რა კავშირია იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის
ქვეყნის მეცნიერები დიდი ხანია განიხილავენ. თუმცა, პრაქტიკულად ახლა გახდა შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ როგორ აკონტროლებენ ნერვული უჯრედები ორგანიზმში განვითარებულ ანთებით რეაქციას. კვლევა ვეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის (აშშ) მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი საცდელ ვირთაგვებს სპეციალურად ასნებოვნებდნენ ჰელმინთებით და ზემოქმედებდნენ მათზე სერიოზული ალერგენებით, ცხოველთა ორგანიზმში ანთებითი რეაქციის პროვოცირებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ვირთაგვების ორგანიზმში მკვეთრად იმატებდა ციტოკინების რაოდენობა. ანთების ეს მოლეკულები (იგივე ანთების მედიატორები) ზრდის ლორწოს გამომუშავებასა და კუნთების შეკუმშვას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პარაზიტებისა თუ ალერგენების ორგანიზმიდან გამოძევებას.
საკვირველი აღმოჩნდა სხვა რამ - ციტოკინების გამომყოფი უჯრედების ზედაპირზე მეცნიერებმა იპოვეს რეცეპტორები, რომლებიც ურთიერთქმედებს ნორადრენალინთან - ქიმიურ ნეიროტრანსმიტერთან, რომელიც ნერვული უჯრედებით გამოიყოფა. სწორედ ამ გზით ხორციელდება ნერვულ და იმუნურ სისტემებს შორის კავშირი.
შემდგომი ექსპერიმენტებით ისიც დადასტურდა, რომ აღნიშნულ რეცეპტორთა მოცილების შემთხვევაში ჰელმინთებით დასნებოვნების შემდეგ ვირთაგვებს გამძაფრებული ანთებითი რეაქცია უვითარდებათ, ხოლო რეცეპტორთა წინასწარი სტიმულაციის ფონზე, პირიქთ, ანთება რამდენადმე ცხრება.
ამ მიგნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ასთმით, ალერგიითა და სხვა ანთებითი რეაქციით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რადგან სწორედ ანთებითი რეაქციის ინტენსივობის რეგულირებაა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
თინათინ გოცაძე