კენჭები – ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კენჭები – ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი

თავისთავად ჩნდება კითხვა კენჭების ფორმირების მიზეზების შესახებ. ბუნებრივია, რომ მიზეზთა შორის, უპირველესად, გავრცელებული ფრაზა – „ნივთიერებათა ცვლის დარღვევა“ გვახსენდება. დღეს შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ, როგორ ხდება კენჭების ფორმირება და რა როლი აქვს ამ პროცესში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კენჭები

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კენჭების წარმოქმნის რისკფაქტორებია მდედრობითი სქესი, სიმსუქნე, უფროსი ასაკობრივი ჯგუფი, ამერიკელ ინდიელთა ეთნიკური ჯგუფი, ე. წ. დასავლური დიეტა (დიდი რაოდენობით ხორცის, კვერცხის, შემწვარი და მარილიანი საკვების, პურის, ცხიმიანი რძის პროდუქტების, ტკბილი დესერტებისა და სასმელების მიღება), წონის მკვეთრი კლება და გენეტიკა.

სადღეისოდ ცნობილია, რომ კენჭების წარმოქმნას წინ უსწრებს ეგრეთ წოდებული „ბილიარული სლაჯი“ – ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბების შედეგად ნალექის წარმოქმნა. ნალექი შედგება ქოლესტერინის მიკროკრისტალების, კალციუმის მარილების, ბილირუბინის პიგმენტების, მუცინის და სხვა კომპონენტებისაგან. „სლაჯი“ ფორმირდება ბუშტში ნაღვლის შეგუბებისას, მაგალითად, ორსულობის ან ნაწლავში საკვების მოხვედრის შეწყვეტისა და პაციენტისათვის საკვები ნივთიერებების მხოლოდ ინტრავენურად (ანუ პარენტერულად) მიწოდების დროს. ნაწლავში საკვების მოხვედრა არის ნაღვლის ბუშტის შეკუმშვისა და ნაღვლის გამოყოფის სტიმული. როცა საკვები ნაწლავში აღარ ხვდება, ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაც ირღვევა, ნაღველი შეგუბდება.

სლაჯი უხშირესად კლინიკურად (გამოვლინების მხრივ) შეუმჩნეველი მოვლენაა, მას არ აქვს სიმპტომები და ხშირად ქრება გამომწვევი მიზეზების ზემოქმედების შეწყვეტისას. ამავე დროს არსებობს მეორე სცენარიც – სლაჯი შეიძლება გარდაიქმნას კენჭად ან გადაადგილდეს ბილიარული გზებისაკენ, ამ დროს შესაძლოა დაახშოს სანაღვლე გზები და გამოიწვიოს ნაღვლის კოლიკა (ჭვალი), ქოლანგიტი ანუ სანაღვლე გზების ანთება ან პანკრეატიტი.

ნაღვლის ბუშტის კენჭების ნაირსახეობები

ყველაზე მეტად გავრცელებულია ქოლესტერინული კენჭები და დასავლეთის ქვეყნებში მის წილად ნაღვლის ბუშტის კონკრემენტების 85% მოდის. სწორედ ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნის ფაქტორების განხილვით შეიძლება გავიგოთ, ნივთიერებათა ცვლის რომელი დარღვევაა მნიშვნელოვანი კენჭების ფორმირების თვალსაზრისით.

ქოლესტერინული კენჭების ფორმირებისათვის აუცილებელი პირობაა ნაღვლის ზეგაჯერება ქოლესტერინით. როგორც წესი, წყალში უხსნადი ქოლესტერინი იძენს ხსნადობის უნარს ნაღვლის მარილებთან და ლეციტინთან მიერთების და მიცელების წარმოქმნის შემდეგ. ნაღვლის ქოლესტერინით ზეგაჯერებისას კი ხსნადობა ქვეითდება. თავის მხრივ, ზეგაჯერება უხშირესად ვითარდება ქოლესტერინის ჭარბი სეკრეციისას (გამოყოფისას), მაგალითად, სიმსუქნის ან დიაბეტის დროს. ამავე დროს, ქოლესტერინის ხსნადობა მცირდება ნაღვლის მჟავების წარმოქმნის შემცირებისას (მაგალითად, მუკოვისციდოზის დროს – დაავადება სხვა სიმპტომებთან ერთად ხასიათდება ფაღარათით, რაც არღვევს ნაღვლის მჟავების შეწოვას) ან ლეციტინის სეკრეციის დაქვეითებისას (მაგალითად, იშვიათი გენეტიკური პათოლოგიისას, როგორიცაა პროგრესირებადი ღვიძლშიდა ოჯახური ქოლესტაზი).

