ვიტამინები - მითი და რეალობა
რატომ ვიქცევით ასე? ან ვერ ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას, ან იმდენს გვესაუბრებიან მათი მარგებლობის შესახებ, რომ უნებურად ეჭვი გვიჩნდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეჭვს საფუძველი მართლაც აქვს. რა აჩენს ეჭვს? ალბათ ის, რომ სტატისტიკა ნდობას არ იწვევს. ხშირად გაგვიგონია მტკიცება, რომ მოახლეობის 80 პროცენტს ამა თუ იმ ვიტამინის ან მიკროელემენტის დეფიციტი აქვს, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ლაბორატორიული კვლევა ამ ადამიანებისთვის არავის ჩაუტარებია.
ვიტამინების და მიკროელემენტების მიღების მომხრეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი თანამედროვე საკვების დაბალი ხარისხია. ხშირად აღნიშნავენ, რომ მიკროელემენტების დეფიციტი ბალანსირებული კვების დროსაც კი ვითარდება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- ჩვენს რაციონში მცირდება ახალი პროდუქტების წილი, ხოლო გაყინული, კონსერვირებული, დამუშავებული საკვებისა იმატებს;
- სათბურში მოყვანილი და დიდხანს შენახული პროდუქტები ვიტამინებით ღარიბია;
- მაცივარში შენახვისას სამ დღეში ც ვიტამინის 30% იკარგება, ხოლო ოთახში შენახვისას - 50%;
- მომზადებისას საკვები კარგავს ვიტამინების 25-100%-ს;
- მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული ადამიანი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიტამინებზე მოთხოვნილება უცვლელია.
რასაკვირველია, ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი; არსებობს მონაცემები, რომ როცა ენერგიის ხარჯვა იკლებს, ვიტამინების მოთხოვნილებაც მცირდება, ხოლო მწარმოებლები გამუდმებით ზრუნავენ თავიანთი პროდუქტების ვიტამინებით გამდიდრებასა და მათთვის ნატურალური სახის შენარჩუნებაზე.
საკვები დანამატები
ბოლო ხანს საკმაოდ პოპულარული გახდა სხვადასხვა საკვები დანამატი. მათი უმრავლესობა სწორედ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებია. მათ კარგა ხანია იყენებენ მოწინავე ქვეყნებში. იქ არსებული რეკომენდაციების თანახმად, საკვები დანამატები ყველას როდი სჭირდება. არსებობს განსაზღვრული ჩვენებები მათი გამოყენებისთვის. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი საჭირო პროდუქტებს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჩათვლით საკვებით უნდა იღებდეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მათი დამატებაა საჭირო. სანამ პრეპარატების მიღებას დავიწყებდეთ, უნდა ვიცოდეთ, რას შეიძლება ველოდეთ და რას არა მათგან. დადგენილია, რომ საკვები დანამატი არ ცვლის საკვებს, იმ სარგებლობას, რაც ორგანიზმს საკვების, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის მიღებით აქვს. აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი საკვების უპირატესობებს დანამატებთან შედარებით.
- საკვები შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს და არა მხოლოდ ერთ რომელიმეს. მაგალითად, ფორთოხალში არის ც ვიტამინიც, კაროტინიც, კალციუმიც და სხვა ნივთირებებიც, ც ვიტამინში კი ეს მიკრონუტრიენტები არ არის.
- ბოჭკოები - მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული უზრუნველყოფს ადამიანს ბოჭკოთი, გარდა ბოჭკოსი მათში არის ვიტამინები და სხვა საკვები ნივთიერებებიც. ბოჭკო კი, რომელსაც არ შეიცავს საკვები დანამატები, აუცილებელია დიაბეტის, გულის დაავადებების და ყაბზობის პროფილაქტიკისთვის.
- დამცავი ნივთიერებები - გარდა მიკროელემენტებისა და ვიტამინებისა საკვები შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ სხვა ნივთირებებესაც. მათ ფიტოქიმიურ ნივთირებებს უწოდებენ. ასეთი ნივთიერებები გვიცავენ სიმსივნის, გულის დაავადებების, დიაბეტის და მაღალი წნევისაგან, მრავალი მათგანი კი ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა. ანტიოქსიდანტები იცავენ ორგანიზმს უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანების გამომწვევი ჟანგვითი სტრესისაგან.
ვის სჭირდება საკვები დანამატები?
თუ ადამიანი ჯანმრთელია, ნორმალურად იკვებება, მის რაციონში არის ხილი, ბიოსტნეული, მარცვლეული, დაბალცხიმიანი რძის ნაწარმი, უცხიმო ხორცი და თევზი, მას საკვები დანამატები არ სჭირდება. თუმცა არის გარკვეული სიტუაციები, როცა აუცილებელია ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატება. მაგალითად:
- ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ყოველდღიურად უნდა მიიღონ 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა.
- ორსულებმა უნდა მიიღონ რკინის შემცველი ვიტამინები ან რკინა.
- 50 წლიდან რეკომენდებულია ბ12 ვიტამინი ან ამ ვიტამინით გამდიდრებული საკვები.
გარდა ამისა, პოლივიტამინები ან გარკვეული მიკროელემენტები აუცილებელია, როცა ადამიანი:
- არ იღებს სათანადო რაოდენობით კალორიებს;
- არის ვეგეტარიანელი;
- აქვს დიდი რაოდენობით მენსტრუალური სისხლდენა;
- დარღვეული აქვს შეწოვა ფაღარათის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების გამო.
ამ მდგომარეობებისას აუცილებელია მივიღოთ ექიმის რეკომენდაცია გარკვეული ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღების შესახებ.
როგორ მივიღოთ ვიტამინები და მიკროელემენტები
თუ მაინც გადაწყვიტეთ, ვიტამინები და მიკროელემენტები ექიმის გარეშე მიიღოთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:
- ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია, მასზე მითითებული იქნება პრეპარატში არსებული ნივთირებები.
- თავიდან აიცილეთ ძალიან დიდი დოზები, ეცადეთ აირჩიოთ ისეთი პრეპარატი, რომელიც ვიტამინებისა და მიკროელემენტების დღიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და არა ისეთი, რომელშიც ერთი ვიტამინის ძალიან დიდი რაოდენობაა და სხვებისა - ნორმაზე ნაკლები.
