ნეფრიტი

გთხოვთ, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოგვითხროთ ნეფრიტის შესახებ - რა დაავადებაა, რა იწვევს და როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა ამ დროს თავს. რა განსხვავებაა გლომერულონეფრიტსა და პიელონეფრიტს შორის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დედაჩემს კარგა ხანია პიელონეფრიტი აქვს და ანტიბიოტიკებით ვმკურნალობდით. არის თუ არა ეს დაავადებები ერთი და იგივე?
ბევრი გლომერულონეფრიტსა და პიელონეფრიტს ერთმანეთში ურევს. არადა, ეს დაავადებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება და განსხვავებულ მკურნალობასაც მოითხოვს. საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე თირკმლის პათოლოგიაა.
მცირე ფიზიოლოგიური ექსკურსი
თირკმელები ადამიანის ორგანიზმში არსებული სითხის ფილტრაციას და ამ გაფილტრული, მავნე ნივთიერებებით გაჟღენთილი სითხის (შარდის) გამოყოფას ემსახურებიან. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ ენდოკრინულ ფუნქციას, უშუალოდ მონაწილეობენ უამრავი ჰორმონის სინთეზსა და მეტაბოლიზმში.
თირკმლის ფუნქციური ერთეული ნეფრონია. ადამიანის თირკმელი დაახლოებით 1 მილიონ ნეფრონს შეიცავს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შარდის წარმოქმნის ფუნქცია სამი ეტაპისგან შედგება. ესენია ულტრაფილტრაცია (გორგლოვანი ფილტრაცია), რეაბსორბცია და სეკრეცია.
დღის განმავლობაში თირკმელებში 1500 ლ სისხლი გაივლის. აქედან გამოიფილტრება 180 ლ პირველადი შარდი (ულტრაფილტრაცია). შემდეგ, წყლის რეაბსორბციის ხარჯზე, მნიშვნელოვნად მცირდება პირველადი შარდის მოცულობა და საბოლოო ჯამში, დღეში 0,5-2 ლ შარდი გამოიყოფა.
გლომერულონეფრიტის წარმოშობის მექანიზმზე წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, მარტივად აგიხსნით გორგლოვანი ფილტრაციის არსს.
სისხლიდან ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები სპეციალური კაპილარული სისტემის, ე.წ. თირკმლის გორგლების გავლით ხვდება კაფსულებში, ამ მრავალრიცხოვანი კაფსულიდან კი თირკმელში. გორგლების ფორების დიამეტრი იმდენად პატარაა, რომ არ ატარებს ერითროციტებსა და ცილებს, მაგრამ ატარებს სისხლის პლაზმაში არსებულ ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს (ეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებია).
ინფექციებთან მრავალჯერადი ან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა შესაძლოა არასწორად ამუშავდეს და დაიწყოს თირკმლის გორგლებში არსებული უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედება. ამის შედეგად თირკმელებში აუტოიმუნური ანთება ვითარდება, რაც სწორედ თირკმლის გორგლებს, ანუ ორგანიზმიდან თირკმელებში მავნე ნარჩენების გადამცემ სისტემას აზიანებს.
გორგლების კედლებში განვითარებული ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება ნაპრალები, საიდანაც ახერხებენ გაძრომას ერითროციტები და ცილები. ამის გამო ჩნდება შარდში ცილა (პროტეინურია) და სისხლი (ჰემატურია). ამ დაავადებას ჰქვია გლომერულონეფრიტი (ბერძნულიდან: nephros- თირკმელი, glomerulus- გორგლები).
პიელონეფრიტი (ბერძნულიდან: pyelo - მენჯი და nephros- თირკმელი) თირკმელების ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თირკმლის ქსოვილი, ასევე თირკმლის მენჯი და ფიალები. ის ძირითადად ცალმხრივია, იშვიათად - ორმხრივიც. და მაინც, რა იწვევს ამ დაავადებებს?
მწვავე გლომერულონეფრიტი შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ. ჩვეულებრივ, ეს ინფექცია სტრეპტოკოკულია (მაგალითად, ანგინა, ტონზილიტი, ქუნთრუშა), თუმცა დაავადება სხვა ინფექციამაც შეიძლება განაპირობოს - როგორც ბაქტერიულმა, ისე ვირუსულმა და პარაზიტულმა. უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვითარდება ხოლმე შრატის, ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგაც.
ბოლო წლების გამოკვლევები აჩვენებს მჭიდრო კავშირს არტერიულ ჰიპერტენზიასა და გლომერულონეფრიტს შორის. თუ გლომერულონეფრიტის მიზეზი შეიძლება გახდეს დაღმავალი (ინფექციის გადასვლა ორგანიზმის ზემოთა ნაწილებიდან ქვემოთ) ინფექცია, პიელონეფრიტს უფრო აღმავალი ინფექცია იწვევს.
