ლიპიდები ჩვენს ორგანიზმში
* დამცველობითი (ამორტიზაციული) - ცხიმი იცავს შინაგან ორგანოებს მექანიკური დაზიანებისგან და აფიქსირებს მათ;
* საშენი - ცხიმი უჯრედის მემბრანის სტრუქტურული კომპონენტია. ლიპიდებით განსაკუთრებით მდიდარია ნერვული ქსოვილი;
* ჰორმონული - ლიპიდები წარმოადგენენ სტეროიდული ჰორმონების საფუძველს და, ამრიგად, რეგულატორულ ფუნქციას ასრულებენ. გარდა ამისა, ისინი გვევლინებიან გამხსნელებად მრავალი არაპოლარული შენაერთისათვის.
ორგანიზმში არსებული ცხიმები ორ დიდ ჯგუფად - სარეზერვო და პროტოპლაზმურ ცხიმებად იყოფა.
სარეზერვო ცხიმი
სარეზერვო ცხიმი განთავსებულია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ბადექონში, თირკმელებისა და სხვა შინაგან ორგანოთა კაფსულებში. ცხიმოვანი (ანუ ადიპოზური) ქსოვილი დეპოს ფუნქციას ასრულებს - სისხლიდან შთანთქავს ლიპიდებს და ათავისუფლებს მათ საჭიროების შემთხვევაში (ენერგოდანახარჯის ზრდისას). ცხიმის შემცველ უჯრედებს ადიპოციტებს უწოდებენ. ამ უჯრედებს სფერული ფორმა აქვს და მათ უდიდეს ნაწილს ცხიმის წვეთი ქმნის. სარეზერვო ცხიმის შემადგენლობა მერყევია და კვების ხასიათზე, ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობასა და ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული. ნორმაში ის სხეულის მასის 10-15%-ს შეადგენს, გაცხიმოვნების დროს კი 30%-ს და მეტს.
პროტოპლაზმური ცხიმი
პროტოპლაზმური ცხიმი უჯრედთა პლაზმური მემბრანების (განსაკუთრებით - ნერვულ უჯრედთა მემბრანების) შემადგენლობაში შედის. ის სტეროიდული ჰორმონების საფუძველია. მისი პროცენტული შემცველობა და სხვადასხვა ლიპიდურ ფრაქციებს შორის შეფარდება მეტად მდგრადია, ფაქტობრივად მუდმივი, მკაცრად რეგულირდება და შიმშილობის დროსაც კი არ იცვლება.
ლიპიდური ცვლის დარღვევის ძირითადი სახეები
ათეროსკლეროზი
სისხლძარღვთა ამომფენი (შიგნითა) შრის, ენდოთელიუმის, დაზიანებისას ლიპოპროტეინები იჭრებიან სისხლძარღვთა კედელში და მათ ფაგოციტები (მშთანთქავი უჯრედები) შთანთქავენ. ფერმენტების გავლენით იშლება მათი ყველა კომპონენტი, გარდა ქოლესტერინის ეთერებისა, რადგან ფაგოციტებს ამ უკანასკნელთა დასაშლელად საჭირო ფერმენტები არ გააჩნია. ქოლესტერინის ეთერები შემაერთებელი ქსოვილით ინკაფსულაციას განიცდის, მათზე ლაგდება მარილები და წარმოიქმნება ათერომატული ფოლაქები. შედეგად სისხლძარღვის სანათური ვიწროვდება, შესაბამისი ქსოვილის სისხლით მომარაგება უარესდება, საბოლოოდ კი ორგანო ატროფირდება. ათეროსკლეროზის მიზეზი შეიძლება იყოს ქოლესტერინის ტრანსპორტის ან სინთეზის (წარმოქმნის) დარღვევა, რაც დასაბამს აძლევს ჰიპერქოლესტერინემიას - სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას.
