბამისი სანთლების საშუალებით ექიმთან ვიზიტამდე 1 საათით ადრე. თუ ადამიანს მკვეთრი ტკივილები აწუხებს და ყოველდღიურად გამოყოფს 30 მლ (1 ს. კ.) და უფრო მეტ სისხლს, აუცილებელია ექიმის სასწრაფო კონსულტაცია სპეციალური მომზადების გარეშე. დიაგნოზის სიზუსტისთვის ზოგჯერ მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევასაც მიმართავენ. მსხვილი და სწორი ნაწლავის კვლევის თანამედროვე მეთოდების გარეშე პროქტოლოგია, ცხადია, წინ ვერ წავიდოდა. ენდოსკოპიური მეთოდები: ანოსკოპია, რექტომანოსკოპია და კოლონოსკოპია - ექიმს საშუალებას აძლევს, დაინახოს მსხვილი და სწორი ნაწლავის სანათურის მდგომარეობა. ენდოსკოპიური გამოკვლევა სწორი და მსხვილი ნაწლავის მრავალი დაავადების, კერძოდ, პოლიპების, სიმსივნის, დიაგნოზის დასმის საშუალებას გვაძლევს. ენდოსკოპიური აპარატურის მეშვეობით ექიმი ხედავს სიმსივნურ წარმონაქმნს, იღებს მის მცირე ზომის ნაჭერს შემდგომი ციტოლოგიური კვლევისთვის. სპეციალისტთან დროულად მისვლა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ გართულებები და მძიმე დაავადებები.

- ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?

- ყველაზე ცნობილი პროქტოლოგიური პრობლემა ალბათ ბუასილია (ჰემოროი). ბუასილი - ეს არის ჰემოროიდული წნულის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც ხშირად რთულდება ანთებით, თრომბოზითა და სისხლდენით. ჰემოროიდული კვანძები უკანა ტანის მიდამოში არსებული სხვადასხვა დიამეტრის ერთგვარი ”გირჩებია”. განასხვავებენ გარეთა და შიგნითა ჰემოროიდულ კვანძებს. გარეთა კვანძები სკდება დაკბილული ხაზის ქვევით, ხოლო შიგნითა - ზევით. ეს დაავადება მრავალი უსიამოვნების მომტანია, ხშირად იწვევს გართულებებს და საბოლოოდ ოპერაციული ჩარევის საკითხიც დაისმის. ოპერაციული ჩარევა შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ უსიამოვნო სიმპტომებს დროულად მივაქცევთ ყურადღებას და არ მოგვერიდება პროქტოლოგთან მისვლის.

- რას უჩივის ბუასილის დროს ადამიანი?

- მტკივნეულობას ანუსის არეში, დისკომფორტს ჯდომის დროს, ნაწლავის დაცლისას უკანა ტანის არეში უსიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეულ შეგრძნებებს, ალისფერი სისხლის წვეთების გამოყოფას. ასეთი ჩივილების დროს უნდა მიმართოთ ექიმს.

- ერთ-ერთი გავრცელებული პროქტოლოგიური დაავადებაა ანალური ნახეთქი....

- ეს არის ანალური არხის ლორწოვანი გარსის გასწვრივ არსებული დეფექტი, რომელსაც ახასიათებს:

  • ძლიერი მწველი ტკივილი უკანა ტანში, რომელიც ძლიერდება დეფეკაციის და ჯდომის დროს;
  • ალისფერი სისხლის წვეთების გამოყოფა.

ანალური ნახეთქის დროს ტარდება კონსერვატიული მკურნალობა. მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ოზონთერაპია. ეს სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და არც გართულებები ახასიათებს.

- გვერდს ვერ ავუვლით კოლიტს - ისიც ბევრს აწუხებს...

- კოლიტი მართლაც ხშირად გვხვდება. ეს არის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება. მას ახასიათებს:

  • დეფეკაციის აქტის დარღვევა, რაც მოიცავს ყაბზობას ან დიარეას (ზოგჯერ ისინი შეუღლებულია);
  • მუცლის შებერილობა;
  • ტკივილი მუცლის არეში.

