სიფრიფანაფრთიანი მწერები და მათგან მომდინარე საფრთხე
ბუზი - საქართველოს ტერიტორიაზე ბუზების მრავალრიცხოვანი ოჯახის 70-მდე წარმომადგენელი ბინადრობს და რა გასაკვირია, რომ მათ ყველგან შეხვდებით. ბუზების სხეულის სიგრძე 1-დან 55 მმ-მდე მერყეობს. მათი საკონტაქტო ორგანო დაუნაწევრებელი ხორთუმია. ფეხებზე 2-3 მისაწოვარი აქვთ, რაც გლუვ ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას აძლევთ.
ბუზები კვერცხის დებით მრავლდებიან. კვერცხიდან ჯერ მატლი იჩეკება. ზრდასრული ინდივიდები იკვებებიან ყვავილის ნექტრით, ცხოველის სისხლით, ხრწნადი ნივთიერებებით, ნაკელითა და სხვა ნარჩენებით. ისინი პარაზიტობენ ცხოველურ ქსოვილებსა და ორგანოებში.
არსებობს ბუზის როგორც მავნე, ისე, თქვენ წარმოიდგინეთ, სასარგებლო სახეობები. მავნე სახეობებს შორის არიან ცხოველებისა და ადამიანის პარაზიტები, სისხლისმწოველები, ბაქტერიების, ჰელმინთების კვერცხების გადამტანები, პროდუქტებისა და კულტურულ მცენარეთა მავნებლები. სასარგებლო სახეობებს შორის არიან მცენარეების დამმტვერავნი, მტაცებლები და პარაზიტები, რომლებიც მავნე მწერებს ანადგურებენ. საქართველოში განსაკუთრებით არიან გავრცელებულნი მაწუხელასებრი, მარცვლოვანთა და მენაღმე ბუზები, ნამდვილი ბუზისებრნი, ბორასებრნი და სხვა სახეობები.
როგორ დავიცვათ თავი
ბუზებთან ბრძოლის მთავარი საშუალება სისუფთავე და ჰიგიენაა.
- შინ დიდხანს არ გააჩეროთ ნაგვის ნარჩენები.
- ერიდეთ ნაგავსაყრელებს და სააგარაკო ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ მის ირგვლივ არსებული გარემოს სანიტარიული მდგომარეობა.
- ააკარით ფანჯრებს ლითონის ბადე ან დოლბანდი.
- სუფთად შეინახეთ საკვები და ჭურჭელი, ნუ დატოვებთ მათ უთავსახუროდ.
- ხშირად დაალაგეთ ბინა სველი წესით. სახლისა და აგარაკის ფანჯრებისა და იატაკის სველი წესით დამუშავებისას შეგიძლიათ წყალში ცოტაოდენი ნავთი ჩაასხათ, - იმდენი, რომ მისმა სუნმა თავად არ შეგაწუხოთ.
- ბუზებს ქათმის სიბრმავე აქვთ, ამიტომ სინათლისა და სითბოსკენ მიილტვიან, სამაგიეროდ ვერ იტანენ სიცივესა და ორპირ ქარს. საკმარისია, საწოლი ოთახი ძილის წინ ორპირით გაანიავოთ, რომ რამდენიმე წუთში იქ ერთი ბუზიც არ დარჩება.
- გამოიყენეთ მწებავი ქაღალდი ან სპეციალური აეროზოლი.
- თუ ბუზებს ამ მარტივი ხერხებით ვერ გაუმკლავდით, სინჯეთ პროფილაქტიკური ინსექტიციდი - ადამიანისთვის სრულიად უვნებელი გვირილის პრეპარატი, რომელიც, თავისი ანალოგებისგან განსხვავებით, ერთნაირად სპობს როგორც დაფრთიანებულ მავნებლებს, ასევე მათ ჭუპრებსა და მატლებსაც კი. მისი მისხურება შეიძლება როგორც კარ-ფანჯრებზე, სანაგვე ყუთებზე, საცხოვრებელ ნივთებსა და საგნებზე, ისე შალეულზე, ბეწვეულსა და მატყლის ლოგინზე.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუზდამჭერი მოწყობილობებიც.
ფუმიგატორები და რეპელენტები
მაღაზიებში ფუმიგატორებისა და რეპელენტების ფართო არჩევანია. ეს საშუალებები ბუზებსა და კოღოებთან ბრძოლისას დიდ დახმარებას გაგვიწევენ.
ფუმიგატორები დახურულ შენობებში გამოიყენება. ესენი გახლავთ ელექტრული მოწყობილობები, რომლებიც ფირფიტებით ან სითხით სავსე ჭურჭლით მუშაობენ. ზოგიერთი სასიამოვნო არომატს აფრქვევს, ზოგიერთს სუნი საერთოდ არ გააჩნია. არსებობს სხვა ტიპის ფუმიგატორებიც - კვამლმდენი სპირალები, რომლებიც ღია ცის ქვეშ გამოიყენება და ასევე გარემოში გამოსაყენებელი სანთლები, რომლებიც 12 საათის განმავლობაში აფრთხობენ ბუზებსა და კოღოებს.
