თირკმლის უკმარისობა და დიალიზით მკურნალობის პრინციპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის უკმარისობა და დიალიზით მკურნალობის პრინციპები

მას საფუძვლად უდევს საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური და პათფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც თირკმლის პირველადი დაზიანებით, ასევე არათირკმლისმიერი პათოლოგიებითაც. განასხვავებენ თირკმლის უკმარისობის ორ ტიპს: თირკმლის მწვავე უკმარისობას (თ. მ. უ.) და თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას (თ. ქრ. უ.). როგორც უკვე მოგახსენეთ, თირკმლის დაავადებებს მიეკუთვნება არა მხოლოდ თირკმლის პარენქიმისა და სისხლძარღვების პირველადი დაზიანება, არამედ ის პათოლოგიებიც, რომლებიც ვითარდება:

  • შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნური ბუნების სისტემური დაავადებების;
  • ვასკულიტების;
  • თანდაყოლილი ანომალიების;
  • რენოვასკულარული ჰიპერტენზიის;
  • ალერგიული რეაქციების;
  • მილაკების დაზიანების;
  • მედიკამენტებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაციის შედეგად.

- როგორ ვლინდება თირკმლის მწვავე უკმარისობა კლინიკურად?

- თირკმლის მწვავე უკმარისობა აღმოცენდება თირკმელების ფუნქციის სწრაფი მოშლის შედეგად რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. მისთვის დამახასიათებელი ძირითადი კლინიკური ნიშნებია:

  • ოლიგურია - შარდის მოცულობის შემცირება 24 საათში 500 მლ-მდე, ანურია - შარდის მოცულობის შემცირება 24 საათში 100-200 მლ-მდე, ან სრული ანურია - შარდის არარსებობა;
  • ჰიპერაზოტემია (ურემია) ანუ სისხლში აზოტოვანი ცვლის პროდუქტების (შარდოვანა, კრეატინინი, ნარჩენი აზოტი) კონცენტრაციის მკვეთრი მომატება;
  • ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა, რაც დროული დიაგნოსტიკისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში პოტენციურად შექცევადია.

თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს უპირატესად თირკმლის მილაკები ზიანდება.

- რა ნიშნებით ვლინდება თირკმელების ქრონიკული უკმარისობა?

- სიმპტომოკომპლექსით, რომელიც განპირობებულია:

  • თირკმლის პარენქიმის პროგრესირებადი სკლეროზით;
  • ნეფრონების (ნეფრონი თირკმლის ფუნქციური ერთეულია, თითოეულ თირკმელში - 800 000-დან 1 300 000-მდე) რაოდენობის შემცირებით, დარჩენილი ნეფრონების ფუნქციური გადატვირთვით და საბოლოოდ - მათივე დესტრუქციით.

თირკმელების დაავადებათა უმრავლესობა, მიუხედავად მკურნალობისა, პროგრესირებს, ხოლო თირკმელების ქრონიკული უკმარისობა პრაქტიკულად შეუქცევადია. მწვავესგან განსხვავებით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს კლინიკური სურათი პირველ ხანებში ნაკლებად არის გამოხატული. პაციენტები უჩივიან:

  • საერთო სისუსტეს;
  • უმადობას, რომელსაც მოგვიანებით ერთვის გულისრევა, ღებინება;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითებას;
  • შარდის რაოდენობის თანდათანობით შემცირებას.

ჩივილები სისხლში შარდოვანას, ნარჩენი აზოტისა და კრეატინინის მაღალ დონესთან არის ასოცირებული. შარდის ოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას (ოლიგო-ანურიას) თან სდევს ორგანიზმის სითხით გადატვირთვის ანუ ჰიპერჰიდრატაციის კლინიკური სურათი - სუნთქვის მზარდი უკმარისობით თანხლებული პერიფერიული შეშუპებით დაწყებული, ფილტვების შეშუპებით, ზოგჯერ კი პლევრის ღრუში სითხის გადასვლით (ჰიდროთორაქსი) დამთავრებული. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ისეთი საშიში გართულება, როგორიცაა ჰიპერკალიემია (K+>/ 6,0 მმოლ/ლ), რომელიც კლინიკურად გამოიხატება თირკმელების როგორც მწვავე, ისე ქრონიკული უკმარისობის მხოლოდ ტერმინალურ სტადიაზე და დიდ საფრთხეს უქადის გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

- რით გამოიხატება ჰიპერკალიემია?

