ინულინი და მისი სარგებელი
ორგანიზმი, საზოგადოდ, არ გამოიმუშავებს ბოჭკოების, მათ შორის ინულინის დამშლელ, მომნელებელ ფერმენტებს, ამიტომაც, ინულინი გადის საჭმლის მომნელებელ სისტემას და ხვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც მისით ნაწლავის მიკროფლორის ბაქტერიები ინტერესდებიან. ბაქტერიებისათვის ინულინი ენერგიის წყაროა. გარდა ამისა, ბოჭკოების დაშლით, ბაქტერიები წარმოქმნიან სასარგებლო ნაერთებს.
ინულინი გვხვდება ხახვსა და ნიორში. ხოლო ინულინით ყველაზე მდიდარი საკვებია ვარდკაჭაჭას ფესვი და ტოპინამბური (იგივე მიწავაშლა).
-
ინულინის სარგებელი - მიკროფლორის მრავალფეროვნება
ინულინი არის პრებიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის გამრავალფეროვნებას და უზრუნველყოფს კარგი ბაქტერიების „საწვავად“ გამოყენებას. მიკროორგანიზმები პრებიოტიკებს იყენებენ მნიშვნელოვანი ნივთიერებების სინთეზისთვის, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები.
ინულინით მდიდარი საკვების მიღებით, ადამიანი ეხმარება თავის ბაქტერიებს ცხოველმყოფელობასა და იმ მოქმედებათა შესრულებაში, რომელიც აუცილებელია ნაწლავების ჯანმრთელობისთვის.
მაგალითად, ბიფიდობაქტერიები, პრობიოტიკური მიკრობების ისეთი ჯგუფია, რომელსაც უყვარს ინულინის შემცველი საკვები. აღნიშნული ბაქტერიები ასრულებენ ნაწლავისთვის სასარგებლო ბევრ ფუნქციას:
- ინარჩუნებენ ნაწლავის pH-ს, გამოიმუშავებენ ლაქტატსა და აცეტატს;
- უზრუნველყოფენ სხვა ბაქტერიების კვებას მათ მიერ წარმოქმნილი მეტაბოლიტებით;
- თრგუნავენ პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკრობებს;
- ახდენენ იმუნური სისტემის მოდულირებას;
- გამოიმუშავებენ K და B ჯგუფის ვიტამინებს.
სხვა სახის ბაქტერიებიც იკვებებიან ბოჭკოებით, გარდაქმნიან მათ ბუტირატად. ეს მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც ეხმარება მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას და ხელს უშლის ანთებას.
-
ინულინი და შეკრულობა
ინულინი არის ხსნადი ბოჭკო (იგივე უჯრედისი), რომელიც ეხმარება შეკრულობის მოხსნას. ამ ტიპის ბოჭკო შთანთქავს (აბსორბირებს) სითხეს ნაწლავებში, ქმნის გელის მსგავს კონსისტენციას და არბილებს განავალს. ეს, თავის მხრივ, ნორმალიზებას უწევს პერისტალტიკას და ხსნის ყაბზობას.
2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ვარდკაჭაჭას ფესვის 10 გრამი ინულინი დღეში აუმჯობესებს განავლის სიხშირესა და კონსისტენციას მსუბუქი ქრონიკული შეკრულობის მქონე საშუალო ასაკის ადამიანებთან.
-
ინულინი და დიაბეტი
2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 49 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ინულინის შემცველი საკვები დანამატები მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
ინულინის ბოჭკოების გამოყენებით ჩატარებული მრავალი კვლევის მიმოხილვა ადასტურებს, რომ ეს პრებიოტიკი შეიძლება სასარგებლო იყოს სისხლში შაქრისა და ლიპიდების დონის გასაკონტროლებლად ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულებთან.
-
ინულინი წონის დაკლებისთვის
ხსნადი ბოჭკოები ხელს უწყობს შიმშილის შეკავებას და ზრდის სისავსის შეგრძნებას ჭამის შემდეგ. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ხსნადი ბოჭკო ინულინი ხელს უწყობს წონის დაკლებას, განსაკუთრებით პრედიაბეტის მქონე ადამიანებთან.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ინულინსა და წონის დაკლებას შორის კავშირს ნაწლავის მიკრობიომი განსაზღვრავს.
