დავიძინოთ თუ არა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად? - პარაზიტოლოგისა და ვეტერინარის რეკომენდაციები
ბევრისთვის დილა საყვარელი ძაღლის ან კატის კრუტუნით იწყება. კითხვაზე - რამდენად უსაფრთხოა შინაურ ცხოველთან ერთ ლოგინში დაძინება ხშირად საზოგადოება ორ ბანაკად იყოფა: ერთნი ამაში საფრთხეს ხედავენ, სხვებისთვის კი ეს საუკეთესო ანტისტრესია, განსაკუთრებულად კი ახალი თაობისთვის.
უნდა ვუშვებდეთ თუ არა ცხოველებს საწოლში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება? - ამ თემაზე Mkurnali.ge-ს მკითხველს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პარაზიტოლოგი ირმა კოკაია და ვეტერინარი, პროფესორი ნუნუ ომარაშვილი ესაუბრებიან
სტერილური გარემო თუ იმუნიტეტის „გაკაჟება“?
პირველი კითხვა, რომელიც პატრონებს უჩნდებათ, ბავშვების უსაფრთხოებას ეხება. რამდენად მიზანშეწონილია პატარებისთვის ცხოველთან კონტაქტი, როცა მათი იმუნიტეტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია?
ირმა კოკაია (პარაზიტოლოგი): „თუ ცხოველი დამუშავებულია და ჯანმრთელია, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. საფრთხე მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ცხოველი დაავადებულია. აუცილებელია, ოთხფეხა მეგობარი რეგულარულად მუშავდებოდეს პარაზიტებზე - ასეთ შემთხვევაში ის პატრონისთვის რისკს არ შეიცავს. ერთადერთი გამონაკლისი ბეწვზე ალერგიაა, რა დროსაც ერთად ძილი მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, თუ ძაღლი ან კატა დაავადებულია, მასთან არა მხოლოდ ძილი, არამედ მკურნალობის გარეშე სახლში ყოლაც კი რისკია.
რაც შეეხება ბავშვებს: ბოლო პერიოდში ავტორიტეტული სამედიცინო ასოციაციები მიგვითითებენ, რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი გვექნება ბუნებასთან და შინაურ ცხოველებთან, ჩვენი იმუნიტეტისთვის უკეთესია. რეალურად, იმუნიტეტი სწორედ ასე ყალიბდება. მისი გაკაჟების საუკეთესო საშუალება სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება და ბუნებასთან სიახლოვეა. რაც უფრო სტერილურ გარემოში იზრდება ბავშვი, მით უფრო დაბალია მისი იმუნიტეტი და მეტი მიმღებლობა აქვს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.“
მითი ექინოკოკსა და ბეწვზე
ხშირად გვსმენია, რომ გადაყლაპული ბეწვი ექინოკოკის მიზეზი ხდება. სპეციალისტი ამ მითს საფუძვლიანად არღვევს.
ირმა კოკაია: „ექინოკოკოზით დაავადების შემთხვევები ნამდვილად მომატებულია, მაგრამ აქ ბეწვი არაფერ შუაშია. დაავადება ძაღლის ფეკალური მასით ვრცელდება და ადამიანები ძირითადად საკვებითა და ცუდად გარეცხილი მწვანილით ავადდებიან. თუ ბეწვი ფეკალური მასით არის დასვრილი და ადამიანმა ის ასეთ მდგომარეობაში გადაყლაპა, მაშინ ვითარდება დაავადება, თუმცა თავად ბეწვი არ არის პარაზიტის მატარებელი. ზუსტად იგივე წარმატებით შეიძლება ექინოკოკი ადამიანს გაურეცხავი მწვანილის საშუალებითაც გადაედოს. სხვათა შორის, ჩვენი პაციენტების ნახევარს, რომლებსაც მსგავსი დაავადება უდასტურდებათ, სახლში საერთოდ არ ჰყავთ ცხოველი.“
ვეტერინარული კონტროლი: თანამედროვე სტანდარტები
პარაზიტოლოგის მოსაზრებას, რომ მთავარი ცხოველის ჯანმრთელობაა, ვეტერინარიც ეთანხმება და განმარტავს, როგორ უნდა დავიცვათ ოთხფეხა მეგობარი და, შესაბამისად, ჩვენი ოჯახის წევრები.