ქოლესტერინის, ნაღვლის მჟავებისა და ლეციტინის თანაფარდობის დარღვევის შედეგად ჭარბი ქოლესტერინი ილექება მყარი მიკროკრისტალების სახით – ხდება პრეციპიტაცია. პრეციპიტაციას აჩქარებს მუცინი, გლიკოპროტეინი ან ნაღვლის სხვა ცილები. მიკროკრისტალები თანდათან ერთდება, იმატებს მათი ზომა, ყალიბდება კენჭი.

გარდა ქოლესტერინული კენჭებისა, არსებობს შავი პიგმენტური კენჭები. ეს არის ნაღვლის კონკრემენტები (კენჭები), რომლებიც წვრილია, მაგარია და შედგება კალციუმის ბილირუბინატისა და არაორგანული კალციუმის მარილებისაგან (მაგალითად, კალციუმის კარბონატისგან, კალციუმის ფოსფატისგან). პიგმენტური კენჭების წარმოქმნის რისკფაქტორებია ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება, ქრონიკული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების ანუ ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის გაძლიერებული დაშლა) და ხანშიშესულობა.

ყავისფერი პიგმენტური კენჭები რბილი და ცხიმიანია, შედგება ბილირუბინატისა და ცხიმოვანი მჟავებისაგან (კალციუმის პალმეატი ან სტეარატი). ასეთი კენჭები ჩნდება ინფექციის, ანთების ან პარაზიტული ინვაზიისას (მაგალითად, ტრემატოდებით, რაც დამახასიათებელია აზიისათვის).

ჩვეულებრივ, ნაღვლის კენჭები წელიწადში 1-2 მმ-ით იზრდება. კენჭების საკმაო ზომის მიღწევამდე და კლინიკური სიმპტომების აღმოცენებამდე, ჩვეულებრივ, 5-დან 20 წლამდე გადის. კენჭების უდიდესი ნაწილი ნაღვლის ბუშტში წარმოიქმნება, თუმცა, ყავისფერი პიგმენტური კენჭები შეიძლება ნაღვლის სადინარებშიც წარმოიქმნას.

როგორ ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის კენჭების ფორმირება

ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნაღვლის ბუშტის კენჭების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტეროლი. ამ ფაქტის გათვალისწინებით, კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ქოლესტერინით მდიდარი, ნაჯერი ცხიმის შემცველი საკვების მიღების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ასეთი საკვებია:

  • ცხიმიანი ხორცი;
  • ძეხვეული;
  • კარაქი, მარგარინი, ერბო;
  • ცხიმიანი ყველი;
  • ნამცხვრები;
  • პალმის ცხიმის შემცველი საკვები.

რეკომენდებულია ჯანსაღი კვება, ხილისა და ბოსტნეულის მიღება, თხილეული.

როგორც აღვნიშნეთ, სიმსუქნე კენჭების წარმოქმნის რისკს ზრდის, თუმცა, წონის კლება თანდათანობით უნდა მოხდეს. უნდა მოვერიდოთ კალორიების მკვეთრ შეზღუდვასა და წონის უეცარ კლებას, რაც კენჭების ფორმირების რისკს ზრდის.

თირკმლისა და საშარდე გზების კენჭები

საზოგადოდ, თირკმლის კენჭების წარმოქმნის მიზეზია შარდის ზედმეტად კონცენტრირება, რაც კრისტალების ფორმირების პირობებს ქმნის. შარდში მარილების კონცენტრაციის მატება შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც კალციუმის ან შარდმჟავას მარილების ჭარბი გამოყოფით, ასევე ციტრატის გამოყოფის შემცირებით. ციტრატი არის მარილების დალექვის საწინააღმდეგო ფაქტორი.

ნაღვლის ბუშტის კენჭების მსგავსად, თირკმლის კენჭებიც არაერთგვაროვანია. საშარდე სისტემის კენჭების 85% კალციუმიანია და უპირატესად კალციუმის ოქსალატისაგან შედგება; 10%-ის შემადგენლობაში შედის შარდმჟავა; 2%-ის შემადგენლობაში – ცისტინი, დარჩენილ რაოდენობას კი უპირატესად სტრუვიტული (მაგნიუმ-ამონიუმის ფოსფატი) შემადგენლობა აქვს. თითოეული სახის კენჭის აღმოცენებას გარკვეული რისკფაქტორები განაპირობებენ, თუმცა ზოგჯერ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ერთი და იგივე დაავადება სხვადასხვა ტიპის კონკრემენტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

