ტრანსმისიული (ფეხსახსრიანებით გამოწვეული) დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრანსმისიული (ფეხსახსრიანებით გამოწვეული) დაავადებები

გამორიცხული არც ის არის, მიგრაციული პროცესების შედეგად საქართველოში ისეთი გადამტანები გავრცელდნენ, რომლებიც ჩვენთან რეგისტრირებულნი არ არიან, მაგრამ რომელთა სიცოცხლისა და გამრავლებისთვის კლიმატური პირობები ოპტიმალურია. ფეხსახსრიანებისა და პარაზიტების უმრავლესობა ადამიანს კბენს ან სისხლს სწოვს, რაც ალერგიულ რეაქციებსა და ძლიერ ქავილს იწვევს. რომელი პარაზიტებია ამ მხრივ საშიში და როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმემ გვიკბინა?

გვესაუბრება სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროფილაქტიკური მედიცინის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი გუგული გუგუშვილი.

- ქალბატონო გუგული, რომელი მწერის ნაკბენს ახასიათებს ქავილი და რა მექანიზმით ვითარდება იგი?

- მწერის კბენის შემდგომი ქავილი ორგანიზმის ადგილობრივი საპასუხო ალერგიული რეაქციაა იმ ნივთიერების მიმართ, რომელსაც მწერი კბენისას სხეულში ნერწყვთან ერთად უშვებს. ქავილმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც კბენისთანავე, ისე რამდენიმე საათის შემდეგაც. მწერის სახეობის მიხედვით, ის შესაძლოა იყოს როგორც ადგილობრივი, ისე გენერალიზებული - მთელი სხეულის მომცველი. მწერების უმრავლესობის ნაკბენი ადგილობრივ რეაქციებს იწვევს, თუმცა ფუტკრის, მაწუხელას, კრაზანის, ბუზანკალისა და მორიელის კბენის შემდეგ ხშირად ვითარდება ზოგადალერგიული რეაქცია, რაც იმ ტოქსინის აუტანლობის ბრალია, რომელსაც მწერი ორგანიზმში კბენისას უშვებს. ადგილობრივი ალერგიული რეაქციის დროს შუპდება და წითლდება ნაკბენი ადგილი, თავს იჩენს წვა და ქავილი. ეს სიმპტომები რამდენიმე საათს გრძელდება, შესაძლოა, 24 საათზე მეტხანსაც კი გასტანოს. ზოგადი ალერგიული რეაქციის დროს ადგილობრივი მოვლენების პარალელურად აღინიშნება აგზნება, გაფანტული გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ ლიმფური კვანძების გადიდებაც. ზოგადი რეაქციის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. ალერგიულ ადამიანებს იგი ფეხსახსრიანთა ტოქსინის მიმართ უვითარდებათ და სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის.

- ქავილის მიხედვით თუ შეიძლება ამოვიცნოთ, რომელმა მწერმა გვიკბინა?

- ქავილს ყველა ფეხსახსრიანის ნაკბენი იწვევს, თუმცა სხვადასხვა ხარისხითა და ინტენსივობით. აღსანიშნავია, რომ ფუტკარი და კელა ადამიანს თავს არასოდეს ესხმიან, კრაზანასა და მაწუხელას კი საამისოდ მიზეზი არ სჭირდებათ და კბენის დროსაც ორგანიზმში გაცილებით მეტი ოდენობის შხამს უშვებენ. ფუტკარი, კრაზანა და მაწუხელა გარეგნულად ერთმანეთს ძლიერ ჰგვანან, არადა მკურნალობისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომელმა მწერმა დაგკბინათ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ფუტკარი კბენისას კანში ნესტარს ტოვებს, კრაზანა და მაწუხელა კი არა. კოღო და ბუზანკალი კბენისას კანქვეშ უშვებენ ნერწყვს, რომელიც შეიცავს ტოქსინსა და ანტიკოაგულანტს - ნივთიერებას, რომელიც სისხლის შედედებას უშლის ხელს. ნაკბენი ადგილის გაღიზიანება და ძლიერი ქავილი სწორედ ნერწყვის მიმართ ორგანიზმის რეაქციის შედეგია. კოღოები ღია წყალსატევებში, დატბორილ სარდაფებსა და გუბეებში ბინადრობენ, აქტიურდებიან ღამით, ქარიან და წვიმიან ამინდში კი პირიქით, მათი მოძრაობა იზღუდება, ისინი ქარსა და წვიმას გაურბიან და იმალებიან. იკბინებიან მხოლოდ მდედრი კოღოები. ისინი ადვილად აღწევენ ტანსაცმელშიც.