- ამ დროს ავადმყოფები უჩივიან კუნთების სისუსტეს, მოძრაობის გაძნელებას და პარესთეზიებს. ობიექტურად და ელექტროკარდიოგრაფიულად აღინუსხება გულის რიტმის სხვადასხვა სახის დარღვევა სრული ბლოკადის ჩათვლით.

- კიდევ რა გართულებებია მოსალოდნელი?

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გართულებაა ურემიის ფონზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება - ლორწოვანი გარსის დაწყლულება შემდგომი სისხლდენით. თირკმელების პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობისათვის დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია, კერძოდ, გაბრუება, კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების თრთოლა - ფიბრილაცია და სხვა. ყველა ამ მოვლენამ შესაძლოა თავი იჩინოს თირკმლის მწვავე უკმარისობის დროსაც, თუმცა უფრო ხანმოკლე პერიოდში და ისეთი სერიოზული ფორმითაც კი, როგორიც არის კრუნჩხვა და ცნობიერების დათრგუნვა, თვით კომის ჩათვლით.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა?

- თირკმლის მწვავე უკმარისობის გამომწვევი ფაქტორები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პრერენულ, რენულ და პოსტრენულ ფაქტორებად. პირველი ჯგუფი აერთიანებს ისეთ პათოლოგიებს, როგორებიცაა მიოკარდიუმის დაავადებები, ფილტვისმიერი (პულმონური) ჰიპერტენზია, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ამ დროს უმთავრესად დაქვეითებულია გულის წუთმოცულობა), ასევე - ორგანიზმის გაუწყლოებას ანუ ჰიპოვოლემიას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დამწვრობით, მასიური სისხლდენით, კუჭ-ნაწლავიდან სითხის დაკარგვით (ღებინებით, ფაღარათით), შარდმდენების უკონტროლო მიღებით და ასე შემდეგ. ამავე ჯგუფში შედის სხვადასხვა ინფექციები, სეფსისის ჩათვლით, ასციტით გართულებული ღვიძლის ციროზი და სხვა. მეორე ჯგუფს, ანუ რენულ უკმარისობას განეკუთვნება უშუალოდ თირკმლის პათოლოგიები, მიმდინარე როგორც სისხლძარღვოვანი დაზიანებით (თირკმლის არტერიის ან ვენის ობსტრუქცია-თრომბოზი, მიკროანგიოპათიები), ასევე მწვავე ტუბულარული ნეფროზით. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ეგზოგენურმა ტოქსინებმა - საკონტრასტო ნივთიერებამ, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, ქიმიოთერაპიულმა მედიკამენტებმა, ორგანულმა გამხსნელებმა (მაგალითად, ეთილენგლიკოლმა), ისე ენდოგენურმა ფაქტორებმაც: რაბდომიოლიზმა, ჰემოლიზმა, ოქსალატებმა, შარდმჟავამ და სხვა. ამავე ჯგუფს განეკუთვნება ინტერსტიციული ნეფრიტი, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს ალერგიული რეაქციით (მაგალითად, ანტიბიოტიკების, შარდმდენების, კაპტოპრილის მიმართ), ბაქტერიული (მწვავე პიელონეფრიტი, ლეპტოსპიროზი), ვირუსული (ციტომეგალოვირუსი) ან სოკოვანი ინფექციით. მესამე ჯგუფს, პოსტრენულ უკმარისობას, იწვევს საშარდე სისტემის პათოლოგიები, მაგალითად, შარდსაწვეთის შიდა ობსტრუქცია კენჭებით ან სისხლის კოლტით, ანდა გარეგანი კომპრესია, მაგალითად, სიმსივნით, ასევე შარდის ბუშტის პათოლოგიები, პროსტატის ჰიპერპლაზია, კენჭები და სხვა.

- ქრონიკული უკმარისობის მიზეზი რაღაა?