- ყურადღება მიაქციეთ პრეპარატის ვადებს.
- მხედველობაში იქონიეთ, თუ რა საკვებს იღებთ. როგორც წესი, ვიტამინების და მინერალების მიღებას თან ახლავს პიროვნებისათვის ჩვეული კვება. რასაკვირველია, ვიტამინების და მიკროელემენტების გარკვეულ რაოდენობას საკვებიც შეიცავს, ამიტომ დღიური ნორმის მედიკამენტებით სრულად მიღებისას იქმნება გარკვეული მათგანის დოზის გადაჭარბების რისკი. ეს კი სულაც არ არის სასურველი, რადგანაც ზრდის გვერდითი ეფექტების სიხშირეს. მაგალითად, დიდი რაოდენობით რკინა შეიძლება გახდეს გულისრევის, ღებინების, ღვიძლისა და სხვა ორგანოების დაზიანების მიზეზი.
ქიმია თუ ბუნება
არიან ადამიანები, რომლებიც მულტივიტამინის ყუთის დანახვისას უკმაყოფილო სახეს იღებენ და ამბობენ, რომ მათ ცოცხალი, პროდუქტებით მიღებული ვიტამინები ურჩევნიათ. სინამდვილეში ერთი და იგივე ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებებს აბსოლუტურად ერთნაირი თვისებები აქვთ, თუმცა მედიკამენტების მიღების მოწინააღმდეგეებს მაინც აქვთ გარკვეული გამართლება - პროდუქტებში ვიტამინები არ არის დაკავშირებული სხვა ნივთიერებებთან. თანაც ვიტამინების და მიკროელემენტების დამატებითი მიღება ყოველთვის როდია მიზანშეწონილი. მაგალითად, ცნობილია, რომ ჩრდილოეთის იმ ქვეყნებში, სადაც რაციონში დიდი რაოდენობითაა თევზი, ადამიანებს ხშირად აქვთ ბ1 ვიტამინის დეფიციტი ა ვიტამინის სიჭარბის ფონზე, რადგანაც თევზში არსებული ფერმენტები შლიან ბ1 ვიტამინს, ხოლო თევზეული მდიდარია ა ვიტამინით. ამ ყოველივეს შემდეგ შევეცადოთ დეტალურად განვიხილოთ თითოეული ვიტამინის როლი და დავაზუსტოთ, რეალურად რა სარგებლობას უნდა ველოდეთ მათი მიღებისას და რაზე არ უნდა ვამყარებდეთ ფუჭ იმედებს. ვინაიდან მრავალი მონაცემი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენში დამკვიდრებულ წარმოდგენებს, აუცილებლად მიგვაჩნია მივუთითოთ, რომ მონაცემების დიდი ნაწილი ემყარება ინფორმაციას, რომელიც მოცემულია ინგლისურენოვან საიტზე MedicineNet.com. საიტი შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების სერტიფიცირებულ ექიმთა და ჯანდაცვის პროფესიონალთა მიერ და მიზნად ისახავს სათანადო ინფორმაციის მიწოდებას პაციენტათვის.
ა ვიტამინი - რეტინოლი
ა ვიტამინს ვიღებთ ხილით, ბოსტნეულით, კვერცხით, რძით, კარაქით, ხორცით, ზღვის თევზით. ამ ვიტამინის დანიშნულება არის ა ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. A ვიტამინი შესაძლოა ეფექტური იყოს:
- ისეთი დაავადებების გართულებათა სამკურნალოდ, როგორებიცაა მალარია, შიდსი, წითურა და ფაღარათი;
- ა ვიტამინის დეფიციტისას ბავშვებში;
- ორსულობის დროს;
- სარძევე ჯირკვლის სიმსივნისას;
- თვალის ლაზერული ქირურგიის შემდეგ ე ვიტამინთან ერთად.
ა ვიტამინი შესაძლოა უეფექტო იყოს:
- ორსულობის შეწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის წინააღმდეგ;
- კვებითი დეფიციტის მქონე ქალებში;
- ანემიისას;
- ქიმიოთერაპიის გართულებების შემცირებისთვის.
სავარაუდოდ, ა ვიტამინი უეფექტოა:
- თავისა და კისრის სიმსივნეთა რისკის შესამცირებლად;
- ბავშვებში ფილტვების ანთების სამკურნალოდ.
არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ა ვიტამინის ეფექტიანობის შესახებ:
- ფილტვის, საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, საყლაპავის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის სიმსივნეების დროს;
- მხედველობის გაუმჯობესების კუთხით მაკულოდისტროფიის, გლაუკომის დროს;
- იმუნური სისტემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
უსაფრთხოა თუ არა ა ვიტამინი?
A ვიტამინი აუცილებელია თვალების, კანის, იმუნური სისტემის და სხვა ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მოზრდილებში დღეში 10 000 ერთეულზე ნაკლები დოზით გამოყენებისას ა ვიტამინი უსაფრთხოა. დადგენილია, რომ მოზრდილებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობით იღებენ რძის ნაწარმს ცხიმის დაბალი შემცველობით, ბოსტნეულსა და ხილს, ა ვიტამინის დამატება არ ესაჭიროებათ. ა ვიტამინის ხანგრძლივი დროით ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, გაღიზიანება, უმადობა, მუცელში დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მატება, ოფლიანობა. A ვიტამინის ჭარბი რაოდენობა მენოპაუზის პერიოდში ზრდის ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკს. სადღეისოდ სულ უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება ა ვიტამინის ჭარბი დოზების გამოყენებით გამოწვეული ზიანის და არა სარგებლობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტებისა და სიკვდილის რისკი. A ვიტამინის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ:
- პაციენტი იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
- მაღალი აქვს გარკვეული ტიპის ქოლესტერინი;
- აქვს ღვიძლის დაავადება.