ნაღველკენჭოვანი დაავადება
ქოლესტერინი ნაღვლის მჟავების ერთ-ერთი კომპონენტია. ის შეიძლება არსებობდეს კრისტალების სახით, რომელთა ერთმანეთთან შეერთება-შეწებების შედეგად კენჭები წარმოიქმნება.
ცხიმების ძირითადი წყარო და ნორმა კვებაში
ლიპიდები ჩვენს ორგანიზმში მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან აღწევს. ცხოველური ცხიმები და მცენარეული ზეთები წარმოადგენს ორგანიზმის ერთგვარ კონცენტრირებულ ენერგეტიკულ და სამშენებლო რეზერვს. ეს, ფაქტობრივად, წყალში უხსნადი ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებებია, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებისგან შედგება. ცხიმები კვების აუცილებელი კომპონენტია. საკვებთან ერთად ცხიმების მიღების მკვეთრმა შეზღუდვამ შესაძლოა მრავალ არასასურველ ცვლილებას მისცეს დასაბამი, მათ შორის - ქსოვილთა დეგენერაციულ პროცესებს, დისტროფიას, ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის დასუსტებას. საყურადღებოა ისიც, რომ ცხიმოვან ქსოვილში გროვდება ცხიმში ხსნადი ვიტამინები. რაც მთავარია, ცხიმების ბიოლოგიური ღირებულება მათში შეუცვლელი კომპონენტების - პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების არსებობით განისაზღვრება. ეს მჟავები ზოგიერთ ამინმჟავასავით და ვიტამინივით ორგანიზმში არ სინთეზდება და იქ აუცილებლად საკვებიდან უნდა მოხვდეს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყარო მცენარეული ზეთია. ცნობილია, რომ 25-30 გრამი ზეთი სავსებით აკმაყოფილებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების სადღეღამისო მოთხოვნილებას. საკვებში ცხიმებთან ერთად ლიპიდების კლასის სხვა ნივთიერებებსაც ვხვდებით. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოსფოლიპიდებს, კერძოდ, ლეციტინს, რომელიც მნიშვნელოვან ბიოლოგიურ თვისებებს ფლობს. როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული საკვები პროდუქტები შეიცავს სტერინებს. ცხოველური სტერინებიდან უმნიშვნელოვანესია ქოლესტერინი. მცენარეულ პროდუქტებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ბეტა-სიტოსტერინი, რომელიც აწესრიგებს ქოლესტერინულ ცვლას. ის ქოლესტერინთან უხსნად კომპლექსებს წარმოქმნის, რომლებიც აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ქოლესტერინის შეწოვას და ამით აქვეითებს სისხლში მის დონეს. ყველაზე მეტ ქოლესტერინს შეიცავს კვერცხი (0,57%), ყველი (0,28-1,61%), კარაქი (0,17-0,21%), ღვიძლი (0,13-0,27%). ხორცში, საშუალოდ, 0,06-0,1% ქოლესტერინია, თევზში კი - 0,3%-მდე. დღიურ რაციონში, ჩვეულებრივ, უნდა შედიოდეს 500 მგ ქოლესტერინი, უკუჩვენების არსებობისას კი მისი შემცველობა შესაძლოა 300 მგ-მდე შემცირდეს. სპორტული ვარჯიშისას იზრდება ლიპიდების მოთხოვნილება, განსაკუთრებით - პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისა, ფოსფოლიპიდებისა და სტეროიდებისა. გამძლეობაზე ინტესიური ვარჯიშის ან შეჯიბრების დროს სადღეღამისო ენერგოდანახარჯის რეგულარული აღდგენა ჭირს. ამ სირთულის მოგვარება შესაძლებელია ლიპიდებისა და მათი ცვლის მასტიმულირებელი ნივთიერებების მიღების გაზრდით. ასე რომ, ადეკვატურ და რაციონალურ კვებას სპორტსმენებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ზრდასრული ადამიანისთვის ცხიმის სადღეღამისო მოთხოვნილება 80-100 გრამს შეადგენს.