- წინათ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლდათ ქრონიკული გლომერულონეფრიტი. იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ ხანს ამ დაავადების მკურნალობა უფრო ეფექტიანი გახდა, განვითარებულ ქვეყნებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ძირითად გამომწვევებად შაქრიან დიაბეტსა და არტერიულ ჰიპერტენზიას მიიჩნევენ. გარდა ამისა, არსებობს დაავადებათა მთელი წყება, რომლებსაც თირკმელების ქრონიკულ უკმარისობამდე მივყავართ. ესენია:

  • ქრონიკული პიელონეფრიტი;
  • სისტემური პათოლოგიები, რომლებიც თირკმელებსაც აზიანებს: სკლეროდერმია, ჰემორაგიული ვასკულიტები, წითელი მგლურა;
  • ტუბერკულოზი;
  • B დაC ჰეპატიტი;
  • მემკვიდრეობითი და თანდაყოლილი თირკმლის დაავადებები: პოლიკისტოზი, ჰიპოპლაზია, ალპორტის სინდრომი, რეფლუქს-ნეფროპათია;
  • ობსტრუქციული ნეფროპათიები: ნეფროლითიაზი, საშარდე სისტემის სიმსივნური დაავადებები, ჰიდრონეფროზი;
  • ტოქსიკური და მედიკამენტური - ანალგეტიკური, ანტიბიოტიკური, ნარკოტიკული, ალკოჰოლური, საკონტრასტო ნივთიერებებითა და სხვა ქიმიკატებით განპირობებული - ნეფროპათიები.

- როგორ სვამენ თირკმლის უკმარისობის დიაგნოზს?

- რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არასრული ჩამონათვალია იმ პათოლოგიებისა, რომლებიც თირკმელების უკმარისობას იწვევს. ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ნათლად ჩანს, რამდენად სერიოზული პრობლემაა თირკმლის უკმარისობის ორივე ტიპი. აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ პათოლოგიების, რომლებსაც თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ, დროულ და სწორ დიაგნოსტიკას. სასურველია, ავადმყოფმა დროულად მიმართოს ექიმ თერაპევტს ან ნეფროლოგს და არ მიჰყოს ხელი თვითმკურნალობას. გარდა ამისა, ყველა ჩვენგანი, ჩივილების არქონის შემთხვევაშიც კი, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იტარებდეს შარდის საერთო ანალიზს. მიღებული შედეგის გათვალისწინებით ექიმი აგრძელებს დიაგნოსტირებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზის სრულყოფილ შეკრებას: გადატანილ დაავადებებს, მათ შორის - ინფექციურს, ტრავმას, ქირურგიულ მანიპულაციებს, მემკვიდრეობას, გინეკოლოგიური სტატუსის გამოკვლევას, მიღებულ მედიკამენტებს ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას, მავნე ჩვევების მიმართ დამოკიდებულებას, შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობას, გლიკემიისა და არტერიული წნევის მონიტორინგს, ჰიპერტენზიის სტადიის განსაზღვრას და სხვა. გამოკვლევის მომდევნო ეტაპია ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში (შარდში ერითროციტების ან ცილების აღმოჩენისას) - 24-საათიანი შარდის გამოკვლევა, პროტეინურიის შემთხვევაში - ცილების რაოდენობისა და ფრაქციების განსაზღვრა, ჰემატურიის შემთხვევაში - ერითროციტების მორფოლოგიური დახასიათება. ეს გამოკვლევები იძლევა საშუალებას, მოხდეს დიფერენცირება ნეფროლოგიურ და უროლოგიურ, ქრონიკულ და მწვავე დაავადებებს შორის. არსებობს კიდევ რამდენიმე გამოკვლევა, რომლებსაც ექიმი ეტაპობრივად მიმართავს. მას შემდეგ, რაც დავსვამთ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზს, აუცილებლად უნდა განისაზღვროს მისი სტადია, ამის საშუალებას კი იძლევა თირკმლის ფუნქციის ისეთი მახასიათებელი, როგორიც არის გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე - გ. ფ. ს. მისი შედეგის საფუძველზე განისაზღვრება თირკმელების ქრონიკული უკმარისობის სტადია პირველიდან მეხუთემდე. არსებობს დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევებიც, რომელთა მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. მაგალითად, მინერალური ცვლის სტატუსი, ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონული და ვიზუალური გამოკვლევა, ანემიის სტატუსი და სხვა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია თირკმლის ბიოფსია.