ვიტამინი ბ3
ვიტამინი ბ3 ანუ ვიტამინი პპ, ნიაცინამიდი, ნიკოტინის მჟავა ეფექტურია ნიაცინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ცნობილია, რომ ნიაცინის დეფიციტი იწვევს პელაგრას. დაავადება ხასიათდება კანის ცვლილებით, ლორწოვანის ანთებით, ფაღარათით, გონებრივი დარღვევებით. Gდადგენილია ნიაცინის როლი ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობისას. შესაძლოა ნიაცინი ეფექტური იყოს:
- ფაღარათისას;
- შაქრიანი დიაბეტისას;
- კატარაქტის პროფილაქტიკისათვის;
- ოსტეოართრიტისას;
- ალცჰაიმერის დაავადების დროს - გამოვლინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საკმარისად იღებს ნიაცინს საკვებით ან ვიტამინებით, ალცჰაიმერის დაავადების ნაკლები რისკი აქვს, თუმცა ეს არ არის დიდი კვლევებით დამტკიცებული და ამიტომ ნიაცინი პროფილაქტიკურად ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ არ ინიშნება.
არ არის დადასტურებული ნიაცინის ეფექტურობა შაკიკის, თავბრუხვევის, დეპრესიის, ალკოჰოლიზმის, აკნეს დროს.
რამდენად უსაფრთხოა ნიაცინი და ნიაცინამიდი (ვიტამინი ბ3)
ნიაცინი და ნიაცინამიდი აუცილებელია ორგანიზმში ცხიმისა და ნახშირწყლების ნორმალური ცვლისათვის და უჯრედების ფუნქციონირებისათვის. ადამიანთა დიდი ნაწილისათვის ის უასფრთხოა. ზოგჯერ მან შეიძლება გამოიწვიოს ალების მსგავსი რეაქცია - სახის, ზედა კიდურების და გულმკერდის არეში წვა, სიწითლე, თავის ტკივილი. ამ სიმპტომებს აუარესებს ალკოჰოლის მიღება. პრეპარატის უფრო დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რის გამოც მსგავსი მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება მიმდინარეობდეს. ნიაცინი და ნიაცინამიდი შეიძლება სისხლში გლუკოზის მატების მიზეზად იქცეს, ამიტომ მათი მიღებისას დიაბეტით დაავადებულებმა უნდა აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე. ნიაცინი და ნიაცინამიდი არ არის რეკომენდებული:
- ალერგიისას - შესაძლოა სიმპტომების გამწვავება;
- ნაღვლის ბუშტის დაავადებისას;
- პოდაგრისას;
- სტენოკარდიისას;
- დაბალი წნევისას;
- თირკმლისა და ღვიძლის დაავადებებისას;
- კუჭის ან ნაწლავის წყლულისას;
- ახლო მომავალში დაგეგმილი ოპერაციის წინ.
პრეპარატის რეკომენდებული დოზა 14-16 მგ-ია, მაქსიმალური კი 30 მგ.
ვიტამინი ბ5 - პანტოთენის მჟავა
ბ5 ვიტამინი ფართოდ არის გავრცელებული მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებში. ამ ვიტამინის დანიშნულება მისი დეფიციტის პროფილაქტიკაა. მართალია, ბ5 ვიტამინს მრავალი პათოლოგიის დროს იყენებენ, მაგრამ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება მისი ეფექტურობის შესახებ კანის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ალერგიის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, თმის ცვენის, ასთმის, გულის, ფილტვების და სხვა დაავადებების დროს.
ვიტამინი ბ5-ის როლი
ვიტამინი ბ5 ანუ პანტოთენის მჟავა აუცილებელია ჯანმრთელი კანისა და ნორმალური ნივთიერებათა ცვლისთვის.
რამდენად უსაფრთხოა ვიტამინი ბ5
ვიტამინ ბ5-ის რეკომენდებული დოზა არის 5 მგ დღეში. ხშირად უფრო დიდი დოზაც უსაფრთხოა, მაგრამ დოზის გადაჭარბებას შეიძლება მოჰყვეს ფაღარათი. ვიტამინი ბ5 არ არის რეკომენდებული:
- ჰემოფილიის დროს - იზრდება სისხლდენის რისკი;
- კუჭის ან ნაწლავების სტენოზისას (შევიწროებისას).
ვიტამინი ბ12
ვიტამინი ბ12 გამოიყენება ბ12-დეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ჰომოცისტეინის შემცველობის მატებისას, მაკულოდისტროფიისას, ხოლო ადგილობრივად, კანზე - ეგზემისა და დერმატიტისას. ვიტამინი ბ12 შესაძლოა უეფექტო იყოს ძილის დარღვევების, ინსულტის პროფილაქტიკის, მეხსიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით. არ არსებობს საკამრისი მტკიცებულება ბ12 ვიტამინის ეფექტურობის შესახებ გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების ანგიოპლასტიკის შემდგომი განმეორებითი შევიწროების პროფილაქტიკის, ალერგიის, სიბერის, სისუსტის, ეგზემის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ალცჰაიმერის დაავადების, დიაბეტის, იმუნური სისტემის დარღვევების, მეხსიერების დარღვევის, გაფანტული სკლეროზის, სარძევე ჯირკვლის კიბოს, მაღალი ქოლესტერინის, სიმსივნის წინააღმდეგ.
რამდენად უსაფრთხოა ბ12 ვიტამინი
ვიტამინი ბ12 აუცილებელია ტვინის, ნერვების, სისხლის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი ჩვეულებრივი დოზები უსაფრთხოა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება თავი იჩინოს ალერგიულმა რეაქციამ, ფაღარათმა, ქავილმა. ბ12 ვიტამინი არ არის რეკომენდებული, როცა პაციენტს აქვს:
- სისხლის წითელი უჯრედების სიჭარბე;
- მხედველობის ნერვის თანდაყოლილი ნეიროპათია;
- ალერგია ბ12-ის მიმართ.