საკმაოდ მრავალრიცხოვან სახეობებს შორის ყველაზე საშიში ანოფელესის გვარის კოღოა, იგი სანერწყვე ჯირკვლებში მძიმე ინფექციური დაავადების - მალარიის გამომწვევ პლაზმოდიუმს ინახავს. ტილები ყველაზე მეტად გავრცელებული მწერები არიან. ბუნებაში მათი 150-მდე სახეობა არსებობს. მათგან ადამიანის პარაზიტია სამი: თავისა, ტანსაცმლისა და ბოქვენისა. ისინი პედიკულოზს, ანუ დატილიანებას იწვევენ. ტანსაცმლის ტილი ქსოვილის ნაოჭებში ბუდობს და კანზე მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად გადადის. ამის კვალობაზე, ქავილი და ნაკაწრები უფრო ხშირია კისერსა და წელზე, ესე იგი იმ ადგილებში, სადაც ტანსაცმელი ყველაზე ინტენსიურად ეხება კანს. ხანგრძლივი დატილიანება კანს აუხეშებს, ტილის კბენისადმი ნაკლებ მგრძნობიარეს ხდის და ქავილიც იკლებს, ადამიანი თავისუფლად ეკონტაქტება სხვებს და ტილებსაც ადვილად ავრცელებს. ბოქვენის ტილი კანის თმიან ადგილებში ბუდობს. ის უპირატესად ბოქვენზე, სასქესო ორგანოებზე, სათესლე პარკზე, უკანა ტანის არეში, მუცლის, იღლიის ფოსოების კანზე პარაზიტობს და ძლიერ ქავილს იწვევს. მისი გავრცელების ყველაზე ცნობილი გზა სქესობრივი კონტაქტია. ტილი ადვილად ვრცელდება პარტნიორთა უშუალო კონტაქტის დროს, ასევე - პირადი საგნებითა და თეთრეულით სარგებლობისას. თავის ტილი უპირატესად კეფასა და საფეთქლებს ეტანება და იქ იბუდებს.

მდედრი 24 საათის განმავლობაში 10-15 კვერცხს დებს, საიდანაც რამდენიმე დღეში ახალი თაობა იჩეკება. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს თმაზე მჭიდროდ მიკრული ტილის კვერცხები - წილები. ტილი დღეში რამდენჯერმე წოვს სისხლს. მისი ნაკბენი უმტკივნეულოა, მაგრამ პარაზიტის ნერწყვი აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და შემაწუხებელ ქავილს იწვევს. გამორიცხული არ არის, ნაკბენში ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს. ქავილით გამოწვეულ დისკომფორტთან ერთად ტილები იმითაც არიან საშიშნი, რომ სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ. მაგალითად, ტანსაცმლის ტილი პარტახტიანი და შებრუნებითი ტიფის გადამტანია. სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა ტანსაცმლისა და ბოქვენის ტილით დატილიანების შემთხვევებმა. დიდია ტკიპის ნაკბენით გამოწვეული საფრთხეც. ყველაზე საშიში გახლავთ პარაზიტული ტკიპები, რომლებიც სისხლით იკვებებიან, მათ შორის - იქსოდიდები და არგაზიდები. იქსოდიდები ღია თავშესაფრებში - ტყეში, მინდორში, ნიადაგის ნაპრალებში, ხეების ქერქის ან ფესვების ქვეშ ბინადრობენ. არგაზიდები დახურულ თავშესაფართა ბინადრები არიან. მათი ადგილსამყოფელი მელიის, მღრღნელების, კუს სოროები და ფრინველთა ბუდეებია. იქსოდიდები და არგაზიდები თავს ესხმიან ადამიანს, როდესაც იგი სეირნობის ან მიწის დამუშავების დროს მათ ახლოს აღმოჩნდება, კანზე ეწებებიან და დაახლოებით 7-10 დღე სწოვენ სისხლს მოუშორებლად, ვიდრე სრულ ულუფას არ მიიღებენ.

