გლუკოზა – ენერგიის უნივერსალური წყარო
ყველა მათგანი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კომპონენტია, თუმცა ერთ-ერთს – ნახშირწყლებში შემავალ გლუკოზას – განსაკუთრებული როლი აკისრია, ის ჩვენი სასიცოცხლო ფუნქციების მთავარი ენერგიის წყაროა.
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქიმიური თვალსაზრისით რთული ნახშირწყალი – გლუკოზა – კიდევ უფრო მარტივ ნახშირწყლებად: ფრუქტოზად და გალაქტოზად – იშლება, რომლებითაც სხვადასხვა ორგანო იკვებება. ორგანიზმში არსებული გლუკოზის თითქმის ნახევარს თავის ტვინი მოიხმარს, მეორე ნახევარს კი – კუნთები და ორგანოები.
ნახშირწყლების ცვლა სამ ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივად დაკავშირებულ ეტაპად მიმდინარეობს:
- მონელება და შეწოვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში;
- გლიკოგენის სინთეზი და მისი უკუდაშლის პროცესები;
- ნახშირწყლების შუალედური ცვლა და მათი ქსოვილებში უტილიზაცია.
საკვების მიღებისთანავე, გარკვეული ფერმენტების გავლენით, ნახშირწყლების შეწოვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პირის ღრუდანვე იწყება და წვრილ ნაწლვებში სრულდება.
თუ დღის განმავლობაში ორგანიზმში საჭიროზე მეტი რაოდენობის გლუკოზა ხვდება, ის გლიკოგენად გარდაიქმნება და ღვიძლსა და კუნთებში მარაგის სახით ინახება, გლუკოზის დეფიციტისას გლიკოგენი კვლავ გლუკოზად იქცევა და მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას იწყებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ გლუკოზა გაცილებით ჭარბადაა ორგანიზმში, ის კანქვეშა ცხიმად გარდაიქმნება და იქვე ლაგდება.
ორგანიზმში ხდება უკუპროცესიც: გლუკოზის დეფიციტისას აქტიურად იწყება კანქვეშა ცხიმის წვა და მისი გამოყენება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ორგანიზმისთვის სასურველი არც მისი დეფიციტია და არც მისი სიჭარბე.
გლუკოზის ქმედებას ბნელი მხარეც აქვს: ის არა მხოლოდ ჯანმრთელი უჯრედების, არამედ მუტირებული, სიმსივნური უჯრედების იდეალური მკვებავიცაა.
ამასთან, სიმსივნურ უჯრედებში გლუკოზის გადამუშავება 200-ჯერ სწრაფი ტემპით მიმიდნარეობს, რაც მათ სწრაფი დაყოფისა და გამრავლების უნარს სძენს, სწორედ ამიტომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება სპეციალური დიეტები, საკვებში გლუკოზის მინიმალური შემცველობით.
გლუკოზის ფუნქციები
ორგანიზმში ნახშირწყლები, ცილებსა და ცხიმებთან შედარებით, მცირედ არის წარმოდგენილი, ისინი მყარი სხეულის მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, შეუცვლელია მათ მიერ განხორციელებული ფუნქციები:
- მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, უზრუნველყოფს ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების გამართულ მუშაობას;
- უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას ენერგიით, რაც ადამიანს მთელი დღის განმავლობაში ტონუსში ყოფნის საშუალებას აძლევს;
- კვებავს თავის ტვინს, უნარჩუნებს საღად აზროვნების, მეხსიერების, ყურადღებისა და სხვა კოგნიტურ უნარებს;
- უზრუნველყოფს ადამიანის ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას და ორგანიზმს სტრესისადმი გამკლავებაში ეხმარება;
- უზრენველყოფს ადამიანის სწრაფდანაყრებას;
- ასტიმულებს გულის კუნთის მუშაობას;
- ღვიძლს შლაკებისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაში ეხმარება;
- კუნთებში რეგენერაციულ, აღმდგენ პროცესებს ასტიმულებს;