ც ვიტამინი
ალბათ ვერავინ უარყოფს, რომ ც ვიტამინი ანუ ასკორბინის მჟავა პოპულარობითა და გამოყენების სიხშირით ლიდერია. ც ვიტამინი მნიშვნელოვანია მისი დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. გარდა ამისა, არსებობს ც ვიტამინის ეფექტურობის ალბათობა რკინის შეწოვის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ახალშობილებში დაავადება თიროზინემიის მკურნალობის დროს. ც ვიტამინი შესაძლოა ეფექტური იყოს პირის ღრუსა და სარძევე ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნის რისკის შესამცირებლად, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ხილითა და ბოსტნეულით მიღებულ ც ვიტამინს და არა მის მედიკამენტურ ფორმას. გარდა ამისა, შესაძლოა ეფექტურობა გაციების მკურნალობის (მაგრამ არა პროფილაქტიკის), მაღალი წნევის დაქვეითების, ძვლისა და ხრტილის დაზიანების, ნაღვლის ბუშტის დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით. შესაძლოა ის ახანგრძლივებს ნიტროგლიცერინის მოქმედებას, ამცირებს კანის სიწითლეს, ფილტვის ინფექციებს, პერიფერიული არტერიების დაავადებების და ათეროსკლეროზის რისკს, გვეხმარება ჰელიკობაქტერიით გამოწვეული კუჭის დაავადებების მკურნალობაში, მე-2 ტიპის დიაბეტის დროს ამცირებს შარდში ალბუმინის გამოყოფას, სხვა პრეპარატებთან ერთად ეფექტურია მაკულოდისტროფიის მკურნალობისას, ამცირებს პრეეკლამფსიის გართულებათა რისკს, აუმჯობესებს ხანშიშესულთა ფიზიკურ უნარს. ც ვიტამინი შესაძლოა უეფექტო იყოს გაციების პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ინსულტის რისკის შესამცირებლად, ალცჰაიმერის დაავადებისა და ინტელექტის გაუარესებით მიმდინარე სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ინტერფერონით გამოწვეული თვალის დაზიანების პროფილაქტიკისთვის, ბრონქიტის სამკურნალოდ, პანკრეასის, პროსტატის, დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ც ვიტამინის ეფექტურობის დასამტკიცებლად ჭრილობების, პოდაგრის, ტუბერკულოზის, კარიესის, ყაბზობის, აკნეს, ალერგიის, მუკოვისციდოზის, უნაყოფობის, დიაბეტის, გულის დაავადებების, თირკმლის, ღვიძლის, კუჭის დაავადებების, ქრონიკული დაღლილობის სინდრომისას.
რამდენად უსაფრთხოა ც ვიტამინი
ჩვეულებრივ, ც ვიტამინის მიღება უსაფრთხოა, თუმცა ზოგიერთს შეიძლება აღენიშნოს გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მუცლის ტკივილი. ამ გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება ვიტამინის მაღალი დოზით მიღებისას. 2000 მგ-ზე მეტი დოზით მიღებისას კი შესაძლოა გამოვლინდეს თირკმლის კენჭები და ფაღარათი. იმ პირებს, ვისაც ადრე თირკმლის კენჭები ჰქონდა, ც ვიტამინის 1000 მგ-ზე მეტი დოზით მიღებისას შეიძლება კენჭების რეციდივი აღენიშნოთ. პრეპარატის ძალიან მაღალი დოზა არ არის ნაჩვენები ორსულებში. პოლივიტამინებში არსებულზე მეტი დოზით ც ვიტამინი არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტს ჰქონდა გულის შეტევა, ჩატარებული აქვს ანგიოგრაფია, აქვს სიმსივნე, დიაბეტი, თალასემია, თირკმლის კენჭები, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
დ ვიტამინი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დ ვიტამინი ჩვენთვის პირველი ვიტამინია, რადგანაც ყველა ჩვენგანი მას ახალშობილობისას იღებს რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით. მცირე რაოდენობით დ ვიტამინი მრავალ საკვებშია - რძეში და მის პროდუქტებში, თევზში, დ ვიტამინით გამდიდრებულ საკვებში, თუმცა მასზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში უმთავრესია მზის სხივების ზემოქმედებით დ ვიტამინის ფორმირება ორგანიზმში. დ ვიტამინი ეფექტურია:
- ოსტეომალაციის (სუსტი და მტკივნეული ძვლები) მკურნალობისას;
- სისხლში ფოსფატების დაქვეითებისას;
- ფსორიაზისას;
- პარათირეოიდული ჰორმონის დეფიციტის გამო კალციუმის შემცველობის დაქვეითებისას;
- თირკმლის უკმარისობისას;
- რაქიტისას.
დ ვიტამინის ეფექტი სავარაუდოა:
- კორტიკოსტეროიდების მიღებისას ძვლების დაზიანების შესამცირებლად;
- ოსტეოპოროზის მკურნალობისას;
- დაცემის პროფილაქტიკისთვის.
დ ვიტამინი შესაძლოა ეფექტური იყოს:
- გაფანტული სკლეროზის რისკის შესამცირებლად;
- ხანშიშესულ ქალებში რევმატოიდული ართრიტის რისკის შესამცირებლად;
- სიმსივნის წინააღმდეგ - არსებობს კვლევები, რომლებიც მიუთითებენ სიმსივნის რისკის შემცირებაზე დ ვიტამინის მიღებისას;
- წონის კლებისას.
დ ვიტამინი შესაძლოა უეფექტო იყოს:
- ხანშიშესულ პირებში კუნთთა გაძლიერებისთვის;
- სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისათვის;
- მაღალი არტერიული წნევისას.
არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება დ ვიტამინის ეფექტურობის დასადასტურებლად მაღალი ქოლესტერინის, გულის დაავადებების, კუნთების, სისხლის დაავადებების, მსხვილი ნაწლავის კიბოს, ბრონქიტის, ასთმის, დიაბეტის, მენსტრუაციის წინარე სინდრომის დროს.
რამდენად უსაფრთხოა დ ვიტამინი
ჩვეულებრივ, დ ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებაში. პაციენტები დ ვიტამინს კარგად იტანენ, თუმცა დიდი დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, უმადობა, პირის სიმშრალე, ლითონის გემო პირში, გულისრევა, ღებინება. დ ვიტამინის დიდი დოზით (2000 ერთეულზე მეტი) ხანგრძლივი მიღება შეიძლება სისხლში კალციუმის შემცველობის მატების მიზეზი გახდეს. დაუშვებელია დ ვიტამინის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, როცა პაციენტს აქვს:
- თირკმლის დაავადებები;
- სისხლში კალციუმის შემცველობის მატება;
- ათეროსკლეროზი;
- სარკოიდოზი;
- ჰისტოპლაზმოზი;
- ჰიპერპარათირეოიდიზმი;
- ლიმფომა.