- როგორია პროგნოზი და რა უნდა გაკეთდეს ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მიუხედავად მკურნალობისა, პროგრესირებს და გარკვეული ხნის შემდეგ იწვევს შეუქცევად ქრონიკულ უკმარისობას, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის პროგრესირების სიჩქარეს კი პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება აქვს თირკმლის პარენქიმის სკლეროზირების სიჩქარესთან, რაც, თავის მხრივ, ნეფროპათიის ეტიოლოგიაზეა დამოკიდებული. ნებისმიერმა მავნე ჩვევამ თუ მწვავე ინფექციამ, თუნდაც ანთებითმა პროცესმა შეიძლება დააჩქაროს თირკმელების ქრონიკული უკმარისობის პროგრესი, შესაბამისად, დაჩქარდება თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებაც. რაც შეეხება თირკმლის მწვავე უკმარისობას, მას პოტენციურად შექცევადი ხასიათი აქვს და ხშირად საქმე თირკმლის ფუნქციის აღდგენით სრულდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იგი შეუქცევად ხასიათს იღებს და ქრონიკულ უკმარისობაში გადაიზრდება. თირკმლის მწვავე უკმარისობის პრევენცია-პროფილაქტიკა თირკმელების პერფუზიის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს. პროფილაქტიკური ღონისძიებების შერჩევა პათოლოგიის რისკფაქტორებზეა დამოკიდებული.

- როგორ მკურნალობენ?

- ოლიგო-ანურიის ფაზაში მკურნალობის მთავარი მიზანია დიურეზის ანუ შარდის გამოყოფის აღდგენა, რასაც ჰიპოვოლემიის (სითხის დეფიციტის) არარსებობისას შარდმდენის დანიშვნით ვაღწევთ, გაუწყლოების შემთხვევაში კი ტარდება ინფუზიური თერაპია შესაბამისი პარამეტრების (არტერიული წნევის, ცენტრალური ვენური წნევის) კონტროლით და, საჭიროებისამებრ, შარდმდენების დამატებით, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია (უმთავრესად - K+, Na+, Ca2+), აციდოზის, ურემიის სიმპტომების შესამცირებელი ღონისძიებები (სოდის 5%-იანი ნატრიუმის ბიკარბონატის ინფუზია pH-მეტრის მონაცემების კონტროლით). გასტროდუოდენალური სისხლდენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ანტაციდური პრეპარატების დანიშვნა, ანემიის საკორექციოდ - ერითროციტული მასის ტრანსფუზია ან მკურნალობა რკინის პრეპარატისა და ერითროპოეტინის კომბინაციით. თირკმელების ქრონიკულ დაავადებათა მკურნალობა პრედიალიზის სტადიაში სიმპტომური და პათოგენეზურია. ამ დროს მიზნად ვისახავთ თირკმელების უკმარისობის პროგრესირების შენელებას, რასაც ნეფროპროტექტორულ ეფექტს ვუწოდებთ, და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფირების შეფერხებას - კარდიოპროტექტორულ ეფექტს, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია არტერიული წნევის მკაცრი კონტროლი (TA=130/90) ჰიპოტენზიური თერაპიისა და დიეტოთერაპიის ფონზე; ასევე - ურემიული (აზოტემიური) ინტოქსიკაციის მოხსნას, მეტაბოლური აციდოზის შემცირებას და ინფექციური გართულებების აღმოფხვრას ანტიბიოტიკოთერაპიით, მათი ნეფროტოქსიკურობის გათვალისწინებით. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო: სასურველია, პაციენტმა რაც შეიძლება ადრე მიმართოს ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ერთადერთ გამოსავლად თირკმელჩანაცვლებითი თერაპია ანუ დიალიზი იქცეს.

- როდის დაისმის პაციენტის დიალიზზე გადაყვანის საკითხი?