რეპელენტები, ჩვეულებრივ, სხეულზე ან ტანსაცმელზე წასასმელი მალამოები, ლოსიონები და აეროზოლებია. ისინი მწერებს კი არ აფრთხობენ, არამედ ადამიანთან მიახლოების სურვილს უქრობენ, რადგან რეპელენტების უმრავლესობას მამრი კოღოს არომატი აქვს. საქმე ის არის, რომ მხოლოდ განაყოფიერებული მდედრი კოღოები იკბინებიან, - სისხლი მათ მომავალი თაობის გამოსაჩეკად სჭირდებათ, მამრი კოღოს არომატი კი მათ ადამიანისადმი ინტერესს უკარგავს.
კოღო და ბუზანკალი
კოღო და ბუზანკალი კბენისას კანქვეშ უშვებენ ნერწყვს, რომელიც ტოქსინსა და ანტიკოაგულანტს შეიცავს. ანტიკოაგულანტი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას და მწერს საშუალებას აძლევს, სასურველი ულუფა ამოწოვოს. ნაკბენი ადგილის გაღიზიანება და ძლიერი ქავილი სწორედ ნერწყვის მიმართ ორგანიზმის ალერგიის შედეგი გახლავთ. კოღოები ღია წყალსატევებში, დატბორილ სარდაფებსა და გუბეებში ბინადრობენ, აქტიურდებიან ღამით, ძლიერ ქარიან ან წვიმიან ამინდში კი, პირიქით, შინიდან გამოსვლას ერიდებიან. იკბინებიან მხოლოდ მდედრი კოღოები. ისინი ადვილად აღწევენ ტანსაცმელშიც.
მრავალრიცხოვანი სახეობებიდან ყველაზე საშიში ანოფელესის გვარის კოღოა. სანერწყვე ჯირკვლებში მძიმე ინფექციური დაავადების - მალარიის გამომწვევ პლაზმოდიუმს ინახავს. ადამიანს ყველა სახეობის კოღო როდი კბენს. მრავალი მათგანი მხოლოდ ცხოველებს ეტანება, ხოლო ისინი, რომლებიც ადამიანის სისხლს ამჯობინებენ, უმთავრესად ბავშვებს ეტანებიან - მათ ხომ უფრო ნაზი და თხელი კანი აქვთ. კოღოები განსაკუთრებით აქტიურობენ +16 გრადუსზე, როცა ფარდობითი ტენიანობა 80-90%-ია. როცა ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსს ასცდება, ისინი ადამიანებზე თავდასხმას წყვეტენ. მშრალ ჰაერში და მაღალ ტემპერატურაზე კოღოებს გაჩერება უჭირთ, რადგან დიდი რაოდენობით სითხეს კარგავენ. მათ არც სიმაღლეების დაპყრობა უყვართ, ამის გამო მალარიის კერებში ღამის გასათევს 8 მეტრის სიმაღლეზე აგებენ.
როგორ დავიცვათ თავი
კოღოების საწინააღმდეგო უამრავი ინსექტიციდი და რეპელენტი არსებობს, თუმცა ყველაფერს მათთან ქიმიის დაუხმარებლად ბრძოლა სჯობს. ამასთანავე, არსებობენ ზემგრძნობიარე ადამიანები, რომელთაც ბუზებისა და კოღოების ზუზუნზე მეტად ქიმიური აგენტების სუნი აღიზიანებთ. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ზოგიერთ არომატზე კოღოებიც და ბუზებიც მწვავედ რეაგირებენ. ვერც ისინი იტანენ მკვეთრსუნიან ნივთიერებებს. მაგალითად, ფანჯრების სიახლოვეს მდგარი პომიდვრის ბუჩქები საიმედოდ დაგიცავთ ამ აბეზარი მწერებისგან - პომიდვრის ფოთლების სპეციფიკური სუნი მწერებს აფრთხობს. კოღოებს არც მიხაკისა და ევკალიპტის სუნი უყვართ - დაასველეთ ბამბა ამ მცენარეების ზეთში და ფანჯრები გაწმინდეთ. შეგიძლიათ, ზეთი სხეულის შიშველ ადგილებზეც წაისვათ. ბუზებსა და კოღოებს აფრთხობს კატაბალახას, ახალმოწყვეტილი კაკლის ფოთოლი და თამბაქოს კვამლის სუნიც.
ფუტკარი, კრაზანა, კელა, ბზიკი
ფუტკარი ადამიანს ერთხელ კბენს. ასევე იქცევა კელა. მიუხედავად ამისა, თაფლის მწარმოებელი მწერის ნაკბენით გამოწვეული სიკვდილიანობა დღესდღეობით გაცილებით აჭარბებს გველის ნაკბენის ლეტალურ შედეგებს. ამის მიზეზი ის ძლიერი ალერგიული რეაქციაა, რომელსაც ორგანიზმში ფუტკრის შხამის მოხვედრა იწვევს. მსუბუქი რეაქციისას ვითარდება შეშუპება, რომელიც რამდენიმე საათში ქრება. უფრო მეტად მგრძნობიარეებს უვითარდებათ საშუალო სიმძიმის ალერგია, რომელიც იწვევს გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებას, ჭინჭრის ციებას, ღებინებას, გულისრევას, სუნთქვის გაძნელებას, თავბრუხვევას, თავისა და სახის შესივებას.