ჩვეულებრივ, პოლივიტამინების დიდი ნაწილი 400 სე (საერთაშორისო ერთეულ) დ ვიტამინს შეიცავს, მისი რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის 600 სე.
E ვიტამინი - ალფა-ტოკოფეროლი
შესაძლოა ე ვიტამინი ეფექტური იყოს მოძრაობის დარღვევის - დისპრაქსიის დროს, შარდის ბუშტის კიბოს გამო სიკვდილიანობის შესამცირებლად, ალცჰაიმერის დაავადებისას მეხსიერების კარგვის წინააღმდეგ, რევმატოიდული ართრიტისას ტკივილის შესამცირებლად, მამაკაცთა უნაყოფობისას, მტკივნეული მენსტრუაციისას, ორსულებში წნევის მომატებისას, მენსტრუაციის წინარე სინდრომისას, პარკინსონის დაავადების პროფილაქტიკისათვის, ბავშვებში თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ, ბეტა თალასემიისას, ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნერვის დაზიანებისას, დემენციის პროფილაქტიკისათვის, ბეჭდისებური ერითემის დროს, მხედველობის გასაუმჯობესებლად უვეიტის დროს, მზით დამწვრობის შესამცირებლად, თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სისხლჩაქცევების შესამცირებლად დღენაკლულ ახალშობილებში, მაკულოდისტროფიისას სხვა პრეპარატებთან ერთად, ხანშიშესულთა ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაძლოა ე ვიტამინი არ იყოს ეფექტური ჰემოდიალიზისას აღმოცენებული ანემიის დროს, სტენოკარდიისას, ალებისას, ათეროსკლეროზისას, ახალშობილთა სუნთქვის პრობლემებისას, ფილტვის ინფექციებისას, გულის უკმარისობისას, მიოდისტროფიისას, მაღალი წნევისას, ოსტეოართრიტისას ტკივილის შესამცირებლად, სიმსივნეების დროს და მათი პროფილაქტიკისას. სავარაუდოა, რომ ე ვიტამინი უეფექტოა გულის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებებისას, ფილტვის სიმსივნის დროს. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ე ვიტამინის ეფექტურობის შესახებ ალერგიის, ასთმის, კანის დაავადებების, კატარაქტის, დიაბეტის, სიმსივნეების, ღვიძლის დაავადებების, ინსულტის, გაციების დროს.
რამდენად უსაფრთხოა ე ვიტამინი
ე ვიტამინის ჩვეულებრივი დღიური დოზის მიღებისას, რომელიც 15 მგ-ს არ აღემატება, გვერდითი ეფექტები იშვიათია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს გულის დაავადება, დიაბეტი ან ჰქონდა გულის შეტევა ან ინსულტი, 400 სე ან მეტი დოზა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იზრდება გვერდითი ეფექტების რისკი. სადღეისოდ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობრივი მონაცემებიც - ზოგიერთი მკვლევრის მონაცემების თანახმად, დიდი რაოდენობით ე ვიტამინის მიღებისას იზრდება პროსტატის კიბოს რისკი. გარდა ამისა, ვიტამინის დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, სისუსტე, თავის ტკვიილი, გამონაყარი. ნუ მიიღებთ ე ვიტამინს ექიმის დანიშნულების გარეშე, თუ:
- ახლახან ჩაიტარეთ ანგიოგრაფია;
- დაქვეითებული გაქვთ კ ვიტამინის დონე;
- გაქვთ პიგმენტური რეტინიტი;
- გაქვთ სისხლის შედედების პათოლოგია;
- გაქვთ თავისა და კისრის კიბო;
- გაქვთ დიაბეტი - ე ვიტამინის მაღალი დოზა შეიძლება საზიანო იყოს;
- გქონდათ გულის შეტევა ან ინსულტი - ე ვიტანიმის მაღალი დოზა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს;
- ახლო მომავალში გეგმავთ ოპერაციას.
კ ვიტამინი
ეს არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომლითაც მდიდარია ყველანაირი მწვანილი, კომბოსტო. კ ვიტამინი ეფექტურია სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით. არ არის საკმარისი მტკიცებულება მისი ეფექტურობის შესახებ ოსტეოპოროზისას, გულის დაავადებებისას, ვენების ვარიკოზისას, დამწვრობისას და სხვა მდგომარეობებისას. არ არის რეკომენდებული კ ვიტამინის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე ღვიძლის დაავადებებისა და დიალიზის დროს. დაუშვებელია კ ვიტამინისა და ამ ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება დიდი რაოდენობით ვარფარინით მკურნალობისას.
კალციუმი
კალციუმი არის მინერალი, რომელიც ძვლებისა და კბილების აუცილებელი ნაწილია. გარდა ამისა, კალციუმი აუცილებელია გულის, ნერვების და სისხლის შემდედებელი სისტემისათვის.
კალციუმის ეფექტი
კალციუმის მიღებით შეიძლება შეფერხდეს ძვლის ქსოვილის შემცირება მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებსა და ხანშიშესულ მამაკაცებში. კალციუმმა შეიძლება შეამციროს მენსტრუაციის წინარე სინდრომის სიმპრტომები. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა გუნება-განწყობილების ცვლილება, მუცლის შებერვა, ზედმეტი საკვების მიღება, ტკივილი. არის გარკვეული მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ კალციუმის მიღებისას მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირებას. ეს განსაკუთრებით იმ პირებს ეხება, ვისაც დადგენილი აქვს მსხვილი ნაწლავის პოლიპების არსებობა. ცნობილია კალციუმის როლი მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმლის დაავადებებით პაციენტებსა და ორსულებში. ამასთან ერთად ცნობილია, რომ კალციუმის მიღება შეიძლება უეფექტო იყოს ძვლის ქსოვილის შემცირების წინააღმდეგ მეძუძურებში ან თირკმლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ. კალციუმი ეფექტურია:
- კალციუმის დონის ასაწევად კალციუმის დაბალი მაჩვენებლის მქონე პირებში;
- კალციუმის დაქვეითების პროფილაქტიკისთვის;
- ფოსფატების დონის შესამცირებლად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.