ტკიპის მიწებებისას ადამიანი ვერაფერს გრძნობს, რადგან პარაზიტი მის სხეულში ანესთეზინს (ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას) უშვებს. მაშინვე ხვდებიან სისხლში დაავადებების გამომწვევებიც, რომელთა მატარებელია ტკიპა - რიკეტსიები, ვირუსები, მიკრობები ან ბორელიები. ადამიანს ერთდროულად 100 ტკიპა რომ დაესხას თავს, ანესთეზინის წყალობით მაინც ვერაფერს იგრძნობს. ტკიპის კიდევ ერთი სახეობა იწვევს კანის დაავადებას და მის თანმხლებ ძლიერ ქავილს. ეს მუნის ტკიპაა. დედალი პარაზიტი კანის რქოვანა შრეში აღწევს და 4-5 მმ სიგრძის წვრილ, დაკლაკნილ, მონაცრისფრო ხაზოვან სავალებს წარმოქმნის, რომლებსაც პარალელურად განლაგებული ორი - შესასვლელი და გამოსასვლელი - ხვრელი აქვს. ტკიპა კანში შეჭრის ადგილზე რჩება. მუნის ტკიპა დაავადებული ადამიანისგან ჯანმრთელს უშუალო კონტაქტით ან პირადი მოხმარების საგნების - ტანსაცმლის, საწოლის, პირსახოცის და სხვა - საშუალებით გადაეცემა. ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფიცირების შემთხვევებიც, როდესაც მომწიფებული ტკიპა დაწყლულებული ადგილიდან ტრანსპორტის სახელურებზე რჩება და მათთან კონტაქტისას ჯანმრთელ ადამიანს ასნებოვნებს.

პარაზიტი პირველ რიგში სხეულის რბილ ადგილებზე - მუცელზე, ხელის მტევნებზე, თითებშუა და იღლიის ნაოჭებში, კიდურების შიგნითა ზედაპირებზე იბუდებს. ამ ადგილებში თავს იჩენს ძლიერი ქავილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ღამით, დაწოლის შემდეგ - სხეულის გათბობასთან ერთად ტკიპებიც აქტიურდებიან. მუნისა და დატილიანების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა, მკურნალობის დროულად დაწყება, ძლიერი ქავილის გამო კანის მეორეული დაზიანებისა და ინფიცირების თავიდან აცილება. ასევე აუცილებელია დაავადების გავრცელების დროული აღკვეთა. ადამიანის სხეულზე პარაზიტობს ტკიპების კიდევ ერთი წარმომადგენელი - დემოდექსი, რომელიც დაავადება დემოდეკოზს იწვევს. ტკიპა დემოდექსი ცხოველების (ძაღლის, კატის) ბეწვზე, ფრინველების (მტრედის, თუთიყუშის) ბუმბულში ბინადრობს. მათთან კონტაქტისას იგი გადადის ადამიანის სხეულზე და სახეზე, კისერზე, ყურის ნიჟარაში სახლდება.