- ენერგეტიკული – ენერგიის მთავარი წყაროა უჯრედებისთვის;
- სტრუქტურული – უჯრედშიდა სტრუქტურების უმრავლესობისთვის აუცილებელი საშენი მასალა და კომპონენტია;
- სინთეზური – მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების: რიბოზა და დეზოქსირიბოზას სინთეზში, ასევე ცილების ცხიმებსა და სხვა ნივთიერებებთან ნაერთების წარმოქმნაში;
- ფერმენტული – საკმაოდ ბევრი ფერმენტის და მარეგულირებელი სისტემის კომპონენტია, მონაწილეობს მრავალრიცხოვანი სპეციფიკური ფუნქციის განხორციელებაში;
- ცენტრალური ნერვული სისტემის მკვებავი – ცენტრალური ნერვული სისტემისთვის ენერგიის ერთადერთი წყაროა, რომელსაც ენერგეტიკული მარაგები არ გააჩნია და არც ენერგიის სხვა წყაროს – ცილოვანსა და ცხიმოვანს – იყენებს, გამონაკლისია კეტონური სხეულები, შიმშილის დროს;
- გლუკოზის ერთი მოლეკულის ორგანიზმიდან ადვილად გამოსადევნ ნახშირორჟანგად და წყლად ქცევისთვის იმაზე გაცილებით ნაკლები ჟანგბადია საჭირო, ვიდრე ცხიმოვანი მჟავასი, ამასთან, გლუკოზის დაჟანგვისას გაცილებით მეტი რაოდნეობით ატფ-ენერგია გამოიყოფა;
- სამკურნალო – გამოიყენება საკმაოდ ბევრი დაავადების მკურნალობის პროცესში: ღვიძლის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ინფექციების, ორგანიზმის ინტოქსიკაციებისას, იგი საკმაოდ ბევრი სისხლის შემცვლელისა და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატის შემადგენლობაშია.
აღსანიშნავია, რომ გლუკოზა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ორგანიზმისთვის მარგებელი, თუ სისხლში მისი დონე ნორმის საზღვრებს არ სცილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შაქარს სერიოზული მავნებლობის მოტანა შეუძლია.
გლუკოზის მავნე მოქმედება ორგანიზმზე
- ხელს უწყობს სხეულის მასის დაგროვებას და გაცხიმოვნებას;
- აპროვოცირებს ალერგიული რეაქციების განვითარებას;
- ზრდის სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებლებს;
- იწვევს სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
- იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას;
- აუარესებს გულის კუნთის მდგომარეობას;
- ცვლის თვალის ფსკერის სისხლძარღვოვან სურათს.
ინსულინი – გლუკოზის მაკონტროლებელი
ადამიანის ორგანიზმი რთული მექანიზმია, რომელშიც ორგანოები, ორგანოთა სისტემები, ბიოქიმიური მახასიათებლები მკაცრად განსაზღვრული ურთიერთქმედებით მიღებული ნორმებით იმართება, ასევეა შაქრის დონის მუდმივობის მაჩვენებელიც.
სისხლში მოხვედრილი გლუკოზის ათვისებაზე პასუხიმგებელი ჰორმონი ინსულინია, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს, სწორედ მას ეკისრება გლუკოზის დონის კონტროლი და საჭირო კონცენტრაციის შენარჩუნება.
როგორც ცნობილია, ნახშირწყლების შემცველი საკვების შემდეგ ისინი პირის ღრუშივე იშლებიან მარტივ მამრავლებად, რომლებსაც თანდათან შეიწოვს წვრილი ნაწლავები და ხვდებიან სისხლში.
ინსულინის მაკონტროლებელი ფუნქცია სწორედ მას შემდეგ იწყება, რაც გლუკოზა სისხლში გადადის, მან უნდა უზრუნველყოს მისი ათვისება, შეწოვა უჯრედების მიერ და საჭიროებისამებრ გამოყენება, ამასთან, ისე, რომ სისხლში გლუკოზის დონე მუდამ დაბალანსებული იყოს.
ინსულინი ერთგვარი გასაღებია, რომელიც გლუკოზას უჯრედში შესასვლელ კარს უღებს, შესაბამისად, თუ სისხლში ინსულინი არ არის, გლუკოზა რჩება სისხლში აუთვისებელი სახით, უჯრედები მას ვერ გამოიყენებენ, ისინი სუსტდებიან და შიმშილისგან იღუპებიან, სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ შაქრიან დიაბეტს.