კალციუმი შესაძლოა ეფექტური იყოს:
- ძვლის მიერ კალციუმის კარგვის პროფილაქტიკისათვის მაშინ, როცა საკვები ღარიბია კალციუმით;
- კორტიკოსტეროიდების მიღებისას კალციუმის კარგვის შემცირებისათვის;
- ოსტეოპოროზის სამკურნალოდ;
- პრემენსტრუალური სინდრომის ზოგიერთი სიმპტომის შესამცირებლად;
- ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, როცა დედა ნაკლებ კალციუმს იღებს;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰომონების შესამცირებლად თირკმლის უკმარისობის დროს.
არის ალბათობა, რომ კალციუმი ეფექტურია:
- მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისათვის;
- მაღალი არტერიული წნევისას;
- კბილების კარგვის წინააღმდეგ ხანშიშესულებში;
- პრეეკლამფსიისას;
- მაღალი ქოლესტერინისას;
- ფთორით ინტოქსიკაციის წინააღმდეგ ბავშვებში ც და დ ვიტამინის მიღებისას;
- ინსულტის პროფილაქტიკისათვის;
- დიეტისას წონისა და ცხიმის შემცირებისათვის.
შესაძლოა კალციუმი უეფექტო იყოს:
- სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისათვის;
- ტყვიის შემცველობის შესამცირებლად.
არ არსებობს საკმაო მტიკიცებულება კალციუმის ეფექტურობის დასადასტურებლად გულყრათა პროფილაქტიკისათვის, დაცემის პროფილაქტიკისათვის, მეტაბოლური სინდრომისას, სიმსივნისას, ორსულობისას კუნთების ტკივილის დროს, დიაბეტისას.
უსაფრთხოა თუ არა კალციუმი
ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ძვლის რეზორბციისა და განახლების პროცესი, რომლისთვისაც კალციუმი აუცილებელია. შესაბამისად, ამ ელემენტის მიღება გვეხმარება აღნიშნული პროცესის ნორმალურ მიმდინარეობაში. ადამიანთა უდიდესი ნაწილისათვის კალციუმი სავსებით უსაფრთხოა. მისი მიღებისას გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს მუცლის შებერვა და აირების ჭარბი დაგროვება, თუმცა ეს დიდი რაოდენობით კალციუმის მიღებისას ვლინდება. არიან ადამიანები, ვისთვისაც კალციუმის მიღება არ არის რეკომენდებული. ეს ეხებათ ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებათა მქონეთ და სარკოიდოზით დაავადებულებს. მოზრდილ ადამიანებში კალციუმის რეკომენდებული დოზაა 1200 მგ, ხოლო მაქსიმალური დოზა 2000-2500 მგ. არის მონაცემები, რომ რეკომენდებულ დოზაზე მეტი კალციუმი მოზრდილებში შეიძლება გულის შეტევის რისკს ზრდიდეს.
მაგნიუმი
მაგნიუმი მინერალია, რომლის საერთო მარაგის ნახევარსაც შეიცავენ ჩვენი ძვლები. მაგნიუმი ეფექტურია: მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობისათვის, როგორც საფაღარათო საშუალება, როგორც სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალება. მაგნიუმის ეფექტურობა მოსალოდნელია: ორსულებში პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დროს, ზოგიერთი არითმიისას. შესაძლოა მაგნიუმი ეფექტური იყოს: კლასტერული თავის ტკივილის დროს, შაკიკის ტიპის თავის ტკივილის დროს, ასთმის შეტევისას, ინტრავენურად გამოყენებისას, პრემენსტრუალური სინდრომისას, ოსტეოპოროზისას, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკისათვის ჭარბი წონის მქონე საშუალო ასაკის პირებში, ორსულებში კუნთების მტკივნეული შეკუმშვისას - კრამპისას, არითმიისას, მიტრალური სარქვლის პროლაფსისას, მაღალი ქოლესტერინის დროს, არტერიის დაავადებებით გამოწვეული გულმკერდის ტკივილის დროს, თირკმლის კენჭებისას, ხმაურით გამოწვეული სმენის დაკარგვისას, ფიბრომიალგიის დროს, მეტაბოლური სინდრომისას, სიმსივნესთან დაკავშირებული ტკივილისას, ქრონიკული დაღლილობის სინდრომისას, ინსულტის რისკის შესამცირებლად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს. შესაძლოა მაგნიუმი უეფექტო იყოს: ათლეტებში ენერგიის აღსადგენად; ცერებრული დამბლისას; გულის შეტევისას. არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულება მაგნიუმის ეფექტურობის შესახებ: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს, ჭინჭრის ციებისას, შფოთვისას, მოუსვენარი ფეხების სინდრომისას, მაღალი წნევისას, გაფანტული სკლეროზისას, ნაადრევი მშობიარობისას.
მაგნიუმის როლი
მაგნიუმი აუცილებელია ძვლების სათანადო ზრდისა და ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, ის აუცილებელია ნერვების, კუნთების და სხვა ორგანოებისათვის.
უსაფრთხოა თუ არა მაგნიუმი
პაციენტები მაგნიუმის პრეპარატებს, ჩვეულებრივ, კარგად იტანენ. ზოგიერთ პიროვნებას მათი მიღებისას შეიძლება აღენიშნოს უსიამოვნო შეგრძნება კუჭში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და სხვა გვერდითი ეფექტები. ჩვეულებრივ, 350 მგ დღეში უსაფრთხოა უმეტეს შემთხვევაში. მაგნიუმის ძალიან მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს არითმია, წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაიშვიათება, კომაც კი. მაგნიუმის მიღება არ შეიძლება:
- გულის ბლოკადის დროს;
- თირკმლის უკმარისობისას.
სელენი
სელენი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის ზრდის ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობას. მიუხედავად ამისა, არსებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით შესაძლოა სელენი უეფექტო იყოს გულის დაავადებების, კანის კიბოს, ფილტვის კიბოს, პროსტატის კიბოს, რევმატოიდული ართრიტის, დიაბეტის და დამწვრობათა გართულებების პროფილაქტიკისათვის. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება სელენის ეფექტურობის შესახებ ათეროსკლეროზის, ართრიტის, მაკულოდისტროფიის, ალერგიის, უნაყოფობის, კატარაქტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, სიმსივნეთა წინააღმდეგ.