დემოდექსით ინფიცირება მტვრის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. დემოდექსი უშუალოდ წამწამებს შორის დებს კვერცხებს, საიდანაც ჯერ მატლი გამოიჩეკება, შემდეგ - ნიმფა, შემდეგ კი უკვე ზრდასრული მდედრი და მამრი. ყოველივე ეს წამწამებისა და წარბების არეში ძლიერ ქავილს და დისკომფორტს იწვევს. დაავადება დროულ დიაგნოსტიკასა და საკმაოდ სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს. კანის პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. არამც და არამც არ შეიძლება სხვისი ტანსაცმლის, თეთრეულის, სავარცხლისა და პირადი დანიშნულების სხვა საგნების გამოყენება. ქინქლები ყველგან არიან, განსაკუთრებით - წელიწადის ცხელ პერიოდში. მათი ნაკბენიც უმტკივნეულოა, რადგან კბენისას კანში ისინიც ანესთეზინს უშვებენ. მათი ტოქსინი მომწამვლელია და შესაძლოა, ძლიერი ქავილი გამოიწვიოს. თავად ნაკბენი ნაკლებ საშიშია, რასაც ვერ ვიტყვით დაავადებათა გამომწვევებზე, რომელთა მატარებლებლიც არიან ქინქლები. რწყილი და ბაღლინჯო უფრთო, მაგრამ საკმაოდ საშიში მწერები არიან. მათი დიდი ნაწილი ცხოველების სხეულზე პარაზიტობს, თუმცა არსებობენ ადამიანის რწყილებიც, რომელთაც ბაქტერიული დაავადებები, შავი ჭირი და ტულარემია გადააქვთ. ბაღლინჯოები თავს განსაკუთრებით კომფორტულად ნესტიან და ცუდად განიავებულ სათავსოებში გრძნობენ. ბინადრობენ საწოლის ლეიბების, საბნების ნაკერებში, კვერცხებს დებენ შპალერის უკან, ხის ნაპრალებში. ბაღლინჯოები ღამით აქტიურდებიან, დღისით კი იმალებიან. ისინი აქტიურად კბენენ ადამიანს. ნაკბენი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის შეწითლებულ, კანზე კონუსისებურად მდებარე ჭრილობას, რომელიც შეშუპებული და ძლიერ მქავანაა.

- საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ფეხსახსრიანთა ნაკბენმა პრობლემები არ შეგვიქმნას.

- ფეხსახსრიანთა უმრავლესობის კბენის შემდეგ სავსებით საკმარისია შინ აღმოჩენილი პირველი დახმარება. უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ: თუ ფუტკრები ან კრაზანები გარს შემოგერტყნენ, არ აფორიაქდეთ. თუ ტანზე დაგაჯდათ, ხელის მსუბუქი აქნევით მოიცილეთ და მშვიდად დატოვეთ მათი ადგილსამყოფელი. თუ ფუტკარმა მაინც გიკბინათ, ნუ ეცდებით მისი ნესტრის თვითნებურად მოცილებას ბასრპირიანი პინცეტით ან ფრჩხილებით - შესაძლოა, ხორთუმის ნაწილი კანში დარჩეს და ამგვარად შხამის გავრცელებასაც კი შეუწყოთ ხელი. გიჯობთ, ვინმე დაიხმაროთ. ნაკბენზე სპირტში ან ზეითუნში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ, რათა ხორთუმი თავისთავად მოსცილდეს კანს. ხორთუმის მოცილების შემდეგ ნაკბენი ადგილი საპნით უნდა ჩამოიბანოთ. არაფრით არ შეიძლება ტკიპის ხელით მოძრობაც, რადგან მისი ხორთუმი კანში რჩება და შესაძლოა, ინფექციის კარიბჭედ იქცეს. ტკიპები 1-2 კვირა სახლობენ ადამიანის სხეულზე, თავიანთი სამყოფი სისხლის ამოწოვის შემდეგ კი თავისით სცილდებიან. თუ ტკიპა ძლიერ გაღიზიანებთ და მისი მოცილება გსურთ, ზემოდან დაადეთ სპირტში ან ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი და დაახლოებით ერთ საათს გააჩერეთ - ტკიპას საწოვარი აპარატი დაეხშობა, მოდუნდება და თავად მოძვრება.