ნუნუ ომარაშვილი (ვეტერინარი): „ადრე არსებობდა სტანდარტი, რომ ლეკვებსა და კნუტებს 10 დღიდან ვამუშავებდით, შემდეგ კი წლამდე - ყოველ სამ თვეში ერთხელ. ახალი ევროპული სტანდარტებით, ცხოველი ყოველთვე უნდა დამუშავდეს. მე, როგორც სპეციალისტი, მეცნიერულად ვუყურებ საკითხს: თუ ორგანიზმში ცოცხალ პარაზიტს ვკლავთ, კვერცხი მაინც რჩება, საიდანაც ლარვები 10 დღეში იჩეკება. ამიტომ ჯობია, განსაკუთრებით პატარა ცხოველებში, დამუშავება 10 დღეში განმეორდეს. დღეს არსებობს ისეთი პრეპარატები (მაგალითად: „ნექსგარდი“, „სიმპარიკა“), რომლებიც ყველა პარაზიტზე ერთდროულად მოქმედებს. როდესაც ცხოველი ასეა დაცული, ის საშიში აღარ არის.“
ჰიგიენა და ძილის კულტურა
თუ პარაზიტოლოგიური კუთხით ცხოველი სუფთაა, რჩება მხოლოდ ერთი საკითხი - რამდენად კომფორტულია მასთან ერთად ძილი?
ნუნუ ომარაშვილი: „ეს მითი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრეს: დამუშავებული ცხოველი საშიში არ არის! პარაზიტი შეიძლება ადამიანს ფრჩხილზე მოხვდეს გარედან, ბალახიდან და პირთან შეხებისას გავრცელდეს. თუ ცხოველი ყველანაირ პარაზიტზეა დამუშავებული, მასთან კონტაქტი უსაფრთხოა.
რაც შეეხება ერთად ძილს, თუ ცხოველს არ სიამოვნებს, ის არ დაწვება თქვენთან. თუმცა, თუ ლეკვობიდან ან კნუტობიდან მიაჩვევთ თავის ადგილს, ის საწოლზე არ ავა. ხშირად ხდება, რომ პატრონებს ეცოდებათ პატარა ცხოველი, იწვენენ გვერდით, საბოლოოდ კი ისე ეჩვევიან, რომ პატრონი გადადის საწოლიდან და ცხოველი რჩება. მთავარია ჰიგიენა და სრული ვეტერინარული კონტროლი - ამ შემთხვევაში ძილი უსაფრთხოა.“
საინტერესო სტატისტიკა: ცხოველები ჩვენს საძინებელში
მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ცხოველთან ძილს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიური სარგებელიც აქვს:
აშშ-ის ძილის მედიცინის აკადემიის მონაცემებით, შინაური ცხოველების პატრონების 56% მათთან ერთად იძინებს.
მაიოს კლინიკის კვლევის მიხედვით, ადამიანების 41% აღნიშნავს, რომ ცხოველთან ერთად ძილი მათ უსაფრთხოების, სიმშვიდისა და რელაქსაციის შეგრძნებას უქმნის.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძაღლთან კონტაქტი ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონეს და ზრდის ოქსიტოცინის გამოყოფას.
და ბოლოს…
ექიმების რეკომენდაციები ერთხმად ადასტურებს: შინაურ ცხოველთან ერთად ძილი საშიში არ არის, თუ დაცულია ორი მთავარი პირობა - რეგულარული ვეტერინარული დამუშავება და პირადი ჰიგიენა. იმუნიტეტის გაკაჟების თვალსაზრისით, ბავშვისთვის ცხოველთან კონტაქტი იმაზე სასარგებლოც კია, ვიდრე სტერილური გარემო. ასე რომ, თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სუფთა და ჯანმრთელია, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ მასთან ერთად ტკბილი ძილი.
ნინო გიგიშვილი