უჯრედების ნაწილი არაინსულინდამოკიდებულია, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი გლუკოზას ინსულინის გარეშე პირდაპირ ითვისებენ, ასეთებია: ტვინის უჯრედები, სისხლის წითელი სხეულები და კუნთები – სწორედ ამიტომ გლუკოზის უკმარისობაზე ეს ორგანოები რეაგირებენ ყველაზე მტკივნეულად, ადამიანი ადვილად იღლება გონებრივი შრომით, ანემიურია და სუსტი.
თუ სისხლში გლუკოზის დონე საკმაოდ მაღალია, ინსულინი აწვდის სიგნალს იმის თაობაზე, რომ ის ღვიძლში შეინახოს, იქ გლიკოგენის მარაგის სახით ჩალაგდება და არ გამოთავისუფლდება მისი დონის დაქვეითებამდე, მაგალითად, კვებათა შორის შუალედში ან სტრესის დროს, როდესაც ჩვენს სხეულს დამატებითი ენერგია სჭირდება; ვარჯიშისას ან დაძაბული გონებრივი თუ ფიზიკური დატვირთვებისას.
ღვიძლის გარდა, ინსულინის ბრძანებით, ჭარბი გლუკოზა გროვდება ცხიმოვან, ლიპიდურ ქსოვილში, სადაც ასევე ქმნის დახარჯული ენერგიის სწრაფსაკომპენსაციო „დეპოს“.
ინსულინის დაქვეითებული პროდუქციისას სისხლში იზრდება შაქრის დონე და ეს ყველასთვის კარგად ნაცნობ შაქრიან დიაბეტს იწვევს.
ჰორმონის სხვა ქმედებანი
ინსულინი, გლუკოზის გარდა, ცილებთან, ცხიმებსა და მიკროელემენტებთანაც თანამშრომლობს:
- უზრუნველყოფს მათ ნორმალურ ცვლას ორგანიზმში;
- ააქტიურებს ამინომჟავების სინთეზს, რის შედეგადაც კუნთების შრომის უნარი იზრდება;
- ააქტიურებს იმ ფერმენტებს, რომლებიც ჭარბ გლუკოზას გლიკოგენად გარდაქმნიან;
- მონაწილეობს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის – შეხორცების პროცესში.
შაქრის ნორმები სისხლში
შაქრის იდეალური მაჩვენებელი ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის 3.3-5.5 მმოლ-ის საზღვრებში უნდა ვარირებდეს. ეს უზმოზე ანალიზის შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანს 8 საათი არ მიუღია საკვები და არც ძილის წინ უჭამია ტკბილეულობა.
დღის განმავლობაში, საუზმისა და სადილის შემდეგ შაქრის მაჩვენებლები იმატებს.
პრედიაბეტურ მდგომარეობაზე სპეციალისტები საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუ უზმოზე შაქრის მაჩვენებელი 6.9-7.7 მმოლ-ია.
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი კი უდგინდებათ პაციენტებს, რომელთა შაქრის მაჩვენებელიც უზმოზე 7.7 მმოლ-ს აჭარბებს.
შაქრის მაჩვენებლების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ადამიანის ასაკიც, მაგალითად, 50 წელს მიღწეულ მამაკაცებს შორის ის არსებითად იმატებს, ამიტომ 50 წლის შემდეგ მამაკაცებმა სისხლში შაქრის დონე განსაკუთრებით უნდა აკონტროლონ.
ქალებს კი ამ მაჩვენებლის ზრდა უფიქსირდებათ 60 წლის ასაკში, ამიტომ მათ 60 წლის შემდეგ მართებთ ამ მაჩვენებლისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა.
ბავშვებს შორის ახალშობილობიდან სრულწლოვნობამდე საკმაოდ ვარირებს შაქრის მაჩვენებელიც.
ორსულთა მაჩვენებელი 4.6-6.0 მმოლ-ის ფარგლებში უნდა იყოს. მატებისას აუცილებელია გამოირიცხოს ჰორმონთა არასტაბილური ფონი და ჭარბწყლიანობა.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შაქრის მატება განსაკუთრებით იმ მშობიარეებს უვლინდება, რომელთა წინა ორსულობაც სპონტანური აბორტით ან მკვდრადშობადობით დასრულდა.
საბედნიეროდ, გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი სერიოზული გართულებების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს, ასე რომ, თქვენი კეთილდღეობის გასაღები თქვენს ხელშია, აკონტროლეთ გლუკოზის დონე და იყავით ჯანმრთელნი!