მძიმე რეაქციისას ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთვის თავის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, გულისრევა, გონების დაკარგვა და ანაფილაქსიური შოკი.
რაც შეეხება კრაზანასა და ბზიკს, ისინი ადამიანს მანამდე კბენენ, ვიდრე შხამის არსენალს არ ამოწურავენ, ამიტომ გაცილებით საშიშნიც არიან.
ფუტკარი, კრაზანა და ბზიკი გარეგნულად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, არადა, მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელმა მწერმა მოგაყენათ ზიანი. ფუტკრის კბენისას მისი ნესტარი კანში რჩება, კრაზანა და ბზიკი კი თავიანთ გლუვ ნესტარს მსხვერპლის კანში არ ტოვებენ.
თუ მწერმა დაგკბინათ
თავისთავად მწერის ნაკბენი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ის ალერგიული რეაქცია, რომელიც მწერის შხამის მიმართ შეიძლება განუვითარდეს ადამიანს. საბედნიეროდ, შინ აღმოჩენილი პირველი დახმარება უმეტესად სავსებით საკმარისია.
უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ: თუ მწერები შემოგეხვივნენ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ რომელიმე დაგაჯდათ, ხელის მსუბუქი აქნევით მოიცილეთ და მშვიდად დატოვეთ მათი ადგილსამყოფელი. ნებისმიერი მწერის ნაკბენზე დაიდეთ ყინული ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ცივი კომპრესები და პერიოდულად იცვალეთ, ეს ტკივილსაც დაგიამებთ და შეშუპებასაც დაგიცხრობთ.
ნაკბენთა უმეტესობა ძლიერ მქავანაა. ქავილის დასაამებლად შეგიძლიათ ნაკბენზე საჭმელი სოდის წყალხსნარში დასველებული კომპრესი დაიდოთ. ნუ გახეთქავთ ნაკბენზე გაჩენილ სითხიან ბუშტუკებს. მიმართეთ ექიმს, თუ კბენის შემდგომი სიმპტომები და დისკომფორტი რამდენიმე დღის შემდეგაც გაწუხებთ. ნაკბენი ადგილის ტკივილი, შეშუპება და სიწითლე შესაძლოა ინფექციური პროცესის ნიშანი იყოს. სპეციალისტთან დაუყოვნებელი ვიზიტია საჭირო მაშინაც, როცა შეამჩნევთ, რომ სუნთქვა ან ყლაპვა გაგიძნელდათ, თავბრუ გეხვევათ.
თუ ფუტკარმა ან კელამ გიკბინათ, ნუ ეცდებით ნაკბენიდან ნესტრის პინცეტით ან ფრჩხილებით ამოღებას - შესაძლოა, ხორთუმის ნაწილი კანში დარჩეს და შხამის გავრცელებასაც შეუწყოთ ხელი. გიჯობთ, ვინმე დაიხმაროთ: ნაკბენზე სპირტში ან ზეითუნში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ, რათა ხორთუმი თავისთავად მოსცილდეს კანს. ხორთუმის მოცილების შემდეგ ნაკბენი საპნით უნდა ჩამოიბანოთ.
თუ დაკბენილს მაინც აუვარდა სულის ხუთვა, სუნთქვა გაუჭირდა, აუტყდა ღებინება, კრუნჩხვა, აუწია სიცხემ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აუცილებელია, რადგან ჩამოთვლილი ნიშნები იმის მაუწყებელია, რომ ალერგიული რეაქცია პროგრესირებს და შესაძლოა, მძიმე შედეგით დასრულდეს.
ჩვეულებრივი ადამიანი რამდენიმე ასეული მწერის ნაკბენსაც უძლებს, მაგრამ ზემგრძნობიარე (ალერგიული) ორგანიზმისთვის შესაძლოა ერთი ნაკბენიც კი მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. თუ ასეთი ადამიანი მწერმა დაკბინა, ნუ დაელოდებით ორგანიზმის რეაქციას, დაუყოვნებლივ მიეცით რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატის ერთი აბი და საავადმყოფოში წაიყვანეთ.
სწრაფი ჰოსპიტალიზაციაა საჭირო მრავლობითი ნაკბენის დროსაც, როცა ადამიანს თავბრუ ეხვევა, თავი სტკივა, აღებინებს, ამცივნებს და სხეულის ტემპერატურა უწევს. საუკეთესო სტრატეგია კი მაინც თავდაცვაა. ერიდეთ მწერების ბუდეებს, მათ ადგილსამყოფელთან სიახლოვისას ნუ ჩაიცვამთ მკვეთრი ფერის ტანსაცმელს, ნურც ტკბილი არომატის მქონე სუნამოს იპკურებთ. ექსკურსიებსა და პიკნიკებზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ - ხორთუმიან მწერებს ძლიერ უყვართ ტკბილი საკვები და უალკოჰოლო სასმელები.