ჯანმრთელ ადამიანს სტერილური შარდი აქვს, მაგრამ ბაქტერიას შეუძლია, ახლომდებარე ორგანოებიდან (მაგალითად, ნაწლავებიდან, სასქესო ორგანოებიდან) ლიმფური და სისხლძარღვოვანი სისტემის საშუალებით მოხვდეს საშარდე გზებში და იქ გამრავლდეს. პიელონეფრიტი სარისკოა მაშინაც, თუ დარღვეულია თირკმელებიდან შარდის გამოყოფა, მაგალითად, კენჭებით, სიმსივნური წარმონაქმნით, სტრიქტურებით საშარდე გზების ობსტრუქციისას, პროსტატის ჰიპერტოფიისას. ეს იწვევს შარდის სტაზს (შეგუბებას) და მასში ბაქტერიების გამრავლებას.
პიელონეფრიტით ადამიანი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში დაავადდეს, მაგრამ უფრო ხშირია შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში, 18-დან 30 წლამდე ასაკის გოგონებსა და ქალებში. ამ დროს პიელონეფრიტის განვითარება უკავშირდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, ორსულობას ან მშობიარობას. პიელონეფრიტის განვითარების ალბათობა იზრდება ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითების, შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ჰიპოვიტამინიოზის და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.
რა ხდება ამ დროს
თუ ანგინის, ფილტვების ანთების, ტონზილიტის ან ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავადების გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილი, აგიწიათ სიცხემ, არტერიულმა წნევამ და თავი იჩინა სხვა დამახასიათებელმა სიმპტომებმაც, შესაძლოა, მწვავე გლომერულონეფრიტთან გვქონდეს საქმე.
უნდა ითქვას ისიც, რომ თირკმელებში ფილტრაციის სისტემის მოშლის გამო ორგანიზმიდან ჩვეულებრივ რეჟიმში აღარ ხდება სითხის გამოყოფა, რაც გამოიწვევს შეშუპებას და, შესაბამისად, შესაძლოა გულისმიერი ასთმისა და ფილტვების შეშუპების მიზეზად იქცეს. არცთუ იშვიათად მწვავე გლომერულონეფრიტის დროს მცირდება შარდის გამოყოფა, თავად შარდი ხდება ხორცის ნარეცხისფერი, ანუ ვითარდება მაკროჰემატურია. შესაძლოა აღმოცენდეს ტკივილი მუცელსა და წელის არეში და შეტევითი ხასიათის ღებინებაც კი განვითარდეს.
მწვავე სტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი უნდა ვივარაუდოთ, თუ შეინიშნება:
- კავშირი სტეპტოკოკურ ინფექციასა და დაავადების გამოვლინებას შორის;
- მიკრო ან მაკროჰემატურია - სისხლიანი შარდი. ჰემატურიის გარეშე ეს დაავადება უიშვიათესია. ამ დროს დიაგნოზი ისმება თირკმლის ბიოფსიის საფუძველზე;
- პროტეინურია - შარდში ცილების არსებობა;
- შეშუპება - დაავადების დასაწყისში სახის, ქუთუთოების, ხელების შეშუპება, რაც თანდათან იმატებს და ვრცელდება ქვედა კიდურებზე. ბავშვებში შესაძლოა ასციტიც განვითარდეს;
- არტერიული წნევის მატება;
- ხშირია ოლიგურია (შარდის შემცირება) ან ანურია (შარდი არ გამოიყოფა).
ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს სიმპტომები გაცილებით სუსტადაა გამოხატული, ის შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შედეგი ძალიან ცუდი იქნება, კერძოდ, აღმოცენდება გულის ან თირკმლის უკმარისობა. თითქმის ყველა პაციენტი, რომელთაც ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, კითხულობს: რით არის ეს დაავადება საშიში?
ყველაზე ხშირად ეს კითხვა მაშინ იბადება, როცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მართლაც, როცა ფილტვების ანთება აქვს ადამიანს, ის თავს ცუდად გრძნობს, ახველებს, აქვს სიცხე და ა.შ., ამით ხვდება, რომ ეს სერიოზული დაავადებაა და მკურნალობას მოითხოვს. მაგრამ შარდში არსებული მცირე ცვლილებები, თუ სხვა ჩივილები არ არსებობს, ეგებ არც კი იყოს საშიში და ექიმის ჩარევას არ მოითხოვდეს?! ასე მსჯელობს ქრონიკული გლომერულონეფრიტის საწყის სტადიაზე უმრავლესობა, რაც თირკმელების ქრონიკული უკმარისობით სრულდება.