კალციუმის კენჭების წარმოქმნის ფაქტორები სხვადასხვა პოპულაციაში განსხვავებულია. უმთავრესი ფაქტორი აშშ-ის მონაცემებით მაინც არის ჰიპერკალციურია – ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევა, რომელიც აღენიშნება კალციუმის კენჭების მქონე ქალების 75 და მამაკაცების 50%-ს. ამ თავისებურების გამო თუ პაციენტს აქვს შარდკენჭოვანი დაავადების ოჯახური ისტორია, მას კენჭების რეციდივის (განმეორებით აღმოცენების) მომატებული რისკი აქვს. ჰიპერკალციურიისას პაციენტს აქვს სისხლში კალციუმის ნორმალური დონე, თუმცა გაზრდილია კალციუმის გამოყოფა შარდით.

კალციუმის კენჭების არსებობისას პაციენტთა 40-50%-ს აქვს ჰიპოციტრატურია – მდგომარეობა, როცა შარდში შემცირებულია ციტრატის გამოყოფა. ციტრატი ჩვეულებრივ ბოჭავს შარდში არსებულ კალციუმს და ხელს უშლის კალციუმის მარილების კრისტალიზაციას. შარდში ციტრატის დეფიციტისას ადვილად წარმოიქმნება კალციუმიანი კენჭები.

კენჭების 5-8% უკავშირდება თირკმლის მილაკოვან აციდოზს. თირკმლის მილაკოვანი აციდოზი არის იმ დარღვევათა ჯგუფი, რომელთა დროსაც მოშლილია თირკმლის მილაკების მიერ წყალბადის იონების ექსკრეცია (გამოყოფა) ან გაფილტრული ბიკარბონატის რეაბსორბცია (უკუშეწოვა). ეს იწვევს ქრონიკულ მეტაბოლურ აციდოზს.

კალციუმის კენჭების მქონე პაციენტთა 1-2% აქვს პირველადი ჰიპერპარათირეოზი, ანუ ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონების ჭარბი სეკრეცია, ხშირად ადენომის გამო.

ჰიპერკალციურიის, ანუ შარდით კალციუმის ჭარბად გამოყოფის იშვიათი მიზეზებია სარკოიდოზი, დ ვიტამინის ჭარბად მიღება, ჰიპერთირეოიდიზმი, მრავლობითი მიელომა, სიმსივნის მეტასტაზირება და ჰიპეროქსალურია.

ჰიპეროქსალურია, ანუ შარდით ოქსალატების ჭარბად გამოყოფა შეიძლება იყოს პირველადი ან საკვებში ოქსალატების შემცველი პროდუქტების (მაგალითად ისპანახი, კაკაო, თხილი, პილპილი, ჩაი) ზედმეტ გამოყენებასთან დაკავშირებული, სხვადასხვა დაავადების დროს ნაწლავში ოქსალატების გაძლიერებულ შეწოვასთან (მაგალითად, ნაწლავის მიკროფლორის ჭარბი გამრავლების სინდრომი, ქრონიკული პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება) ან წვრილი ნაწლავის რეზექციასთან (ნაწილის ამოკვეთასთან).

თირკმლის კენჭების ფორმირების ერთ-ერთი ფაქტორია ც ვიტამინის ძალიან მაღალი დოზებით (>2000მგ/დღეში) მიღება, საკვებში კალციუმის რაოდენობის შემცირება და მსუბუქი ხარისხის ჰიპერურიკოზურია. ერთი შეხედვით უცნაურია, რატომ უნდა იწვევდეს კალციუმის მიღების შემცირება კენჭების ფორმირებას, თუმცა, ამ მოვლენას აქვს ახსნა – კალციუმი ბოჭავს საკვებში არსებულ ოქსალატებს და ამცირებს ოქსალატური კენჭების ფორმირების რისკს. აღსანიშნავია, რომ ასეთი თვისება აქვს მხოლოდ საკვებით მიღებულ კალციუმს და არა კალციუმის პრეპარატებს. უკანასკნელნი, პირიქით, ზრდიან კალციფიცირებული კენჭების ფორმირების რისკს.

მსუბუქი ხარისხის ჰიპერურიკოზურია, ანუ შარდით ურატების – შარდმჟავას მარილების ჭარბი გამოყოფა, თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია საკვებით პურინების ჭარბად მიღებასთან. პურინებით მდიდარია ცხოველური (ხორცი, თევზი,) ცილა.