ნებისმიერი მწერის კბენისას ნაკბენ ადგილას დაიდეთ ყინული ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ცივი საფენი, რომელიც პერიოდულად უნდა იცვალოთ. ეს დაგიამებთ ტკივილს და შეშუპებასაც დააცხრობს. ნაკბენთა ურავლესობა ძლიერ მქავანაა. ქავილის დასაამებლად შეგიძლიათ ნაკბენზე საჭმელი სოდის წყალხსნარში დასველებული საფენი დაიდოთ. ნუ გახეთქავთ ნაკბენის ადგილას გაჩენილ სითხიან ბუშტუკებს. მიმართეთ ექიმს, თუ კბენის შემდგომი სიმპტომები და დისკომფორტი რამდენიმე დღის შემდეგაც გაწუხებთ. ნაკბენი ადგილის ტკივილი, შეშუპება და სიწითლე შესაძლოა ინფექციური პროცესის მაუწყებელი იყოს. სპეციალისტთან დაუყოვნებელი ვიზიტია საჭირო მაშინაც, თუ შეამჩნიეთ, რომ სუნთქვა ან ყლაპვა გაგიძნელდათ, თავბრუ გესხმით. ჩვეულებრივ ადამიანს 500 მწერის ნაკბენის ატანა შეუძლია, მაგრამ მომატებული მგრძნობელობის მქონე ორგანიზმისთვის ერთი ნაკბენიც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ თუ ადამიანი ალერგიულია, ნუ დაელოდებით ორგანიზმის რეაქციას, მაშინვე მიეცით რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატის ერთი აბი და გადაიყვანეთ საავადმყოფოში. სწრაფი ჰოსპიტალიზაციაა საჭირო მრავლობითი ნაკბენის დროსაც, როცა ადამიანს თავბრუ ეხვევა, თავი სტკივა, აღებინებს, ამცივნებს და სხეულის ტემპერატურა უწევს. ყველაფერს კი მაინც თავდაცვა სჯობს: ერიდეთ მწერების ბუდეებსა და სოროებს, მათ ადგილსამყოფელთან სიახლოვისას ნუ ჩაიცვამთ მკვეთრფერებიან ტანსაცმელს, ნურც ტკბილი არომატის მქონე სუნამოებს იპკურებთ. ექსკურსიებსა და პიკნიკებზე მეტი ყურადღება გამოიჩინეთ - ხორთუმიან მწერებს ძლიერ უყვართ ტკბილი საკვები და უალკოჰოლო სასმელები.

პარაზიტი ჭიებით გამოწვეული დაავადებები

ადამიანის ორგანიზმში მოპარაზიტე 250-მდე ჰელმინთი სამ ძირითად კლასად იყოფა: მრგვალ, ლენტისებრ და მწოველა ჭიებად. მრგვალ ჭიებს ნემატოდებს უწოდებენ, ლენტისებრს – ცესტოდებს, ხოლო მწოველა ჭიებს - ტრემატოდებს. ისინი ორგანიზმში სხვადასხვა გზით იჭრებიან და განსხვავებული კლინიკური ნიშნებით ამჟღავნებენ თავს.

- რომელი მათგანი იწვევს ქავილს?

- ჰელმინთოზების დროს ქავილი ხშირია. ეს სიმპტომი უპირატესად მრგვალი და მწოველა ჭიებით ინვაზიას ახასიათებს, თუმცა როცა ინვაზიის ხარისხი მაღალია, ალერგიული რეაქციის სახით შესაძლოა ნებისმიერი ჰელმინთოზის დროს იჩინოს თავი. პარაზიტოზების კლინიკურ მიმდინარეობაში სამ სტადიას განასხვავებენ: მწვავეს, ლატენტურსა და ქრონიკულს. მწვავე სტადიას ალერგიული გამოვლინებები ახასიათებს. ამ დროს პარაზიტის ჩანასახი სისხლძარღვთა სისტემის გავლით ქსოვილებამდე აღწევს, იქ იდებს ბინას და ორგანიზმს მისი სპეციფიკური ანტიგენები, ფერმენტები და გამონაყოფები წამლავს, ამიტომ დაავადებათა უმრავლესობის შემთხვევაში ქავილი როგორც ალერგიული გამოვლინება სწორედ მწვავე პერიოდში იჩენს თავს. ნემატოდოზებიდან (მრგვალი პარაზიტი ჭიებით გამოწვეული დაავადება) ქავილი ახასიათებს ასკარიდოზს, ანკილოსტომიდოზს, სტრონგილოიდოზს, ენტერობიოზსა და ტრიქინელოზს. ტრემატოდოზებიდან (მწოველა პარაზიტი ჭიებით გამოწვეული დაავადება) პაციენტები ქავილს ფასციოლოზის დროს უჩივიან.