კოლიტის მძიმე ფორმის დროს შესაძლოა პაციენტს სტაციონარული მკურნალობაც კი დასჭირდეს. დიაგნოზის დასასმელად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, განავლის ანალიზი, რექტოსკოპია, კოლონოსკოპია, ირიგოსკოპია). რომელი და რა თანამიმდევრობით - ამას ექიმი სპეციალისტი განსაზღვრავს.


- რაკი კოლიტი ვახსენეთ, ალბათ მეტეორიზმის ანუ ნაწლავში აირების დაგროვების პრობლემასაც უნდა შევეხოთ.

- მეტეორიზმი ანუ ნაწლავში ზედმეტი აირების დაგროვება ვლინდება მუცლის შებერილობით ან ყურყურით. ის არ არის დამოუკიდებელი დაავადება - სიმპტომია, რომელიც თან ახლავს დისბაქტერიოზს, კოლიტს, პანკრეატიტს. თუ მეტეორიზმი ძლიერია, უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს ან პროქტოლოგს. ისინი მიზეზის დადგენაში დაგეხმარებიან და გიმკურნალებენ.

- ზემოთ არაერთხელ ახსენეთ ყაბზობა. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და რამდენად საყურადღებოა ეს მდგომარეობა?

- ყაბზობა ნაწლავის დაცლის გაძნელებაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს კუჭის მოქმედების შეფერხებას 2-3 დღეზე მეტი დროის შუალედებით. ქრონიკული ყაბზობის დროს აღინიშნება დისკომფორტის შეგრძნება ნაწლავის არეში, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, წონის მატება. დაავადების ბანალურობა და ფართოდ გავრცელება არ უნდა გახდეს ამ პრობლემასთან უყურადღებო დამოკიდებულების საბაბი. ასეთი მდგომარეობის მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური მდგომარეობა ზრდის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ირგვლივმდებარე ორგანოების (ისეთების, როგორიც არის ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე სადინარები, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, კუჭუკანა ჯირკვალი) დაავადებების განვითარების რისკს.

- რა მეთოდებს ფლობს პროქტოლოგია თქვენ მიერ ჩამოთვლილ მდგომარეობათა სამკურნალოდ?

- დღეს პროქტოლოგიაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ უოპერაციო მეთოდებს. ასეთი მანიპულაციები შეიძლება ჩავატაროთ ამბულატორიულადაც, ამიტომ პაციენტისთვის სავალდებულო აღარ არის საავადმყოფოში დაწოლა და შეუძლია სამედიცინო მანიპულაციის დასრულებისთანავე წავიდეს შინ. მაგალითად, ადრე ჰემოროის სამკურნალოდ ტარდებოდა ”სისხლიანი” ოპერაცია, რომლის შემდეგაც ავადმყოფი კლინიკაში 1 კვირა მაინც უნდა დარჩენილიყო, რასაც თან ახლდა მტკივნეული შეხვევები. დღეს არსებობს ჰემოროის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, რომელთა წყალობით სკალპელის აღება აღარ არის საჭირო. ეს მეთოდებია ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, ლატექსის რგოლებით ლიგირება, სკლეროთერაპია. ყველა ეს მეთოდი პრაქტიკულად უმტკივნეულოა და პაციენტის კლინიკაში დაყოვნებას არ საჭიროებს.

- პროქტოლოგიური პათოლოგიების პროფილაქტიკისთვის, მით უმეტეს - მათი მკურნალობისას მეტად მნიშვნელოვანია უკანა ტანის სწორი მოვლა. რას ურჩევდით მკითხველს ამ თვალსაზრისით?

- ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა პროქტოლოგიური დაავადებების დროს აუცილებელია. გარდა ამისა, კუჭის მოქმედება უნდა იყოს რეგულარული. ყოველი დეფეკაციის შემდეგ საჭიროა შორისისა და ანალური მიდამოს ჩაბანა საპნითა და თბილი წყლით. ტუალეტის ქაღალდი არ გამოიყენოთ. დასასრულ, მინდა ხაზგასმით გითხრათ: ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, დაავადება განიკურნოს და უსიამოვნო შეგრძნებები დიდი ხნით დავივიწყოთ, მთავარია, არ წავუყრუოთ პრობლემას და დროულად მივმართოთ ექიმს.