შარდის მჟავას კენჭები ყველაზე ხშირად შარდის მომატებული მჟავიანობის პირობებში ფორმირდება. იშვიათ შემთხვევბში ასეთი კენჭების წარმოქმნა შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე ჰიპერურიკოზურიასთან, რაც ხელს უწყობს შარდის მჟავას კრისტალიზაციას. შარდის მჟავას კრისტალებმა შეიძლება წარმოქმნან ურატული კენჭი ან უფრო ხშირად შექმნან მატრიქსი (ჩონჩხი) კალციუმიანი ან შერეული, კალციუმ-ურატული კენჭებისათვის.

ცისტინური კენჭები მხოლოდ ცისტინურიისას წარმოიქმნება. ცისტინურია თირკმლის მილაკების მემკვიდრული დეფექტია, რომლის დროსაც დარღვეულია თირკმლის მილაკებში ამინომჟავა ცისტინის უკუშეწოვა. ამავე დროს, ცისტინის გამოყოფა შარდთან ერთად მომატებულია. ჭარბი ცისტინი ცისტინური კენჭების წარმოქმნის მიზეზი ხდება.

მაგნიუმ-ამონიუმ-ფოსფატური კენჭები ანუ სტრუვიტული კენჭები (ინფექციური კენჭები, როგორც მას სხვაგვარადაც უწოდებენ) მოწმობენ საშარდე გზების იმ ინფექციის არსებობას, რომელიც გამოწვეულია შარდოვანას დამშლელი ბაქტერიებით, მაგალითად, პროტეუსით, კლებსიელათი. ასეთი კენჭების წარმოქმნისას აუცილებელია ისეთივე მკურნალობა, როგორიც ინფიცირებული უცხო სხეულებისას და საბოლოოდ, მათი სრულად მოცილება. სხვა ტიპის კენჭებისაგან განსხვავებით, სტრუვიტული კენჭები ქალებს 3-ჯერ უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.

საშარდე სისტემის კენჭების ფორმირების იშვიათი მიზეზებია ისეთი პრეპარატების მიღება, როგორებიცაა ინდინავირი (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ), ტრიამტერენი (შარდმდენი) და ქსანტინი.

როგორ ავირიდოთ თირკმლის კენჭების წარმოქმნა

თირკმლის კენჭების წარმოქმნის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია:

  • დღე-ღამის განმავლობაში 2 ლიტრამდე სითხის მიღება. ეს თავიდან აგვაცილებს შარდის კონცენტრირებას და მარილების გამოკრისტალებას;
  • კალციუმით მდიდარი საკვების მიღება – რადგანაც ხშირია კალციუმიანი კენჭების ფორმირება, პაციენტთა ნაწილი შეცდომით თვლის, რომ არ უნდა მიიღოს კალციუმით მდიდარი საკვები. ეს შეცდომაა. კალციუმით ღარიბი საკვები ზრდის როგორც კენჭების წარმოქმნის, ასევე ოსტეოპოროზის რისკს. იმავეს ვერ ვიტყვით კალციუმის დანამატების (პრეპარატების) შესახებ. ასეთი საშუალებები კალციუმიანი კენჭების წარმოქმნის რისკს ზრდიან.
  • საკვებში სუფრის მარილის შემცირება – ჭარბი ნატრიუმი აფერხებს კალციუმის უკუშეწოვას თირკმლის მილაკებში და კენჭების ფორმირების რისკს ზრდის.
  • ოქსალატებით მდიდარი საკვების შეზღუდვა. ასეთ საკვებს მიეკუთვნება ისპანახი, შოკოლადი, ყავა, ჭარხალი, მიწის თხილი. კენჭების წარმოქმნის რისკი შეიძლება შევამციროთ ოქსალატებით და კალციუმით მდიდარი საკვების ერთდროული მიღებით, რადგანაც ამ შემთხვევაში ნაწლავშივე მოხდება ოქსალატისა და კალციუმის ურთიერთშეკავშირება, რაც თირკმლით მათ ფილტრაციას შეამცირებს.
  • ნაკლები ცხოველური ცხიმის მიღება – ცხოველური ცილით მდიდარი საკვები იწვევს შარდის მჟავა რეაქციას და ზრდის შარდმჟავა და კალციუმის ოქსალატების კენჭების ფორმირების რისკს. მიზანშეწონილია შეიზღუდოს საქონლის, ფრინველის ხორცი და თევზი.
  • მოვერიდოთ ც ვიტამინის ჭარბ დოზებს.