ასკარიდოზს მრგვალი ჭია ასკარიდა იწვევს. მისი კვერცხები ავადმყოფის განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, ნიადაგში მწიფდება და ირგვლივ ვრცელდება, დაბინძურებული წყლის, მწვანილის, ხილისა და სხვა პროდუქტების მეშვეობით კი სხვა ადამიანს გადაეცემა. ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის სტადიას (ინვაზირების პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს. კანზე გამონაყარი და მძაფრი ქავილი სწორედ მიგრაციის ფაზაში იჩენს თავს. თან ერთვის საერთო სისუსტე, თავის, მუცლისა და გულმკერდის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ხველა, ქოშინი და დიარეა. ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდში ეს სიმპტომები ქრება და პაციენტები უმთავრესად უმადობას, მუცელში გამკრავ ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, მუცლის შებერილობას, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობას უჩივიან. არ არის გამორიცხული მეხსიერების დაქვეითება და ავიტამინოზი. ანკილოსტომიდოზს იწვევს ნემატოდების კლასის ორი პარაზიტი: თორმეტგოჯას ანკილოსტომა და ამერიკული ნეკატორი.

ნიადაგში მომწიფებული კვერცხები მიწასთან მჭიდრო კონტაქტის (შიშველი ხელით მუშაობა, ფეხშიშველი სიარული, მიწაზე წოლა) შედეგად ხვდებიან ადამიანის კანზე. ჭიის კვერცხები ხვრეტენ მას, აღწევენ კანქვეშა ქსოვილის სისხლძარღვებში, მთელ ორგანიზმში გადაადგილდებიან და ბოლოს ბინას თორმეტგოჯა ნაწლავში იდებენ. იკვებებიან მხოლოდ ადამიანის სისხლით. ანკილოსტომიდოზის მიგრაციის ფაზა ერთ თვემდე გრძელდება, ნაწლავში ლოკალიზაციის სტადია კი წლობით გასტანს. მიგრაციის სტადიაში კანში კვერცხის შეჭრის ადგილას ჩნდება გამონაყარი, დერმატიტი და ქავილი. პაციენტები უჩივიან სუბფებრილურ ან მაღალ ტემპერატურას, უმადობას, შრომისუუნარობას, თავის ტკივილს, სწრაფად ვითარდება ბრონქიტი და ბრონქოპნევმონია, რომელსაც ხველა და სისხლიანი ნახველი ახასიათებს. 2-3 კვირის შემდეგ ეს მოვლენები თანდათან იკლებს. თავს იჩენს სისხლის წოვით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია, ავადმყოფი მკვეთრად იკლებს წონას. სტრონგილოიდოზის გამომწვევი ნემატოდა ორგანიზმში ანკილოსტომის მსგავსად იჭრება და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სახლდება. დერმატიტი და კანის ძლიერი ქავილი დაავადების ადრეულ სტადიაშივე იჩენს თავს, ოდნავ მოგვიანებით კი იწყება ფაღარათი უხვი და ლორწოვანი განავლით, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, შეშუპება და საერთო სისუსტეც დაერთვის.