- დიალიზზე გადაყვანის საკითხი რომ დაისვას, ვითარება განსაზღვრულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ინდივიდუალურად განისაზღვრება. არსებობს თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის ორი სახე: ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი. აქვე უნდა ვახსენოთ რადიკალური ქირურგიული მკურნალობა - თირკმლის ტრანსპლანტაცია ანუ გადანერგვა, რაც წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. მკურნალობის ამ მეთოდებს თავ-თავისი ჩვენება, უკუჩვენება, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს რისკფაქტორებითა და მოსალოდნელი გართულებებით. მინდა, უფრო დაწვრილებით ვისაუბრო ჰემოდიალიზზე, რომელსაც მიმართავენ თირკმელების როგორც მწვავე, ისე ქრონიკული უკმარისობის დროს. დიალიზზე გადაყვანა ნაჩვენებია, როდესაც:

  • გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე ნაკლებია ან უდრის 10 მლ/წთ-ს;
  • დასტურდება მკვეთრი აზოტემია - CREA მეტია ან უტოლდება 7,0 მგ%-ს;
  • დასტურდება ურემიული (აზოტემიური) გართულებები: პერიკარდიტი, პოლინეიროპათია და სხვა;
  • შეინიშნება ჰიპერჰიდრატაცია, რომელიც აღარ ემორჩილება შარდმდენებით მკურნალობას (ე.წ. წყლიანი ფილტვი, ფილტვების შეშუპება და ტვინის შეშუპება);
  • ჰიპერკატაბოლიზმით მიმდინარე თირკმელების მწვავე უკმარისობა (შარდოვანა UREA მეტია ან უდრის 30-32 მმოლ/ლ-ს);
  • დასტურდება ჰიპერკალიემია (k+>/ 6,0-6,5 მმოლ/ლ) რეფრაქტერული თერაპიის მიმართ;
  • ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

- რა არის ჰემოდიალიზის უკუჩვენება?

- ჰემოდიალიზის აბსოლუტური უკუჩვენებაა, მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტი (სისხლჩაქცევა თავის ტვინში), შედარებით უკუჩვენებებს კი განეკუთვნება გასტროდუოდენალური სისხლდენა, სტაბილური არტერიული ჰიპერტენზია და ავადმყოფის უკიდურესად მძიმე ზოგადი მდგომარეობა. სწორედ ასეთ დროს გამოიყენება „ხელოვნური თირკმელი“ სასიცოცხლო ჩვენებით.

- რა არის თავად დიალიზი?

- დიალიზი წარმოადგენს პროცესს, რომელიც განაპირობებს ერთი შემადგენლობის ხსნარიდან (A) მასში ხსნადი ნივთიერებების მეორე შემდგენლობის ხსნარში (B) გადასვლას ნახევრადგამტარი მემბრანის საშუალებით. სქემატურად ნახევრადგამტარი მემბრანა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ფოროვანი აპკი. მცირე და საშუალო მოლეკულური მასის მქონე წყალში ხსნადი ნივთიერებები ამ ფორებში გადიან, ხოლო დიდი მოლეკულები (მაგალითად, ცილებისა) თავს ვერ აღწევენ ნახევრადგამტარი მემბრანის ბარიერს, ამიტომ მათი კონცენტრაცია ორივე მხარეს უცვლელი რჩება. ბუფერის როლს ასრულებს სადიალიზო ხსნარი. ელექტროლიტებისა და აზოტოვანი „მილაკების“ ელიმინაცია ხდება დიფუზიის საფუძველზე კონცენტრაციათა სხვაობით, დეჰიდრატაციის, ჰემოდინამიკისა და საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის კონტროლი კი ულტრაფილტრაციით. ჰემოდიალიზის დროს ნახევრადგამტარი მემბრანის როლს დიალიზატორი ასრულებს, ხოლო პერიტონეული დიალიზის დროს - პერიტონეუმის მეზოთელიუმი. აქედან გამომდინარე, ალბათ გასაგებია, რატომ ეძახიან პროცედურას ხალხში „ხელოვნურ თირკმელს“. ორგანიზმიდან გამოსული სისხლი დროებითი ან მუდმივი სისხლძარღვოვანი მიდგომის საშუალებით გაივლის კონტურს, დიალიზატორს და გაწმენდილ-გაფილტრული უბრუნდება ავადმყოფს.