ინულინი ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების ზრდას, რომლებიც გარდაქმნიან მას პროპიონატად, მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავად, რომელსაც შეუძლია მადის დათრგუნვა.
-
ინულინი ძილისთვის
ვინაიდან ნაწლავის მიკროფლორას შეუძლია ტვინთან ურთიერთქმედება ნერვული სისტემის მეშვეობით, ძილის ხარისხი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ნაწლავების შემადგენლობაზეც. საჭიროა დამატებითი კვლევები ძილზე ინულინის ზემოქმედების რაოდენობრივად განსაზღვრისთვის.
-
ინულინი აუმჯობესებს კალციუმისა და მაგნიუმის ბიოშეღწევადობას
მაგნიუმი ორგანიზმს სჭირდება მრავალი ბიოქიმიური რეაქციისთვის, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ნერვებისა და კუნთების ფუნქციობისათვის, სისხლში შაქრის დონისა და არტერიული წნევის შესანარჩუნებლად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კალციუმი. ის განამტკიცებს ძვლების ჯანმრთელობას და ეხმარება ნერვულ სისტემას ორგანიზმთან ურთიერთქმედებაში.
-
ინულინის შემცველი პროდუქტები
არსებობს მცენარის 36000 სახეობა, რომელიც ბუნებრივად შეიცავს ინულინს. თუმცა, ყველაზე მდიდარი წყაროა ვარდკაჭაჭას ფესვი. ვარდკაჭაჭას ფესვის ინულინი გამოიყენება დიეტურ დანამატებში. კრემისებრი კონსისტენციის გამო, მას ხშირად ამატებენ ზოგიერთ დამუშავებულ საკვებს ცხიმის შემცვლელად.
ინულინით მდიდარი საკვებია:
- ხილი და ბოსტნეული – ასპარაგუსი, ბანანი, პრასი, ხახვი.
- მცენარეები და მარცვლეული – არტიშოკი (ხაჭიჭორა), ვარდკაჭაჭას ფესვი, ნიორი, ხორბალი, ტოპინამბური.
- სხვა პროდუქტები – რძე და იოგურტი, ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი.
ვარდკაჭაჭას ფესვის სასმელი შესანიშნავი საშუალებაა კოფეინის შესამცირებლად, ბოჭკოებისა და პრებიოტიკების მიღების გასაზრდელად ნაწლავების ჯანმრთელობისთვის.
-
ინულინის გვერდითი მოვლენები
მიუხედავად სარგებლისა, ინულინი აიძულებს ბაქტერიებს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი. ამ მიზეზით, ინულინის შემცველი პროდუქტები სიფრთხილით უნდა მოვიხმაროთ. რეკომენდებულია დღეში 2-3 გრამით დაწყება პირველი 2 კვირის განმავლობაში და შემდეგ რაოდენობის თანდათან გაზრდა რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაქსიმუმ 10 გრამამდე.
ინულინის სავარაუდო შემცველობა ზოგიერთ პროდუქტში:
- ვარდკაჭაჭას ფესვი 35,7-47,6 გ;
- ტოპინამბური (მიწავაშლა) 16-20 გ;
- ნიორი 9-16 გ;
- ნედლი ასპარაგუსი 2-3 გ;
- უმი ხახვი 1,1-7,5 გ;
- ხორბალი 1-3,8 გ.
ინულინი არის ხილის შაქარი (ცნობილია ასევე როგორც ფრუქტოოლიგოსაქარიდი ან FOS), რომელსაც შეუძლია გააუარესოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები. ამას ზოგჯერ „ინულინის აუტანლობას“ უწოდებენ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებს დიეტოლოგები ინულინის მიღებისგან თავშეკავებას ურჩევენ.
ინულინის გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
- მეტეორიზმი;
- მუცლის შებერილობა და დისკომფორტი მუცლის არეში;
- დიარეა ან თხელი განავალი.