მინდა, საგანგებოდ შევჩერდე ჭია ენტერობიუსით, იმავე კუდმახვილა ჭიით გამოწვეულ ენტერობიოზზე. თეძოსა და ბრმა ნაწლავში ლოკალიზებული მდედრი პარაზიტი კვერცხებს ნაწლავის სანათურში კი არ დებს, არამედ ღამით გარეთ გამოდის და მათ ანალური ხვრელის ირგვლივ კანის ნაოჭებში ათავსებს. კვერცხის დადების შემდეგ მდედრი ენტერობიუსი ნაწლავში აღარ ბრუნდება - იგი კვდება. პარაზიტის მექანიკური და ტოქსიკურ-ალერგიული ზემოქმედება აღიზიანებს ანუსის კანს და იწვევს ქავილს. სწორედ ამიტომ არის, რომ დაავადებული ბავშვები ღამით განსაკუთრებით ძლიერ იქავებენ ამ ადგილს. ენტერობიოზის მთავარი სიმპტომი სწორედ ანალური ქავილია, რომელიც უმნიშვნელო ინვაზიის დროს პერიოდულია, ინტენსიური ინვაზიის შემთხვევაში კი მუდმივი და ძლიერ შემაწუხებელი ხდება. ენტერობიუსის კვერცხები საკმაოდ მსუბუქია. ისინი ადვილად იფანტება საცვალზე, თეთრეულზე, მოქავების დროს ბავშვს ხელებზე ეკრობა და უშუალო კონტაქტის, დაბინძურებული ხელების, ნივთებისა და საკვების მეშვეობით ადვილად ვრცელდება. განსაკუთრებით დიდია მიმღებლობა ბავშვებში, თუმცა როდესაც ოჯახში ენტერობიოზით დაავადებული ბავშვია, არც მოზრდილების ინვაზირებაა გამორიცხული. ქავილთან ერთად ენტერობიოზს ახასიათებს უძილობა, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი და თავბრუხვევა, გაღიზიანებადობა, უძილობა, ზოგჯერ - მადის გაძლიერება, მუცლის მოვლითი ტკივილი და ფაღარათი.

დღეს ენტერობიოზი ადვილად დასამარცხებელი ჰელმინთოზია, თუმცა, პრეპარატთა სიმრავლის მიუხედავად, მის სამკურნალო და საპროფილაქტიკო მთავარ ღონისძიებად მაინც ჰიგიენის ზუსტი და განუხრელი დაცვა რჩება. სპირალური ტრიქინელათი გამოწვეული ტრიქინელოზის დროს ინვაზიის წყაროს მტაცებლები და მღრღნელები წარმოადგენენ. ადამიანს პარაზიტი ღორისგან გადაედება. დასნებოვნებული ხორცის ჭამისას ორგანიზმში ხვდება პარაზიტის ჩანასახი, რომელიც მომწიფების შემდეგ გადის ნაწლავის კედლიდან, სისხლის ნაკადთან ერთად ხვდება კუნთოვან ქსოვილში, ლოკალიზდება და კაფსულას იკეთებს, რაც კლინიკურად ვლინდება სისუსტით, გამონაყარითა და ქავილით, თავისა და მუცლის ტკივილით, უმადობით, გულისრევით, ფაღარათით, თუმცა ტრიქინელოზის მთავარი ნიშნები სახისა და ქუთუთოების შეშუპება, ტემპერატურის მომატება და წვივის, წელისა და კისრის კუნთების ძლიერი ტკივილია. ფასციოლოზს ორი მწოველა ჭია - ღვიძლის ორპირა და გიგანტური ორპირა იწვევს. კვერცხები ბალახისმჭამელი შინაური ცხოველების ფეკალიებით დაბინძურებული წყლიდან ვრცელდება. ნაწლავების გავლის შემდეგ ორპირა ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში სახლდება და ყველაზე ძლიერ სწორედ ამ ორგანოებს აზიანებს. ალერგიული გამონაყარი და ქავილი დაავადების დასაწყისშივე ჩნდება, თან ერთვის მუცლის ტკივილი და საერთო სისუსტე. თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის. ამ დროს აღნიშნული სიმპტომები პერიოდულად იჩენს თავს, ერთვის კანისა და სკლერების გაყვითლება, ანემია, ჰეპატიტი, ქოლანგიტისა და ქოლეცისტიტის დამახასიათებელი ნიშნები.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ჰელმინთოზებზე ეჭვის გაჩენისას მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სპეციალისტთან დროული ვიზიტი და პარაზიტის აღმოჩენა. საუკეთესო გზა კი მაინც პროფილაქტიკაა, რაც, უპირველეს ყოვლისა, პირადი ჰიგიენის დაცვას გულისხმობს. ადამიანმა უნდა მიირთვას მხოლოდ კარგად გარეცხილი და თერმულად სათანადოდ დამუშავებული საკვები, სვას სასმელად ვარგისი სუფთა და შემოწმებული წყალი. აუცილებელია, შინაურ ცხოველებს დროულად უტარდებოდეთ გეგმური აცრები და პერიოდულად გადიოდნენ პროფილაქტიკურ-ვეტერინარულ შემოწმებას.