უსაფრთხოა თუ არა სელენი
სელენის მიღება 400 მკგ დოზით დღეში ხანმოკლე დროის განმავლობაში სავსებით უსაფრთხოა. უფრო მეტი დოზა შეიძლება ტყვიით მოწამვლის მსგავს სურათს გვაძლევდეს და სიმპტომები მოიცავს თმის ცვენას, ფრჩხილებზე ჰორიზონტალური ზოლების გაჩენას, ფრჩხილების ანთებით ცვლილებებს, სისუსტეს, გულისრევას, ამოსუნთქული ჰაერის ნივრის სუნს და პირში მეტალის გემოს. გარდა ამისა, სელენმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დაჭიმვა, კანკალი, თავბრუ, ალები, სისხლის შედედების დარღვევა, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები. სელენის ხანგრძლივი მიღება ნამდვილად არ არის უსაფრთხო. არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც სელენის შემცველი დანამატების ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გაიზარდის კანის კიბოს რეციდივის რისკი, ხოლო მულტივიტამინებთან ერთად სელენის დამატებითი მიღებისას იზრდება პროსტატის კიბოს და დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი. სელენის მიღება არ არის რეკომენდებული:
- მამაკაცებისათვის, რომელთაც გამრავლების პრობლემა აქვთ. სელენმა შეიძლება დააქვეითოს სპერმის მოძრაობა;
- მათთვის, ვისაც კანის კიბო ჰქონდა;
- თუ ახლო მომავალში გეგმავთ ოპერაციას, სელენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.
რეკომენდებული დოზები
აუტოიმუნური თირეოიდიტისას რეკომენდებული დოზაა 200 მკგ დღეში, პროფილაქტიკური დოზა მოზრდილთათვის - 55 მკგ.
თუთია
თუთია არის აუცილებელი მიკროელემენტი. ის ეფექტურია თუთიის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. თუთია აუცილებელია იმუნური სისტემისათვის, ჭრილობათა შეხორცებისათვის, სისხლის შედედებისათვის, ფარისებრი ჯირკვლისათვის. არის ალბათობა, რომ თუთია ეფექტურია ფაღარათის წინააღმდეგ თუთიის დეფიციტის მქონე ბავშვებში და იშვიათი პათოლოგიის - ვილსონის დაავადებისას. შესაძლოა თუთია ეფექტური იყოს გაციებისას დაავადების ხანგრძლივობის შესამცირებლად, წონის მატებისა და დეპრესიის წინააღმდეგ, აკნეს, გემოვნების დარღვევის, ოსტეოპოროზის, კეთრის, ჰერპესის, ზოგიერთი კანის დაავადების, მაკულოდისტროფიის მკურნალობისას, წყლულის, კუნთების მტკივნეული შეკუმშვის პროფილაქტიკისათვის, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის გართულებების პროფილაქტიკისათვის, კიდურების წყლულების მკურნალობისას, დამწვრობათა მკურნალობისას. შესაძლოა თუთია სულაც არ იყოს ეფექტური ეგზემის, ფსორიაზის სამკურნალოდ, თმის ცვენისას, ართრიტების დროს, კატარაქტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებებისას, ყურებში ხმაურის დროს, გაციების პროფილაქტიკისათვის, პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისათვის. ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება თუთიის ეფექტურობის შესახებ ალცჰაიმერის დაავადების, კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტის, დიაბეტის, ასთმის, დაუნის სინდრომის, სექსუალური პრობლემების დროს.
რამდენად უსაფრთხოა თუთია?
კანზე ადგილობრივად გამოყენებისას ან მოზრდილებში 40 მგ დოზით მიღებისას თუთია უსაფრთხოა. მაღალი დოზების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ცხელება, მუცლის ტკივილი, სისუსტე და სხვა გართულებები. დღეში 100 მგ-ზე მეტი დოზით ან 10 წელზე უფრო ხანგრძლივად თუთიის გამოყენებისას იზრდება პროსტატის კიბოს რისკი.
იოდი
იოდი არის ქიმიური ელემენტი, რომელსაც მედიკამენტის სახით ვიღებთ. მას შეუძლია გაანადგუროს სოკოები, ბაქტერიები, ზოგიერთი მიკროორგანიზმები. იოდი გამოიყენება ჰიპერთირეოზის რიგ შემთხვევებში, კანის ინფექციებისას, კანის სოკოვანი ინფექციის - სპოროტრიქოზის დროს. ადამიანთა დიდი ნაწილისათვის იოდი უსაფრთხოა, მაგრამ ალერგიულ პირებში შეიძლება ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს. დიდი რაოდენობით და ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ლითონის გემო, პირში წვის შეგრძნება, ნერწყვდენა, ფაღარათი, უმადობა, დეპრესია, კანის პრობლემები. იოდის რეკომენდებული დოზაა 150 მკგ დღეში.
რკინა
სწორედ რკინა აძლევს საშუალებას ერითროციტებს, რომ მთელ ორგანიზმს ჟანგბადი მიაწოდონ და ქსოვილები ნახშირორჟანგისაგან გაათავისუფლონ. რკინა ეფექტური და აუცილებელი საშუალებაა რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისას, გარდა ამისა, ის აუმჯობესებს თირკმლის უკმარისობისას გამოყენებული ერითროპოეტინის ეფექტურობას ანემიის მკურნალობისას. შესაძლოა რკინა ხელს უწყობდეს აზროვნების გაუმჯობესებას ბავშვებში, რომელთაც რკინის დეფიციტი აქვთ. სათანადო ჩვენებით გამოყენებისას რკინა უსაფრთხოა, თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა ეპიგასტრიუმში ტკივილი, ყაბზობა, ფაღარათი, ღებინება. რკინის მაღალი დოზა კი სულაც არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. არ არის გამორიცხული რკინით მოწამვლა, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა. ჭარბი რკინის ხანგრძლივი მიღება ორგანოებში მისი დაგროვების მიზეზი შეიძლება გახდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ანემია, მიუხედავად დაბალი ჰემოგლობინისა, სულაც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან და მათ შემთხვევაში რკინის მიღებას მხოლოდ ზიანი მოაქვს.