- რა სიხშირითა და პერიოდულობით უნდა ჩატარდეს დიალიზი?

- დადგენილია, რომ ქრონიკული დაავადების (ან ქრონიკული უკმარისობის) შემთხვევაში ჰემოდიალიზი უნდა ჩატარდეს კვირაში 3-4-ჯერ 13-15 საათის განმავლობაში, თუმცა აქაც არსებობს ინდივიდუალური მიდგომა და სეანსების რაოდენობაცა და ხანგრძლივობაც საჭიროებისამებრ იზრდება. რაც შეეხება თირკმლის მწვავე უკმარისობას, აქ მიდგომა, როგორც მეთოდოლოგიურად და რაოდენობრივად, ისე საათობრივად პაციენტის კლინიკურ და პარაკლინიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული. საზოგადოდ, არსებობს ექსტრაკორპორალური მკურნალობის შემდეგი მეთოდები:

  • ჰემოდიალიზი;
  • ჰემოფილტრაცია;
  • ჰემოდიაფილტრაცია;
  • ჰემოპერფუზია.

ჰემოფილტრაცია შედარებით ფართოდ გამოიყენება ინტენსიურ მედიცინაში. განასხვავებენ მის რამდენიმე სახეს: უწყვეტ არტერიოვენურ ჰემოფილტრაციასა და უწყვეტ ვენოვენურ ჰემოფილტრაციას. მკურნალობის მუდმივი ანუ უწყვეტი მეთოდები შეიძლება რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, რაც საშუალებას იძლევა, არასტაბილური ჰემოდინამიკის პირობებშიც კი მოხერდეს სათანადო დეჰიდრატაციის უზრუნველყოფა.

- შეიძლება თუ არა დიალიზის ჩანაცვლება მკურნალობის სხვა მეთოდებით?

- დიალიზს მკურნალობის ვერც ერთი მეთოდი ვერ შეცვლის, გარდა რადიკალური ქირურგიული მკურნალობისა - თირკმლის ტრანსპლანტაციისა. თირკმლის გადანერგვა შეიძლება განხორციელდეს როგორც თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე, ასევე მის შემდეგ.

- რის მიხედვით ადგენენ, ჰემოდიალიზია საჭირო თუ პერიტონეული დიალიზი?

- მას შემდეგ, რაც სრულყოფილად შეფასდება თითოეული ამ მეთოდის ჩვენება და უკუჩვენება, ავადმყოფს მიეცემა შესაბამისი განმარტებები ამ პროცედურების შესახებ და შესაძლოა, არჩევანი თავადვე გააკეთოს. ასევე შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი ჰემოდიალიზიდან გადაყვანილ იქნეს პერიტონეულზე და პირიქით.

- ჰემოდინამიკის რომელ პარამეტრებს ექცევა ყურადღება დიალიზის დროს? გართულებები თუა მოსალოდნელი?

- თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის, კერძოდ, ჰემოდიალიზის პერიოდში მიმდინარეობს ყველა პარამეტრის მუდმივი კონტროლი, ვინაიდან არსებობს იმ გართულებათა აღმოცენების რისკი, რომლებიც მკურნალობის ამ მეთოდისთვის არის დამახასიათებელი. პირველ რიგში, განსაკუთრებელი ყურადღება ექცევა დიალიზის ადეკვატურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორებიც არის, მაგალითად, ნატრიუმდამოკიდებული ჰიპერტენზია, განმეორებითი ჰიდროთორაქსი და ფილტვების შეშუპება, დიალიზური ასციტი, ურემიული პერიკარდიტის რეციდივი, ჰიპერფოსფატემია. არსებობს სპეციალური ინდექსი - KT/V, რომლითაც დიალიზის ადეკვატურობას ვაფასებთ. სეანსების თვითნებური გაცდენა და მათი ხანგრძლივობის შემცირება იწვევს არაადეკვატურ დიალიზს, რასაც შრომისუნარიანობის, საბოლოოდ კი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებამდე მივყავართ. ასევე მნიშვნელოვანი რგოლია "რენული ანემიის" სტატუსი. მიზანშეწონილია, დიალიზზე მყოფი პაციენტების HB-ისა (ჰემოგლობინის) და Hct-ის (ჰემატოკრიტის) მაჩვენებლები შეესაბამებოდეს შემდეგ ნორმებს: HB - 110-125 გ/ლ (66-72 ერთეული), Hct - 33-35%. ანტიანემიური მკურნალობისთვის მოწოდებულია რკინის პრეპარატისა და ერითროპოეტინის კომბინაცია. კომპონენტების დოზირება და ჯერადობა განისაზღვრება ლაბორატორიული მაჩვენებლებისა და პაციენტის წონის მიხედვით. მკურნალობა კი პარენტერალურია, ვინაიდან ასეთ დროს ორგანიზმს საგრძნობლად აქვს დაქვეითებული შეწოვის უნარი. ყურადღებას და მკურნალობის ადეკვატურ ცვლილებას მოითხოვს სისხლის შედედების სისტემა (კოაგულოგრამა, ჰემოსტაზიოგრამა), რადგან ჰემოდიალიზის სეანსის დაწყებისთანავე და მისი მიმდინარეობისას აუცილებელია ადეკვატური ჰეპარინიზაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჰიპერკოაგულაცია (თრომბოზი). დიალიზზე მყოფ პაციენტთა შორის ხშირია მწვავე გასტროდუოდენალური სისხლდენა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და სხვა ამგვარი გართულებებიც. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრი, რომლის კონტროლიც აუცილებელია, არის მინერალური ცვლის სტატუსი. ვინაიდან ჩვენი პაციენტების ინვალიდობა მკურნალობის მოგვიანებით ეტაპზე განპირობებულია ოსტეოდისტროფიით, გამუდმებით უნდა განისაზღვროს სისხლში კალციუმის, ფოსფორის და ინტაქტური პარათჰორმონის (iPTH) კონცენტრაცია და, შესაბამისად, ჩატარდეს მედიკამენტური მკურნალობა კალციუმის პრეპარატებით, ფოსფატ-ბინდერებით და D ვიტამინით. დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის ერთ-ერთი სპეციფიკური გართულებაა სისხლძარღვოვანი მიდგომის (დროებითისა თუ მუდმივის) ინფიცირება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს როგორც ლოკალური (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა გართულებებით), ასევე გენერალიზებული ინფექცია (სეფსისი). ამ დროს დიალიზის პარალელურად ტარდება შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია. საზოგადოდ, დიალიზზე მყოფ პაციენტებს შეიძლება დაემართოთ ყველა ის პათოლოგია, რომელიც კი ჯანმრთელ ადამიანებში გვხვდება და მკურნალობაც ისეთივე უტარდებათ, ოღონდ მედიკამენტების დოზა ექიმმა კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს.

- როგორი უნდა იყოს დიალიზზე მყოფი ადამიანის კვების რეჟიმი?

- დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტოთერაპიას. სასურველია, საკვებს ჰქონდეს შესაბამისი კალორაჟი (ცხოველური ცილის შემცველობა - 1,2გ/კგ-ზე), ავადმყოფი არ უნდა დაიტვირთოს კალიუმით მდიდარი საკვებით (განსაკუთრებით - ხილით, კარტოფილითა და სხვა ბოსტნეულით), უნდა დაიცვას სითხის ბალანსი და აკონტროლოს წონა, ვინაიდან თითოეული ავადმყოფისთვის განსაზღვრულია ე.წ. "მშრალი წონა". ამ წონაზე კი ავადმყოფი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად უნდა თვლიდეს.

- რა ხნით შეიძლება გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე დიალიზზე მყოფ პაციენტს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, თირკმელჩანაცვლებითი თერაპია თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს ავადმყოფის სიცოცხლის გახანგრძლივების უალტერნატივო საშუალებაა (თუ არ ჩავთვლით თირკმლის გადანერგვას) და თუ დიალიზი ადეკვატურია, თუ პაციენტი ზედმიწევნით იცავს ექიმის რეკომენდაციებს, დიალიზით ცხოვრება შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ცხოვრების ხარისხი საკმაოდ მაღალია.