ქრომი
ქრომი აუცილებელი მიკროელემენტია. ის შესაძლოა ორგანიზმს ეხმარებოდეს გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებაში ინსულინის მოხმარების გაუმჯობესების მეშვეობით. სწორედ ამას ემყარება ქრომის შესაძლო ეფექტურობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს. ქრომი შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს ეფექტური პრედიაბეტისას ან ათლეტებში, ვარჯიშის დროს. არ არსებობს მტკიცებულება ქრომის ეფექტურობის შესახებ სიმსუქნის წინააღმდეგ, დეპრესიისას, გულის შეტევების პროფილაქტიკაში, საკვერცხის პოლიკისტოზისას.
რამდენად უსაფრთხოა ქრომი
მოზრდილთა უმეტესი ნაწილისათვის ქრომი 6 თვის განმავლობაში სათანადო დოზით მიღებისას სავსებით უსაფრთხოა. მართალია, რიგ შემთხვევებში შეიძლება გვერდითი ეფექტები აღმოცენდეს, რაც დოზაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.
არჩევანი თქვენზეა!
მეცნიერები ყოველდღიურად აღმოაჩენენ საკვებში იმ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გვიცავენ დაავადებებისაგან. ჩვენი ცოდნა ვიტამინებისა და მინერალების შესახებ ყოველდღიურად იცვლება, თუმცა ზოგიერთი პოსტულატი უცვლელი რჩება:
- ვიტამინები და მინერალები კალორიებს არ შეიცავს.
- საკვები შეიცავს ყველა ვიტამინსა და მინერალს.
- როცა ადამიანი დიდხანს იკვებება ვიტამინებით და მინერალებით ღარიბი საკვებით, მას ამ ელემენტების დეფიციტი უვითარდება.
- ვიტამინებისა და მინერალების მიღების საუკეთესო ფორმა ორგანიზმისათვის მათი საკვებით მიწოდებაა.
ყოველივე ამის შემდეგ ალბათ უფრო დიდი ინტერესით გადახედავთ ქვემოთ მოყვანილ მონაცემებს ამა თუ იმ საკვებში ვიტამინების შემცველობის შესახებ. ა ვიტამინის წყაროა მუქი ფერის ხილი, მუქფოთლებიანი ბოსტნეული, კვერცხის ცილა, რძე და რძის ნაწარმი, ღვიძლის, ძროხის ხორცი, თევზი. დ ვიტამინის წყაროა ცხიმიანი თევზი, თევზის ქონი, მარცვლეული, რძე და რძის ნაწარმი. ე ვიტამინის წყაროა ავოკადო, მუქი მწვანე ბოსტნეული, ზეთი, მანგო, თხილი, ხორბალი. კ ვიტამინის წყაროა კომბოსტო (ჩვეულებრივი და ყვავილოვანი), მუქი მწვანე და მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თევზი, ღვიძლი, ხორცი, სოკო. ბიოტინის ანუ ჰ ვიტამინის ანუ ბ7 ვიტამინის წყაროა შოკოლადი, კვერცხის ყვითრი, პარკოსნები, რძე, კაკალი, ღვიძლი, თირკმელი, ღორის ხორცი, საფუარი. ფოლატების წყაროა სატაცური, ბროკოლი, ჭარხალი, ლუდის საფუარი, გამომშრალი პარკოსნები, ფორთოხალი, არაქისის კარაქი, ხორბლის მიკრობები. ნიაცინის ანუ ბ3 ვიტამინის წყაროა ავოკადო, კვერცხი, ფოლატებით გამდიდრებული პური, თევზი (ზღვის), მჭლე ხორცი, პარკოსნები, კაკალი, კარტოფილი, შინაური ფრინველი. პანტოთენის მჟავას ანუ ვიტამინ ბ5-ის წყაროა ავოკადო, ბროკოლი, კვერცხი, რძე, სოკო, ცხოველთა ორგანოები, კარტოფილი, პარკოსნები, შინაური ფრინველი. თიამინის ანუ ბ1 ვიტამინის წყაროა რძე, კვერცხი, კარაქი, პარკოსნები, მჭლე ხორცი, შინაგანი ორგანოები, კაკალი. პირიდოქსინის ანუ ვიტამინ ბ6-ის წყაროა ავოკადო, ბანანი, გამომშრალი პარკოსნები, ხორცი, კაკალი, შინაური ფრინველი. ვიტამინ ბ12-ის წყაროა ხორცი, კვერცხი, სოიის რძე, რძე და რძის ნაწარმი, ორგანოთა შინაგანი ორგანოები, შინაური ფრინველი, თევზი. ც ვიტამინის წყაროა ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ციტრუსები, კარტოფილი, ისპანახი, მარწყვი, პომიდორი. კალციუმის წყაროა რძე, იოგურტი, ყველი, ისპანახი. ქრომის წყაროა ხორცი, შინაური ფრინველი, თევზი. სპილენძის წყაროა ზღვის პროდუქტები, კაკალი, თესლები, ხორბლის ქატო, მარცვლეული. ფთორის წყაროა ფთორიანი წყალი, ზღვის თევზი, ზოგიერთი კბილის პასტა. იოდის წყაროა იოდიანი საკვები და მარილი. რკინის წყაროა გამდიდრებული პური, პარკოსნები, ხორცი, კვერცხი. მაგნიუმის წყაროა მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, კაკალი, ნუში, სოია, თევზი. მანგანუმის წყაროა კაკალი, პარკოსნები, ჩაი. მოლიბდენის წყაროა პარკოსნები, მარცვლეული, კაკალი. ფოსფორის წყაროა რძე და რძის ნაწარმი, პარკოსნები, ხორცი, კვერცხი, პურეული. კალიუმის წყაროა კარტოფილი, ბანანი, იოგურტი, თევზი, სოია. სელენის წყაროა შინაგანი ორგანოები, ზღვის პროდუქტები, კაკალი. ნატრიუმის წყაროა სუფრის მარილი და მარილიანი პროდუქტები. თუთიის წყაროა წითელი ხორცი, ზოგიერთი ზღვის პროდუქტი, ფორტიფიცირებული პურეული.